გაივლის თუ არა ევროპისკენ დამატებითი ენერგომატარებლები საქართველოზე - კვირის პალიტრა

გაივლის თუ არა ევროპისკენ დამატებითი ენერგომატარებლები საქართველოზე

"მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ყველა რესურსი, რომ საქართველოში საერთაშორისო პროექტები განხორციელდეს", - ამბობს ეკონომისტი, აკადემიკოსი ლადო პაპავა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროპაში შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისზე საუბრისას. არის თუ არა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები იმ შედეგის მომტანი, რაც განზრახული იყო, რა შესაძლებლობები არსებობს ევროპისთვის ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მოსაძიებლად და საქართველოს რა როლი ექნება ამ სქემებში, ამ საკითხებზე ლადო პაპავას გვესაუბრა.

- დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დასავლეთი დადგა არჩევანის წინაშე - ან ომში უნდა ჩართულიყო, რაც პირდაპირ მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდა, ან რუსეთისთვის რესურსები ისე შეეზღუდა, რომ ომისთვის აღარ დარჩენოდა. ცხადია, ამ მიზნით შემოღებულ ეკონომიკურ სანქციებს შედეგები აქვს და კიდევ უფრო მეტიც მოჰყვება, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს სანქციები მალე გამოიღებს ისეთ ნაყოფს, რომ ომი სწრაფად დაასრულოს, შეუძლებელია. ასე რომ, პროგნოზირება, როდის დასრულდება ომი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. გასათვალისწინებელია, რომ ამ სანქციებში ორი ძალიან დიდი "ხვრელია", რის გამოც სანქციები კი აზიანებს რუსეთს, მაგრამ ზიანი იმდენად დიდი და ისეთი მასშტაბური არ არის, რომ სწრაფად შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ამიტომ მივიღეთ ვითარება, როცა რუსეთი ცდილობს სანქციების პირობებში თავისი უპირატესობები გამოიყენოს.

- რაში აქვს რუსეთს უპირატესობა და რამდენად არის ამაზე ევროპა თუ დანარჩენი მსოფლიო დამოკიდებული?

- ეს გახლავთ ენერგეტიკა, ნავთობი და გაზი, აგრეთვე ხორბალი და მარცვლეული კულტურები, მზესუმზირა, სასუქები. რუსეთი ცდილობს ამ უპირატესობების თავის სასარგებლოდ გამოყენებას. კერძოდ, ევროპას რუსული გაზისა და გარკვეულწილად ნავთობის გარეშე არსებობა არ შეუძლია, ამიტომ იძულებულია, იყიდოს. პრაქტიკულად, რუსეთს ამ გზით ევროპიდან დღეში 1 მილიარდ ევრომდე შესდის, თანაც რუსეთმა მოიგონა ასეთი სქემა: თავისი რუბლი რომ გაამყაროს, ენერგეტიკულ რესურსებს მხოლოდ რუბლში ყიდის. გაზის და ნავთობის მყიდველი იძულებულია იყიდოს რუსული რუბლი და საფასური ასე გადაიხადოს. რადგან ევროპას რუსული ნავთობისა და გაზის მარტივად ჩანაცვლება ჯერ არ შეუძლია, რუსეთი იძულებულს ხდის მისი სქემით იმოქმედოს. პრაქტიკულად ეკონომიკური სანქციები ევროკავშირის ქვეყნებმა სრულად არ გაიზიარეს, რადგან იძულებული არიან, ჯერ კიდევ იყვნენ დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე. მილსადენი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, შეუფერხებლად ფუნქციონირებს მთელი ომის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დაზიანდა, მაგრამ სწრაფად შეაკეთეს და ორივე მხარე ცდილობს აღარ დაზიანდეს. ომია, სანქციებია, მაგრამ რუსულ გაზსა და ნავთობს ევროკავშირის ქვეყნები მოიხმარენ, ამაში გრანდიოზულ თანხას უხდიან მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ძალიან ცდილობს სულ უფრო მეტად დაუჭიროს მხარი უკრაინას - იარაღის მიწოდებით, ფინანსური მხარდაჭერით, იმავდროულად, რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვით დიდ ფინანსურ რესურსს აძლევს კრემლს. გამოვიდა, რომ დასავლეთის სანქციები ხარვეზიანია და პირველი დიდი "ხვრელი" ენერგეტიკულ რესურსებთანაა დაკავშირებული. ამ "ხვრელით" სარგებლობენ, როგორც რუსეთი და ევროკავშირის ქვეყნები, ასევე უკრაინაც, რომლის ტერიტორიაზეც გაზსადენი გადის. მეორე "ხვრელი" კი ის გახლავთ, რომ რუსეთი თავისუფლად ვაჭრობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც სანქციებს არ შეერთებიან, და ამ უპირატესობას იყენებს. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ შეერთებიან სანქციებს, გამოვყოფ ისრაელს, რომელიც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია და ამის მიუხედავად, სანქციებს არ მიერთებია. ასევე გამოსაყოფია თურქეთი და მოსახლეობით მსოფლიოს ორი უდიდესი ქვეყანა - ჩინეთი და ინდოეთი. მეტსაც გეტყვით, ამერიკელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თავად ამერიკაც ყიდულობს რუსეთისგან ნავთობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია. მექანიზმი ძალიან საინტერესოა - რუსეთისგან ნედლ ნავთობს ყიდულობს ინდოეთი, ხოლო ამ ნედლი ნავთობის გადამუშავებით მიღებულ პროდუქტებს ყიდულობს უკვე ამერიკა როგორც ინდურ პროდუქციას, მაგრამ ამის საფუძველი ხომ რუსული ნედლი ნავთობია? შესაბამისად, რუსეთს ნავთობში ფულს ირიბად ამერიკაც უხდის. თან როგორი სიტუაციაა - ამერიკას დაძაბული ურთიერთობა აქვს ჩინეთთან და ამიტომ ცდილობს ინდოეთის გაძლიერებას. იმავდროულად, ინდოეთი ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან და ნავთობით ვაჭრობის ასეთი მარტივი სქემაც მოქმედებს, როგორც უკვე მოგახსენეთ. ეს დიდი პრობლემაა და ამიტომ ამ სანქციების სრულყოფილებაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია.

