"12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ვადის 2023 წლის ბოლომდე გაგრძელება არის Cancel revolutions“ - კვირის პალიტრა

"12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ვადის 2023 წლის ბოლომდე გაგრძელება არის Cancel revolutions“

ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პროცე­სებზე პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრა.

- თავდაპირველად, მინდა მადლობა ვუთხრა სიხარულით აღტყინებულ­ მომწერლო ელემენტებს ჩემი დიდი აღიარებისთვის­, რაც ჩემთვის ქვის სროლაში გამოიხატა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სხვის ლექსს ჩემად ასაღებენ, და ცილისწამებაც ორგანიზებული მგონია. ამაზე­ აღარ შევჩერდები, მით უფრო, როდესაც ქვეყანაში და მის გარეთ ბევრი ძალზე მნიშვნე­ლოვანი რამ ხდება. ევროკავშირის 12-პუნქტიანი­ გეგმის 2023 წლის ბოლომდე გადადება, ჩემი აზრით, არის Cancel revolutions. ქვეყანაში რევოლუციის თემა მოიხსნა, ოღონდ არ ვიცი, რამდენი ხნით და არც ის ვიცი, მოიხსნა თუ გადაიდო. ვფიქრობ, ვადის გაფართოება პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას ემსახურება. ხელისუფლებას მეტი თავისუფლებისა და ორგანიზებულობის დრო და შესაძლებლობა მისცეს. აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გაწირვას არ ემსახურება და ოპოზიციისთვის სასარგებლო არ არის.

- ხელისუფლების მუშაობის ტემპი და ხარისხი გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს, რომ ამ დროს პროდუქტიულად გამოიყენებენ?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს, გამოვიყენებთ, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა საქართველოში­ ევროპაზე, ამ სამყაროსკენ­ სწრაფვაზე ბუნდოვანი წარმოდგენები აქვთ... ჩემთვის ევროპა ღირებულებათა სისტემა და მისი მსახურების კულტურაა, იქ სულიერების მწვერვალები ყოფითი კულტურის, კანონმდებლობის, საგანმანათლებლო ენაზე ითარგმნა. საქართველოში კი ჯერ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მაღალი სულიერება, რაც სახელოვნებო სამყაროსა­ და სააზროვნო სივრცეშია გამოხატული, ყოფითი კულტურის ენაზე გვეთარგმნა.

ძნელია სამშობლოს შორიდან შეხედო, მაგრამ ხანდახან ესეც საჭიროა, რათა არ გაჩნდეს საფრთხე, რომ საკუთარი ნაკლი ვერ შევამჩნიოთ. ქართველების გენერაციას, ადრინდელსაც და ახლანდელსაც, ამის მისწრაფება აქვს, ლამის ეროვნულ მახასიათებლად იქცა ის, რომ ადრე ყველაფერი­ რუსეთის ბრალი იყო, ახლა ამერიკის ბრალი გახდა. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. სინამდვილეში ქართული ტრადიცია ამის საპირწონეა - ჩვენი მემატიანე სავსეა ამ ფრაზით: "ცოდვათა ჩვენთა გამო"... ეს არის ჩვენი მრწამსი და არა ის, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია. გადააბრალო შენი წარუმატებლობა, ხელმოცარულობა სხვას, ყოველთვის ადვილია. საქართველოში არაერთ ეტაპზე არსებობდა საკუთარი უმანკოების დაჯერების საფრთხე. ამიტომ ვთქვი, ჩვენი სულიერება ყოფითი კულტურის ენაზე ვერ ვთარგმნეთ-მეთქი, ხშირი შემთხვევაში, ინფორმაცია განათლებაში ვერ გადავიტანეთ და შესაბამისად, ვერც ქარტეხილი გადავიდა გამოცდილებაში.

