"ქართული ოცნების" განცხადებებმა ბოლო პერიოდში ანტიდასავლური ფორმა მიიღო და ეს აშფოთებთ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში"
"ქართული ოცნების" განცხადებებმა ბოლო პერიოდში ანტიდასავლური ფორმა მიიღო და ეს აშფოთებთ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში", - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება, რომ რეკომენდაციების შესრულება იქნება გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ ქვეყანა სწორ გზას დაუბრუნდა, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა დასავლურ გზას ასცდა.
იოსელიანის თქმით, "ქართული ოცნების" განცხადებები ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს აზიანებს.
„ეს განცხადებები მარტო ოპოზიციისთვის კი არ არის მიუღებელი, მათ მხარდამჭერებსაც კითხვის ნიშნებს უჩენთ, რადგან "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც პროდასავლური პარტია და დღემდე ასე პოზიციონირებს.
არ ვთვლი, რომ ვინმე საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს და განსაკუთრებით ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ვინც მთელი 30 წლის მანძილზე გარანტი იყო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის. „ქართული ოცნება" დღეს აჯერებს ამომრჩეველს, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია, საქართველოში დაიწყოს ომი, ეს არის აბსოლუტური სიბრიყვე და ამ გზავნილის ხშირი გამეორება აზიანებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას არ აქვს ევროპის, ევროკავშირის და ნატო-ს სხვა ალტერნატივა", - განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის 2023 წლისთვის გადატანასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ გზით, ხელისუფლებას და ოპოზიციას გარკვეული წნეხი მოეხსნა ვადის სახით და ამან შესაძლოა, შეთანხმებას ხელი შეუწყოს.
„მიმაჩნია, რომ ვადის გადაწევაში ცუდი არაფერია, პირიქით - ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევას. ვფიქრობ, მათ დაინახეს, რომ მოკლე ვადაში შეთანხმების რესურსი არ არის და წნეხის ფორმა არ უნდა იყოს პროცესის მიმართ, მაგრამ ვადის გაგრძელება პანაცეა არ არის, ჩვენ მივალთ მაინც იმ დღემდე, როცა რეკომენდაციები შესრულებული იქნება ან არა", - განაცხადა იოსელიანმა.
IPN