სკანდალი!!! - კვირის პალიტრა

სკანდალი!!!

„ყველაზე ცუდი, რასაც ველოდები, ის არის, რომ შეიძლება ინფორმაცია გაედინებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიმართულებით, რომელიც მათ დაეხმარებოდა საქართველოდან კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფების, მათ შორის პოლიტიკოსების, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლების გადასაბირებაში...“

ივლისს ფეისბუკგვერდ­ზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა: "სანამ საჯაროდ, ტელეეთერიდან მოგიყვებით სიმართლეს... 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა და მოპოვებულ იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ საკუთარ ხმებს. დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო და ხელმი­საწვდომიც. ამ კონკრეტულ არჩევნებში მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას (საიდანაც გამოვედი) მეორე მხრიდან. დიდი ფიქრის შემდეგ გავრისკე და გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა. გადავწყვიტე და მოვემზადე ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურადაც, რომ მეც მეგო პასუხი კანონის წინაშე ყველაფერ იმაზე, რა უკანონობის მონაწილეც იქამდე გავხდი. ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და ა.შ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იყვნენ შოკირებულნი ნანახით. ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას, ასევე სხვა ორგანიზაციებს. 2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედიასაშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ. სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს.…ეს რატომ გააკეთეთ? რაღაცამ აგჭრათ? ე.წ. ქოცებო კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ "იმასთან", თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით. ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპური გრუს-ეული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ, მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ? მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენ მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ-მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც) თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე. ხომ მიწამებთ უკვე ამდენი წელია ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ, თქვე უბინძურესებო. აბა მიდით, იმოქმედეთ, გელოდებით".

როგორც ჩანს, გოგაშვილი ამ სტატუსით ეხმაურებოდა გიორგი გაჩეჩილაძის ("უცნობის") გადაცემას, რომელმაც საზოგადოებას მოასმენინა "მთავარი არხის" რედაქციაში ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერი. ჩანაწერის გავრცელებით გამჟღავნდა წყაროც, რომელიც სამ "ნაციონალურ" მაუწყებელს სუს-ის მიერ ფარულად ჩაწერილ დოკუმენტებს აძლევდა. ორწუთიან საუბარში ისმის ოთხი ადამიანის ხმა. ოთხივე "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" თანამშრომელია. ირკვევა, რომ იგეგმება გადაცემა იმის თაობაზე, წინასაარჩევნოდ როგორ ათავისუფლებდა "ქართული ოცნება" მსჯავრდადებულებს არჩევნებში მათი და მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ. ჩანაწერში გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია, პროდიუსერი ეკა სარია და ჟურნალისტები გიორგი გვიშიანი და ლაშა კვესელაძე საუბრობენ დოკუმენტებზე, რომლებიც გაბუნიას სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა მისცა. ჩანაწერით ირკვევა ისიც, რომ სოსო გოგაშვილი არა მხოლოდ გაბუნიას წყაროა, არამედ ჩანაწერებს აძლევს "ფორმულაში" გიორგი თარგამაძეს, "ტვ პირველში" კი - ნოდარ მელაძეს. გადაცემის თანამშრომლები განიხილავენ სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებულ მასალას სათაურით "საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან" - პირობითი მსჯავრდადებულების გრძელი სია, რომლებსაც "ქართული ოცნება" სასჯელისგან ათავისუფლებს და მათ შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.”

გოგაშვილის საჯარო პასუხიდან რამდენიმე საათში, 15 ივლისს, გვიან ღამით­ გოგაშვილების სახლში სპეცოპერაცია დაიწყო, რომლის ამსახველი ვიდეომასალა ოჯახმა სოციალური ქსელით გაავრცელა. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ამბობენ, რაგბის სტადიონიდან გოგაშვილის სახლამდე გადაკეტილი იყო გზა. ოჯახის წევრების მტკიცებით, მათ არ მისცეს უფლება, ბავშვები სახლიდან გამოეყვანათ. გოგაშვილის მეუღლის გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ შედის რამდენიმე ნიღბიანი მის სახლში. ვიდეომასალაში ისიც ჩანს, რომ ნიღბიანები სოსო გოგაშვილს შენობაში შესვლისთანავე აკავებენ. ის სახლში ჰყავდათ მეორე დღის 2 საათამდე, სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდა. პარალელურად ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის შვილების სახლებში. რამდენიმე ძალოვანი გონიოში, სოსო გოგაშვილის ცოლის სახელზე გაფორმებულ ბინაშიც სწორედ მაშინ მივიდა, როცა ყოფილ მაღალჩინოსანს თბილისში აკავებდნენ და მოსამართლის განჩინება წარუდგინა მის შვილს, ნინო გოგაშვილს, რომელიც სახლში რძალთან და რძლის დასთან ერთად იყო.

ვიდეოკადრები ნინო გოგაშვილმაც გადაიღო. ის ამბობს, რომ სახლიდან ამოიღეს მისი პირადი ლეპტოპი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. პარალელურად გაჩხრიკეს გოგაშვილის დაცვის თანამშრომელთა სახლებიც. ნინო გოგაშვილის თქმით, ჩხრეკა ჩატარდა ოჯახის სხვადასხვა წევრის კუთვნილ ექვს საცხოვრებელ სახლში. მათგან სამი თბილისშია, ორი - კახეთში და ერთი - აჭარაში.