რაც შეეხება დეპოლარიზაციას, რომელსაც ასე მხურვალედ ითხოვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ამისთვის უპირველესად საჭიროა პოლარიზაციას არ აქეზებდნენ არსაიდან. ისიც უნდა გავაცნობი­ეროთ, რას დავარქმევთ დეპოლარიზაციას.­ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის 12-პუნქტიან პროექტზე­ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის. მათი ნაწილი თანამშრომლობს, ნაწილმა უარი თქვა. ეს კი, თუ გარედან მხარდაჭერილი არ იქნება,­ ეს პარტიები ან პოლიტიკურ არსებობას შეწყვეტენ, ან სხვა პარტიებსა და ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ დასხდებიან. ასე რომ არ იყოს, გაუგებარია, ყველა არჩევნებზე პარლამენტში მოსახვედრად მონაწილეობენ, მაგრამ შემდეგ, როგორ თუ არ გავიმარჯვეთო, პარლამენტიდან გამორბიან, ეს კი ევროპისკენ სვლად ვერ შეფასდება. როდესაც ამბობენ, "შინ ევროპისკენ", ძალიან კარგია, მაგრამ მთქმელი ნათქვამს უნდა ჰგავდეს შინაარსითა და საქმით. ევროპისკენ კი არ მიდიან და დეპოლარიზაცია კი არა, ქაოსის, ქვეყნის განვითარების შეფერხების ფასად მზად არიან ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მათთვის "შინ ევროპისკენ" იქნება მეგის­ ქარდავას ხელისუფლებაში დაბრუნება, აი, მაშინ იგრძნობენ თავს "შინ, ევროპაში"... ასე რომ, თუ ამ რადიკალურ ნაწილს ამერიკაში თუ სხვაგან ეტყვიან, რომ ჩვენთვის მიუღებელია მოლაპარაკების მაგიდასთან რომ არ ჯდებითო, იძულებული გახდებიან ან თანამშრომლობაზე დათანხმდნენ, ან პოლიტიკიდან წავიდნენ.

- დეპოლარიზაციის გარდა, 12-პუნქტიან გეგმაში სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც არის ჩამოთვლილი, თუნდაც რეფორმები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება...

- ეს საკითხები მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა მოგვარდეს, რომ 12-პუნქტიან გეგმაშია, სახელმწიფოს სჭირდება. თუმცა მმართველ გუნდს ისე არ შევხედოთ, როგორც შვეიცარიის ხელისუფლებას, რომელიც არაჩვეულებრივ სიმშვიდესა და სტაბილურ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. არ დაგვავიწყდეს, რომ რეპრესიულ რეჟიმთან გვქონდა ბრძოლა. კარგია, რომ საზოგადოება ამ გუნდს პასუხს სთხოვს, მაგრამ ისეთი სტანდარტები არ უნდა გვქონდეს, როგორიც შვეიცარიის ხელისუფლებას მოეთხოვება. მათ უამრავი ნაკლი აქვთ, მათ შორის ის, რომ საზოგადოებასთან კონტაქტი, ფაქტობრივად, არა აქვთ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავისი სამყარო აქვთ შექმნილი, სადაც ყველაფერი კარგად არის, რადგან მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკებიან. არასაჯარობაა მათი თვალსაჩინო ნაკლი. წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის, მაგრამ მხოლოდ გოგაშვილის ფაქტი მეტყველებს უამრავ რამეზე. როგორ შეიძლება სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ყოფილიყო პირი, რომელსაც წნორის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული? არც ერთ სასწავლებელს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ამ დიპლომით როგორ გახდა ასეთი უწყების მაღალჩინოსანი, ამაზე პასუხისმგებელი არავინ არის? კაცი, რომელიც წლების განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებდა, სამ წელიწადში მილიონერი გახდა, როგორ? ვინ იყო მისი ლობისტი, რა სისტემაა ასეთი, რომ ასეთი ოდიოზური ფიგურა სამი წლის განმავლობაში სუს-ის მაღალჩინოსანი იყო? ის, რომ ამით არავინ დაინტერესდა, ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს...

- საგარეო მიმართულებით ხელისუფლების მუშაობა კითხვებს არ გიჩენთ?

