"ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი საიდუმლოა, რაზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი საიდუმლოა, რაზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს"

"გვატყუებენ, გვიმალავენ, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით"... - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. მისი თქმით, სამყაროში ბევრი ისეთი რამ ხდება, რის შესახებაც საზოგადოების უმეტესობას წარმოდგენაც კი არა აქვს. ზოგი რამ საერთოდ არ ვიცით, ზოგიერთ ამბავსა თუ მოვლენაზე სანახევრო ან საგანგებოდ შეცვლილი ინფორმაცია გვაქვს, ზოგი კი მკაცრად გასაიდუმლოებულია. როგორც ბატონი მიხეილი ამბობს, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველო ინახავს, აქ ყველაზე მეტი საიდუმლოა... ისიც უდავოა, რომ ჩვენმა წინაპრებმა ჩვენზე გაცილებით მეტი იცოდნენ. მათ შეეძლოთ, ყოფილიყვნენ განსაკუთრებულნი და გამორჩეულნი მსოფლიოს ხალხებს შორის. რა იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და რა საიდუმლო შეიძლება ინახებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ამის შესახებ მიხეილ ცაგარელი დაწვრილებით გვესაუბრება.

- გამუდმებით გვესმის, რომ საქართველო განსაკუთრებული ადგილია დედამიწაზე. ეს ქართული ნარცისიზმის გამოვლინებაა, თუ ქვეცნობიერი გვალაპარაკებს?

- საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და განსაკუთრებული ენერგეტიკაა. ამაზე საუბრობენ ინდოელი იოგები, რომლებიც აქ არაერთხელ ჩამოვიდნენ. კავკასიის მთებში დღემდე ცხოვრობენ განდობილი ადამიანები, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი საიდუმლოა, რაზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს.

- რას ნიშნავს განდობილი ადამიანები?

- ესენი არიან განსაკუთრებული ენერგიის მატარებელი ადამიანები. კავკასიის მთებში არის ღვთიური ენერგია, ისევე როგორც ტიბეტში. საქართველო არის მსოფლიოს ჭიპი. ქართული სუფრა (რომელიც დღეს ღრეობად აქციეს) განსაკუთრებული მაგიის მატარებელია, ისევე როგორც ბევრი ქართული ტრადიციული ელემენტი. მონღოლები, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს, დღემდე ვერ ხსნიან და დღემდე იკვლევენ, რატომ ვერ დაიპყრეს ხევსურეთი და მთიულეთი. მათ მეცნიერული კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ ქართული და მონღოლური ორთაბრძოლების 75% ერთსა და იმავე ელემენტებს შეიცავს. როდესაც ინდოეთში ქართული დელეგაცია ჩავიდა იოგის შესასწავლად, იქაურმა დიდმა გურუმ გაიცინა და თქვა, საქართველოდან ჩამოხვედით იოგის სასწავლად მაშინ, როდესაც იოგა აქ თქვენგან ჩამოვიტანეთო. იცით, რამდენ რამეზე არ აქვთ დღევანდელ ქართველებს წარმოდგენა? თქვენ ოქროს საწმისი მართლა ოქრო ხომ არ გგონიათ? ეს უდიდესი საგანძურია კოსმოსური ცოდნისა, რომელიც ბერძნებმა მოგვტაცეს. მისი დაკარგვის შემდეგ დაიწყო საქართველოს დაკნინება და საბერძნეთის აღმასვლა.

- ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში განსაკუთრებული ენერგეტიკაა?

- აბა, რა. ნახეთ, რა დღეში არიან უცხოელები, როდესაც აქ ჩამოდიან. უკან წასვლა აღარ უნდათ. როგორ გგონიათ, არაბები, თურქები, ჩინელები და სხვა ერის წარმომადგენლები რატომ ცდილობენ აქ დასახლებას? მათ იციან, აქ რა ხდება, ჩვენ კი აქედან გავრბივართ. გააგრძელეთ კითხვა

ჟურნალ "გზის" არქივიდან