"გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი... როცა სისტემის მამხილებელი გახდა, ახლა იქცა დამნაშავედ" - რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი პოლიტპატიმარია, რადგან ის მას შემდეგ დააკავეს, რაც ხელისუფლების მხილება გადაწყვიტა.
სუს-უს ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი.სანამ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, ჰქონდა ხელშეუხებელობის გარანტია, როცა სისტემის მამხილებელი გახდა, იქცა დამნაშავედ. ესაა ქვეყანაში შერჩევითი სამართლის მოქმედების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. მოსამართლეც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც მმართველი პარტია დაავალებს.
ეს უკვე პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. სწორედ ამის დანგრევისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმ 12 რეკომენდაციით. ნათელია, თუ რატომ არ აპირებენ ამ ვალდებულებების შესრულებას. ეს რომ მოხდეს, ძალაუფლება ეცლებათ ხელიდან, რომელიც ძალადობაზე არის დაფუძნებელი. სწორედ ასეთი ძალადობის მსხვერპლი ვიხილეთ ახლა გოგაშვილის სახით." - წერს გოცირიძე.