"დროა პუტინთან მოლაპარაკების დაწყების, თორემ ყველას რეცესია გვემუქრება" - რას წერს იტალიური გამოცემა - კვირის პალიტრა

"დროა პუტინთან მოლაპარაკების დაწყების, თორემ ყველას რეცესია გვემუქრება" - რას წერს იტალიური გამოცემა

იტალიის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების მქონე გაზეთ "ილ ჯორნალეში" (Il Giornale) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "ბრიუსელმა რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს: დროა პუტინთან მოლაპარაკების დაწყების, თორემ ყველა რეცესიაში აღმოვჩნდებით" (ავტორი - ჯან მიკალესინი).

აქვე, ცნობისთვის, როგორც ვიკიპედიიდან და სხვადასხვა ღია წყაროდან ირკვევა, "ილ ჯორნალე" იტალიის ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის ოჯახის მფლობელობაშია. სილვიო ბერლუსკონი ვლადიმერ პუტინთან მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩეოდა. 2015 წელს პუტინს „მსოფლიო ლიდერებს შორის უდავოდ ნომერ პირველი [ლიდერი]" უწოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საქციელით "იმედგაცრუებული და დამწუხრებულია" (რედ).

"ახლა სახუმარო დრო არ არის, საქმე ძალიან სერიოზულადაა: უკრაინის ომით გამოწვეული რუსული გაზის შემცირება და მასთან დაკავშირებული ხარჯები იტალიელ ოჯახებსა და კომპანიებს კისერზე დააწვებათ, ქვეყნის ეკონომიკა კი წლების განმავლობაში რეცესიაში იქნება. ამიტომაც დროა, რეალობას თვალი გავუსწოროთ და არა ილუზიური სტრატეგიული ანალიზით ვიყოთ დაკავებული, რომელიც უფრო სამხედრო-პოლიტიკურ პროპაგანდას ეფუძნება, ვიდრე - ფაქტებს.

ამიტომაც სამართლიანი იქნება ასეთი კითხვა დავსვათ: განა ახლა არ იქნება უფრო მისაღები, მორალური თვალსაზრისით, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება დავიწყოთ, ვიდრე უკვე წაგებული დაპირისპირება გავაგრძელოთ? საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება ყოველდღიურად სულ უფრო მეტ მსხვერპლს იწვევს, ზრდის მსოფლიო ომის საფრთხეს და ევროკავშირს, მათ შორის - იტალიასაც, ეკონომიკური კატასტროფისაკენ უბიძგებს.

ალბათ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ სამ ასპექტზე - სამხედროზე, ეკონომიკურსა და პოლიტიკურზე.

ა) სამხედრო ასპექტთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. როგორი საწყენიც უნდა იყოს, ომი უკრაინის საუკეთესო შვილებს იწირავს: მიმდინარე თვეში ყოველდღიურმა დანაკარგებმა 150-200 დაღუპული და 800 დაჭრილი შეადგინა. საბოლოო ჯამში, ფრონტის ხაზზე მიმდინარე ინტენსიურ საომარ მოქმედებებში სულ უფრო მეტი ნაჩქარევად მომზადებული ახალწვეულები იგზავნებიან. ეს ფაქტორი არა მარტო ამცირებს ნატოს მიერ უკრაინისათვის გაგზავნილი იარაღის ეფექტიანობას, არამედ - ფუჭ იმედებს იძლევა, რომ თითქოს უკრაინის არმია რუსების მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს წლის ბოლომდე გაათავისუფლებს. შემთხვევით არ გამოხატა ეჭვი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქეთლინ ჰიქსმა, უკრაინის ჯარებს იმის უნარი აღარ ექნებათ, 5 ან 10-თვიან ბრძოლას გაუძლონო.

ბ) ეკონომიკური რეალობა კიდევ უფრო მტკივნეულია. მაშინ, როცა მოსკოვი დასავლურ სანქციებს დიდი პრობლემების გარეშე უძლებს, ევროკავშირს და იტალიას ყველაფერი უკან, ბუმერანგივით უბრუნდებათ. უკვე არის იმის პროგნოზები, რომ ნავთობის ერთი ბარელის ფასი 380 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო იტალიის ბანკის მმართველის - ინასიო ვისკოს თქმით, თუ რუსული გაზის მოწოდება სრულიად შეწყდება, მაშინ ორწლიანი რეცესიაა მოსალოდნელი. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიები ყველაფერს დაკარგავენ, შემდეგ კი მოვა ჩინეთი, რომელიც ნატოსა და რუსეთის კონფრონტაციაში გამარჯვებულად საკუთარ თავს გამოაცხადებს, რომ არაფერი ვთქვათ მიგრაციულ რისკებზე. ყველამ კარგად იცის, რომ თუ შიმშილობის საფრთხე შეიქმნება, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნების მცხოვრებლები ჯერ ლიბიისაკენ დაიძვრებიან, იქიდან კი - ჩვენკენ, ევროპისაკენ - იტალიისკენ. არადა, ისედაც უამრავი ლტოლვილი გვყავს, 145 ათასი უკრაინელი, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.

გ) ომის გაგრძელების შეუძლებლობა სულ უფრო აშკარად ჩანს პოლიტიკურ ფრონტზეც. აშკარაა, რომ აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარდეს, დემოკრატიულ პარტიას დამარცხების დიდი ჩრდილი მიადგა - ამერიკაში ინფლაციის რეკორდული დონეა, უსაშველოდ იზრდება ფასები ენერგომატარებლებზე... ეს ყველაფერი კი ჯო ბაიდენის გაბედულებას ძირს უთხრის. ლონდონს, პარიზს, რომსა და ბერლინს თავიანთი კრიზისი აქვთ, მათ ფონზე კი უკრაინული გამოწვევა მნიშვნელობას კარგავს. გერმანია მინიშნებებს აკეთებს სანქციური ბლოკადის გარღვევაზე, რათა ეკონომიკისათვის ესოდენ საჭირო გაზის მიღება უზრუნველყოს.

სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ ბრძენ მოხუცებს - ისეთებს, როგორიცაა ჰენრი კისინჯერი, ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც მოვუსმინოთ. იგი დარწმუნებულია, რომ კრემლთან ივლისის ბოლომდე მოლაპარაკება აუცილებელია. უფრო ზუსტად კი მანამ, სანამ [მოსალოდნელი შიმშილობის გამო] აჯანყებები არ მომხდარა, რომლის შედეგების მოგვარება ძალიან ძნელი იქნება". ვლადიმერ პუტინი დონბასს დაიკავებს და შემდეგ მზერას ოდესას მიაპყრობს. ამ დროს კი არჩევნის გაკეთება უფრო რთული იქნება: შევაჩეროთ ომი ჩვენი უშუალო ჩარევით ან მივიღოთ ევროკავშირში დამარცხებული, ეკონომიკურად დანგრეული და გაწამებული უკრაინა, რომელიც განწირული იქნება, ჩვენს კმაყოფაზე იცხოვროს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