"დაკარგული იყო 4 დღე და ამ ამბავს მშობლებს უმალავდნენ" - რას ჰყვებიან გერმანიაში დაღუპულ ქართველ ახალგაზრდაზე ახლობლები - კვირის პალიტრა

"დაკარგული იყო 4 დღე და ამ ამბავს მშობლებს უმალავდნენ" - რას ჰყვებიან გერმანიაში დაღუპულ ქართველ ახალგაზრდაზე ახლობლები

გერმანიის ქალაქ ბრემენში, 34 წლის ველისარ გურჩიანის ცხედარი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. მას მეუღლე და ადგილობრივი სამართალდამცავები 5 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. როგორც შევიტყვეთ, გურჩიანი მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო გერმანიაში სამუშაოდ წასული. რას შეეწირა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, ჯერჯერობით უცნობია. ველისარ ( ბაჩი) გურჩიანის ოჯახი მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ხაიშში ცხოვრობს. მერის წარმომადგენელი სოფელ ხაიშში, ოთარ ჭკადუა ამბობს, რომ გარდაცვლილის მშობლებმა დღეს გაიგეს ეს უმძიმესი ამბავი.

"ცოლ-შვილით იყო წასული. ალბათ 5 თვე იქნება, რაც წავიდა. მისი დედ-მამა ხაიშში ცხოვრობს. პატიოსან ოჯახში აღზრდილი, კარგი ახალგაზრდა იყო. ველისარი სამი შვილის მამაა. მომხდარზე ჯერ არავინ არაფერი ვიცით. მშრომელი ბიჭი იყო. ბოლო სამი წელი თბილისში ცხოვრობდა და იქ მუშაობდა, ფიზიკურად შრომობდა, მშენებლობაზე იყო დასაქმებული. მერე სამუშაოდ წავიდა და ცოლ-შვილიც თან წაიყვანა. დაკარგული იყო 4 დღე და ამ ამბავს მშობლებს უმალავდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ ცოცხალს იპოვიდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ნახეს, ოჯახსაც შეატყობინეს. მომხდარზე სრულყოფილი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩამოასვენებენ, მეუღლეც ჩამოვა და უფრო მეტი დეტალი მას ეცოდინება. კარგი ახალგაზრდა იყო, დები ჰყავს, ხაიშში გადმოასვენებენ და აქ დაკრძალავენ. ბავშვები პატარები არიან. უფროსი 10 წლის იქნება, ძალიან განვიცდით მომხდარს", - გვითხრა ოთარ ჭკადუამ.

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი კომენტარებით:

"როგორ დავიჯერო რომ აღარ გვყავხარ, გავქვავდი გავიყინე.... სამუდამო ტკივილი დამიტოვე! გურჩიანების ტკივილი ხარ! სად ხარ ღმერთო?... უბოროტო, სიკეთით სავსე, ყველასგან განსხვავებული ჩემი ველო, სალო, შენ ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარხარო, მეტყოდა. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ბედნიერი და ხალისით სავსე დღეებისთვის, მიყვარხარ და მემახსოვრები, სამუდამო ტკივილად დარჩები ჩემს გულში! უფალს ვთხოვ შეგინდოს და ჰპოვოს შენმა სულმა სიმშვიდე!" - წერს სალომე გურჩიანი.

"გავნადგურდით, ყოველ დღე იმედიან სიახლეს ველოდებოდით, ამ ტრაგედიას - არა. ვიზიარებ მთელი ოჯახის და თქვენი გვარის, გურჩიანების მწუხარებას. ნათელი შენი ძმის სულს!"- უსამძიმრებენ ოჯახს.

"ჩემო ალალო, ჩემო კეთილო ძმაო ველო, ჩემო ბაჩიიი, დაე, შვება იპოვოს შენმა სულმა. ეს შენ არ ჩაგიდენია ძმაო!!! სუფთა და კეთილი იყო და არის შენი სული სამარადისოდ!!! უფალს შევთხოვთ, რომ იმიერ საქართველოში მშვიდად იცოცხლო და დალოცო შენი სისხლი და ხორცი!! მაპატიე, თუ ოდესმე რამე გაწყენინე ბაჩი. ერთი ვიცი რომ აწი ჩვენი ცხოვრება ტკივილით სავსე იქნება!! მშვიდობით ბაჩი", - წერს ახლობელი.

"რა არის ჩვენი დაშორება არ ვიცი, არც ის ვიცი როდის შევხვდებით ისევ...ეკას პატარა ძამიკო, ეკას სული და გული ამოაცალე", - წერს ველო გურჩიანის და და ძმის ფოტოს აქვეყნებს.

ტრაგედიაზე წერს სოციალურ ქსელში გურჩიანის მეუღლეც : „შენ ჩვენი ლამაზი ოჯახი გაანადგურე...მე მომკალი...ჩვენს შვილებს მომავალი დაუნგრიე ...როგორ უნდა გაპატიო??? მომიყვანე და დამტოვე ამ უცხო ქვეყანაში... რა ძნელია ამის წარმოდგენა, რომ შენ ეს გამიკეთე, დღეს გნახავ ბოლოჯერ და თუ ამას გადავიტან მხოლოდ ჩემი შვილების გამო...შენ მე მომკალი, მე არ ვარსებობ უკვე შენთან ერთად ვარ... მაგრამ შვილებს ვერ ვტოვებ...გნახავ ოდესმე და მოგიწევს ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა, ჩვენ გვჭირდებოდი" ,- წერს ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამი შვილით გერმანიაშია.

საქმის დეტალები ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი. როდის ჩამოასვენებენ სამშობლოში გარდაცვლილს, ჯერჯერობით უცნობია. `

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

(სპეციალურად საიტისთვის)