კასეტური ბომბები - ომის ყველაზე დიდი საფრთხე მოსახლეობისათვის - კვირის პალიტრა

კასეტური ბომბები - ომის ყველაზე დიდი საფრთხე მოსახლეობისათვის

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებადა ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება­ ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი,­ ზვავი, ავტოკატასტროფა,­ ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსუ­რვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევ­ების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ.­ რუბრიკაში„"სამოქალაქო თავ­დ­­­აცვა"­­ სიამოვნებით ვუპ­ასუ­ხე­ბთ­ ამ საჭირბოროტო­ თემ­ე­ბთან­ დაკავშირებულ­ კითხვ­ე­­ბსაც­, რომელთა გამოგზავნა შეიძლება„"კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გამოქვ­ეყნებული სტატიების კომენტარებში.

მოსახლეობას მშვიდობიან პერიოდში ისედაც იმდენი ეკონომიკური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემა უგროვდება, ვერ მოსთხოვ, ელემენტარულ სამხედრო საკითხებშიც ერკვეოდეს, მაგრამ როდესაც საქმე ომამდე მიდის და საბრძოლო მოქმედებები ამ მოსახლეობის სოფელსა თუ ქალაქს მიადგება, მაშინ ბევრი რამის ცოდნა სასიცოცხლოდ აუცილებელია, კერძოდ, უნდა იცოდე, რა არის კასეტური იარაღი და როგორი საშიშია ის თითქმის დაუცველი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.

ელემენტარული წარმოდგენისთვის შედარებას ძალიან მარტივი მაგალითით დავიწყებთ:

250 კგ კალიბრის ჩვეულებრივი­ საავიაციო ფუგასური ბომბი, რომელშიც 100 კგ-მდე ტროტილისა­ და ჰექსოგენის ნარევი ასაფეთქებელი ნივთიერებაა მოთავსებული,­ მიწაზე დაცემისა და აფეთქებისას ფუგასური მოქმედებებითა­ და წარმოქმნილი ნამსხვრევებით 28 მ-ის რადიუსში სრული დაზიანების ზონას ქმნის, 56 მ-ის რადიუსში სუსტი დაზიანებები ჩნდ­ება, 112 მ-ის რადიუსში კი - ძალზე მსუბუქი. 250 კგ კალიბრის ერთჯერადი საავიაციო საბომბე კასეტის გამოყენების შემთხვევაში კი სრულად დაზიანებული ზონის ფართობი 5 000 კვ.მ-მდე აღწევს და თანაც აფეთქების არა ერთი (როგორც ფუგასური ბომბის შემთხვევაში), არამედ 150 ეპიცენტრია!

სწორედ ამდენი - 150 სუბელემენტი ანუ იგივე "მინი-ბომბია" მოთავსებული ერთ დიდ კასეტურ ბომბში, რომელიც თვითმფრინავიდან ჩამოგდების შემდეგ ჰაერში იხსნება და ამ "მინი-ბომბებს" გარშემო ფანტავს.

samx2-1657470861.jpg
კასეტური "მინი-ბომბების" აფეთქებით წარმოქმნილი "ცეცხლოვანი კედელი"

სამხედროები სულელები არ არიან, როდესაც ერთი დიდი ბომბის გამოყენებას პატარ-პატარა "მინი-ბომბების" მიმოფანტვას ამჯობინებენ, რაც ველზე გაშლილი მოწინააღმდეგის მეტ ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკას (თუკი ეს სუბელემენტები კუმულაციური მოქმედებისაა) დააზიანებს.

სხვათა შორის, პირველი კასეტური ბომბები გერმანელებმა გამოიყენეს 1939 წელს პოლონეთში­ შეჭრისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას.

გასაგებია, რომ სამხედრო თვალ­საზრისით, კასეტური იარა­ღის­ გამოყენებას მეტი საბრძოლო ეფექტიანობა აქვს, მაგრამ თუკი ომმა სოფლის შარაგზაზე, ან, მით უმეტეს, მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა, 5000 ან 10 000 კვ. მეტრზე გაფანტული კასეტური იარაღის "მინი-ბომბები", დავიჯეროთ, ერთმანეთისგან განასხვავებს მოწინააღმდეგის ჯარისკაცებსა და იქ მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას? რა თქმა უნდა, არა და ამიტომაც დასახლებულ პუნქტებში კასეტური იარაღის გამოყენებისას ყველაზე მეტად მოქალაქეები ზარალდებიან და არა მარტო იმიტომ, რომ "მინი-ბომბის" აფეთქების დამაზიანებელ ზონაში მოხვდნენ, არამედ იმიტომაც, რომ ეს "მინი­-ბომბი" მაშინვე არ აფეთქდა!

დიახ, ის, რომ კასეტური ბომბის გამოყენებისას მასში მოთავსებული სუბელემენტების 10-30% მაშინვე არ ფეთქდება, კასეტური იარ­აღისგან მომდინარე კიდევ ერთი დიდი საფრთხეა!

samx3-1657470861.jpg
აუფეთქებელი კასეტური სუბელემენტების გაუვნებლების უფლება მხოლოდ გამნაღმველებს აქვთ. მათი ხელში აღება მოქალაქისთვის დაუშვებელია!

საქართველოს წინააღმდეგ კასეტური საავიაციო ბომბები რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ჯერ აფხაზეთის ომის დროს, შემდეგ - ჩეჩნეთის მეორე ომში საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთის დაბომბვებისას და ბოლოს - აგვისტოს ომში.

აგვისტოს ომის შემდეგ გორის­ რაიონის სოფლებთან, ძევერასა და შერთულთან, ქართველმა გამნაღმველებმა ათობით აუფეთქებელი­ რუსული სუბელემენტი შეაგროვეს­ (რაშიც ცოტა მეც მივეხმარე) და იქვე, მდინარის პირას, აფეთქებით გააუვნებლეს, მაგრამ ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი აუფეთქებელი "მინი-ბომბი" ჩაიმალა და როდის ელოდება თავის მსხვერპლს?

სხვათა შორის, ერთმა ამერიკულმა საიარაღო კონცერნმა, რომელიც კასეტურ იარაღსაც ამზადებდა, ინოვაციური გადაწყვეტილება მიიღო: მან კასეტურ იარ­აღში ჩასადები სუბელემენტები წინასწარ შეღება მკვეთრი წითელი ფერით, რათა თუ კასეტური ბომბის გამოყენების შემდეგ რომელიმე "მინი-ბომბი" არ აფეთქდებოდა, მისი მკვეთრი ფერით ადვილი იქნებოდა მოძებნა და გაუვნებლება, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ჰუმანურმა იდეამ (ისე, კასეტური იარაღის მწარმოებლის ჰუმანურობაში "დადანაშაულება" ძნელი წარმოსადგენია) საპირისპირო ტრაგიკული შედეგი გამოიღო - წითელმა ფერმა და უცნაურმა­ ფორმებმა ბავშვები მიიზიდა! უცხო "სათამაშოს" დაუფლების სურვილით ისინი ხელში იღებდნენ აუფეთქებელ, მაგრამ დაცვის მექანიზმს მოხსნილ "მინი-ბომბს"...

არის თუ არა მთელ მსოფლიოში აკრძალული კასეტური იარაღის გამოყენება?

ერთ-ერთი უდიდესი სიც­რუეა ის, თითქოს მთელ მსოფ­ლიოში აკრძალულია კასეტური ბომბებისა თუ რაკეტების გამოყენება და რომელი მებრძოლი მხარეც ამას აკეთებს, ის ომის დანაშაულს სჩადის.

სინამდვილეში ასე არ არის.

ერთგვარად სიმბოლური აღმ­ოჩნდა, რომ 2008 წლის 30 მაისს დუბლინში მიიღეს კონვენცია კასეტური საბრძოლო მასალების წარმოების, გამოყენებისა და გადაცემის აკრძალვის შესახებ, რომ­ელსაც ხელი 110-მა ქვეყანამ­ მოაწერა, ორიოდე თვეში კი აგვის­ტოს ომი დაიწყო, რომელშიც რუსეთმა ინტენსიურად გამოიყენა კასეტური იარაღი "ჰაერი-მიწა" და "მიწა-მიწა" კლასის საავიაციო ბომბებისა და რაკეტების საშუალებით.

