"ქურთები პუტინზე საშიშნი არ არიან" - რას წერს BBC
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით - "ქურთები პუტინზე საშიშნი არ არიან": ვის გადაცემას ითხოვს თურქეთი ნატოს გაფართოების სანაცვლოდ".
გაგაცნობთ პუბლიკაციის გაქართულებულ ვერსიას:
"შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღების პროცესი უკვე დაიწყო. როგორც ცნობილია, თურქეთმა, რომელიც ბოლო თვეებში ალიანსში მათ გაწევრებას ეწინააღმდეგებოდა, მადრიდის სამიტის წინ მოლაპარაკების შედეგად თავისი პრეტენზიები მოხსნა. ახლა ანკარა მთავარი პირობის შესრულებას ელოდება - 70-ზე მეტი ადამიანის ექსტრადირებას. როგორც ამბობენ, ისინი, ვინც ფინეთიდან და შვედეთიდან გაძევების საფრთხის წინაშე დგანან, დიდ პოლიტიკაში ე.წ. ხურდა ფულის როლს ასრულებენ. საინტერესოა, კონკრეტულად ვინ არიან ისინი, ვისაც ანკარა ტერორისტებად თვლის და მათ ექსტრადიციას მოითხოვს?
დაჭერა პირდაპირ ეთერში - "პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის"
2015 წლის 9 ოქტომბერი. სტამბოლში შემოდგომის წყნარი საღამოა. თურქული ოპოზიციური ინგლისურენოვანი გაზეთის - Today’s Zaman-ის მთავარი რედაქტორი ბიულენთ ქენეში თავის კაბინეტშია და გამოსაქვეყნებელ მასალებს ეცნობა. უეცრად კაბინეტის კარი იღება, პოლიციელები შევარდებიან, ტელეკამერებიანი ჟურნალისტების თანხლებით და მთავარ რედაქტორს აპატიმრებენ. ამ კადრებს მთელი თურქეთი ხედავს.
საქმე ისაა, რომ წინა დღეებში ბიულენთ ქენეშმა "ტვიტერში" თურქეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ, ალბათ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გარდაცვლილ დედას შვილის ქცევის გამო შერცხვებოდაო. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ოპოზიციური ჟურნალისტის დაპატიმრება. ამ მომენტისათვის რეჯეფ ერდოღანს პრეზიდენტის სავარძელი ერთ წელზე მეტი ხნის წინ ჰქონდა დაკავებული. იმ ერთი წლის განმავლობაში, წინა პერიოდთან შედარებით, თურქეთში სიტუაცია უკვე ძალიან იყო შეცვლილი.
ბიულენთ ქენეშს ბრალდებად სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლი წაუყენეს, რომელიც "პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის" ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს მუხლი კოდექსში დიდი ხანია, არსებობდა, მაგრამ მისი აქტიურად გამოყენება რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაიწყეს. პრეზიდენტის შეურაცხყოფაში იგულისხმება მისი ღირსების, პატიოსნებისა და პრესტიჟის ეჭვქვეშ დაყენება.
ევროპის საბჭომ ამ ბრალდებით მოქალაქეების დაჭერა უკანონოდ ჩათვალა, იგივე დადგენილება მიიღო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომაც. საპასუხოდ თურქეთმა განაცხადა, რომ რადგანაც პრეზიდენტი სახელმწიფოს წარმოადგენს, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტის შეურაცხყოფა სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, რაც არავის ეპატიება.
2014-2019 წლებში "პრეზიდენტის შეურაცხყოფის" მუხლით თურქეთში 27 ათასამდე მოქალაქე იქნა დაკავებული და გასამართლებული.
უნდა ითქვას, რომ გაზეთი Today’s Zaman-ის მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტები არასოდეს მალავდნენ თავიანთ ოპოზიციურ შეხედულებებს ხელისუფლებისადმი, მწვავედ აკრიტიკებდნენ პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს. ამ ფაქტმა დემოკრატიულ მსოფლიოში ფართო გამოხმაურება გამოიწვია. ბიულენთ ქენეშმა რამდენიმეთვიანი პატიმრობა მოიხადა და რედაქტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა. როგორც თვითონ ამბობს, თურქეთისაგან მისი ექსტრადირების მოთხოვნის მიზეზი რამდენიმე სტატიის დაწერაში მდგომარეობს, რის გამოც ტერორისტად არის შერაცხული.
გადატრიალების წინასწარმეტყველება
როგორც ცნობილია, 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ამბოხებულებმა პრეზიდენტის რეზიდენცია დაბომბეს, მაგრამ თვითონ რეჯეფ ერდოღანი გადარჩა. საბოლოოდ, გადატრიალების მცდელობა ჩაახშეს. ხელისუფლებამ მასობრივი წმენდა დაიწყო - აპატიმრებდნენ ყველას, ვისაც კი ოდნავ რამე კრიტიკული უთქვამს პრეზიდენტზე, პრემიერზე და, საერთოდ - ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე.
