"ჯვარედინ დაკითხვას მიწყობენ. გააგრძელეთ თხრა, თქვენთვის ბეტონი ისედაც მომაქვს" - რას წერს დათო ოქიტაშვილი?
კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მაქსიმ გალკინის კონცერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას:
"დაირხა ხმა და მოჰყვა ერთი ამბავი.
მირეკავენ და ჯვარედინ დაკითხვას მიწყობენ.
პირდაპირ ვამბობ, გალკინი საქართველოში მე არ ჩამომყავს!
მიუხედავად ალლა პუგაჩოვასთან ჩემი მეგობრობისა, გალკინის ჩამოსვლა არ უკავშირდება დათო ოქიტაშვილის სახელს, არც პირდაპირ, არც ირიბად.
დაიმახსოვრეთ, მანქურთებო, დათო ოქიტაშვილმა იცის რას, რატომ და რა ვითარებაში აკეთებს ან არ აკეთებს, თქვენგან განსხვავებით.
ასე რომ, გააგრძელეთ თხრა, თქვენთვის ბეტონი ისედაც მომაქვს", - წერს ოქიტაშვილი.
ცნობისათვის, მომღერალი, შოუმენი მაქსიმ გალკინი, რომელიც რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან წავიდა და პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებს, საქართველოში კონცერტს გამართავს.
biletebi.ge-ს ცნობით, კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს გაიმართება და შესული თანხა უკრაინელ დევნილებს მოხმარდება.
"უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად მსოფლიო ტურის ფარგლებში: ისრაელი, აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, თურქეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფინეთი, ესპანეთი, საქართველო, გერმანია...თბილისს ეწვევა ცნობილი შოუმენი და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი!
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 25 ივლისს. ჰონორარი მოხმარდება უკრაინიდან დევნილებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მაქსიმ გალკინი ერთ-ერთია რუსი არტისტებიდან, რომელმაც ომის შემდეგ ოჯახთან ერთად დატოვა ქვეყანა. ის მეუღლე ალა პუგაჩოვასთან და ტყუპ შვილთან ერთად ბოლო თვეები ისრაელში ცხოვრობდა. მედიის ცნობით, წყვილი ისრაელიდან ლატვიის ქალაქ იურმალაში გადავიდა საცოხვრებლად.
იურმალაში, ელიტარულ უბანში მდებარე ვილა "მარტა“ იქირავა. ობიექტი მეწარმე ვიქტორ კრასოვიცკის ეკუთვნის და სეზონურად მისი გაქირავების ფასი 100 ათასი ევროს შეადგენს.
პირველად იურმალაში ალა პუგაჩოვა შენიშნეს, რომელიც ბავშვებთან ერთად სანაპიროზე სეირნობდა. მოგვიანებით საკურორტო ქალაქში მაქსიმ გალკინიც ნახეს. (წყარო)
