"ევროპელებმა კიდევ ერთი წელი გვაჩუქეს, ამ ერთ წელიწადში კი ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის ხელისუფლება" - კვირის პალიტრა

"ევროპელებმა კიდევ ერთი წელი გვაჩუქეს, ამ ერთ წელიწადში კი ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის ხელისუფლება"

ევროპელებმა კიდევ ერთი წელი გვაჩუქეს იმისათვის, რომ ევროპულ გზაზე დადგომა შევძლოთ - ხელისუფლება რუსეთისკენ იქაჩება, მაგრამ ერთი შეიძლება ითქვას, ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის ხელისუფლება და ეს დამღუპველი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და რომელიც ქვეყანას გაქრობით ემუქრება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა ევროკომისიის მიერ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვის გადადება.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, იმით, რომ ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო, ევროპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით „მაინც კარგი ნაბიჯია გადადგმული“.

„ევროპელებმა კიდევ ერთხელ გაგვიწიეს ანგარიში. ყველა ხედავს და ხვდება, რომ ეს ხელისუფლება 12 პუნქტის შემსრულებელი არ არის, ვერც ხელისუფლების ცვლილება მოესწრება იქამდე და რომც მოესწროს, უკვე დროც აღარ იქნება იმისათვის, რომ რეფორმები გატარდეს. ამიტომ,მოგვცეს კიდევ ერთი წელი, ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, მთავარ საერთაშორისო ამბად ისევ რჩება რუსეთ-უკრაინის ომი და თვითონ ამ პროცესის დაჩქარებაც ხომ ამ ომმა გამოიწვია, ამიტომ ომის შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის ის, თუ როგორ განვითარება მოვლენები საქართველოშიც. როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ, რა თქმა უნდა, იგულისხმება საქართველო და საქართველოს ევროპული პერსპექტივაც“ - აცხადებს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამისთვის გრძელი გზაა გასავლელი, რაც ნიშნავს იმას, რომ „ეს არ იქნება ერთ და ორ დღეში“.

„ხალხის ქუჩაში გამოსვლა მანიშნებელია იმისა, რომ საზოგადოებაში ევროკავშირში წევრობის სურვილი და მზაობა არის, მაგრამ ხელისუფლება ვერ მიჰყვება ხალხს და ვერ აკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნას. ამიტომ, მოგვცეს ერთი წელი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ძალების გამონახვა, რათა ეს პროცესი შეუქცევადი გავხადოთ. კიდევ ერთი წელი გვაჩუქეს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ევროპულ გზაზე დადგომა.

ეჭვი მეპარება, რომ ახლანდელ ხელისუფლებას ჰქონდეს იმის რესურსი, რომ თვითონ შეიცვალოს და რამე შეცვალოს. ხელისუფლება ვერ გახდება პროდასავლური კურსის მატარებელი, რადგანაც დილიდან საღამომდე დასავლეთს ლანძღავს. გააკეთეს ვითომ აჯანყებულთა ჯგუფი სპეციალურად იმისათვის, რომ ამერიკა და ევროპა ლანძღონ. ყველასთვის გასაგებია ეს საიდან მოდის, ვერავის მოატყუებენ 21-ე საუკუნეში. ვხედავთ პირიქით, ესენი რუსეთისკენ იქაჩებიან, მაგრამ ერთი შეიძლება ითქვას, ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის ხელისუფლება და მათ შორის, შეიცვალოს ეს დამღუპველი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და რომელიც ქვეყანას გაქრობით ემუქრება“, - აცხადებს ბატიაშვილი.

ცნობისათვის, ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.