"არავინ ამბობს, რომ დასავლეთის კრიტიკა არ შეიძლება, მაგრამ...“
„ხელისუფლებამ კომპრომისის ძიება უნდა დაიწყოს, მას შეუძლია სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულება. თუ ამისთვის საჭირო რეფორმებს დაიწყებს, რთული წარმოსადგენია, ოპოზიცია არ დათანხმდეს და პროცესში არ ჩაებას“
გასულ კვირას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის პროექტზე იმსჯელეს. დოკუმენტი მიესალმება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და იმეორებს, რომ სტატუსის მინიჭებისათვის საქართველომ უნდა შეასრულოს ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც მითითებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ ევროკომისიის დასკვნაში. ანგარიშის პროექტში წუხილია გამოთქმული ქვეყანაში პოლარიზაციის გამო. ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ ევროკომისია 12 პუნქტის შესრულებას არა 2022 წლის დეკემბერში, არამედ 2023 წელს შეაფასებს და ეს დეპოლარიზაციასა და რეფორმებზე "გულდასმით სამუშაოდ" საქართველოსთვის სათანადო დროის მიცემის საჭიროებით აიხსნა. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე:
- უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ამ 12 პუნქტში უაღრესად ფუნდამენტურ ცვლილებებზეა ლაპარაკი, მაგრამ ეს ვალდებულებები საქართველოს აქამდეც ჰქონდა ნაკისრი, შესაბამისად, მისი შესრულების აუცილებლობა ხელისუფლებას ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერისას უნდა გაეაზრებინა. ეს არის პროცესი, როდესაც საქართველო თავისი მოსახლეობით, პოლიტიკური ელიტით, ეკონომიკითა თუ სოციალური გარემოთი უნდა დაუახლოვდეს და გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, ამ პროცესის გაუაზრებლობა ამდენ ხანს და თითქოს დღეს აღმოჩენა, რომ თურმე საარჩევნო გარემოა შესაცვლელი, სასამართლო რეფორმა გასატარებელი და ასე შემდეგ, არასერიოზულია. ეს აჩვენებს ხელისუფლების დილეტანტობას, მოუმზადებლობას ან რეფორმების გასატარებლად ნების უქონლობას.
ყველაფერი: ხელმოწერილი ხელშეკრულების შეუსრულებლობა, ვერბალური დაპირისპირება დასავლეთთან თუ ბრალდებები ქმნის დაპირისპირების უზარმაზარ დიაპაზონს საქართველოსა და მის მოკავშირეებს შორის. ამ ყველაფრისგან ძალიან საეჭვოა ევროკავშირი დაზარალდეს, მაგრამ აუცილებლად დაზარალდება საქართველო, რომელსაც გარდა იმისა, რომ ვალდებულებები აქვს ნაკისრი, ამასთანავე, ათობით მილიონი დახმარება გამოეყოფა ევროკავშირისგან არა მარტო რეფორმების გასატარებლად, არამედ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. სულ მარტივი მაგალითი გავიხსენოთ: დღეს თბილისში ავტობუსები რომ დადის, ესეც ევროკავშირის დახმარების შედეგია. თუ დახმარება საქართველოს შეუწყვიტეს, ეს აისახება უპირველესად რიგით მოქალაქეებზე და იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი არა მარტო პოლიტიკური ელიტისთვის, არამედ რიგითი მოქალაქეების ცხოვრებისთვისაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიაზროს ამ პროცესების მნიშვნელობა. სხვათა შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, თუ მათი ცხოვრებისთვის რა დიდი მნიშვნელობა აქვს რეფორმების გატარებას. ეს არის არა მარტო შანსი ევროკავშირთან დასაახლოებლად, არამედ უპირველესად იმიტომ არის აუცილებლად გასატარებელი, რომ ქვეყნის განვითარებასა და ხალხის უკეთესად ცხოვრებას სჭირდება, შეუსრულებლობა კი დააზიანებს საქართველოსა და მის მოქალაქეებს.
- თუ გავიხსენებთ ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებზე შეკრებილთა რაოდენობას და სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს გააზრებული აქვს ევროკავშირის სიკეთე, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ცვლილებებისთვის მოქმედების არეალი თითქოს გადაკეტილი აქვს იმ მწირი და ხშირად მიუღებელი არჩევანით, რასაც დღეს ე.წ. პოლიტიკური ბაზარი სთავაზობს.
- სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეს აქვს განცდა იმისა, რომ არსებული პოლიტიკური ჯგუფები ვერ შეძლებენ რეალურ ცვლილებებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში იყო რეფორმების გატარების შესაძლებლობა, მაგრამ ამის ნაცვლად ყოველწლიურად უკან და უკან ვიხევდით. ბოლო სამი წელია დემოკრატიის ინდექსშიც კი გაუარესებულია ჩვენი პოზიცია. ეს არის სწორედ ის ჩიხი, რაშიც ქვეყანაა მოქცეული. ჩიხიდან თავის დაღწევის რეალური გზა იქნებოდა ხელისუფლების არაკონფრონტაციული, მეტიც, შემრიგებლური პოლიტიკა არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროსაც. ყველა საწინააღმდეგო აზრის მქონე მოქალაქისთვის მტრის ძახილი არასწორია და უნდა დასრულდეს.
არის მეორე ვარიანტიც - რიგგარეშე არჩევნები. როდესაც ხელისუფლება ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ვერ ახერხებს გაატაროს რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა და საქართველოს მოუტანოს ის სტატუსი, რომელიც ცნობილ ტრიოში - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა - შეიძლება ყველაზე მეტადაც კი გვეკუთვნოდა, უნდა დაფიქრდეს საკუთარ პასუხისმგებლობაზე. რომ არა ეს ბოლო წლების უკუსვლა, მანამდე ყველაზე უკეთესად მივდიოდით ევროკავშირისკენ, მაგრამ დღეს ჩავარდა ეს პროცესი, უშედეგოა. თუ 2014-2016 წლებში ყველაზე წინ ვიყავით, ახლა კი ყველაზე ბოლოში აღმოვჩნდით, ეს ხომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და თუ ასეა, მან პრობლემა უნდა ეძიოს საკუთარ თავში და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რათა ხელახლა მოიპოვოს მანდატი. ჩემი აზრით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს იმის რესურსი, რომ პოლიტიკური ნება გამოიჩინოს, დასძლიოს პოლარიზაცია და შეცვალოს ვითარება, მაგრამ თუ თვითონ ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს, მაშინ უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. სამწუხაროდ, ხელისუფლების დღევანდელი რიტორიკით ვერაფერი დაიძლევა. მეტიც, ეს ქვეყანას უფრო მეტად ითრევს ნიჰილიზმში, მალე აღარც მოსახლეობა იქნება აქტიური, აღარც ევროკავშირი და საბოლოოდ ის პოლიტიკური ჭაობი, რომელიც ნიჰილიზმს მოსდევს, აუცილებლად გააძლიერებს რუსულ ძალებს.
- ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ გავაანალიზებთ და ამას დავუმატებთ იმ სამი დეპუტატის ზეპირ თუ ეპისტოლარულ "შედევრებს", რომლებიც თითქოს წავიდნენ "ქართული ოცნებიდან", მაგრამ რეალურად ყველაზე მეტად გამოხატავენ მმართველი ძალის პოზიციას, აშკარად რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება დასავლეთთან აშკარა კონფრონტაციას ცდილობს. გადავხედოთ მათ მესიჯებს: "დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს და ქართველები საზარბაზნე ხორცად სჭირდება"; "კანდიდატის სტატუსი არაფერია და ევროკავშირის წევრობა 30 წელსაც არ გვეღირსება"; "უკრაინა და დასავლეთი აგებს ომს" და ასე შემდეგ... პოლიტიკოსების მერე ამერიკის ელჩს საქართველოში უკვე მოსამართლე ესხმის თავს... რას ცდილობს "ქართული ოცნება" - გადაარჩინოს ბიძინა ივანიშვილი, გადაირჩინოს საკუთარი ძალაუფლება, თუ მიზანმიმართულად ცდილობენ რუსულ ტალღაზე გადაწყობას და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას?
- ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს ხელისუფლება საქართველოსი კი არა, საკუთარი თავის და კერძო ინტერესების ხელისუფლებაა. შესაბამისად, ის უმწიფარი ან მავნებელია, ან შესაძლებელია ორივე ერთადაც, რომლის წევრებსაც არა აქვთ გააზრებული, რომ არიან სახელმწიფოს მეთაურები და არა რომელიმე კერძო ორგანიზაციის, კომპანიის, კერძო პირის მენეჯერები. აი, ეს დამოკიდებულებაა ყველაზე დამღუპველი. რადგან ხელისუფლებას თავისი ფუნქცია არა აქვს გააზრებული, ყოველი მითითება, რჩევა, რომლებიც საქართველოსთვის სასიკეთოა, მათგან აღიქმება როგორც თავდასხმა პერსონალურ ინტერესებზე. მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, გაიაზრონ, რომ წარმოადგენენ სახელმწიფოს, მის ინტერესებს და არა ერთ კომპანიას.
