"თუ შევხედავ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთთან შეერთება სურს, მაშინ..." - კვირის პალიტრა

"თუ შევხედავ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთთან შეერთება სურს, მაშინ..."

"დაკარგული თაობა" ანუ რატომ ტოვებენ ქართველები საქართველოს?!

ემიგრაცია საქართველოსთვის უმწვავესი პრობლემაა. ქართველები ტოვებენ თავიანთ სამშობლოს და უცხო ქვეყნებში მიდიან, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ერის არსებობას დიდ საფრთხეს უქმნის. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს საქართველოდან უცხოეთში 99 974 ადამიანი წავიდა, მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია. მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გასულ წელს 68%-ით გაიზარდა, თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებია - ციფრები, რომლის უკან დიდი ადამიანური სევდა და ტრაგედია იმალება...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნინო დარასელი:

"იცით, რა არის ყველაზე მტკივნეული? - ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნიდან გასულთა უმრავლესობა ქალია. როდესაც ვიღაც ქალებზე ამბობს, - სუსტი სქესიო, - გულში მეცინება... თავდადება, რომელიც ამ ქალებმა საკუთარი ოჯახების გადასარჩენად გამოიჩინეს, ბევრ მამაკაცს შეშურდება..."

თამუნა გაბრიელაშვილი:

"აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ასე მგონია, სხვა ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მომავალშიც დიდი სიამოვნებით წავალ და დავათვალიერებ, მაგრამ საცხოვრებლად ვერსად დავრჩები. მგონია, რომ ემიგრაციაში ყოფნა არავის უხარია..."

გიორგი გუგავა:

"პირდაპირ გეტყვით: ემიგრანტების რაოდენობის ზრდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა ჩვენს ისტორიაში, რადგანაც მოქალაქეების მასობრივი გადასახლება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეს არის ყველაზე აქტიური, ინტელექტუალური ნაწილი, რომელიც საქართველოს ტოვებს..."

კახა გოგიძე:

"საქართველოდან წასვლის შანსი რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ ვერ შევძელი! ახლაც, მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავალ: თუ შევხედავ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთთან შეერთება სურს, მაშინ უკრაინაში წავალ. მირჩევნია იქ ვიომო, ვიდრე დამონებულ ქვეყანაში ვიცხოვრო..."

ნუგზარ კვაშალი:

"ახლანდელ ახალგაზრდობას ვერ გააგებინებ, რომ ისეთი მეგობრობა, ისეთი ნათესაობა და დედმამიშვილობა, როგორიც საქართველოშია, არც ერთ ქვეყანაში არ იცოდნენ და იციან..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე