ათასი გასროლით 1 000 რუსული სამიზნის ასაფეთქებლად ამერიკელები უკრაინელებს ზეზუსტ მართვად ჭურვებს უგზავნიან... - კვირის პალიტრა

ათასი გასროლით 1 000 რუსული სამიზნის ასაფეთქებლად ამერიკელები უკრაინელებს ზეზუსტ მართვად ჭურვებს უგზავნიან...

რუსეთ-უკრაინის ომმა თავისი მასშტაბებით თითქმის მიაღწია მეორე მსოფლიო ომის დროს იმავე უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე გერმანია-საბჭოთა კავშირის დიდი ომის დონეს...

როგორც იმ ომში, ახლაც, ბრძოლებში გადამწყვეტ სიტყვას მაინც „ომის ღმერთი“ - არტილერია ამბობს, რომლის რაოდენობაში უცილობელი უპირატესობა რუსეთის არმიას გააჩნია, არა მარტო უკრაინელებზე, არამედ - შეიძლება მთლიანად ნატოზეც კი, რადგან რუსეთს დარჩა საბჭოთა არმიის საარტილერიო ჭურვების მრავალრიცხოვანი საწყობები და მრავალი ტიპის საარტილერიო დანადგარი.

ამიტომაც რუსი ოკუპანტების შეტევების ტაქტიკა მარტივი და უცვლელია - მრავალსაათიანი განუწყვეტელი საარტილერიო დამუშავების შემდეგ შეტევაზე გადასვლა...

ფრონტის ხაზზე საარტილერიო გასროლების რიცხვით უკრაინელები დიდად ჩამორჩებიან რუსებს და ამის გამოსწორების სხვა გზა არ არსებობს, გარდა ერთისა - იქ სადაც რუსები 20-30 ცალ უმართავ საარტილერიო ჭურვს ისვრიან ერთი სამიზნის გასანადგურებლად, უკრაინელებმა ეს მხოლოდ ერთადერთი გასროლით შეიძლება შეძლონ, თუკი მართვად საარტილერიო ჭურვს გამოიყენებენ...

ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემამ „ჰაიმარსმა“ თავისი მართვადი რაკეტებით უკვე დაამტკიცა, თუ რა მნიშვნელოვანია „ჭკვიანი“ რაკეტის პირველივე გასროლით მორიგი რუსული იარაღის საწყობის აფეთქება და ახლა ამ ამერიკულ რაკეტებს ემატება ასევე ამერიკული „ჭკვიანი“ საარტილერიო ჭურვებიც...

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურად განაცხადეს, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი მორიგი 400 მლნ დოლარიანი დახმარების პაკეტი, შეიარაღების სხვადასხვა ტიპთან ერთად, მოიცავს 155 მმ კალიბრის 1 000 მართვად საარტილერიო ჭურვსაც, თუმცა რატომღაც არ დააკონკრეტეს ამ ჭურვების ტიპი.

2-1657528490.jpg
ზუსტი დამიზნების კომპლექტის M1156-ის, ჩვეულებრივ, 155 მმ კალიბრის ჭურვის თავში ჩახრახნის შემდეგ, მას „ეკონომიურ“ „ექსკალიბურად“ გადააქცევს...

155 მმ კალიბრის მართვადი ამერიკული საარტილერიო ჭურვი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების არმიების შეიარაღებაშიცაა, პრინციპში, მხოლოდ ერთია - M982 Excalibur -ი.

„ექსკალიბური“ 99 სმ სიგრძისა და 48 კგ მასის 155 მმ კალიბრის მართვად საარტილერიო ჭურვს წარმოადგენს, რომელიც გასროლის შემდეგ 40-დან 57 კმ-მდე მიფრინავს და მიზანს 5-20 მ-ის სიზუსტით ხვდება, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი, უმართავი 155 მმ-ის კალიბრიანი ჭურვი მიზანს შეიძლება ასი-ორასი მეტრითაც კი აცდეს.

სროლის ასეთ სიზუსტეს კი, ისევე, როგორც „ჰაიმარსების“ შემთხვევაში, განაპირობებს მართვის ინერციული და „ჯი-პი-ესის“ კომბინირებული დამიზნების სისტემა.

„ექსკალიბური“, ფაქტობრივად, პირველივე გასროლით მიზანში მოხვედრის გარანტიას იძლევა და უკრაინელ არტილერისტებს მისცემს თეორიულ შანსს, ათასი გასროლიდან ათასივე სამიზნე დააზიანონ, რაც ფანტასტიკური შედეგი იქნება, თუმცა რეალობაში ათასი გასროლიდან ხუთასზე მეტი რუსული სამიზნეც რომ გაანადგურონ, ესეც საუცხოო საბრძოლო ეფექტად ჩაითვლება.

3-1657528517.png
ათეულობით კმ-ის სიშორიდან ნასროლი „ექსკალიბურის“ მიზანში მოხვედრის გასაოცარი სიზუსტე...

„ექსკალიბურების“ სასროლად უკრაინელ არტილერისტებს უკვე აქვთ 200 ერთეულზე მეტი 155 მმ კალიბრიანი ბუქსირებადი ჰაუბიცა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.

„ექსკალიბურის“ ჭურვს მართალია, შთამბეჭდავი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია, მაგრამ ერთი დიდი ნაკლიც აქვს - უზარმაზარი ფასი, ერთი ჭურვი არანაკლებ 112 ათასი დოლარი ღირს!

ათასი ასეთი ჭურვის ფასი კი უკვე 112 მლნ დოლარს „ურტყამს“, რაც თვით ამერიკელების მხრიდანაც ძალზე ძვირ საჩუქრად გადაიქცევა...

ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელებმა შეიძლება შუალედური გამოსავალი იპოვეს და უკრაინის არმიას ათას მართვად, მაგრამ - არა ასეთ ძვირად ღირებულ „ექსკალიბურს“ გადასცემენ.

„ექსკალიბურების“ სიძვირემ თავად პენტაგონიც კი აიძულა, რომ 9 წლის წინ შეიარაღებაში მიეღო ზუსტი დამიზნების კომპლექტი M1156, რომელიც ჩვეულებრივ საარტილერიო ჭურვსაც კი თითქმის „ექსკალიბურად“ გადააქცევს...

ტექნიკურად ეს შემდეგნაირად ხორციელდება - უმართავ 155 მმ კალიბრის ჭურვის თავში ჩვეულებრივი ამფეთქის ნაცვლად იხრახნება ზუსტი დამიზნების კომპლექტი M1156, რომელიც ამფეთქის, „ჯი-პი-ესის“ მართვის სისტემასა და მართვის ფრთასხმულობას აერთიანებას.

155 მმ კალიბრის უმართავი ჭურვის M549A1-ის მიზნიდან სავარაუდო აცილების მაქსიმალური მანძილი 267 მ-მდეც შეიძლება იყოს, მაშინ, როდესაც იმავე ჭურვზე ზუსტი დამიზნების კომპლექტის M1156-ის დაყენების შემდეგ, ეს ციფრი 50 მ-მდე მცირდება!

მართალია, „ექსკალიბური“ თავისი 5-20 მ-იანი სიზუსტით „განუმეორებელია“, მაგრამ მიზანთან 50 მ-ის რადიუსში აფეთქებული „ეკონომიური“ მართვადი ჭურვიც, თავისი 6,8 კგ ტროტილის დეტონაციითაა და ჭურვის კორპუსის ნამსხვრევების გატყორცნით, გადარჩენის ნაკლებ შანსს დაუტოვებს მოწინააღმდეგეს...