"ჰაიმარსები" მართლაც ცვლის ომის ბედს - 20 დღეში 20 რუსული იარაღის საწყობი ააფეთქეს - კვირის პალიტრა

"ჰაიმარსები" მართლაც ცვლის ომის ბედს - 20 დღეში 20 რუსული იარაღის საწყობი ააფეთქეს

როდესაც მტერი ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობით გჯაბნის, მაშინ მოწინააღმდეგის შესაჩერებლად სხვა ხერხი უნდა ეძებო და უკრაინელებმა, ამერიკელების დახმარებით, მგონი, მიაგნეს ამ გამოსავალს.

უკრაინის არმია 23 ივნისიდან იყენებს ოთხ ერთეულ ამერიკულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა "ჰაიმარსს".

ერთი შეხედვით არასერიოზული ჩანს, რომ "ჰაიმარსების" ერთადერთ ბატარეას თითქმის 2000 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე შეიძლებოდა გარდატეხა მოეხდინა, მაგრამ თურმე არც ასეა საქმე.

"კვირის პალიტრის" 3 ივნისის სტატიაში სათაურით "ჰაიმარსების" ზალპებით ომის ბედის შემოტრიალების იმედით" გამოვთქვით ვარაუდი, რომ "ჰაიმარსების" გადაცემის შემდეგ უკრაინელი არტილერისტები მოწინააღმდეგის ღრმა ზურგშიც შეძლებდნენ მნიშვნელოვანი ობიექტების დაზიანებას და, როგორც აღმოჩნდა, არც შევმცდარვართ.

უკრაინელმა სამხედროებმა "ჰაიმარსებიდან" გაშვებული რაკეტებით 20 დღეში შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების 20 რუსული საწყობი ასწიეს ცაში, თანაც - მტრის ღრმა ზურგში, სადაც რუსი ოკუპანტები თავს უსაფრთხოდ და არხეინად გრძნობდნენ. გარდა ამისა, აფეთქებულია ორი-სამი მართვის პუნქტი, მაღალი რანგის რუსი ოფიცრებითურთ.

"ჰაიმარსიდან"“ გაშვებული მართვადი რაკეტები მაქსიმალურ 84 კმ სიშორეზე 3-5მ-ის სიზუსტით ხვდება სტაციონარულ სამიზნეს, რომლის უზუსტესი კოორდინატები ჯი-პი-ესის გლობალური პოზიციონირების სისტემის გამოყენებით წინასწარ მოიპოვება და რაკეტაც ამ სისტემის საშუალებით იმართება.

შეიძლება ვინმემ თქვას, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკარგვის შემდეგ რუსები სლოვიანსკსა და კრამატორსკს მიადგნენ და რა დროს "ჰაიმარსებიაო", მაგრამ ასე არ არის - რუსული იარაღის საწყობების აფეთქებამ შეანელა მათი იერიშების ტემპი და ოკუპანტებმა ერთგვარი ოპერატიული „წუთშესვენება“ გამოაცხადეს, რადგან უკვე რუსეთის ტერიტორიიდან უწევთ ჭურვებისა და რაკეტების მარაგის შევსება, ეს კი მნიშვნელოვნად აძნელებს ლოჯისტიკას, რადგან რუსი ოკუპანტების საბრძოლო წინსვლის ტაქტიკა მარტივია - არაერთსაათიანი ან რამდენიმედღიანი საარტილერიო დამუშავების შემდეგ უკრაინელების გადაბუგულ პოზიციებისკენ შეტევაზე გადასვლა.

თუ რუს არტილერისტებს საკმარისი საარტილერიო ჭურვი და რაკეტა არ ექნებათ, ისინი დღე-ღამეში 10-15 ათას გასროლას ვეღარ შეძლებენ (არადა აქამდე მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ რუსები დღე-ღამეში სწორედ ამ რაოდენობის ჭურვსა და რაკეტას ხარჯავდნენ), შესაბამისად, შესუსტდება მათი შეტევების სიმძაფრეც და უკრაინის ე.წ. მცოცავი ოკუპაციის ტემპიც.

უკრაინელების "ჰაიმარსების" რიცხვი კი თითქმის ყოველკვირეულად იზრდება. მალე მათ 12 ასეთი დანადგარი ექნებათ და ამას ბრიტანელებისა და დანიელებისგან გადაცემული სამ-სამი М270 MLRS-იც დაემატება, რომელიც "ჰაიმარსზე" ორჯერ ძლიერია.

უკრაინელი გენერლები უფრო შორს იყურებიან და ამერიკელებს იმ თანამედროვე მართვად რაკეტებს სთხოვენ, რომელთა ფრენის სიშორე და სიზუსტე თითქმის ორჯერ არის გაზრდილი და 150 კმ-ში წერტილოვნად აზიანებს უძრავ სამიზნეს.

P.S. ამერიკელები უკრაინის არმიას ასევე აწვდიან ათას ცალ 155 მმ კალიბრის მართვად ჭურვსაც, რომელთა გამოყენება უკრაინელ არტილერისტებს დიდი სიზუსტით შეუძლიათ ბუქსირებადი ჰაუბიცებიდან და თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან.