"თუ უკრაინის ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, რა მოხდება შემდეგ?" - რას წერს ამერიკული გამოცემა
აშშ-ის გაზეთ The Hill-ში, რომელიც კონგრესთან დაახლოებული გამოცემის სახელით სარგებლობს და ხშირად აშუქებს პრობლემატურ, მათ შორის - საგარეო-პოლიტიკურ საკითხებს, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "თუ უკრაინის ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, რა მოხდება შემდეგ?" (ავტორი - დევიდ ლინგელბახი, ბალტიმორის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი 1995-2000 წლებში მოსკოვში Bank of America-ს წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
"ამერიკელი ისტორიკოსი სტივენ კოტკინი თავის წიგნში - "სტალინი", რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა, წერს, რომ იმდროინდელ სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, შეეცადა, მსოფლიოს მოვლენები საბჭოთა ბელადის კაბინეტიდან დაენახა. მოდი, იმავე პრინციპით ვიხელმძღვანელოთ და შევეცადოთ, დღევანდელ მოვლენებს ვლადიმერ პუტინის თვალით შევხედოთ:
თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ომში გაიმარჯვებს, რას გააკეთებს შემდეგ?
პუტინის კაბინეტიდან დღევანდელი დღე საკმაოდ დადებითად ჩანს. ეს შეიძლება შევამჩნიოთ მისი თავდაჯერებული და ენერგიული ტონით, ხშირად მოურიდებელი მანერითაც, რომელიც მან 9 ივნისს, ახალგაზრდა ბიზნესმენებთან და მეცნიერებთან გამართული შეხვედრის დროს გამოავლინა. მისი ასეთი მოქმედება, გარკვეულწილად, გამართლებულია: ამჟამად რუსეთი უკრაინის ტერიტორიის, დაახლოებით, 20%-ს აკონტროლებს, ომის დასაწყისში კი - მხოლოდ 7,2%-ს აკონტროლებდა. ვლადიმერ პუტინის რეიტინგი, "ლევადა-ცენტრის" (რომელსაც უცხოური აგენტის სტატუსი აქვს) მიერ ჩატარებული გამოკითხვით, 83%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალია, 2017 წლიდან მოყოლებული. ქვეყნის ეროვნული ვალუტა - რუბლი დღეს ბევრად უფრო მტკიცეა, ვიდრე ომის დაწყებამდე.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღეს ვლადიმერ პუტინს, როგორც ქვეყნის ლიდერს, რუსეთში ალტერნატივა არ ჰყავს. მის გარდა არავინ არის ისეთი ადამიანი, რომელიც, რუსეთის მოსახლეობის აზრით, ქვეყანას გააძლიერებს. პუტინის პოტენციური კონკურენტები ან მკვდრები არიან, ან საზღვარგარეთ გაძევებულები, ან ციხეში სხედან. როგორც ჩანს, პრეზიდენტს საკუთარი სავარძლის ბედი უკვე აღარ უნდა ადარდებდეს, ის მტკიცედ დგას.
რა თქმა უნდა, რუსეთს პუტინის კაბინეტიდან რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ქვეყანაში, ეკონომიკური თვალსაზრისით, სრული სიმშვიდე არ არის და, ალბათ, ეს ტურბულენტობა გარკვეული პერიოდი შენარჩუნდება. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ელოდება, 2022 წლის ბოლოს ეკონომიკის განვითარების ტემპი 8,5%-ით შემცირდება, ხოლო სამომხმარებლო ფასები 21,3%-ით მოიმატებს. ერთობ მაღალი სიკვდილიანობით აღინიშნა "კოვიდ-19"-ის პანდემია, რომელიც საზოგადოებაზე ნეგატიურ ზეწოლას ახდენს და მასში სამომავლო გაურკვევლობას ბადებს.
ყველა "პლუსისა" და "მინუსის" გათვალისწინებით, ვლადიმერ პუტინის კაბინეტიდან ხედვას ერთ კითხვამდე მივყავართ:
რა იქნება შემდეგ?
პუტინი - ოპორტუნიზმის ოსტატია, რომელიც, პრინციპში, ოლიგარქებს სჩვევიათ. იგი აშკარად არ მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებიც ღიად გადადგამენ ნაბიჯებს. და მაინც, მის წინაშე სამი გზა შეიძლება არსებობდეს:
კიდევ ერთი სამხედრო კამპანია, გაეროს ალტერნატივის შექმნა და შიდა მემკვიდრეობის დაცვა.