ისე, სიმართლე რომ ითქვას, აგვისტოს ომში ჩვენს ტერიტო­რიაზე შემოჭრილმა რუსმა სამხედროებმა საკუთარ თავზეც იწვნიეს კასეტური იარაღის მთელი "სიტკბო", როდესაც ქართველმა არტი­ლერისტებმა "ლარ-160" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან რამდენჯერმე "კასეტური საჩუქრები" გაუგზავნეს,­ მაგრამ არც რუსებს და არც ქართველებს დუბლინის კონვენცია არ დაურღვევიათ, რადგან რუსეთი, ისევე, როგორც აშშ, ისრა­ელი თუ საქართველო, არ არის ამ კონვენციის ხელმომწერი, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: თუკი საბრძოლო­ მოქმედებების ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობა მიზანმიმართულად იბომბება თუნდაც ჩვეულებრივი ფუგასური საავიაციო ბომბებით, ეს უკვე ომის დანაშაულია, კასეტური იარაღი კი დიდ ფართობზე აზიანებს, შესაბამისად, ის არ არის ზუსტი გამოყენების საბრძოლო საშუალება და დიდი მსხვერპლი სამოქალაქო პირებშიც შეიძლება გამოიწვიოს ანუ დასახლებულ პუნქტში კასეტური იარაღის გამოყენება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მებრძოლი მხარე დუბლინის კონვენციის ხელმომწერი, ომის დანაშაულად შეიძლება შეფასდეს.

რა სახის კასეტური იარაღი არსებობს?

კასეტური სუბელემენტების გადასატანად გამოიყენება საავიაციო დაზიანების საშუალებები ბომბებისა (ერთჯერადი საავიაციო კონტეინერები)­ და რაკე­ტების სახით, ასევე - საარ­ტილერიო ჭურვები და რაკეტები,­ როგორც ზალპური ცე­ც­ხლის, ისე - ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების.

აგვისტოს ომს თუ გავიხსენებთ, რუსების მიერ გამოშვებუ­ლმა კასეტურქობინიანმა ბალისტიკურმა რაკეტა "ტოჩკა-U"-მ - ფოთში და "ისკანდერ-M"-მა გორში მსხვერპლი გამოიწვია.

იმის გამო, რომ მოსახლეობა­ ნაკლებად ერკვევა სამხედრო დეტალებში, გაჩნდა აზრი, თითქოს რუსული რაკეტები არ ფეთქდებოდა და მთლიანად ეცემოდა მიწაზე (გაიხსენეთ ფოთში, სამხედრო პოლიციის "ნივაზე" დაცემული რუსული "ტოჩკა-U"-ს კორპუსი).

სინამდვილეში, თუ ამ ბალი­სტიკურ რაკეტებს კასეტური ქობინი აქვს, სუბელემენტების გაბნევა ჰაერშივე იწყება და მიწაზე­ დაცემული უქობინო რაკეტის კორპუსი, ბუნებრივია, აღარ ფეთქდება (რაკეტას ფუგასური­ ქობინი რომ ჰქონდეს, მაშინ მიწაზე­ დაცემისას რაკეტაც აფეთქდება).

როგორი სიფრთხილეა საჭირო კასეტური „მინი-ბომბების“ აღმოჩენისას?

ომის ერთ-ერთი კანონი დაწ­ერილია სისხლის წვეთებით: საბრძოლო მოქმედებების რაიონში ხელი არ ახლოთ უცნობ ნივთებს, რაოდენ მიმზიდველად ან საინტერესოდაც უნდა მოგეჩვენოთ ისინი!

კასეტური სუბელემენტები­ პატარაა და მათი ამფეთქებ­ლის მექანიზმი არცთუ იშვიათად­ მიწაზე დაცემისას არ ამოქმედ­დება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სახიფათო არ არის, პირიქით, ჰაერში კასეტის გაშლისა­ და სუბელემენტების გაფანტვის შემდეგ "მინი-ბომბების" ამფეთქებლებს ეხსნება დაცვის მექანიზმი და ისინი საბრძოლო მდგომარეობაში მოდის. როდესაც­ ვინმე ხელში აიღებს მიწაზე დაცემულ, მაგრამ აუფეთქებელ "მინი-ბომბს", ამ დროს, დიდი ალბათობით, შეიძლება დაცვის­ მექანიზმმოხსნილი­ ამფეთქებელი ამოქმედდეს. აღარაფერს ვამბობ ბრძოლის ველზე აფეთქებ­ული და აუფეთქებელი საბრძო­ლო­­ მასალების შეგროვებაზე... ჯართში ჩასაბარებლად, რაც დღეს უკრაინის ომში არცთუ იშვიათად ხდება - აფეთქებულ ტანკებს­ ჯართის მიმღებ პუნქტებში ტრაქტორებით მიათრევენ.

თუმცა რაღა შორს წავი­დეთ, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ­ სოფელ შერთულში სუ­ლზე მივუსწარით იქაურ მოხ­უცს, რომელსაც ეზოში ჯართში ჩასაბარებლად გამზადებული აუფეთქებელი ნაღმსატყორცნის ნაღმებისა და ყუმბარსატყორცნის ჭურვების "მთა" ედგა!