- მესმის, რამაც გამოიწვია მოსახლეობის გულისწყრომა, ორ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი პერსპექტივა მოგვცეს. თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, უკრ­აინა მზად არის ევროპისთვის მოკვდესო. მოდი, ეს განცხადება ჩვენს ენაზე გადმოვთარგმნოთ - რაიმე სტრუქტურა ღირს სიკვდილის ფასად? უკრაინაში ომმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ეს ომი ხელისუფლებას ხალხის წინაშე ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ბორის ჯონსონი, რომელიც უკრაინის ძალზე აქტიური მხარდამჭერი იყო, მაგრამ თანამდებობა­ დაატოვებინეს... საქართველოს საკითხი ასე დაუყენეს - აქ არის ოლიგარქიული მმართველობა, მოსახლეობა კი პოლარიზებულიაო, რასაც არ ვეთანხმები, რადგან ევროპაში შესვლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ხალხს თუ არ ჩავთვლით, რადიკალური ოპოზიცია ორ-სამ კაცს აგროვებდა აქციაზე. თუმცა ევროპის თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ ისინი მათ მხარდასაჭერად არ გასულან... ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ხაზგასმით თქვეს, უკრაინას ვაძლევთ სტატუსს, რადგან მზად არის ევროპისთვის მოკვდეს, საქართველოს კი პერსპექტივას ვანიჭებთო, ანუ ჩვენ არა ვართ მზად ამისთვის.

ეს ხომ მხოლოდ პირადი თავგანწირვა კი არა, მთელი ახალგაზრდობის გაწირვაა და ამიტომ ვკითხულობ - ქვეყნის სიკვდილის ფასად რომელიმე სტრუქტურაში გაწევრებისთვის რაიმე სტატუსი ღირს? რისთვის, იმიტომ, რომ ევროკავშირში შემდეგ ჩვენი შესანდობარი თქვან თუ რატომ? ხომ ვიცით, რომ საქართველო უკრაინა არ არის, არც შესაძლებლობებით, არც სიძლიერით, ფართობით, ამდენს ვერ ავიტანთ. ჩვენ ევროპისკენ იმიტომ ვისწრაფვით, რომ მასთან ვითანამშრომლოთ და არა დავიხოცოთ... რაც უკრაინას შეუძლია, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში გაუძლო, იმას საქართველო ფიზიკურად ვერ გაუძლებდა. ევროკავშირის ხელმძღვანელობის განცხადებები პირდაპირ მიანიშნებს, რომ თუ ომში ჩავებმებოდით, სტატუსს მოგვცემდნენ, ეს მაღალი ტრიბუნიდან ითქვა კიდეც. ჩვენი ყველა ცოდვა-ბრალის გადაფარვასაც ნუ ვეცდებით და ისიც ვაღიაროთ, რომ უამრავი პრობლემა გვაქვს. ვფიქრობ, კარგად ვიცნობ ევროპას თავისი მიღწევებითა და ნაკლით. მიღწევებზე უკვე ვისაუბრე, ნაკლზე მისაუბრია და გავიმეორებ­ - ევროკომისიაში­ სიტყვა "შობის" არა­კორექტულობაზე მსჯელობენ, რაც ევროპული ტრადი­ციიდან გადახვევის მცდელობაა. ევროპას ახასიათებს ბიუროკრატიაც, მაგრამ იმდენად მაღალი ყოფითი კულტურა აქვთ, რომ ეს დამღუპველი არ არის, ბოლოს და ბოლოს, ევროპის ნაკლის წამალი ისევ იმ სამყაროშია. ამიტომ ვამბობ, საქართველოს უკეთესი მიმართულება არა აქვს. ქართველი საზოგადოების სწრაფვა ნათელია, მაგრამ ამ კანდიდატის სტატუსს ისე ნუ შევხედავთ, თითქოს ნაძვის ხეზე ჩამოკიდებული კანფეტი იყოს. მისი მონიჭება სტიმული იქნება, მაგრამ ისეთ ილუზიას ნუ შევიქმნით, რომ ამ სტატუსის მოცემის შემდეგ, მაპ-იც რომ მოგვცენ და ნატოშიც რომ მიგვიღონ, ჩვენი სამეზობლო არ შეიცვლება, გეოპოლიტიკიდან ვერ ამოვხტებით და რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაცვლად, ბელგია, საფრანგეთი, ნორვეგია და შვეიცარია ვერ გახდებიან ჩვენი მეზობლები. ეს მეზობლობა სამუდამოა. პოლიტიკა არსებული რეალობის გააზრება და შემდეგ მოქმედებაა და არა მიტინგებზე ემოციური შეძახილები.