gazi-1658055399.jpg

- ევროპისთვის გაზის მიწოდების ჩანაცვლება უფრო პრობლემურია თუ ნავთობის? დღეისთვის რა ალტერნატივები არსებობს?

- უფრო გაზის, რადგან მისი მიწოდება ხდება მილსადენებით და ეს მილსადენები არსებობს. ალტერნატიული მილსადენების აშენებას კი სჭირდება არა მარტო მსხვილი ინვესტიციები, არამედ დიდი დროც. რაც შეეხება თხევად აირს, მიწოდებისთვის მილსადენების ინფრასტრუქტურას არ საჭიროებს, მაგრამ მის გამოყენებას სხვა ტექნოლოგია სჭირდება და სათანადო საწარმოებია ასაშენებელი. ნავთობი კი ტანკერებით გადააქვთ და სხვადასხვა წყაროს მოძიება ბევრად ადვილია. თუმცა ამ პროცესში დამკვიდრდა ტერმინიც "ნავთობის ომი".

- ამ ვითარებაში აქვს საქართველოს შანსი, რომ ენერგეტიკული დერეფანი გახდეს?

- დავიწყოთ იმით, რომ საქართველო აბსოლუტურად სწორად მოიქცა, ეკონომიკურ სანქციებს რომ არ შეუერთდა, რადგან ამით რუსეთი საერთოდ არ დაზიანდებოდა, საქართველო კი ძალიან დაზარალდებოდა. სამწუხაროდ, საქართველოზე წამოვიდა ისეთი აგრესია, თითქოს რაღაც დანაშაული ჩაიდინა, მაშინ, როცა ასეთი აგრესია არ არის არც ისრაელის, არც თურქეთის მიმართ. აღარ ვლაპარაკობ ჩინეთსა და ინდოეთზე და თუნდაც "ბრიკსში" შემავალ სახელმწიფოებზე (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა - BღIჩშ). ამ თვალსაზრისით საქართველოს პოზიცია ასეთია: ის სანქციებს არ არის მიერთებული, მაგრამ სანქციებს, ფაქტობრივად, არ არღვევს. შედეგად, ამან გამოიწვია რუსული "ვითიბი ბანკის" დახურვა, რომელიც სხვათა შორის, საქართველოში სააკაშვილმა შემოიყვანა და დაიხურა არა იმიტომ, რომ საქართველო სანქციებს მიუერთდა, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთის სანქციები საქართველომ დაიცვა. ასევე იცით "ბორჯომის" ისტორია, როდესაც ერთ-ერთი სანქცირებული რუსი ოლიგარქის ფინანსური რესურსების შეზღუდვის გამო კომპანია გაჩერებული იყო და საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, საწარმოს წილის ნაციონალიზაციის გზით მიეღწია მისი კვლავ ამოქმედებისთვის. ასე რომ, საქართველო სანქციებს არ მიერთებია, მაგრამ სხვის დაწესებულ სანქციებს იცავს და მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა, მათ შორის, სამწუხაროდ, უკრაინიდანაც, თითქოს საქართველო სანქციებს არღვევს, ჯერჯერობით, კონკრეტული ფაქტი, მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი.ეს უფრო პოლიტიკური ავანტიურა და ბრძოლაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.

- საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპისთვის ენერგეტიკული რესურსების მიმწოდებელი თუნდაც აზიიდან?

