სტალინი ჩინეთის სპეცსამსახურების შექმნაში მონაწილეობდა:  რატომ  ეშინია დასავლეთს რუსეთზე მეტად ჩინეთის? - კვირის პალიტრა

სტალინი ჩინეთის სპეცსამსახურების შექმნაში მონაწილეობდა:  რატომ  ეშინია დასავლეთს რუსეთზე მეტად ჩინეთის?

ძნელია არ დაეთანხმო პოლიტოლოგების აზრს, რომ XIX საუკუნე დიდი ბრიტანეთის იმპერიის ბატონობის ხანა იყო, XX საუკუნე - ამერიკის შეერთებული შტატების. XXI საუკუნე კი ჩინეთის ბატონობის პერიოდი იქნება. საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით უკვე 2050 წლისთვის ჩინეთი შეძლებს მსოფლიოს ლიდერობის მოპოვებას მთელი რიგი სტრატეგიული მიმართულებებით. ამ მიზნის მისაღწევად ჩინეთი აქტიურად იყენებს თავის სპეცსამსახურებს. ამ რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ევროპელი დიპლომატები და ეკონომიკური სტრუქტურების წარმომადგენლები გააფრთხილა ევროკავშირის ქვეყნებში ჩინური სპეცსამსახურების მრავალრიცხოვანი ქსელის გააქტიურების შესახებ. თუმცა ისინი უკვე ათწლეულებია, რაც წარმატებით მუშაობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩინეთის ეროვნული ინტერესების გასატარებლად. აღნიშნული პრობლემის აქტუალობა კიდევ ერთხელ აღნიშნეს 6 ივლისს ლონდონში დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის (MI5) და აშშ კონტრდაზვერვის - გამოძიების ფედერალური ბიუროს ( FBI) დირექტორებმა.

თავიანთ პირველ ერთობლივ გამოსვლაში მათ აღნიშნეს, რომ ჩინეთის ღია და ფარული პოლიტიკა არის მზარდი და გრძელვადიანი საფრთხე მსოფლიო დემოკრატიის ინტერესებისთვისო.

ეფ-ბი-აის დირექტორმა კრისტოფერ რეიმ, რომელიც ამ პოსტზე 2017 წლის ივნისიდან (ანუ დონალ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდიდან) მუშაობს, განაცხადა: ”ჩინეთის მთავრობა ცდილობს შეცვალოს მსოფლიო ჩვენსა და ჩვენი მოკავშირეების პოლიტიკაში ჩარევით” .

mao2-1657608868.jpg
მი-5-ის დირექტორი კენ მაკკალუმი და ეფ-ბი-აის დირექტორი კრისტოფერ რეი ბრიფინგზე

კრისტოფერ რეიმ კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა: მისი მტკიცებით ჩინეთი პირდაპირ ჩაერია მიმდინარე წელს კონგრესის არჩევნებში ნიუ-იორკში , რადგან არ სურდა ჩინეთისადმი კრიტიკულად განწყობილი კანდიდატისა და ტიანანმენის მოედანზე საპროტესტო აქციების ყოფილი მონაწილის გამარჯვება. ამავე დროს რეიმ გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნების ბიზნესმენები: „ ჩინეთი ყოველთვის მზად არის მოიპაროს თქვენი ტექნოლოგიები“.

ამერიკელ კოლეგას მხარი აუბა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის შეფმა კენ მაკკალუმმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა სამსახურმა გააორმაგა ძალისხმევა ჩინეთის ძირგამომთხრელ საქმიანობასთან საბრძოლველად. საინტერესოა როგორ მიაღწია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯერ კიდევ ჩამორჩენილმა ჩინეთმა „ეკონომიკურ სასწაულს?“ “ჩინური სასწაულის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფარული იარაღი ჩინეთის სპეცსამსახურები არიან. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ამ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ და ა.შ. მოვლენებში. ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ მათ ჩინეთის საგარეო პოლიტიკაშიც.

უცნობი ნაცნობი ჩინეთი

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, ჩინეთში დიდ შიდა დაპირისპირება დაიწყო ჩან კაიშისა (1887-1975) და მაო ძედუნს ( 1893-1976 ) შორის. თავდაპირველად სტალინი ჩან კაიშის უჭერდა მხარს, რომელმაც 1946 წელს საიდუმლოდ გამოგზავნა თავისი ვაჟი სტალინთან მოსალაპარაკებლად. ამ შეხვედრაზე სტალინი მაო ძედუნს მწვავედ აკრიტიკებდა: ეგ რა კომუნისტია, სოფელ-სოფელ დადის მხარდაჭერების მოსაძებნად, ქალაქებში ჩასვლას და მუშათა კლასთან შეხვედრას ვერ ბედავსო. თუმცა კონკრეტულ დახმარებაზე ჩან კაიშის, რომელიც სტალინს „დიდ მასწავლებელს“ უწოდებდა, უარი უთხრა.

