"წერილი დაწერა პირადად ბიძინასთვის და მისგან თავდასაცავად - რამე ცუდი არ იფიქრო, ისევ შენი ბიჭი ვარო"
„ეს არის უხარისხო, ვირეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია - აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის“, - ამ განცხადებით პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებისა და, ასევე, პარტიის წევრების მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ: ლაგოდეხში, ჭიათურაში, თერჯოლასა და ახალციხეში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს - ლაპარაკია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე.
გია ხუხაშვილი:
- აბსოლუტურად კომიკური სიტუაციაა, მაგრამ რადგან პოლიტიკურ პროცესში ხდება, ტრაგიკომედიად უნდა დავახასიათოთ. ამ ხალხის პოზიციასა და „ქართული ოცნების“ პოზიციას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ და ვერც გავიგე, რისთვის გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, ე.ი. პარტიიდან გასვლის ფორმა სასაცილოა, შინაარსი კი - გაუგებარი. რა თქვეს ახალი და დღემდე უთქმელი?
- როგორც თავად ამბობენ, ყაველაშვილი პარტიაში რომ ყოფილიყო, კელი დეგნანს ასეთი შინაარსის წერილს ვერ მისწერდა.
- დიდი ბოდიში, მაგრამ კობახიძემ უკვე აღიარა, რომ წერილი მისი დაწერილი იყო. რაც ყაველაშვილის სახელით წერილი გამოქვეყნდა, მას შემდეგ ყოველდღე იცავს კობახიძე ამ წერილის პათოსს. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილს ბოლომდე არ აქვს წაკითხული წერილი. სინამდვილეში ეს, ვითომდა გამოყოფილი ხალხი ახალს არაფერსაც არ ამბობს, კობახიძის ნათქვამს იმეორებს. „ქართული ონება“ აღიარებს, რომ ამ წერილს თავიდან ბოლომდე ეთანხმება. ეს არის უხარისხო ვირეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია, არ ვიცი, პარტიას რა უნდა დაარქვან - „ოცნების“ მოადგილეთა პარტია?! თუ - „ბუსტერ-პარტია?!“ ან ვინ უნდა შექმნას, ვინ უნდა იყო პარტიის თავმჯდომარე - ყაველაშვილი, სუბარი თუ ხუნდაძე?
პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია... ამ ვირეშმაკულ თამაშში ყურები უჩანთ და ძალიან სასაცილოები არიან. აბსურდის კინორეჟისორები არიან. შენგელაია გადაიღებდა, ალბათ, საქართველოში და თუ ჩვენ დასავლელ რომელიმე რეჟისორს მოვიწვევდით, ძალიან სერიოზულ კომედიას გადაიღებდა ამ აბსურდზე. აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის, რაღაცას „ხლაფორთობენ“ და რას „ხლაფორთობენ“, თვითონაც ვერ ხვდებიან.
- თქვენი ვერსიით, რატომ ექიშპებიან კელი დეგნანს და, ზოგადად, ელჩებზე იერიშის მიტანით რა მიზნის მიღწევა სურთ?
- კელი დეგნანის დაკომპლექსება უნდათ! ჰგონიათ, რომ თავის მართლების რეჟიმში გადაიყვანენ. მაგის „ჩიტია“ ახლა კელი დეგნანი?!
- როგორ გგონიათ, კონსპირაციულ თეორიებს რატომ ავითარებენ, რა კატეგორიის ხალხზე მუშაობენ, ღირებულებების გადაფასებასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
- თქვენ ამ ადამიანებზე ისე საუბრობთ, თითქოს რამეს წარმოადგენდნენ და რამე პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდეთ. ისინი ხომ არავინ არიან - ვერაფერს გამოიწვევენ, ვერც ღირებულებებს შეცვლიან და ვერც - ფასეულობებს.
- ალბათ, ის მაინც გჯერათ, რომ პრემიერ ღარიბაშვილს შეუძლია წერილების წერა. დღეს მან გაავრცელა განცხადება, სადაც ვრცლად ლაპარაკობს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილის კარნახის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს და ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ივანიშვილის ოლიგარქად მონათვლა ოპოზიციის ფარსის ნაწილია. ამაში ის საკუთარ წინამორბედებს - გიორგი გახარიასა და გიორგი კვირიკაშვილსაც იმოწმებს. პრემიერი წერილის ბოლოს აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და დასძენს, რომ ეს იმ თამაშის წესების დამსახურებაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას დაუტოვა. თქვენ რა შთაბეჭდილება შეგიქმნათ ამ წერილმა, რისთვის არის გამიზნული?
- ნურას უკაცრავად, არაფერიც არ მჯერა, უფრო მეტიც, ჩემი პირადი ურთიერთობის მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს წერილი ღარიბაშვილს დაწერილი არ არის. მისი ლოგიკური ჯაჭვი მაქსიმუმ სამმოქმედებიანია და ამდენ ინფორმაციას ვერ დაიტევდა. წერილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის სტილისტიკაშია დაწერილი - გრძლად და მოიცავს ბევრ დეტალს და ისტორიას. ასე წერა მხოლოდ მას უყვარს და შეუძლია. აქედან დასკვნა ასეთია:
1. მისი დაწერილია და ღარიბაშვილის სახელით გამოქვეყნდა, კობახიძის და ყაველაშვილის არ იყოს;
2. ღარიბაშვილმა დაიქირავა "სპიჩრაიტერები", რომლებმაც მაქსიმალურად მიამსგავსეს ბიძინას სტილს იმისათვის, რომ: ა) ტექნიკურად “ემხილა” ბიძინა და დასავლეთისთვის ეთქვა, რომ თვითონ „პლენშია“; ბ) წერილი დაწერა პირადად ბიძინასთვის და მისგან თავდასაცავად - რამე ცუდი არ იფიქრო, ისევ შენი ბიჭი ვარო. მე პირადად 2ბ-სკენ ვიხრები.
ხათუნა ბახტურიძე