ირანული დრონებით ამერიკულ "ჰაიმარსებზე" - რუსებმა უკრაინელების წინააღმდეგ ისრაელის დრონებთან ერთად ირანულიც შეიძლება გამოიყენონ... - კვირის პალიტრა

ირანული დრონებით ამერიკულ "ჰაიმარსებზე" - რუსებმა უკრაინელების წინააღმდეგ ისრაელის დრონებთან ერთად ირანულიც შეიძლება გამოიყენონ...

11 ივლისის საღამოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის რაიონში მდებარე ნოვაია კახოვკასთან უკრაინელმა არტილერისტებმა ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ჰაიმარსიდან" გაშვებული მართვადი რაკეტების ზუსტი მორტყმით ააფეთქეს რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი უდიდესი შეიარაღების საწყობი, რაზეც იქ დასაწყობებული საბრძოლო მასალის ხანგრძლივი დეტონაციისა და აფეთქებების ძალაც მეტყველებდა...

23 ივნისიდან მოყოლებული, რაც უკრაინაში ჩატანილმა ამერიკულმა "ჰაიმარსებმა" მოქმედება დაიწყეს, ეს 21-ე თუ 22-ე აფეთქებული რუსული სამხედრო საწყობია, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ რუსეთის გენერალიტეტმა ჯერ ვერ გადაწყვიტა "ჰაიმარსებისგან" ზუსტი სარაკეტო დარტყმების პრობლემა.

აქ ახალი არაფერია გამოსაგონი და ეს, ძირითადად, რამდენიმე მეთოდით ხორციელდება.

პირველი - მოწინააღმდეგის მიერ გამოშვებული რაკეტების ჩამოგდება საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებებით, თუმცა, რაც გინდა ღრმად ეშელონირებული იყოს საჰაერო თავდაცვის სისტემა, მართვადი რაკეტების 100%-იანი განადგურების გარანტია უბრალოდ არ არსებობს.

მეორე - რაკეტების სტარტისთანავე კონტრსაბატარეო რადიოლოკატორების მიერ რაკეტების ფრენის ტრაექტორიების გამოყენებით მათი სტარტის ადგილის უსწრაფესი გამოთვლა და საპასუხო საარტილერიო დარტყმის მიყენება სარაკეტო გამშვები დანადგარის დასაზიანებლად.

ეს მეთოდიც ნაკლებად ეფექტიანი გამოდგა, რადგან, სანამ რუსი სამხედროები დაადგენენ უკრაინელების "ჰაიმარსებიდან" რაკეტების სტარტის პოზიციას და იმ ადგილს დაბომბავენ, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, 5-10 წუთი მაინც გადის, ბორბლებიან "ჰაიმარსებს" კი ამ დროში უკვე რამდენიმე კილომეტრი აქვთ გავლილი, მით უმეტეს, რომ მათი ეკიპაჟები საცეცხლე პოზიციად, ძირითადად, ასფალტირებულ გზას იყენებენ, საიდანაც ბევრად ადვილია სტარტის ადგილის სწრაფად დატოვება.

მესამე - "ჰაიმარსებთან" ეფექტიანი ბრძოლისთვის, რაკეტების სტარტების დროს წარმოქმნილი ცეცხლის ფაკელებით მაშინვე რომ დააფიქსირონ სასტარტო პოზიცია, რუსებს ბევრი და თანამედროვე სადაზვერვო და დამრტყმელი დრონები სჭირდებათ, რომლებიც 24 სთ "ჩამოკიდებულნი" იქნებიან ჰაერში.

სწორედ თანამედროვე დრონების, დაახლოებით, თურქული "ბაირაქტარების" კლასის (რომელსაც ძლიერი ელექტროოპტიკური სისტემით 60 კმ-ის სიშორიდანაც შეუძლია ობიექტების დაფიქსირება), სიმცირის გამო, რუსეთის საჰაერო დაზვერვა ვერ ახერხებს "ჰაიმარსების" აღმოჩენას.

რუსებისთვის გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო პილოტირებული ავიაციის - საფრონტო ბომბდამშენებისა და მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავების საათობრივი დადარაჯება უკრაინის ცაში, მაგრამ 24 თებერვლიდან მოყოლებული, არანაკლებ 35 საბრძოლო თვითმფრინავი და 49 შვეულმფრენი დაკარგა (რაც დადასტურებულია ფოტოვიდეომასალით) და რუსი სამხედრო მფრინავები ძალზე ერიდებიან უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის თავზე გამოჩენას - რაკეტებს შორი მანძილიდან, უკრაინული საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოქმედების ზონაში შეუსვლელად უშვებენ.