გადატრიალების მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბიულენთ ქენეშმა გაზეთის "რედაქტორის სვეტში" მცირე სტატია დაწერა თურქეთში დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვისა და ადამიანთა დევნასთან დაკავშირებით და ივარაუდა, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლებოდა, მაშინ ის ზეწოლა, რასაც საზოგადოება პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანისაგან განიცდიდა, უკან კოშმარად დაუბრუნდებოდა, მაგალითად, სახელმწიფო გადატრიალების სახით. "ვიცოდი, რომ ისევ დამიჭერდნენ და, დიდი ალბათობით, მომკლავდნენ. ამიტომ ორი კვირა ვიმალებოდი, შემდეგ კი საიდუმლოდ თურქეთიდან გასვლა მოვახერხე, შვედეთში ჩავედი და პოლიტიკური თავშესაფარი მივიღე", - ამბობს ბიულენთ ქენეში.
თურქეთის ხელისუფლებამ კი გაზეთი დახურა და ცნობილი ჟურნალისტი ტერორისტთა სიაში შეიყვანა: ბიულენთ ქენეშს დამატებითი ბრალდება წაუყენეს - ფეთულაჰ გიულენის ტერორისტული ორგანიზაციისადმი ("ფეტო") მხარდაჭერა და მასთან თანამშრომლობა. "ბრალდება შეთითხნილია. დამოუკიდებელი ჟურნალისტი ვარ და არც ერთ ორგანიზაციასთან კავშირი არ მაქვს", - ამბობს ბიულენთი. ახლა მას და კიდევ სხვა ადამიანებს, რომლებიც რეჯეფ ერდოღანის რეჟიმს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გაექცნენ, ექსტრადიცია ემუქრებათ.
გაქცეულების დიდი ნაწილი, როგორც თურქეთი თვლის, არა მარტო "ფეტოსთან", არამედ - კიდევ ერთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან - "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" (PKK - Partiya Karkerên Kurdistan) არის დაკავშირებული, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე "ქურთისტანის ავტონომიის" შექმნისათვის იბრძვის. აღსანიშნავია, რომ PKK აშშ-ში და ევროპის რიგ ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
რეჯეფ ერდოღანის "თავის ტკივილი"
ქურთები მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია (30-40 მლნ.), რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ აქვს. დღეისათვის ქურთისტანის ისტორიული ტერიტორია ოთხ სახელმწიფოშია "გაბნეული" - თურქეთში, ირანში, ერაყსა და სირიაში. ერაყში ქურთებმა ავტონომიის შექმნას მიაღწიეს, დანარჩენ ჩამოთვლილ ქვეყნებში კი ქურთების უფლებები იგნორირებულია. დღეისათვის თურქეთში, დაახლოებით, 15 მილიონი ქურთი ცხოვრობს. ქურთების ბრძოლაში საკვანძო როლი მათმა ლიდერმა - აბდულა ოჯალანმა შეასრულა, რომლის მიერ 1970-იანი წლების ბოლოს დაარსებულმა PKK-მა ანკარის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. დაპირისპირებაში ორივე მხრიდან 40 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აბდულა ოჯალანი 1999 წელს დააკავეს და ჯერ სიკვდილით დასჯა, შემდეგ კი - სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ახლაც მარმარილოს ზღვაში მდებარე კუნძულ იმრალის ციხეში ზის.
თურქეთის პარლამენტში ქურთების ინტერესებს დემოკრატიული პარტია იცავს, რომელსაც, ქურთებისადმი სიმპათიების გამო, რამდენჯერმა დახურვით დაემუქრნენ.
ქურთული ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სადაც უნდა იყოს - ბრძოლის ველზეც და პოლიტიკურ კულუარებშიც, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რეჯეფ ერდოღანისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. იგი ქურთებს ებრძვის არა მარტო თურქეთში, არამედ - სირიაშიც. 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქურთების წინააღმდეგ მიმართული დევნა კიდევ უფრო გაფართოვდა.
თუმცა, ბევრი ექსპერტი თვლის, რომ რეჯეფ ერდოღანი ქურთულ საფრთხეს განგებ აზვიადებს და მოხერხებულად იყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ნატოს წევრობის ფასი
1980-იან წლების პირველ ნახევარში შვედეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ულოფ პალმემ "ქურთისტანის მუშათა პარტია" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა. დიდი ხანი არ გასულა და 1986 წლის 28 თებერვალს ულოფ პალმე მოკლეს - იგი მეუღლესთან ერთად ღამით კინოთეატრიდან ბრუნდებოდა, დაცვის გარეშე (ქალაქში მარტო სიარული უყვარდა). გამოძიება სხვადასხვა ვერსიასთან ერთად "ქურთულ კვალსაც" განიხილავდა, რადგან ქურთების შურისძიების საფუძველი ნამდვილად არსებობდა. საგამოძიებო ჯგუფის უფროსმა ჰანს ჰოლმერმა მრავალი ქურთი დააკავა და იმედოვნებდა, რომ კვალს იპოვიდა, მაგრამ - ამაოდ. თავის მხრივ, თურქეთიც აწვდიდა სტოკჰოლმს ახალ-ახალ ვერსიებს ქურთების მონაწილეობის შესახებ, მაგრამ არც ერთი არ გამართლდა. საბოლოოდ, ყველა ქურთი გაათავისუფლეს.