რუსეთის პრეზიდენტის მომდევნო ავანტიურა შეიძლება გახდეს სამხედრო ოპერაცია ყოველი მისი მეზობელი ქვეყნის მიმართ [მაგრამ გარკვეული შერჩევით]. ვლადიმერ პუტინი თავს არ დაესხმება ნატოს წევრებს (პოლონეთს, ლიეტუვას ან ლატვიას). მისთვის მოგებიანი არ იქნება მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიის დამატებით მიტაცება. ამის ნაცვლად, უკვე გამოცხადებული "რუსული მიწების შეკრების" პრინციპით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია მზერა სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანას, ყაზახეთს მიაპყროს. დღეს ყაზახეთში 3,8 მილიონი რუსულენოვანი ადამიანი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 21%-ს შეადგენს. მოსკოვს თავისი საკმაოდ დიდი მეზობლის - ყაზახეთის ჩრდილოეთი ნაწილის მიმართ დიდი ხნის ტერიტორიული მოთხოვნები აქვს, სადაც რუსი კაზაკები დასახლებებს ჯერ კიდევ 1584 წლიდან ქმნიდნენ (ურალსკი, უსტ-კამენოგორსკი და ა.შ.). ამ საკითხზე 1990-იან წლებში საუბრები აქტიურად მიდიოდა, ხოლო მოსკოვის მიერ მათი გაკონტროლების ნიშნები 2022 წლის იანვარში გამოიკვეთა, როცა ყაზახეთში "ოდეკაბეს" (ჩათვალე - რუსეთის) ჯარები შევიდნენ.
შესაძლოა, პუტინის შემდგომი ნაბიჯი ახალი მსოფლიო წესრიგის არქიტექტურის შექმნის მიზანში გამოიხატოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დასავლური საერთაშორისო სისტემის მთავარ ზესახელმწიფოებრივ სიმბოლოს წარმოადგენს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პუტინს მსგავსი მასშტაბის მქონე ახალი სტრქუტურის შექმნა სურდეს, რომელიც გაეროს შეცვლის. შეიძლება ვივარაუდოთ, მაგალითად, რომ "ახალი გაეროს" საფუძველი იქნება "ოდეკაბესა" და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ინტეგრაციული გაერთიანება, რომლებშიც რუსეთი ლიდერობს ან, ვთქვათ, BRICS-ის ქვეყნების ჯგუფი (ბრაზილია, რუსეთი, ირანი, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი), ან პრინციპულად სრულიად ახალი ორგანო, რომლის ნათლია, ყველა სიტუაციაში, რუსეთი იქნება. ვლადიმერ პუტინი ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების მთავარ ინიციატორად გამოვა.
ასევე, სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტის მომდევნო ნაბიჯი შიდა მემკვიდრეობის დაცვა იყოს: ყურადღება, უმთავრესად, ალბათ, პოლიტიკური მემკვიდრის მომზადებასა და მის დანიშვნას დაეთმობა - ისეთი მემკვიდრის, რომელიც პუტინის მიღწევებს დაეყრდნობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტს ძალიან მოსწონს საკუთარი თავის შედარება პეტრე დიდთან, მას მოუწევს საკუთარ თავს ისეთი შემცვლელი მოუძებნოს, რომელიც უფრო ეკატერინე II-სთან იქნება ახლოს, ვიდრე მის სუსტ ქმართან - პეტრე III-სთან. სავარაუდო კანდიდატების ჩამონათვალში შეიძლება ვივარაუდოთ პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი და პუტინის მეგობარი, ოლიგარქი იური კოვალჩუკი, თუმცა უკრაინასთან მიმდინარე ომი მუდმივად ურევს და ცვლის მემკვიდრეთა სიის ფიგურანტებს.
ვლადიმერ პუტინისათვის მემკვიდრეობითობის დაცვის კიდევ ერთი წესი შეიძლება იყოს ქვეყნის დედაქალაქის ურალის ქედის მიღმა გადატანა, დასავლეთის სამხედრო საფრთხისგან შორს და ევრაზიის ეპიცენტრთან ახლოს. თუ დედაქალაქის ფუნქციების ნაწილს სამარა (ყოფილი კუიბიშევი, რომელიც სსრ კავშირის დედაქალაქის როლს ნაწილობრივ ასრულებდა მეორე მსოფლიო ომის დროს), ნოვოსიბირსკი და, სულაც, ვლადივოსტოკი შეითავსებს, ამ შემთხვევაში, რეგიონების ეკონომიკური გააქტიურებაც მოხდება. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი გარკვეულ პარალელს გაავლებს ვლადიმერ პუტინსა და პეტრე პირველს შორის, რომელმაც თვითონაც გადაიტანა იმპერიის დედაქალაქი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში.
როგორი გზითაც უნდა წავიდეს რუსეთის ლიდერი, მისთვის სულ უფრო აშკარა ხდება - კრემლს შეუძლია, რაღაც ფორმით, უკრაინაზე გამარჯვება გამოაცხადოს. ის მზადაა, ბოლომდე იაროს და გზა გაჭრას იმ გაურკვევლობის ხარჯზე, რომელიც თვითონ შექმნა - გაურკვევლობა, რომელიც მას და რუსეთს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
მოკლედ - შემდეგ რა? - რა და, მეტი ცვლილებები და არა - პირიქით. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