სოსო გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ სახლში იარაღი ჩაუდეს. "აღარ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან ბევრი ცილისწამება გავუტარე ყველას. ღამის ორ საათზე მესმის საშინელი ხმა. 10 წლის ბავშვს ეგონა, ტერორისტები მოვიდნენ - უნდა აგვაფეთქონო? კინოში მეგონა თავი! შემოცვივდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს... ხელები სულ დალურჯებული აქვს... სოსოც დააგდეს. ოთახში შეცვივდნენ... უკან მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი?! ჩემი თვალით დავინახე, ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ და დავიფიცებ, რომ ჩემი საწოლის ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი. ასწიეს და შედეს "ბერეტა". ასევე ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამოხსნეს სოსოს კარადა, სადაც მაისურებია და "კალაშნიკოვი", "აკაესი" შედეს... როგორ ფიქრობთ­, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს იარაღები­ უკანონო ჰქონდა? - ამბობს სოსო გოგაშვილის მეუღლე და დასძენს - მაჩალიკაშვილს მუხლი ხომ წაუყენეს, რომ ჩვენი ლიკვიდაცია უნდოდა და კაცი გარეთ დადის!.. აქედან მე დასკვნა გამომაქვს, რომ მაჩალიკაშვილს კი არ ნდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, ნდომებია ამ მთავრობას: ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე არის ღირსეული ადამიანი, 1997 წლიდან სტიქაროსანია და არასდროს ყოფილა ადვილად მართვადი, ბინძურ საქმეებს ხელს არასდროს მოაწერს. ბოლოს უცხოელებთან კონტაქტის გამო მოიშორეს... ჩემი ქმრის ნამდვილად ეშინიათ. ვერც წილები და ვერც სიბინძურეები ვერ უპოვეს... ჩემმა მეუღლემ ასე თქვა, სანამ პატრიარქი ცოცხალი იქნება და სანამ მას უდიერად ვინმე შეეხება, მზად იყავი, რომ მის მაგივრად წავალ ტყვიაზეო".“

gogashvili2-1658055888.jpg

თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 157-ე (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) და 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით.სოსო გოგაშვილის შვილი ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება. მისი ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რომელთა გასაჯაროებას სოსო გოგაშვილი აპირებდა: "ყველა არ გამოირჩეოდა აგრესიით, ბევრი ვაჟკაცი ბიჭია, მაგრამ რამდენიმე იყო, ვინც ნერვები და თავი ვერ მოთოკა. როდესაც სახლში სპეცოპერაციით შედიხარ, მნიშვნელობა არა აქვს, რა დავალება გაქვს, უნდა იცოდე, რომ ღირსებაა მთავარი. როდესაც ხედავ, რომ ოჯახი ნერვიულობს, შენი ყვირილი და მუქარა აღარ უნდა დაუმატო... რომელიღაც არხზე სიუჟეტი გააკეთეს, თითქოს სოსო მართავს "ტვ პირველს", "ფორმულას", "მთავარ არხს"... სასაცილოა! მამაჩემი თუ მართავს კელი დეგნანს, ასეთ ძლიერ სამ ტელევიზიას, ის ყოფილა ოლიგარქი და სოსო უნდა დაასანქცირონ, მათი ლოგიკით? ელჩებს მართავს, ტელევიზიებს მართავს, ახლა ამერიკაში არჩევნებსაც ჩაატარებს".

"დადგა დრო, საზოგადოებამ გოგაშვილის შესახებ მეტი იცოდეს"

რა მტკიცებულებები აქვს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას, საქმის განხილვის დროს გამოჩნდება, თუმცა ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ პროკურატურას მისთვის ბრალის წარდგენა არ გაუჭირდება. უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი დავით კუხალაშვილი პირადად იცნობს სოსო გოგაშვილს და მზად არის, ძალოვანებს მის წინააღმდეგ მტიცებულებების მოპოვებაში დაეხმაროს.

- ბატონო დავით, როგორც ჩანს, სოსო გოგაშვილს სერიოზული მასალები აქვს და ის ამას თავის ინტერვიუებშიც ამბობდა. მაღალი თანამდებობის პირს, ბუნებრივია, ასეთ მასალებზე ხელი მიუწვდებოდეს. თქვენ უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ბრძანდებით და შიდა სამზარეულოს კარგად იცნობთ. შეეძლო მას უწყებიდან ასე იოლად ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტანა?

- პროფესიონალებს უწყებიდან ინფორმაცია არ გამოაქვთ, იმის მიუხედავად, ტოვებენ სტრუქტურას თუ არა. სრულიად საიდუმლო ინფორმაცია, ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია არავინ არ უნდა გამოიტანოს - ეს იცის ყველა იმ თანამშრომელმა, რომლებიც სპეცსამსახურებში მუშაობენ. თუ ინფორმაცია გამოვა, ამის ჩამდენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ფაქტები, რომლებიც გახმაურდა, თუ დადასტურდება, რა თქმა უნდა, სოსო გოგაშვილსაც დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, დადგა დრო, საზოგადოებამ მის შესახებ მეტი იცოდეს. მან ინფორმაციის ნაკადი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა. შეიძლება სპეცსამსახურებში ასეთი ინფორმაციები აღურიცხავიც იყოს და ეს მეორე პრობლემაა. არსებობს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან და რომლის შესახებაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს.

