რუსები "ტოჩკებით" დიდი სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადებიან... - კვირის პალიტრა

რუსები "ტოჩკებით" დიდი სარაკეტო დარტყმებისთვის ემზადებიან...

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთის არმია თითქმის მთელ თავის საშტატო შეიარაღებას იყენებს და ამას არც მალავს, პირიქით - რუსი პროპაგანდისტები მუდმივად "აპიარებენ" ამა თუ იმ რუსული სამხედრო ტექნიკის საბრძოლო გამოყენების ფაქტებს.

მაგრამ არის შეიარაღების ერთი ტიპი, რომლის გამოყენებასაც რუსი გენერლები დღემდე კატეგორიულად უარყოფენ - ეს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Точка-У-ს ("ტოჩკა-უ") ტიპის სარაკეტო დანადგარებია...

პრინციპში, რა უნდა იყოს დასამალი, როდესაც რუსეთი თავის ტერიტორიიდან, იმავე ბელგოროდის ოლქიდან, ყოველ ღამეს ბევრად უფრო თანამედროვე "ისკანდერ-მ"-ებს უშვებს უკრაინული ხარკოვისკენ და საბჭოთადროინდელი "ტოჩკა-უ"-ები რა საიდუმლოს შეიძლება წარმოადგენდნენ?

თუმცა აქ საქმე არა სამხედრო ტექნიკის საიდუმლოებასთანაა დაკავშირებული, არამედ - ომის დანაშაულის დაფარვის მცდელობასთან...

მიმდინარე წლის 8 აპრილს უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ კრამატორსკის სარკინიგზო ვაგზლის თავზე, აფეთქდა "ტოჩკა-უ"-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტის კასეტური ქობინი, რომლის ჰაერში გაფანტულმა და ძირს დაცემულმა სუბელემენტებმა ვაგზლის ბაქანზე მყოფი და დასავლეთისკენ საევაკუაციოდ გამზადებული რამდენიმე ასეული მოქალაქისგან 57 იმსხვერპლა, მათ შორის - ბავშვებიც, ათობით დაიჭრა...

ეს იყო ომის დანაშაულის ყველაზე დამახასიათებელი, საშინელი მაგალითი, როდესაც ქალაქის ცენტრში კასეტურქობინიანი რაკეტა მიზანმიმართულად იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რადგან ისინი, ვისაც "ტოჩკა-უ"-ს დამიზნების სისტემაში სამიზნის კოორდინატები შეჰყავდათ, სარგებლობდნენ საკუთარი დაზვერვის მონაცემებით, რომელსაც არ შეეძლო არ სცოდნოდა, რომ რაკეტა სარკინიგზო ვაგზალსა და იქ მომლოდინე რამდენიმე ასეულ მოქალაქე-მგზავრისთვის იყო გამიზნული...

2-1657700729.jfif
კრამატორსკში ტრაგედიის დამტრიალებელი, აფეთქებული რუსული Точка-У -ს კორპუსი, წარწერით За детей...

კრამატორსკის უკრაინა აკონტროლებს, შესაბამისად, გაჩნდა ლოგიკური ეჭვი იმისა, რომ ეს რაკეტა ოკუპირებული დონეცკის მხრიდან იყო გამოშვებული რუსი სამხედროების მიერ, მით უმეტეს, რომ კრამატორსკის ერთ-ერთ სკვერში ჩამოვარდნილი, აფეთქებული "ტოჩკა-უ"-ს კორპუსზე ეწერა - За детей, თითქოს ვიღაცამ შურისძიების მიზნით, ბავშვების დაღუპვის გამო, პასუხი გაუგზავნა უკრაინელებს...

მართლაც, კრამატორსკის ტრაგედიამდე, თითქმის ერთი თვით ადრე, 14 მარტს, ოკუპირებულ ქალაქ დონეცკის ქუჩაზე ჩამოვარდა ასეთივე "ტოჩკა-უ"-ს ნამსხვრევები, რომლებმაც 23 ადამიანის, მათ შორის - ბავშვების სიცოცხლეც შეიწირა, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს რაკეტა უშუალოდ დონეცკის ცენტრზე არ ყოფილა დამიზნებული, ის დონეცკიდან მოშორებით, სამხედრო ობიექტზე იყო დამიზნებული, მაგრამ რუსულმა საზენიტო-სარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო ქალაქის თავზე, რასაც ასეთი მსხვერპლი მოჰყვა...