- თუმცა ამ ორგანიზაციებში გაწევრების შემდეგ საფრთხეები მცირდება.

- დიახ, მაგრამ უსაფრთხოების პარალელურად, საფრთხესაც გვაძლევს, უკრაინას სწორედ ნატოსკენ სწრაფვის გამო დაარტყა რუსეთმა. არ უნდა დაგვივიწყდეს, რომ ამ სამყაროსკენ სავალი გზები უდიდეს რისკებს შეიცავს. ამიტომ გვჭირდება გონიერი პოლიტიკა, რომ ევროკავშირამდეც და ნატომდეც უსაფრთხოდ მივაღ­წიოთ. მზად ვართ სიკვდილისთვისო წმინდა პათეტიკური გამონათქვამია. პირადად მე, ჩემს ხალხთან ერთად სათანამშრომლოდ ვარ მზად, ისე, რომ გადავრჩეთ, მხოლოდ ცოცხალი ადამიანი გააგრძელებს ქვეყნის მომავალს. დიდებულ იდეას ყოველთვის ეწირებოდნენ ადამიანები, ეს გმირობაა, მაგრამ ერთეულების ხვედრია. ეს სულიერი მდგომარეობაა, რომელიც ნაციის ნათელ მომავალს წაადგება, მაგრამ ნაციას, ერს არა აქვს თავგანწირვის ვალდებულება... პატარა საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, უამრავი სისხლი ღვარა საუკუნეების განმავლობაში,­ თავისუფლებისკენ სავალ გზას ახლაც განუხრელად ვადგავართ, ბეწვის ხიდს გავდივართ, დიდმა ქვეყნებმა კი უნდა გაიგონ და ისეთი საფრთხის, დარტყმის ქვეშ არ უნდა დაგვაყენონ, რომელსაც ვერ გავუძლებთ. როდესაც მავანი გმირულ თავგანწირვაზე საუბრობს, აგული ერისთავი მახსენდება,­ შენ ის პიპინია არა ხარ, საკუთარ ცხენს რომ გამოასწარიო?! ჩვენ ვნახეთ ასეთი­ "გმირები" წითელ ხიდთან და უფრო ადრეც, აფხაზეთის ომში. რუსის ჯართან არ მიომია, მაგრამ მათგან განსხვავებით, იქ ვიყავი... ამ ბოლოს პარალელური სამყარო გაჩნდა და უამრავ ირონიულ რამეს ვაწყდებით. მაგალითად, რეპრესიული რეჟიმის პროკურორი თავისუფალი მედიის ვარსკვლავი გახდა. შეიძლება ლავრენტი ბერია თავისუფალი მედიის მენეჯერი ყოფილიყო, ან გებელსი პატიმრების უფლების დამცველი გამხდარიყო?!

- გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ მას ამერიკის საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ ამერიკაში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- ამერიკა რჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, მისი მხარდაჭერის გარეშე უზარმაზარი დილემის წინაშე აღმოვჩნდებოდით... მაგრამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ორმხრივად არის მოსაფრთხილებელი. წარმოგიდგენიათ ამერიკის მოსამართლე რომელიმე ქვეყნის ელჩმა დაიბაროს და ანგარიში მოსთხოვოს, ამას რა მოჰყვება? ჩვენ ბატონის ცვლილებისთვის კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთ. ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანი ვართ, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონში მას საქართველოს სახით სანდო პარტნიორი ჰყავს.