"აუცილებელია, მოხდეს იმ ხალხის "აჯანყება", რომელიც რუსეთის მიერ არის "დაპყრობილი" - რას ამბობს ლეხ ვალენსა - კვირის პალიტრა

"აუცილებელია, მოხდეს იმ ხალხის "აჯანყება", რომელიც რუსეთის მიერ არის "დაპყრობილი" - რას ამბობს ლეხ ვალენსა

ფრანგული გაზეთი "ლე ფიგარო" (Le Figaro) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ფრაგმენტებს პოლონეთის ექსპრეზიდენტის - ლეხ ვალენსას მიერ ტელეარხ LCI-სადმი (La Chaîne Info) მიცემული ინტერვიუდან, სათაურით - "ომი უკრაინაში: ლეხ ვალენსა რუსეთის მოსახლეობის 50 მილიონამდე შემცირებას გვთავაზობს". პუბლიკაციაში გაზეთის სარედაქციო კომენტარებიც არის გადმოცემული.

გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

პოლონეთის ექსპრეზიდენტისა და პროფკავშირული გაერთიანება "სოლიდარნოსტის" დამაარსებელის - ლეხ ვალენსას აზრით, მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთი გზა არსებობს: აუცილებელია, მოხდეს იმ ხალხის "აჯანყება", რომელიც რუსეთის მიერ არის "დაპყრობილი".

ლეხ ვალენსამ, რომელიც სსრ კავშირთან ბრძოლაში ისტორიულ ფიგურას წარმოადგენს, მოუწოდა დასავლეთს, რომ უკრაინას უფრო ფართოდ დაუჭიროს მხარი და არა მარტო უკრაინის ტერიტორია გაწმინდოს რუსი დამპყრობლებისაგან, არამედ - თვითონ რუსეთიც გაათავისუფლოს [ვლადიმერ პუტინის რეჟიმისაგან].

"უკრაინამ ამ ომში რომც გაიმარჯვოს, ჩვენ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მაინც იმავე პრობლემას მივიღებთ, ხოლო კიდევ 10 წლის შემდეგ ახალ ვლადიმერ პუტინს ვიხილავთ", - ამბობს ლეხ ვალენსა " LCI-სადმი მიცემულ ინტერვიუში. მისი აზრით, ასეთი სცენარის თავიდან აცილების მიზნით, "დღეს ჩვენ [დასავლეთმა] ან იძულებით უნდა შევცვალოთ რუსეთის პოლიტიკური სისტემა ან რუსი ხალხის აჯანყება უნდა მოვაწყოთ".

"რამდენადაც მოსკოვის პოლიტიკური რეჟიმის სრული შეცვლა დღეს დასავლეთის მოქმედების დღის წესრიგში არ დგას, მაშინ გამოდის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ რუსეთის დანაწევრებით არის შესაძლებელი. ასეთი სცენარი პოლონეთის ექსპრეზიდენტისთვის ტრაგედიად არ ითვლება - რუსეთი მის თვალში ისევ იმპერიალისტურ სახელმწიფოდ რჩება", - აღნიშნულია რედაქციის კომენტარში, რომელშიც ლეხ ვალენსას ნათქვამია ციტირებული: "რუსეთში, დაახლოებით, 60-მდე ერი ცხოვრობს. ის ხალხი, უკრაინის მსგავსად, სხვადასხვა დროს იყვნენ ანექსირებულნი. აუცილებელია, რომ ასეთი ანექსირებულ-დაპყრობილი ხალხი აჯანყებისთვის მოვამზადოთ. საჭიროა ან რუსეთის პოლიტიკური სიტემის შეცვლა, ან მისი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, სადღაც, 50 მილიონამდე". ამჟამად კი რუსეთის ფედერაციაში, დაახლოებით, 144 მილიონი ადამიანი ცხოვრობს", - აღნიშნავს "ლე ფიგაროს" რედაქცია.

ლეხ ვალენსა დარწმუნებულია, რომ დასავლეთი დაინტერესებულია თავისი გავლენისა და ძალის კიდევ უფრო გაძლიერებაში. იგი აღნიშნავს, რომ დასავლეთი ამას დემოკრატიულად აკეთებს, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებით. მაგრამ გავლენის გაფართოება ძალის გამოყენებით უნდა განხორციელდეს ანუ ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს".

ფრაგმენტი ლეხ ვალენსასა და ტელეარხ LCI-ის კორესპონდენტის - დარიუს როშბენის საუბრიდან:

დარიუს როშბენი: - იმ მიზეზებს შორის, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა, ერთ-ერთი ავღანეთის ომი იყო. როგორ ფიქრობთ, შეასრულებს თუ არა უკრაინის ომი იმავე როლს რუსეთთან მიმართებით?

ლეხ ვალენსა: - მე უკვე მეათედ გაგიმეორებთ იმას, რაც ადრე მითქვამს: თუნდაც ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს, ჩვენ უახლოეს ხუთ წელიწადში იმავე პრობლემას მივიღებთ, ხოლო 10 წლის შემდეგ - მორიგ ვლადიმერ პუტინს ვნახავთ. ასე რომ, ჩვენ ახლა მოქმედების ორი ვარიანტი გვაქვს: ან რუსეთის პოლიტიკური წყობა უნდა შევცვალოთ, ან მოვამზადოთ და ბიძგი უნდა მივცეთ რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ერების აჯანყებას.

ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით იმ პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ხელისუფლებაში მიხეილ გორბაჩოვი იყო. რუსეთი ჯერ კიდევ მაშინ უნდა გაგვენადგურებინა, მაგრამ გორბაჩოვი ეშმაკი აღმოჩნდა. მან ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩვენც ასე ვთქვით: "იყო სტალინი, იყო ბრეჟნევი... გორბაჩოვი რაღაც სიმპათიური ტიპი ჩანს". ამიტომაც იგი ხელუხლებელი დავტოვეთ... დიახ, ეს ჩვენი შეცდომა იყო. მე, პირადად, სულ სხვანაირად მინდოდა, გამეკეთებინა, მაგრამ ამის ნება არ მომცეს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