ფინეთისა და შვედეთის მიერთებით ნატო რუსეთს ბალტიის ზღვას შავ ზღვასავით ჩაუკეტავს - კვირის პალიტრა

ფინეთისა და შვედეთის მიერთებით ნატო რუსეთს ბალტიის ზღვას შავ ზღვასავით ჩაუკეტავს

ასე "მრისხანედ მომზირალი" რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტი გროშად არ ეღირება, თუკი ბალტიის ზღვისპირა ნატოს რვა წევრი ქვეყანა რუს სამხედრო მეზღვაურებს ფარვატერს გადაუკეტავს

მართალია, რუსეთის პრეზიდნენტმა პუტინმა თავისი აგრესიული ქმედებებით საქართველოსა და უკრაინას ნატოსკენ მიმავალი გზა მთლად „გადაუთხარა“ (თუმცა, სიმართლე ითქვას, არც ნატო იკლავდა თავს ქართველებისა და უკრაინელებისთვის „თავდაცვის "ქოლგის"“ გადაფარებით), მაგრამ, სამაგიეროდ, ასევე მეზობელ ფინეთსა და შვედეთს „"წიხლისკვრით" უბიძგა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ელვის უსწრაფესად გაწევრებისკენ.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმით შეშინებულმა ფინელებმა და შვედებმა ნატოში დაუყოვნებლივ „"შევარდნა"“ გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, ათწლეულების განმავლობაში, თავს იკავებდნენ. მეტიც - ფინეთის არმიას შეიარაღების დიდი ნაწილი: ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები თუ საზენიტო "ბუკები"“სწორედ საბჭოთა კავშირისგან ჰქონდა ნაყიდი. რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ უკრაინასა და საქართველოს, 14 წელია, ნატო მხოლოდ უიმედო დაპირებებით კვებავს, ხოლო ფინეთსა და შვედეთს სურვილის გამოთქმიდან სამიოდე თვეში ალიანსის სრულუფლებიან წევრებად იღებს, არადა საქართველო ერაყის, ავღანეთისა თუ აფრიკის ოპერაციებში თითქმის ბოლომდე მიჰყვა ალიანსს და ყველგან გვერდით დაუდგა, ფინეთი და შვედეთი კი ამ საერთაშორისო მისიებში მხოლოდ რამდენიმე დამკვირვებელს თუ გზავნიდნენ, მაგრამ მწარე რეალობასა და ორმაგ სტანდარტებს ვერსად გავექცევით, თუმცა ამჯერად სხვა ასპექტზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება: პრეზიდენტმა პუტინმა მეტ-ნაკლებად მშვიდად მიიღო ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრება - მათ არც კი დამუქრებია, ჯერ საქართველოსა და ახლა უკრაინას კი არც ნგრევა დააკლო და არც სისხლისღვრა ალიანსში გაწევრების მხოლოდ უიმედო დაპირებების სანაცვლოდ, არადა, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრება რუსეთისთვის შეიძლება სტრატეგიულად უფრო საზიანო გამოდგეს, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის წევრობა. საქმე ის არის, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტებიდან ერთი - შავი ზღვის ფლოტი, ფაქტობრივად, ჩაკეტილია, რადგან მონტროს კონვენციის თანახმად, ნატოს წევრმა თურქეთმა შავ ზღვაში რუსეთის სხვა ფლოტების სამხედრო ხომალდების შესვლა-გასვლა აკრძალა.

დაახლოებით იგივე პრობლემები ელოდება რუსეთს ბალტიის ზღვაში მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. ამის შემდეგ ნატო თითქმის მთლიანად გააკონტროლებს ბალტიის ზღვის აკვატორიას, ნებისმიერ დროს შეეძლება რუსული სამხედრო ხომალდებისთვის სანკ-პეტერბურგი-კალინინგრადის საზღვაო მარშრუტის გადაკეტვა და რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტი, შავი ზღვის ფლოტივით, ადვილად გასანადგურებელი გახდება, რადგან ზღვაზე საბრძოლო მოქმედებების ოპერატიულ სივრცეს დაკარგავს. თუკი რუსეთი შავ ზღვაში მარტო დარჩა ნატოს წევრ სამ ქვეყანასთან - თურქეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან და ნატოს წევრობის მოსურნე უკრაინასა და საქართველოსთან დაპირისპირებისას, ბალტიის ზღვაში მოსკოვს უფრო წამგებიანი ვითარება შეექმნება - მას ნატოს რვა წევრთან (პოლონეთი, გერმანია, დანია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, შვედეთი) მოუწევს „საქმის გარჩევა.

სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში ნატოს წევრი ქვეყნების ფლოტებს შეუძლიათ საზღვაო და საჰაერო ბლოკადაში მოაქციონ რუსეთის ანკლავი - კალინინგრადის ოლქი, რომელსაც ლიეტუვა ბელარუსიდან მიმავალ სახმელეთო დერეფანსაც ჩაუკეტავს.

რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტებისთვის შავი და ბალტიის ზღვებიდან მსოფლიოს ოკეანეებში გასვლის შეზღუდვა მნიშვნელოვნად შეკვეცს კრემლის სტრატეგიულ საზღვაო ინტერესებს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რაიონში. მართალია, რუსეთს კიდევ რჩება ორი ფლოტი - ჩრდილოეთის ზღვისა და წყნარი ოკეანის (კასპიის ზღვის ფლოტილია ნაკლებად ანგარიშგასაწევია), მაგრამ მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში მათი ოპერატიული გადასროლა ძნელი იქნება.

გარდა საზღვაო პრობლემებისა, ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებით რუსეთს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაც ემატება. ერთ-ერთი საბაბი, რომლითაც პუტინი უკრაინაში შეჭრის გამართლებას ცდილობდა, ის იყო, რომ თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდებოდა და იქ ბირთვულქობინიან რაკეტებს განათავსებდნენ, მათი კრემლამდე მიფრენის დრო 7-10 წუთამდე შემცირდებოდა, რაც რუსეთის ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელი ჩანდა, მაგრამ თუკი ამერიკელებმა ბირთვულქობინიანი რაკეტები ნატოს ახალი წევრის, ფინეთის, ტერიტორიაზე განათავსეს, რამდენი დრო იქნება საჭირო სანკტ-პეტერბურგამდე მათ მისაფრენად, 2-3 წუთი?!მოკლედ, პუტინმა უკრაინაში თავისი აგრესიული მოქმედებით და მუდმივი ძახილით, ნატო აღმოსავლეთისკენ მოიწევსო, ბოლოს და ბოლოს, მართლაც გააღვიძა მიძინებული „ბებერი ევროპა“ და ფინეთის ხარჯზე ნატოსთან საერთო სახმელეთო საზღვრის 1 271 კმ დაიმატა.