ამ ამბების შემდეგ შვედეთში ქურთებისადმი თანაგრძნობა და მათი გავლენა გაიზარდა. დღეს ისინი 10-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 1%-ს შეადგენენ, პარლამენტში ამჟამად ექვსი ეთნიკური ქურთია არჩეული.
თუმცა მას შემდეგ, რაც თურქეთმა სტოკჰოლმს პრეტენზიები წაუყენა, შვედეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ათეულ ქურთს ბინადრობის ვადა აღარ გაუგრძელა იმ მოტივით, რომ მათ სოციალურ ქსელებში აბდულა ოჯალანის სურათები გაავრცელეს. პოლიცია, ასევე, აკავებს და დაკითხვას უწყობს იმ ქურთებსაც, ვისაც კი რამე შეხება შეიძლება ჰქონოდა ტერორისტებთან. "უსამართლობაა, რომ ქურთებმა ასეთი ფასი უნდა გადაიხადონ შვედეთის ნატოში შესვლისათვის. ასჯერ ვთქვი უკვე ადგილობრივი ტელევიზიით, რომ ქურთები არ შეიძლება ვლადიმერ პუტინზე უფრო საშიშები იყვნენ", - ამბობს ქურდო ბაქსი, ქურთი აქტივისტი, რომელიც შვედეთში უკვე 50 წელია, ცხოვრობს. მისი თქმით, იმ 73 ადამიანიდან, რომლის ექსტრადიციას რეჯეფ ერდოღანი მოითხოვს, 30% ჟურნალისტი და პუბლიცისტი არის და "თუ ისინი თურქეთში დაბრუნდებიან, მათ აუცილებლად თავს ციხეში უკრავენ. დარწმუნებული ვარ, რომ იქ წამებით სიკვდილის პირას მიიყვანენ".
ყველაფერი მხოლოდ კანონის მიხედვით...
შვედეთმა და ფინეთმა ცივი რეაგირება მოახდინეს რეჯეფ ერდოღანის მოთხოვნაზე. როგორც შვედეთის იუსტიციის მინისტრი მორგან იუჰანსონი აცხადებს, ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი სასამართლოები მიიღებენ.
გარდა ამისა, ევროპული კონვენციის დებულებებით, ადამიანების წამება აკრძალულია, თურქეთს კი კონვენციის მოთხოვნების შესრულების მიზნით, გარანტიის მიცემა არ შეუძლია. უამრავი ფაქტი არსებობს, რომ თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილებს სასტიკად აწამებდნენ.
არის კიდევ სხვა მიზეზებიც, რაც ექსტრადირებას ართულებს. საქმე ისაა, რომ შვედეთმა უკვე განიხილა თურქეთის მიერ ადრე, წინა წლებში გადაცემული 33-კაციანი სიიდან 19-ის საქმე და მათგან ყველა გაამართლა, ანუ ისინი ექსტრადიციას არ ექვემდებარებიან. მათი საქმის განმეორებით განხილვა კი, შვედეთის კანონებით, დაუშვებელია.
რაც შეეხება ფინეთს, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ხელისუფლებამ თურქეთს მხოლოდ ორი ქურთი გადასცა.
მაშ, რა ქნას რეჯეფმა?
რეჯეფ ერდოღანს, ალბათ, კარგად ესმის თავისი მოთხოვნების შეუსრულებლობა: ძალიან საეჭვოა, რომ ფინეთი და შვედეთი 73 ეჭვმიტანილს ანკარას გადასცემენ.
მაგრამ რეჯეფ ერდოღანს მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები ელოდება, თურქეთში კი უამრავი პრობლემაა - ეკონომიკური კრიზისი, მაღალი ინფლაცია, მატულობს უმუშევრობის დონე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი თავისი ოპონენტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს. გარდა ამისა, ნატოში ფინეთ-შვედეთის მიღებასთან დაკავშირებული პრეტენზიებით რეჯეფ ერდოღანს სურს, ყველას აჩვენოს, რომ იგი ძლიერი ლიდერია და სახელმწიფოს ინტერესებისთვის მზად არის, დასავლეთს მომგებიანად "ევაჭროს".
როგორც სკანდინავიაში სირიელი ქურთების წარმომადგენელი შიარ ალი ამბობს, "დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცებს თურქეთს აუცილებლად გადასცემენ, მაგრამ რამდენს? იმედი გვაქვს, რომ შვედური სასამართლო ქურთების ინტერესებს კანონიერად დაიცავს, მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ "ხურდა ფულის" როლში აღმოვჩნდეთ".
ანკარის მიერ სტოკჰოლმისათვის გადაცემულ სიაში შეტანილი ბიულენთ ქენეში მაინცდამაინც არ დარდობს საკუთარ ბედზე - მან ამას წინათ დოკუმენტები ბინადრობის მუდმივი მოწმობის მისაღებად წარადგინა და პოზიტიურ პასუხს ელოდება. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