არის კიდევ რამდენიმე საინტერესო ასპექტი, რომელიც მათი განცხადებების მიღმა შეგვიძლია ამოვიკითხოთ. მაგალითად ის, რომ პრორუსები კი არ არიან, არამედ ემსახურებიან ძალაუფლების გადარჩენის მიზანს. ასე ფიქრობენ, თუკი ხვალ ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება რუსეთი, აწყობთ რუსეთი, თუ აღმოაჩენენ, რომ ამაში ირანი ან ჩინეთი დაეხმარებიან, მაშინ ირანს ან ჩინეთს მიემხრობიან. მათთვის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესი კი არ არის პრიორიტეტი, არამედ პიროვნულ-თანამდებობრივი. თუ ისინი სახელმწიფოს ინტერესით იმოქმედებდნენ, მათი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯები თანამიმდევრული იქნებოდა.
არავინ ამბობს, რომ დასავლეთის კრიტიკა და შენიშვნების გამოთქმა არ შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ეს ცდება შენიშვნის ჩარჩოს და არის თავდასხმა ტყუილზე აგებული პროპაგანდით.
პრობლემაა ისიც, რომ დასავლეთში ხელისუფლების არასწორ მოქმედებებს აქამდეც ხედავდნენ, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ. ახლა ხომ არ აღმოაჩინეს, რომ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობა ყალიბდება, როცა ეს პროცესი სულ ცოტა 3 წელიწადია მიმდინარეობს. ყველა არჩევნების შემდეგ ამბობდნენ, იყო დარღვევები, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა, რაც წინაზე არ ყოფილაო, არადა, ყოველი მომდევნო არჩევნები წინასთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც ქვეყანას ავტოკრატიასთან აახლოებდა. ამანაც გაათამამა საქართველოს ხელისუფლება. დასავლეთის ახლა გააქტიურება, ვფიქრობ, დაგვიანებულია და ამასთან, არასათანადო მასშტაბი აქვს.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველო 2019 წლის 20 ივნისიდან იმყოფება პოლიტიკურ კრიზისში, რომლიდანაც არც საქართველოს ხელისუფლებას უცდია გამოსვლა და არც დასავლეთის ძალისხმევა აღმოჩნდა საკმარისი. შეიძლებოდა უფრო ხისტი და აქტიური გადაწყვეტილებების მიღება, რათა საქართველო ბელარუსიზაციის გზას არ დასდგომოდა.
- "ქართველი ხალხი ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს, მაგრამ მოვლენების განვითარება შემაშფოთებელია. ვიტყოდი, რომ საქართველო ერთი პირის ტყვეობაშია და თუ "ქართული ოცნება" ვერ იგებს, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროპული კომისიის დასკვნაშია ნახსენები, გაგებაში დავეხმარები - ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას", - ეს სიტყვები გაისმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გასულ კვირას. ელით, რომ ივანიშვილს მართლაც დაუწესებენ სანქციებს და ამ კონტექსტის გათვალისწინებით რას ფიქრობთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე, რომელშიც მან სცადა დაემტკიცებინა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის?
- პრემიერ-მინისტრის ცდა, წერილით დაეცვა კერძო პირი, ბიზნესმენი, უკვე არის ოლიგარქიის მაჩვენებელი. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებები, ქვეყნის მეთაურები არ იცავენ ბიზნესმენებს, მით უფრო ამხელა წერილებით, რომელშიც 40-ჯერ ახსენებენ ერთ გვარ-სახელს. მინდა კარგად გაიაზრონ ხელისუფლებამაც და მისმა მომხრეებმაც, დეოლიგარქიზაცია არ გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, მისთვის ქონების ჩამორთმევას და ასე შემდეგ, არა ბატონო, ეს არის ძალიან მარტივი პროცესი - როგორც კი საქართველოს ხელისუფლება იმუშავებს და ანგარიშვალდებულებას იგრძნობს არა ერთი პირის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, შეასრულებს ხალხის დაკვეთას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეუდგება, დეოლიგარქიზაციაც მოხდება. მათ ამის პერსონალური შიში აქვთ და ეს არის პრობლემა. არადა, დეოლიგარქიზაცია მხოლოდ ის არის, რომ ჩრდილში მყოფი რეალური მმართველი ქვეყნის მართვას ჩამოშორდეს.
