საქართველოდან 55 კმ-ში ახალი რუსული სამხედრო ბაზა შენდება - კვირის პალიტრა

საქართველოდან 55 კმ-ში ახალი რუსული სამხედრო ბაზა შენდება

აგრესორ მეზობელ რუსეთს საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს და ქართულ მიწაზე ორი რუსული მსხვილი სამხედრო ბაზაც არის, მაგრამ შეიძლება მათ მალე კიდევ ერთი შეემატოს, ამჯერად ჩვენი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრიდან სულ 55 კმ-ში.

გამალებული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სომხეთის თავუშის ოლქის ბერდის რაიონის სოფელ აიჰეპართან, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრიდან 1 კილომეტრით არის მოშორებული.

ეს ადგილი იმითაც არის ცნობილი, რომ 2020 წლის ივლისში სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სწორედ ამ მონაკვეთში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის რამდენიმედღიანი შეტაკება გაიმართა და ის უსწრებდა იმავე წლის 27 სექტემბერს დაწყებულ ფართომასშტაბიან, ყარაბაღის ბოლო ომს, რომელშიც სამხედრო-პოლიტიკური გამარჯვება ოფიციალურმა ბაქომ მოიპოვა.

მაშინ ამ შეტაკებების აზრი ძნელად აღიქმებდა, რადგან ეს ადგილი სადავო ყარაბაღიდან 150 კმ-ით მაინც იყო დაშორებული და აქ საზღვარიც საბჭოთა პერიოდიდან იყო გარკვეული, დღეს კი შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რამ გამოიწვია თავუზის ოლქთან ივლისის შეტაკებები. დიდი ალბათობით, სომხეთის დაზვერვას ჰქონდა ზუსტი მონაცემები, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 2020 წელსვე დაიწყებდა ფართომასშტაბიან შეტევას სომხების მიერ დაკავებული ყარაბაღის დასაბრუნებლად და ყარაბაღიდან ასე შორს შეიარაღებული ინციდენტიც სწორედ ბაქოს ამ გრანდიოზული გეგმის ჩასაშლელად განხორციელდა, იმედით, რომ აზერბაიჯანის არმია უშუალოდ საზღვარზე მთელი ძალით ჩაერთვებოდა ბრძოლებში და დაბომბავდა სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიას, რაც ერევანს მისცემდა საბაბს, ბაქო სამხედრო აგრესიაში დაედანაშაულებინა, ო-დე-კა-ბესგან კი წევრი სომხეთის ტერიტორიის დაცვა მოეთხოვა დსთ-სა და, უპირველესად, რუსეთის არმიის გამოყენებით, მაგრამ აზერბაიჯანი არ აჰყვა სომხების ჩანაფიქრს, ყარაბაღის დასაბრუნებლად ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედება გეგმის მიხედვით, ორიოდე თვეში დაიწყო და წარმატებითაც დაასრულა.

დღეს ისევ თავუშის ოლქზე ყურადღების გადატანა და იქ ახალი რუსული სამხედრო ბაზის შექმნა, უპირველესად, სომხებს აინტერესებთ, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას ამ ბაზაზე დასაქმების დიდი პერსპექტივა მოსვენებას არ აძლევს, ყარაბაღის ბოლო ომში დამარცხებული ოფიციალური ერევანი კი აზერბაიჯანთან საზღვარს ისევ რუსების იმედად აძლიერებს. აზერბაიჯანისთვისაც არ უნდა იყოს მაინცდამაინც სასიხარულო, რომ მისი საზღვრიდან სულ რაღაც ერთ კმ-ში რუსული სამხედრო ბაზა იქნება, მით უმეტეს, რომ არც ყარაბაღში ჩამდგარი რუსი "ცისფერჩაფხუტიანები"“ ეხატებათ გულზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს თავადვე მისცეს ამის უფლება.

სამაგიეროდ, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს კარგად შეესაბამება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი სამხედრო ბაზის შექმნა. ჯერ ერთი, რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის დაუსრულებულ დაპირისპირებაში და თანაც - არამარტო ყარაბაღში მომრიგებლის როლის თამაშს გააგრძელებს. ამავე დროს, ახალი რუსული სამხედრო ბაზა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრიდან პირდაპირი ხაზით მხოლოდ 55 კმ-ით იქნება დაშორებული, მარნეულიდან კი, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ძირითადი საჰაერო ბაზაა განთავსებული - 80 კმ-ით. მთავარი კი ის არის, რომ იმ ადგილთან ახლოს, სადაც რუსები ახალ სამხედრო ბაზას აშენებენ, გადის... ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენი!

უკრაინაზე თავდასხმისთვის დამატებითი სანქციებით „დახუნძლული“ რუსეთისთვის, რომლის ბუნებრივი გაზისა და ნავთობის შესყიდვა ევროპამ საგრძნობლად შეამცირა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ევროპის ქვეყნებს ენერგომატარებლების მისაღებად ალტერნატიული გზა არ გაუჩნდეთ, არადა ევროპა უკვე ამყარებს კავშირს ბაქოსთან აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით გაზისა და ნავთობის მისაღებად, რასაც მალე შეიძლება ყაზახეთის ენერგომატარებლებიც დაემატოს, რადგან ასტანაზე განაწყენებულმა მოსკოვმა (იმის გამო, რომ ყაზახეთმა უარი თქვა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე) ნოვოროსიისკის პორტიდან ყაზახური ნავთობის ტრანზიტი ყალბი მიზეზებით შეაჩერა.ამ ალტერნატიული გაზ და ნავთობსადენებიდან სამხრეთ კავკასიაში "მოტეხილი"“ აღმოჩნდა სომხეთი და რუსეთი, რასაც მოსკოვში დღემდე ვერ ეგუებიან და ისინი ყველა ღონეს იხმარენ (მათ შორის - დივერსიას თუ ღია სამხედრო ოპერაციებს), რომ ევროპა აზერბაიჯანული, თურქმენული და ყაზახური გაზისა და ნავთობის გარეშე დატოვონ.