"4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციო იგეგმებაო" - კვირის პალიტრა

"4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციო იგეგმებაო"

4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციო იგეგმებაო,- ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თეა მარტყოფლიშვილი განმარტავს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაასახელა მათი გვარი, ვინც სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.

„თუ არ ვცდები, 4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციო იგეგმებაო. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ივანიშვილი - ეს სამი გვარი დაასახელა. მეუფე იაკობი ხომ მორწმუნეა, დადოს ბიბლიაზე ხელი, ან პატრიარქთან მივიდეთ და დაიფიცოს, თუ მე ვტყუი“,- აღნიშნავს გოგაშვილის მეუღლე.

მისივე თქმით, ვიდრე სოსო გოგაშვილს დააკავებდნენ, 3 დღის განმავლობაში მასაც უთვალთვალებდნენ.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.