- სოსო გოგაშვილის დაკავებაზე უნდა გკითხოთ და გავიხსენოთ პროცესების თანამიმდევრობა: თავიდან ხელისუფლებასთან აფილირებული ერთ-ერთი ტელევიზიის საკმაოდ ანგაჟირებული წამყვანი აქვეყნებს ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის სარედაქციო-სამუშაო შეხვედრის ფარულ ჩანაწერს, რომლიდანაც ირკვევა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ტელევიზიებთან თანამშრომლობს და აწვდის მათ ინფორმაციას. ის ამას არ უარყოფს, მეტიც, ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ მასალა უკვე გადასცა სხვადასხვა ორგანიზაციას და მალევე მას აკავებენ... აქ არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: პირველი - აშკარაა, რომ ხელისუფლების ინტერესში იყო ამ ჩანაწერის გამოქვეყნება, შესაბამისად, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ის ჟურნალისტებს უსმენს. მეორე საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას შეეხება, როდესაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟონვის წყარო, ისმის კითხვა, რამდენი ყოფილი თუ მოქმედი ჩინოსანი შეიძლება თანამშრომლობდეს არა მარტო მედიასთან, არამედ უცხოურ სპეცსამსახურებთანაც?
- უკაცრავად და, დღეს აღმოაჩინეს, რომ გოგაშვილი ამ თანამდებობისთვის სრულიად შეუსაბამო კადრი იყო? საინტერესოა, როდესაც ნიშნავდნენ, მაშინ რას ფიქრობდნენ? ასეთ მაღალ თანამდებობაზე დასანიშნ პირს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოება უნდა ჩააბარონ, ყველა ნორმალურ ქვეყანაში საფუძვლიანად შეამოწმებდნენ. თუ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე დანიშვნისას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ასეთი მცდარი გადაწყვეტილებები მიიღება, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს ამაზე პასუხი? ვეკითხები ხელისუფლებას - ვინც გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურში მიიყვანა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს?
რაც შეეხება ფარული ჩანაწერის გავრცელებას, ეს ცხადყოფს, რომ ხელისუფლება მედიის თავისუფლებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ყველას და ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს. საქართველო არის ისეთ რეგიონში და ისეთი პროცესების შუაგულში, რომ მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ეგზისტენციალური საფრთხე სრულიად რეალურია. ამ დროს საქართველოს სპეცსამსახურები თუ უფრო დიდ ყურადღებას ანიჭებენ მედიის შიდა სამზარეულოს მიყურადებასა და კონტროლს, მაშინ ეს კატასტროფა და სრული წინდაუხედაობაა. რაც შეეხება გოგაშვილის დაკავებას, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამგვარი დაკავება დაშინების ცდადაც შეიძლება შეფასდეს. თუმცა მე არ ვამბობ, რომ გოგაშვილი აუცილებლად უდანაშაულოა... ვნახოთ, უახლოეს მომავალში უკეთ გამოჩნდება ამ საქმის ასპექტები.
- ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნის შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნა პარლამენტის რიგგარეშე სესია, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს "ამ შოუში" მონაწილეობას. არადა, საკითხი შეეხება ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციას. აქვე აღვნიშნავ, რომ ევროკომისიის პირობების შესრულებისთვის საქართველოს ვადა ერთ წლამდე გაუგრძელეს.
- ისინი კარგად ხვდებიან, რომ რეფორმები, რომლებიც ხელისუფლებამ 10 წელში ვერ გაატარა, 6 თვეში ვერ მოესწრება. შესაბამისად, თითქმის უშანსოდ ვიყავით და აქედან გამომდინარე, ერთმა წელმა ლავირებისა და კონკრეტული მოქმედების უფრო დიდი საშუალება მოგვცა, რასაც, იმედია, გამოვიყენებთ.
ხელისუფლების განცხადებები, არ მივალთ რიგგარეშე სხდომაზეო, მიანიშნებს, რომ მას საქართველოს ინსტიტუციების, მოსახლეობის, პოლიტიკური ძალების აზრი კი არ აინტერესებს, არამედ მხოლოდ მოჩვენებითი, წარმოსახვითი კომპრომისი. ჩემი აზრითაც, საეჭვოა, შედგეს რიგგარეშე სხდომა, არადა, ხელისუფლების ვალდებულებაა გამონახოს დათმობებისთვის გზა, ის კი ამის ნაცვლად კონფრონტაციას ცდილობს. არ არსებობს სამყაროში სახელმწიფო, რომელსაც ამგვარმა პოლიტიკამ სარგებელი მოუტანოს. ხელისუფლებამ კომპრომისის ძიება უნდა დაიწყოს, მას შეუძლია სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულება. თუ ამისთვის საჭირო რეფორმებს დაიწყებს, რთული წარმოსადგენია, ოპოზიცია არ დათანხმდეს და პროცესში არ ჩაებას.