"სტალინის სიცოცხლეში ბერია ვერ ბედავდა ბელადის გაკრიტიკებას, ეს მან ერთადერთხელ გაბედა..." - კვირის პალიტრა

"სტალინის სიცოცხლეში ბერია ვერ ბედავდა ბელადის გაკრიტიკებას, ეს მან ერთადერთხელ გაბედა..."

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია ყველანაირად ცდილობდა ბელადის კეთილგანწყობის მოპოვებასა და შენარჩუნებას, მასთან ურთიერთობისას ფრთხილობდა და გულმოდგინედ ასრულებდა მის მითითებებს, სტალინი მას მაინც ეჭვით უმზერდა. 1945 წლის მიწურულს ბერია ჩამოაცილეს ძალოვან უწყებას, თუმცა ხელისუფლებაში შეინარჩუნეს (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ), ხოლო მომდევნო წლიდან საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროშიც შეიყვანეს. სტალინის სიცოცხლეში ბერია ვერ ბედავდა ბელადის გაკრიტიკებას. ეს მან გაბედა ერთადერთხელ, კორეის 1950-1953 წლების ომის დაწყებისას, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანთან (1906-1994) კერძო საუბარში. ჩარკვიანი იგონებდა: "სტალინმა დაურეკა მაო ძედუნს და სთხოვა, გაეგზავნა ჩრდილოეთ კორეელების დასახმარებლად ჩინელი მოხალისეები. მართლაც, გაგზავნა მოხალისეები და ამერიკელებმა ფეხი აღარ მოიცვალეს, ჩინელებთან ომს თავი აარიდეს. ამის შესახებ მითხრა ბერიამ, რომელიც მაშინ უკვე გათამამებული იყო. ეს არის 1950-1951 წლები. მე ძალიან გამიკვირდა, ისე თამამად თქვა სტალინის შესახებ: - არაფერს გვიჯერებს, აი, დაურეკა მაო ძედუნს და უთხრა, გააგზავნე ჯარები, კორეა დაიცავიო. რად გვინდა ურთიერთობის გაფუჭება ამერიკასთანო! მგონი, ის ამერიკელებთან რაღაც შეთანხმებაზე ფიქრობდა. მე ვუთხარი, რომ პოლიტბიუროში ალბათ უნდა შეეჯერებინათ აზრები და დასკვნები ისე გამოეტანათ. ამაზე მიპასუხა: - რა უნდა ვუთხრა, მთელი ხელისუფლება მის ხელშიაო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბერიასგან სტალინის პოლიტიკის საწინააღმდეგო აზრი გავიგე. სხვა უკმაყოფილება მისგან არ მსმენია და ესეც გამიკვირდა, რომ მითხრა" (გელა ჩარკვიანი, ინტერვიუ მამასთან, თბ., 2013).

1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების დღესვე, ბერია დააწინაურეს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ხოლო 15 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრადაც დანიშნეს (პირველი პოსტის შენარჩუნებით). ეს მისი კარიერის მწვერვალი აღმოჩნდა. ბერიამ საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის თანამდებობა დაატოვებინა მისთვის არასასურველ აკაკი მგელაძეს (1910-1980), რომელიც ამ პოსტზე დაინიშნა სტალინის ინიციატივით, 1952 წლის 2 აპრილს, კანდიდ ჩარკვიანის განთავისუფლების შემდეგ.1953 წლის 14 აპრილს, ბერიას ინიციატივით საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელად ალექსანდრე მირცხულავა (1911-2009) აირჩიეს. იმხანად, გულმოცემული ბერია სულ რამდენიმე დღის გარდაცვლილ ბელადს უკვე დაუფარავად აკრიტიკებდა.

17 მარტს მასთან სტუმრად მისული კანდიდ ჩარკვიანი ასე იგონებდა ბერიას საუბარს: "ეს სტალინი რომ განვადიდეთ ასე, ყველა რომ აქებდითო (თითქოს თვითონ არ აქებდა), ვინ იყო ესო? არც არაფრის ნიჭი ჰქონდა და არც არაფერს აკეთებდაო. ომი ვინ მოიგოო, ჩვენ მოვიგეთ ომიო"... და დაუწყო გინება. მოკლედ, ყველაფერი ითქვა, რაც შემდეგ სტალინს მოსდეს... ყოველმხრივ გალანძღა მისი ხელმძღვანელობა. ვუყურებ ამ კაცს და გაკვირვებული ვარ, წინათ რას ლაპარაკობდა და ახლა რას ლაპარაკობს. ერთი კი გამკრა გულში, რომ ის დაიღუპავდა თავს, იმიტომ რომ ისე ლაპარაკობდა, აშკარად ზევით აპირებდა წამოსკუპებას. ალბათ შეცდებოდა რაღაცაში, მისი ამბავი რომ ვიცოდი და ეს მიიყვანდა დაღუპვამდე. ხომ არ ვეტყოდი. გაგრძელდა ლაპარაკი და სტალინის ლანძღვა არანაკლებ ორი-სამი საათისა. სტალინის პიროვნების კულტი პირველად სწორედ ბერიამ ახსენა მაშინ. ეს სიტყვა მის სეკრეტარიატში წარმოიშვა. ვფიქრობ, მერკულოვმა შექმნა... განათლებული კაცი იყო, კარგი ლიტერატურული გემოვნებით" (დასახ. წიგნი).აქვე განვმარტავთ, რომ ბერიას დაჯგუფების წევრი ვსევოლოდ მერკულოვი იყო სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროებისა და კონტროლის მინისტრი და არმიის გენერალი, თბილისელი რუსი, რომლის დედაც ქეთევან წინამძღვრიშვილი გახლდათ.

1985 წლის 9 მაისს, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა მასთან სტუმრად მყოფ პირებთან (აკადემიკოსი ალექსანდრ პაჩესი, ნოშრევან ჯორჯაძე, ანზორ ერქომაიშვილი, თამაზ ანდღულაძე და ზაურ კონტრიძე) საუბრისას განაცხადა: "ბერია უნიჭიერესი კაცი იყო, არაადამიანური ენერგიის მქონე და შრომისმოყვარე. შეეძლო კვირების განმავლობაში დაუძინებლად ემუშავა, მაგრამ ერთი ცუდი თვისება ჰქონდა - ორპირი იყო. ჩემთან ერთს იტყოდა, მიქოიანთან მეორეს, ხრუშჩოვთან მესამეს, სტალინთან მეოთხეს და ისე გადახლართავდა ძაფებს, რომ იქიდან გამოძრომას დიდი ხანი ვუნდებოდით. რაც შეეხება ბრალდებას, რომ ბერია უცხოეთის აგენტი იყოო, მტკნარი სიცრუეა. მას დანაშაულის გარდა საბჭოთა კავშირის წინაშე დიდი დამსახურებაც ჰქონდა... წაიკითხეთ სტატია სრულად