ვინიცის ტერორისტული დაბომბვისთვის უკრაინელებმა რუსებზე შური ბოლომდე იძიეს - ეს უნდა ნახოთ... - კვირის პალიტრა

ვინიცის ტერორისტული დაბომბვისთვის უკრაინელებმა რუსებზე შური ბოლომდე იძიეს - ეს უნდა ნახოთ...

14 ივლისს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე ომის კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს, რომელიც, ასევე, შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო ტერორისტული აქტი, განხორციელებული კონკრეტული სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სტრუქტურის - რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის კონკრეტული მცირე სარაკეტო ხომალდის ეკიპაჟის მიერ, უკრაინის ქალაქ ვინიცის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

ამ დღეს რუსულმა სარაკეტო ხომალდმა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ფიოლენტის კონცხის აკვატორიიდან სამი ერთეული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქ ვინიცის ცენტრალური ნაწილისკენ.

სამი, თითოეული 450 კგ მასის საბრძოლო ქობინის დეტონაციის შედეგად, ვინიცის ქუჩებსა და შენობებში დაიღუპა 23 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი, მათგან ერთ-ერთს დედა საბავშვო ეტლით ასეირნებდა...

2-1657869986.jpg
ვინიცის ცენტრში რუსული "კალიბრების“ აფეთქების შედეგი...

დაჭრილთა, მათ შორის - მძიმედ დაჭრილთა რაოდენობა ასამდე ადის, ასევე, შენობის ნანგრევებში ეძებენ დაკარგულებსაც - ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო წინასწარ გათვლილი მოქმედება რუსეთის სამხედროების მიერ და აქ ლაპარაკი მოძველებული რუსული რაკეტის მიზნიდან აცილებაზე (როგორც ეს კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრის აფეთქებისას მოხდა), აღარ შეიძლება, რადგან რუსმა ოკუპანტებმა გამოიყენეს მათთვის თანამედროვე და მაღალი სიზუსტის მქონე „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები.

საგულისხმოა, რომ ამ „კალიბრების“ მშვიდობიანი უკრაინული ქალაქის ცენტრისკენ გაშვებისას, რუსული მცირე სარაკეტო ხომალდი „ამოფარებული“ იყო ფიოლენტის კონცხს, რომელიც 300 კმ-ითაა დაშორებული უკრაინელების მიერ კონტროლირებადი შავი ზღვის სანაპიროდან და ვერ მისწვდებოდა 280 კმ-მდე მფრენი ხომალდსაწინააღმდეგო „ჰარპუნი“...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და რუსმა პროპაგანდისტებმა (განსაკუთრებით, მარგარიტა სიმონიანმა) ვინიცაზე საჰაერო ტერორისტული თავდასხმის „გაპრავება“ იმით სცადეს, რომ სამიზნეს ოფიცერთა სახლი წარმოადგენდა, რომელშიც თითქოს თავს უკრაინელი „ნაციონალისტები“ აფარებდნენო, არადა, ამ ოფიცერთა სახლის დარბაზში რამდენიმე საათში კონცერტი უნდა ჩატარებულიყო და ბილეთებიც გაყიდული გახლდათ...

უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე უკვე იმდენი თავდასხმა „დაუგროვდა“ რუსეთის საოკუპაციო ძალებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული ფარტომასშტაბიანი გენოციდის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭო უნდა გაჰკიოდეს და სხდომას სხდომაზე იწვევდეს, მაგრამ...

როგორც იტყვიან, ვინც იხრჩობა, საკუთარ თავს თავადვე უნდა უშველოსო... და უკრაინელებმაც არ დაახანეს - ვინიცაში მშვიდობიანი მოქალაქეებისა და განსაკუთრებით - ბავშვების დახოცვისთვის, მათ რამდენიმე საათში მწარე შურისძიება დაიწყეს, რომელიც შეიძლება ამ წუთებშიც გრძელდება...

კერძოდ, ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან - „ჰაიმარსებიდან“ გაშვებული მართვადი რაკეტებით მათ რამდენიმე საათში ერთმანეთის მიყოლებით რუს ოკუპანტებს აუფეთქეს შეიარაღების საწყობები ნოვაია კახოვკაში, სნიგირის რაიონში და რადენსკში, რომლებიც ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში მდებარეობს...

მაგრამ ის, რაც მოხდა ოკუპირებული ლუგანსკის რაიონის ქალაქ კადიევკასთან, რომელსაც საბჭოთა პერიოდში სტახანოვი ერქვა, ეს ვიდეო, უბრალოდ, უნდა ნახოთ...

ადგილობრივებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს და ინტერნეტში ატვირთეს ვიდეოკადრები, რომელზეც მოჩანს, თუ როგორ იწვის და განუწყვეტლივ ფეთქდება და ჰაერში იჭრება რაკეტები იმ რუსული საწყობიდან, რომელიც უკრაინელებმა ვინიცაში დაღუპულთა შურისსაძიებლად, „ჰაიმარსის“ სულ ორიოდე რაკეტის ზუსტი მოხვედრით ააგიზგიზეს...

იცით, კიდევ რა განსხვავებაა (ბევრ ასეთ განსხვავებასთან ერთად) რუსებსა და უკრაინელებს შორის? რუსი ოკუპანტები ზუსტ რაკეტებსაც კი უკრაინული ქალაქების ცენტრებს ესვრიან, რითაც ეტყობა, მოსახლეობის დაშინება-განადგურება სურთ, მათგან განსხვავებით კი, უკრაინის დამცველები სამიზნედ კონკრეტულ რუსულ სამხედრო ობიექტებს ირჩევენ...

ვიდეო: ოკუპირებულ სტახანოვთან რუსულ სამხედრო საწყობზე უკრაინელების შურისმაძიებელი სარაკეტო დარტყმების შემდეგ...

TOP.GE