პოლონური "კიბორჩხალებიც" უკრაინის რუსეთისგან დასაცავად იბრძვიან... - კვირის პალიტრა

პოლონური "კიბორჩხალებიც" უკრაინის რუსეთისგან დასაცავად იბრძვიან...

Krab-ი ანუ ქართულად "კიბორჩხალა" - სწორედ ასე ეწოდება პოლონურ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, რომლებიც გუშინ დამატებით მიაწოდა ვარშავამ კიევს.

რუსეთ-უკრაინის ომი რომ ფართომასშტაბიან საარტილერიო დუელებში გადაიზარდა, ამას დამატებითი მტკიცება არ სჭირდება, ასევე იმას, რომ ამ ორთაბრძოლაში საარტილერიო დანადგარებისა და ჭურვების მარაგით რუსეთის არმია მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინისას და ამიტომაც უკრაინის დამცველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეულ ჰაუბიცასა თუ ქვემეხს...

ნატოს წევრი და მეზობელი ქვეყნებიდან უკრაინას ყველაზე დიდ სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას პოლონეთი უწევს და სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკასთან ერთად მან უკრაინელ არტილერისტებს ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში 18 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი - "კრაბი" გადასცა. ისინი თვეზე მეტია, ფრონტის ხაზზე წარმატებით იბრძვიან, ეხლა კი სარკინიგზო ეშელონით უკრაინას "კრაბების" ახალი პარტია მიაწოდეს, არადა, თავად პოლონელებს თავდაპირველად შეიარაღებაში მხოლოდ 72 "კრაბი" ჰყავდათ...

პოლონური თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Krab-ი, ფაქტობრივად, ერთგვარ სიმბიოზს წარმოადგენს - სამხრეთ კორეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის K9 Thunder-ის მუხლუხებიან სავალ ნაწილზე დამონტაჟებულია ბრიტანული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის AS-90-ის კოშკურა ლულითურთ, რომელიც პოლონეთში ლიცენზიით იწარმოება.

"კრაბს" 52 კალიბრის 155 მმ-იანი ლულა უყენია, რაც მას ნატოს სტანდარტის 155 მმ-იანი ჭურვების მაქსიმალურ, 40 კმ-ზე სროლის საშუალებას აძლევს.

"კრაბს" პირველ წუთზე 6 გასროლის მოსწრება შეუძლია, შემდეგ კი წუთში 2-2 გასროლას ახორციელებს.

"კრაბის" ეკიპაჟი ხუთი წევრისგან შედგება და ამ, 48-ტონიან მუხლუხებიან საბრძოლო მანქანას ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალური, 67 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, თუმცა საშუალო სიჩქარე 30 კმ/სთ-ია.

2-1657789497.png
პოლონური „კრაბები“ ეხლა უკრაინის მიწას იცავენ რუსი დამპყრობლებისგან...

"კრაბის" უცილობელი ღირსება ისიცაა, რომ საბრძოლო მდგომარეობაში გადასაყვანად, ისევე, როგორც საცეცხლე პოზიციიდან მოსახსნელად და მოძრაობის დასაწყებად, მას ნახევარი წუთიც ყოფნის, რაც მოწინააღმდეგეს წარმატებული კონტრსაბატარეო მოქმედებისთვის შანსს თითქმის აღარ უტოვებს.

დღესდღეისობით, უკრაინის არმიაში გამოიყენება ორი, საბჭოთა და ნატოს სტანდარტის სხვადასხვა კალიბრის ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, თუმცა ნატოს კალიბრის საარტილერიო სისტემების რიცხვი უკრაინის არმიაში ორ ასეულს მცირედით თუ ცდება, რაც ძალიან ცოტაა, ხოლო ბევრად მეტი, საბჭოთადროინდელი ჰაუბიცებისა და ქვემეხებისთვის ჭურვების მარაგი უკრაინის არმიას კატასტროფულად უმცირდება...