ევროპელობის ციებ-ცხელებით შეპყრობილები და დეოლიგარქიზაცია - კვირის პალიტრა

ევროპელობის ციებ-ცხელებით შეპყრობილები და დეოლიგარქიზაცია

ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვის საშიშროებაზე და ტრადიციული ფასეულობების დაკარგვის პოტენციაზე, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა კონსტანტინე გამსახურდია და ამ შფოთვას „სულის უგზოობის დროს“ უწოდებდა. ის ამბობდა, რომ ასეთი ფორიაქი ყოველთვის გარეშე ძალის ენთუზიაზმის საფუძველი ხდებოდა.

აზიას ვერ იღებდა პანაცეად, ვინაიდან - „ქართველების სისხლისა და საქართველოს სულს კიდევ დიდხანს დასჭირდება სისტემატური დაწმენდა იმ საშინელი ბალასტისგან, რომელიც შემოიჭრა ჩვენს სხეულსა და სულში აღმოსავლეთის პასიურობასა და აზიური ინერტულობის სახით...“ იგი აქვე დასძენდა, რომ ჩვენი პასიურობა და სიტუაციაზე მორგება ჩვენივე მონობის ხარკი იყო მუდამ.

გრიგოლ რობაქიძე კი საკუთარ ესეში: „ცხოვრების განცდა აღმოსავლეთსა და დასავლეთში“ წერდა, რომ მიწა აღმოსავლეთისთვის კოსმიური არსია, საქართველო კი გეოგრაფიულად არამარტივი ფენომენი. თავისი კულტურის სტილით კი უფრო დასავლეთთან არის წილნაყარი...“ჩემს ინგლისელ მეგობარსაც გავიხსენებ. როდესაც ვუხსნიდი საქართველოს ევროპული კულტურის საფუძველს, მკერდზე ხელი მიიდო და ახარხარდა, საქართველო -ევროპა? რა არის ცუდი აღმოსავლეთში? რით ხართ თქვენ სხვაზე მეტი? -მოვუჭერი სწრაფად და ასევე სწრაფად მივიღე დაბნეულობა და უცოდინარობა.

ფაქტი ისაა, რომ მიუხედავად ყველაფრისა საუკუნეების მანძილზე სწორედ ევროპა გახდა გემოვნების ათვლის წერტილი. როგორც მკვლევრები აცხადებენ, ევროპა თავს ყოველთვის სუბიექტად ასაღებდა...

ილია ჭავჭავაძეს გამოთქმული აქვს შიში, რომ ევროპის ბრმად მიღება გაგვხდის „ძნელად შემგინებელს ჩვენი საკუთრებისა“. თუმცა, სიტყვა „ევროპეიზმი“, ხომ გახსოვთ, საქართველოში ილია ჭავჭავაძის შემოტანილია. ის, ასევე ევროპიდან ახალი ფორმების შემოტანის აუცილებლობაზეც საუბრობს. მის მიერ პეტერბურგიდან (რაც მაშინ ჩვენთვის ევროპული სამყარო იყო) ჩამოტანილი იდეებიც გვახსოვს.

მოგვიანებით, უკვე ვახუშტი კოტეტიშვილი წერდა: „ჩვენი საუკუნის კრიტიკული აზროვნება ძირითადად ფორმისმიერი ტრანსფორმაციით აგრძელებს ილიას გზას, სადაც პიროვნება გარედან მოტანილ კანონებს ეცნობა, მაგრამ არ ემორჩილება!

ჩვენი პრობლემა პრობლემად რჩება, როდესაც გარეგნულად აღვიქვამთ ევროპას, ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე და არ ვუშვებთ მას შინაგანად, არსებითად ჩვენში. არ ვუშვებთ ცივილურ თანამშრომლობას. პროცესების სიღრმისეულ განხილვას. ვიღებთ და ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც ერთმანეთის წინააღმდეგ წარმატებით გამოყენებაში გვეხმარება. განა, ასე არ არის?

თავშიც, იმიტომ გავიხსენე 1920-იანი წლების მწერლებისა და მკვლევრების წერილები, რომ მეთქვა - მათ ისე ვკითხულობ, თითქოს ეს დღეს იწერებოდეს. დღეს, ერთი საუკუნის შემდეგაც, თითქოს ისევ იქ ვართ ერთმანეთის მტრობაში და არა კრიტიკასა და კონკურენციაში. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რატომ ვერ ვაბამთ თავს ევროკავშირთან ურთიერთობას. პროცესი ფერხდება იმიტომ, რომ ხალხს აქვს სწორი პოზიცია, პოლიტიკოსებს კი არა! მათ, თუ სადმე ფული ეგულებათ თავისუფლად შეუძლიათ უარი თქვან ყოველგვარ ღირებულებებზე.

