"ტელესკოპს შეუძლია დაინახოს ის გამოსახულება, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა... როგორ გაჩნდა სამყაროში პირველად სინათლე"
ნასამ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო და ჯეიმს ვების ახალი კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო გაავრცელა. მიიჩნევენ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და დეტალური ინფრაწითელი ხედია. ფოტო NIRCam-ის - ტელესკოპის ინფრაწითელი კამერის საშუალებით მიიღეს. კამერამ შეძლო ისეთი შორეული და „ნამცეცისოდენა სტრუქტურის“ გალაქტიკების დაფიქსირება, რომელთა აღმოჩენაც აქამდე შეუძლებელი იყო.
ფოტოზე სამყაროს პატარა მონაკვეთი SMACS 0723 არის აღბეჭდილი. ნასაში ამბობენ: „უკიდეგანო სამყაროს ეს მონაკვეთი ჩვენს ცაზე მხოლოდ იმხელა ადგილს იკავებს, რასაც ქვიშის მარცვალი, თუ მას ხელში დაიჭერთ და ცისკენ გაიშვერთ“.
რაკეტა Ariane 5 ტელესკოპ ჯეიმს ვებთან ერთად კოსმოსში საფრანგეთის გვიანადან 25 დეკემბერს გაუშვეს.

პირველი ფოტო ტელესკოპმა დედამიწაზე 2 თებერვალს გამოგზავა, როცა იგი დედამიწიდან 1,5 მლნ კილომეტრით იყო მოშორებული.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნასას ხელმძღვანელ ბილ ნელსონთან ერთად წარადგინა.
“ეს გასაოცარი ამბავია, ისტორიული მომენტია მეცნიერებისა და ტექნოლოგიისთვის, ასევე, ამერიკისა და მთელი კაცობრიობის ისტორიაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ნასას წარმომადგენლის - ბილ ნელსონის განცხადებით, ფოტოზე აღბეჭდილია გალაქტიკათა სინათლე, რომელიც მილიარდი წლის მოგზაურობის შემდეგაა ასახული, იქამდე, ვიდრე გამოსახულებას ტელესკოპი დააფიქსირებდა.
„ჩვენ ვიხედებით 13 მილიარდი წლით უკან“, - განაცხადა ნელსონმა და აღნიშნა, რომ გამოსახულებები, რომელთაც ტელესკოპი დააფიქსირებს, კიდევ უფრო დიდი ხნის, 13,5 მილიარდი წლის იქნება, რომელიც ახლოს იქნება სამყაროს დასაწყისთან.
„ჩვენ თითქმის დასაწყისში ვბრუნდებით“, - განაცხადა მან.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი
ჯეიმს ვების ტელესკოპს საშუალება აქვს, აღმოაჩინოს და დააფიქსიროს უძველესი გალაქტიკები, რომელთა აღმოჩენა აქამდე შეუძლებელი იყო. მას აქვს ინფრაწითელი სპექტრი, რომელიც ადამიანთა თვალისთვის შეუმჩნეველია.
„ვების ტელესკოპს შეუძლია დაინახოს ის გამოსახულება, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა და აღმოაჩინოს გალაქტიკები, რომლებიც იმდენად შორსაა, რომ ჩვენამდე რამდენიმე მილიონი სინათლის წელი აშორებს“.
„ვები ჰაბლზე მეტია, ამიტომ მას შეუძლია ისეთი გალაქტიკების დანახვა, რომლებიც გაცილებით შორსაა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ნასას წარმომადგენელმა ჯონათან გარდნერმა.
ტელესკოპს, რომელმაც მეცნიერება ახალ დონეზე გადაიყვანა, 1990-იანი წლების შემდეგ ამზადებდნენ. საბოლოოდ, იგი კოსმოსში გასული წლის დეკემბერში გაუშვეს. ის ყველაზე მძლავრი ტელესკოპია, რომელიც ადამიანს კოსმოსში გაუშვია.
მას შეუძლია ყველაზე ძველი გალაქტიკებიც კი დააფიქსიროს.

პროექტის მიზანი
როგორც ნასას წარმომადგენლები ამბობენ, ამ პროექტს განსაკუთრებული მიზანი აქვს.
პროექტის თავდაპირველი მიზანი იყო, აღმოეჩინათ ის პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები, რომლებიც დიდი აფეთქების შედეგად წარმოიქმნენ და თვალს ადევნებდნენ, „როგორ გაჩნდა სამყაროში პირველად სინათლე“, - ამბობს პროგრამა Webb-ის მეცნიერი ერიკ სმიტი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის - კამალა ჰარისის განცხადებით, უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს ტელესკოპი „ყველაზე დიდი საინჟინრო მიღწევაა კაცობრიობის ისტორიაში“. (წყარო)