- ძალიან კარგი შეკითხვაა, რადგან ყაზახეთს შეექმნა თავისი ნავთობის რუსეთის მილსადენების გავლით ტრანსპორტირების პრობლემა. ერთხანს რუსეთმა ის აკრძალა, შემდეგ დაუშვა, მაგრამ ყაზახებს ჯარიმა დაუწესა. ამიტომ ყაზახეთი აქტიურად ეძებს სხვა მარშრუტებს და ერთ-ერთი სწორედ საქართველოზე გამავალია. ითქვა კიდეც, რომ 2-დან 3 მილიონ ტონამდე ნავთობს გაატარებს ყაზახეთი საქართველოს გავლით. ცალკე სერიოზულად წამოიჭრა ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის პრობლემა, რომელიც თურქმენეთს დააკავშირებს აზერბაიჯანთან. ადრეც იყო ეს პროექტი, მაგრამ მის რეალიზებას წინააღმდეგობას უქმნიდა ის, რომ კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი არ იყო განსაზღვრული და კასპიის ზღვის ქვეყნები ერთმანეთს პროექტებს უბლოკავდნენ. 2018 წელს სამართლებრივ აქტს ხელი მოეწერა, ყველა სახელმწიფოს უფლებები მკაფიოდ განისაზღვრა, რაც იძლევა საშუალებას, რომ რეალურად დადგეს ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის საკითხი აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის. თურქმენეთისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რაც მთავარია, ეს არა მარტო თურქმენეთს, არამედ ევროპასაც ძალიან სჭირდება, რათა გაზის მიღება მოხერხდეს ნებისმიერი ალტერნატიული გზით. ცხადია, გაზსადენი სწრაფად ვერ აშენდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მაინც აიგება, რადგან ამაზე კარგი სიტუაცია, ასეთი მწვავე აუცილებლობა და სამართლებრივი შესაძლებლობა აშენებისა დასავლეთს არასოდეს ჰქონია.

- ასეთ პროექტებს წლები სჭირდება, მაგრამ როცა ასეთი ფორსმაჟორული ვითარება და ინტერესია, რა ვადებზე შეიძლება ლაპარაკი და საქართველოს ამ პროექტში მონაწილეობისთვის რა შეიძლება დასჭირდეს?

- ევროკავშირი ეძებს რესურსებს, რათა ამ წლის ბოლომდე მოახერხოს რუსული გაზის მოხმარებაზე უარის თქმა. ღმერთმა ქნას, შეძლონ. ეს ხომ იცის მოსკოვმაც და ამით სარგებლობს. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსკოვს, ერთი მხრივ, "ცხელი ომი" აქვს უკრაინაში და, მეორე მხრივ, "ცივი ომის" მდგომარეობაშია დასავლეთთან. ამიტომ იყენებს ეკონომიკურ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ენერგეტიკულ ბერკეტებს თავის სასარგებლოდ, ხოლო რადგან ევროპას უჭირს ენერგეტიკული რესურსების ალტერნატიული წყაროების მოძიება, ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო იძულებულია მოსკოვის წესებით ითამაშოს.

- ამ პროექტების განხორციელება საქართველოს რას მოუტანს?

- საქართველოსთვის მასზე გამავალი ენერგეტიკული დერეფნის სრული მასშტაბით ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს სწრაფად ვერ მოხერხდება, მაგრამ რეალური პერსპექტივა ნამდვილად ჩანს. ყაზახეთის მხრიდან გაზის ტრანსპორტირებით დიდი დაინტერესებაა. ნამდვილად რეალურია ნავთობის ტრანსპორტირება. აუცილებელია რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია იმ სატრანსპორტო ეკონომიკური დერეფნისა, რომელიც საქართველოზე გადის.

- საკმარისი კეთდება ამისთვის?

- საქართველოს მთავრობასთან უშუალო კომუნიკაცია არა მაქვს, მაგრამ რა ინფორმაციაც საჯაროდ არის, აშკარაა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ყველა რესურსი, რათა ეს საერთაშორისო პროექტები საქართველოში განხორციელდეს.

- პოლიტიკური მხარე რომ არ გავითვალისწინოთ და ჩავთვალოთ, ამერიკა ირანისთვის სანქციების მოხსნას დათანხმდა და ევროპისთვის გაზის ირანიდან მიწოდების შანსი გაჩნდა, რომელი პროექტი უფრო მომგებიანი იქნება, ერთი მხრივ, ევროპისთვის და მეორე მხრივ, საქართველოსთვის? ვგულისხმობ აზიიდან საქართველოს გავლით გაზის მიწოდებას.

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოხდება ირანის რესურსების გამოყენება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. მეტიც, ირანმა და არგენტინამ "ბრიკსში" გაწევრების სურვილი გამოთქვეს. "ბრიკსის" სახელმწიფოები კი არანაირ სანქციებს არ შეერთებიან და რუსეთთან თანამშრომლობენ. ამერიკის ირანთან დამოკიდებულების გაუმჯობესება იმის გათვალისწინებით, რომ ირანი მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთთან, ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ ამ ხაზის ფაქტობრივი ამოქმედება ძნელი იქნება, თუმცა გამორიცხული არაფერია. გასათვალისწინებელია, რომ ენერგეტიკულ საკითხებში ევროკავშირისთვის მეტ-ნაკლებად პერსპექტიული ალტერნატივები არსებობს. საუბარია ნორვეგიასა და არაბულ ქვეყნებზე. ევროკავშირი შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო ალტერნატივა. მათ შორის თავისი ადგილი უკავია ტრანსკასპიურ შესაძლებლობებს და კონკრეტულად საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამერიკაც და ევროკავშირიც ყველა შესაძლო ალტერნატივას მაქსიმალურად გამოიყენებენ.

რუსა მაჩაიძე