ასე რომ, დიდი ალბათობით, კრამატორსკიზე საპასუხო სარაკეტო დარტყმა მიზანმიმართულად გაკეთდა, თუმცა რუსეთმა, როგორც ყოველთვის, კატეგორიულად უარყო თავისი დანაშაული და არგუმენტად ის ფაქტი მოიყვანა, რომ "ტოჩკა-უ"-ს ტიპის სარაკეტო კომპლექსები რუსეთის არმიის სარაკეტო ბრიგადების შეიარაღებიდან ჯერ კიდევ 2020 წელს ამოიღო და ისინი "ისკანდერ-მ"-ებით ჩაანაცვლა.

თუმცა რუსი გენერლები იმაზე არ ლაპარაკობდნენ, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქში ერთი სარაკეტო ბრიგადის შეიარაღებაში მაინც დატოვეს "ტოჩკა-უ"-ები, იმ ბრიგადის, რომელიც პირველი ჩაერთო უკრაინაზე თავდასხმის ოპერაციაში.

3-1657700752.png
ოკუპირებული მელიტოპოლის ქუჩაზე დაფიქსირებული რუსული „ტოჩკა-უ“...

მოკლედ, რუსეთმა უკრაინასთან გაწელილი ომის გამო საბჭოთადროინდელი საწყობებიდან ნახევარსაუკუნოვანი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ამოღება დაიწყო და რა გასაკვირია, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ "თადარიგში" გაშვებული "ტოჩკა-უ"-ბი ისევ საბრძოლო მწყობრში დაებრუნებინა?

ბოლო ორი დღეა, ინტერნეტსივრცეში გრძელდება ფოტოვიდეომასალის გავრცელება, რომელზეც მოჩანს, რომ რუსული სამხედრო აგრესიის Z და O სიმბოლოებდატანებული "ტოჩკა-უ"-ბი, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, სარკინიგზო ეშელონებით გადაიზიდება უკრაინის საზღვრისკენ, ხოლო ოკუპირებულ დონეცკისა და ხერსონის ოლქების გზებზე ამ სარაკეტო დანადგარების კოლონები მიემართება...

რუსეთმა "ტოჩკა-უ"-ს რაკეტების საბრძოლო გამოყენება ჩეჩნეთის პირველ ომში დაიწყო და მეორეში გააგრძელა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს ქალაქებისკენ არანაკლებ 20 ერთეული "ტოჩკა"(ფრენის მაქსიმალური სიშორე 70 კმ) და "ტოჩკა-უ" (ფრენის მაქსიმალური სიშორე 120 კმ) გამოიყენა, როგორც ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონაში, ისე - ფოთის წინააღმდეგ ოკუპირებული ოჩამჩირიდან, ასევე, პერევის მიმართულებით და რაჭისკენაც კი...

2014 წლიდან უკრაინის დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროსაც ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების ზურგსუკან ამოფარებული რუსეთის რეგულარული არმიის სარაკეტო დანაყოფები ასევე იყენებდნენ ამ ტიპის რაკეტებს...

დღეს, როდესც რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და კრემლს იოლი გამარჯვების იმედი ჩაეფუშა, ის, რა თქმა უნდა, არც საწყობებიდან ამოღებული "ტოჩკა-უ"-ს ბალისტიკური რაკეტების მასობრივ გამოყენებაზე დაიხევს უკან უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც უკრაინელები ამერიკული "ჰაიმარსებით" ყოველ ღამეს ძალიან მტკივნეულ უზუსტეს სარაკეტო დარტყმებს აყენებენ რუს ოკუპანტებს - გუშინ ღამეს "ჰაიმარსების" მართვადმა რაკეტებმა ლუგანსკთან, ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში, რუსული საზენიტო-სარაკეტო პოზიცია გაანადგურეს, რისი ამსახველი უზარმაზარი ცეცხლის ალითა და აფეთქებების ხმით ადგილობრივები დილამდე "ტკბებოდნენ"...