mao3-1657608868.jpg
ჩან კაიში

სტალინი არც მაო ძედუნს იკარებდა ახლოს: 1947 წლიდან მოყოლებული ორი წლის მანძილზე მაო რამდენჯერმე ცდილობდა მოსკოვში ჩასვლას და სტალინთან შეხვედრას, თუმცა „ბელადი“ უარზე იყო. სტალინი იცდიდა: ელოდებოდა, თუ ვინ გაიმარჯვებდა ორი ჩინელი ლიდერის დაპირისპირებაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაო ძედუნმა გაიმარჯვა და 1949 წლის 1 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა, სტალინი შეხვედრაზე დათანხმდა. მაო ძედუნი მოსკოვში 1949 წლის 16 დეკემბერს მატარებლით ჩავიდა. რკინიგზის სადგურზე მას საბჭოთა დელეგაცია დახვდა, შემდეგ კი მაო ძედუნი მოსკოვთან ახლოს სტალინის აგარაკზე წაიყვანეს.

mao4-1657608868.jpg
მაო ძედუნი

სტალინისა და მაო ძედუნის პირველი შეხვედრა იმავე დღეს შედგა. ამას მოჰყვა სხვა მრავალი შეხვედრა იმ ორი თვის მანძილზე, რა პერიოდშიც მაო ძედუნი მოსკოვში იმყოფებოდა. თუმცა მხოლოდ ორი თვის შემდეგ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას და 1950 წლის 14 თებერვალს კრემლში გაიმართა საბჭოთა კავშირი-ჩინეთის მეგობრობის, კავშირისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია. სტალინისა და მაო ძედუნის თანდასწრებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ჩინეთის პრემიერმა და იმავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოუ ენლაიმ და სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრმა ა. ვიშინსკიმ. ამის შემდეგ, 1960 იანი წლების დასაწყისამდე ჩინეთი საბჭოთა კავშირის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. საარქივო დოკუმენტებში იძებნება ინფორმაცია, რომ სტალინის დავალებით, საბჭოთა სპეცსამსახურები აქტიურად მონაწილეობდნენ ჩინეთის სპეცსამსახურების ფორმირებაში. ამავე დროს მეგობრობისა და მოკავშირეობის დასადასტურებლად, სტალინის ბრძანებით ჩინეთიდან გამოიწვიეს იქ ფარულად მოქმედი საბჭოთა დაზვერვის თანამშრომლები და აგენტურა, რამაც ჩინეთის ხელისუფლების ნდობა უფრო გააღრმავა. ამის შემდეგ ჩინეთის „ბელადმა“ თავისი ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზება სტალინს მიანდო: მოსკოვიდან სპეციალური მისიით მიავლინეს საგარეო და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც კოორდინაციას უწევდნენ ჩინეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სტრუქტურების შექმნას. ამიტომაც, შემდგომ შექმნილი ჩინეთის სპეცსამსახურის სტრუქტურა საბჭოთა კა-გე-ბეს ანალოგიური იყო.

მაო ძედუნი ანტისტალინური კამპანიის დროსაც იცავდა „დიდ ბელადს“. საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ა. გრომიკო მოგონებებში იხსენებს 1957 წლის 19 ნოემბერს კრემლში მაო ძედუნთან საუბარს, მაშინ ჩინეთის ლიდერს უთქვამს: „ზოგადად, ჩვენი აზრით, სტალინს აქვს დაახლოებით 70% დამსახურება და 30% შეცდომა. შესაძლოა, ისტორიკოსები სტალინის დამსახურებებსა და შეცდომებს სხვაგვარად დათვლიან. შესაძლოა შეცდომის 10%-ზე ვისაუბრებთ“-ო.

საბჭოთა კავშირი-ჩინეთის მეგობრული ურთიერთობის მიღმა, ბუნებრივია ორივე ქვეყანას საკუთარი ეროვნული ინტერესები ამოძრავებდა. ამასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ვერსიას გაგაცნობთ: თითქოსდა გასული საუკუნის 50-ანი წლების დასაწყისში მაო ძედუნმა თხოვნით მიმართა საბჭოთა კავშირს, რომ ჩინეთი მიეღოთ მეთექვსმეტე რესპუბლიკად, სტალინი სხვადასხვა მიზეზით უარს ეუბნებოდა. ერთხელაც ამ საკითხზე საუბარი გამართულა ხრუშჩოვსა და სტალინს შორის: ხრუშჩოვი ჩინეთის შემოერთების აქტიური მხარდამჭერი იყო, სტალინს მისთვის უთქვამს - გავა 30 წელი, საბჭოთა კავშირი აღარ იქნება, იქნებიან ჩინელები და ცკ-ას მდივანიც ჩინელი გეყოლებათო.

(პირველი ნაწილის დასასრული)