ასე რომ, რუსეთის გენშტაბის მთავარ იმედად, უკრაინელების ამერიკულ "ჰაიმარსებთან" წარმატებით საბრძოლველად, მაინც სადაზვერვო და დამრტყმელი დრონები რჩებიან.

რუსეთის არმია ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი იყო თანამედროვე დრონებით აღჭურვის მხრივ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომმაც კარგად გამოაჩინა, რასაც რუსეთშიც მიხვდნენ და მას შემდეგ დაიწყეს უპილოტო ავიაციის სწრაფი განვითარება, მათ შორის - ისრაელისგან ლიცენზიით ნაყიდი IAI Searcher 2-ების საშუალებითაც.

დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი იყენებს უპილოტო "ფორპოსტებს", "ორიონებს,", "ორლანებს", "ზალას", "ლანცეტს" და სხვა ტიპის სადაზვერვო და კამიკაძე დრონებს, თუმცა მათი რაოდენობა და ხარისხიც ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისას.

ყველა რუსულ დრონში გამოყენებულია იმპორტული რადიოელექტრონული მოწყობილობები და მიკროჩიპები, რომელთა ისე თავისუფლად ყიდვა, როგორც ამას საერთაშორისო სანქციების დადებამდე აკეთებდა რუსეთი, უკვე შეუძლებელი ხდება, ამიტომაც აქცენტი კეთდება დრონების არა ხარისხზე, არამედ - რაოდენობაზე.

და ერთგვარ სენსაციად გაისმა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის, ეროვნული უსაფრთხოების დარგში, ჯეიკ სალივანის ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ირანი აპირებს, რუსეთს მიაწოდოს ასობით უპილოტო სადაზვერვო და დამრტყმელი საფრენი აპარატი და მათ ასათვისებლად უკვე ამზადებს რუს სამხედროებსო.

თუკი ამერიკელი მზვერავების ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ირანი რუსეთს მართლაც მიაწვდის თავის დრონებს უკრაინაში საბრძოლველად, მაშინ ძალზე უცნაური სიტუაცია შეიქმნება, როდესაც ერთ მხარეს, გვერდიგვერდ იბრძოლებენ... ისრაელისა და ირანის დრონები!

3-1657613521.png
ირანული სადაზვერვო დრონის Mohajer -ის კატაპულტიდან სტარტი

უკრაინასთან ომში რუსეთს დღეისთვის არანაკლებ 95 უპილოტო საფრენი აპარატის დაკარგვა ოფიციალურად უფიქსირდება (მათ შორის, ორი "ფორპოსტია" - ისრაელის დრონის რუსული კლონი) და, ბუნებრივია, რომ რუს სამხედროებს სურთ, რაც შეიძლება სწრაფად შეივსონ საბრძოლო დანაკლისი, თუნდაც - ირანის დახმარებით.

ისე კი, ირანში წარმოებულ დრონებზე ირონიით ლაპარაკი ნამდვილად არ ღირს, ამ თითქმის მთლიანად იზოლირებულმა ქვეყანამ მოახერხა სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიის განვითარება, სერიოზული ეკონომიკური სანქციების პირობებშიც, მათ შორის, იმ ამერიკული დრონების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ირანის ტერიტორიის დაზვერვისას ირანელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს...

ირანის შეიარაღებული ძალებისა და ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის არსენალშია სადაზვერვო Ababil-3 და Mohajer-4B, დამრტყმელი Mohajer-6 თუ Shahed-129 ტიპის დრონები.

2-1657613493.png
ამერიკული უპილოტო მზვერავის MQ-1 Predator-ის ირანული კლონი Shahed-129

განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ეს უკანასკნელი, Shahed-129 იმსახურებს, რომელიც კარგად ცნობილი ამერიკული MQ-1 Predator-ის თითქმის სრული კლონია.

ირანული დრონების გამოჩენა უკრაინის ცაში რუსი ოპერატორების მართვის ქვეშ, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის არმიის პრობლემებს უპილოტო ავიაციაში, მაგრამ, ამასთანავე, გააძლირებს იმის აღქმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ნელ-ნელა მსოფლიო დონის ხდება, რომელშიც ორივე მხრიდან ახალ-ახალი სახელმწიფოები ერთვებიან, ჯერჯერობით -მხოლოდ შეიარაღების მიწოდების სახით...