ფარად ევროპისკენ სწრაფვას იფარებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მზადაა საკუთარი ძალაუფლებისთვის ამოაყირაოს ქვეყანა. ასევე აშკარაა, რომ კრიზისის დროს ხელისუფლებას არ შეუძლია გონივრული საქმის კეთება. პოლიტიკოსებში არ არსებობს საღი აზრი.

სასაცილოა პოლიტიკური მიკუთვნებულობა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. რასაც ვისმენ, პოლიტიკოსებისთვის, ევროპა არის მხოლოდ დიდი ფული (ხალხისთვის ეგ ფულიც ისევე შეიძლება გაქრეს, როგორც აქამდე შემოსული მილიონები). ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის კი ევროპა არის ჩვენი იდენტობა, სამართლიანობის განცდა და განვითარებულობის შეგრძნება ყველა სტრუქტურაში. მაშინ, როცა ევროპისკენ სწრაფვა მხოლოდ შენს პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, არაფერი გამოვა.

სწორედ ევროპა კრძალავს ისეთი რამის თქმას, რომლის მტკიცებულება არა გაქვს. შეხედეთ „მათ“ ტელევიზიებს.. ვერ გამოდიან ერთი და იგივე შეკითხვიდან - როგორ დავაჯეროთ ხალხი, რომ ხელისუფლების უპირობო გადმობარება მოვითხოვოთო.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ რა ხრიკს აღარ მიმართა ნაციონალურმა მოძრაობამ, გაგვიყალბეთ, გადადექითო. გაყალბების ზღვარი სადამდე შეიძლება იყოს როგორ ფიქრობთ? 100- პროცენტიანი გაყალბება იყო? არა, მაგრამ ხელისუფლების უპირობო ჩაბარებას ითხოვდნენ და ითხოვენ დღესაც. აი, მოვიდნენ ევროპულ საკითხებამდე და თავს იკლავენ ისე არ უნდათ ამ ხელისუფლების პირობებში გარკვეული მიღწევები. ამდენ ათასიანი მიტინგიც კი ერთადერთ მოთხოვნაზე დაიყვანეს, რომ უპირობოდ გადაიბარონ ხელისუფლება.

გულწრფელი შეკითხვა მაქვს - როგორ შეიძლება მოხდეს დეოლიგარქიზაცია? ადამიანმა თქვა გავედი პოლიტიკიდანო და არ გვჯერა. არავის არაფერს ვავალებო და არ გვჯერა... ყველაფერი რომ შეაჩეროს საქართველოში და საზღვარგარეთ წავიდეს, დარწმუნებული ვარ, მტკიცებას დაიწყებენ იქიდან გვმართავსო... რა ქნას, აორთქლდეს? ეს, იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლება უპირობოდ გადაიბაროს ოპოზიციამ.

ამ დროს უყურებ, რასაც იტყვის მესამე პრეზიდენტი, იმას ამბობს სამი ტელევიზია და ასად გაყოფილი პარტია. ოდნავაც კი თუ ვინმე გზას გადაუხვევს განადგურება არ ასცდება. ულევი ფინანსებიც ხომ მისგან აქვთ.. არა! სულ არ შემტკივა გული ივანიშვილზე. სწორედ „ოცნების“ ბრალია ეს ქაოსი. ნაცვლად იმისა, რომ ორიენტაცია გვქონდეს პრობლემებზე, მთელი არსებით მიმართულნი არიან თავის მართლებისკენ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ნაბიჯსაც არ დგამენ...

ამიტომ საზოგადოების უმრავლესობას არც ერთი პოლიტიკოსის აღარ სჯერა. მშვენივრად იცით რა არის გამოსავალი! მშვენივრად იცით და ჩვენ, იმასაც ვხვდებით, რომ შეგნებულად წელავთ დროს, არასაინტერესო საკითხებისთვის...

ერთი კაცის წასვლა-მოსვლა კი არა, სისტემის სწორად არ დანახვის, ყველა პოლიტიკური ძალის მიერ შეცდომების არაღიარების შემთხვევაში, კიდევ ნახევარი საუკუნის შემდეგ, ჩვენი წინაპრებივით განვსჯით და ვიოცნებებთ იმაზე, რაც დასაწყისში ნაწილობრივ გავიხსენე...