მე გოგაშვილის მოადგილეობის პერიოდში მომიწია იმ უწყებაში მუშაობამ, მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მაქვს და შემიძლია ვითანამშრომლო გენერალურ პროკურატურასთან, მივაწოდო მას მეტი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, რამაც დააზიანა როგორც საზოგადოებრივი ინტერესები, ისე - ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება. თუU ამ ფაქტებს გავახმაურებთ, საზოგადოებას ბევრი კითხვაც აღარ ექნება. ამ ნაბიჯის გადადგმა სჭირდება სახელმწიფოს, რომ გოგაშვილმაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსი არ მოირგოს და არ წარმოჩნდეს, როგორც დემოკრატიისთვის მებრძოლი ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომელი.

- შეეძლო მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ასე თავისუფლად გამოეტანა?

- ამას არ გამოვრიცხავ. როგორც გითხარით, მე შემიძლია მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო გენერალურ პროკურატურას, რომლის ანალიზი მათ მისცემს საშუალებას, შეაგროვონ მონაცემები იმ წრის შესახებ, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საზიანო ქმედებები ჩაიდინა.

- კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრებთ?

- კონკრეტული ფაქტების, დოკუმენტების, მტკიცებულებების წარმოდგენაც შესაძლებელია. ის პერიოდი, როდესაც გოგაშვილი ოპერატიულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა, გამოირჩეოდა დეგრადაციით და ვფიქრობ, სახელმწიფოს ახლა აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მის მავნებლურ საქმიანობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მე მეტის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ იმედია, პროკურატურას ექნება სურვილი, მიიღოს ეს ინფორმაცია და შემდეგ გამოაქვეყნოს. ის იყო მინისტრის პირველი მოადგილე და პრაქტიკულად ყველა ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციის ნაკადი, რომელიც პირადი ინტერესის გამო ე.წ. ჩაყლაპვის რეჟიმში ჩერდებოდა და არ მიეწოდებოდა ქვეყნის ხელისუფლებას, რომელზე დაყრდნობითაც დროულად უნდა დაეგეგმა ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ვფიქრობ, დესტაბილიზაციის მუხტიც, რომელიც დღემდეა შენარჩუნებული ქვეყანაში, ამ მიზანს ემსახურება.

- ანუ ამბობთ, რომ გოგაშვილს ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და მას ხელისუფლებას არ აწვდიდა?

- მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება აღრიცხულიც არ იყო სახელმწიფო უშიშროების სამსახურში. ეს იყო ე.წ. ჯიბის ინფორმაციები, რომლებიც მას შეეძლო გამოეყენებინა კონკრეტული საჭიროების დროს და გამოიყენა კიდეც. ვიმეორებ: არსებობს ინფორმაციის ნაკადი, რომლის მიწოდების შემთხვევაში შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს დამოკიდებულება ამ კონკრეტული პირისადმი.

- ფიქრობთ, რომ სხვა სამსახურებსაც აწვდიდა ინფორმაციას?

- ყველაზე ცუდი, რასაც ველოდები, ის არის, რომ შეიძლება ინფორმაცია გაედინებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიმართულებით, რომელიც მათ დაეხმარებოდა საქართველოდან კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფების, მათ შორის პოლიტიკოსების, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლების გადასაბირებაში... ეს გახლდათ ის მეთოდი, რომელსაც სპეცსამსახურები "ნაცების" დროს იყენებდნენ. მათ დროსაც უკონტროლო იყო ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის მოპოვების პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ინფორმაცია, რომელთაც უნდა ჰქონოდა გრიფი "საიდუმლო" ან განადგურებულიყო, ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა.

- რატომ ალაპარაკდა გოგაშვილი, თუ ასეთი დანაშაულის მონაწილეა?

- დიდი ალბათობით, გამოტანილია ინფორმაცია, რომელიც არ იყო რიცხული. რიცხული ნიშნავს კანონმდებლობის დარღვევის გარეშე, ლეგალურად მოპოვებულ ინფორმაციათა ნაკადს, ამ შემთხვევაში კი, ჩემი აზრით, საქმე არ გვაქვს ამგვარ ინფორმაციასთან. რეალურად ეს გახლავთ მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია, რომელიც შენახულია პირადი ინტერესებისთვის. მერწმუნეთ, რაც გამოქვეყნდა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რის მიღებაც შეუძლია გენერალურ პროკურატურას. გოგაშვილი ინფორმაციას ახმაურებს, მაგრამ მის უკან დგანან ის პირები, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ ინფორმაციის შეკრებაში. ალბათ, ისინიც სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები არიან და დარწმუნებული ვარ, მათი გამოკითხვით პროკურატურა მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებს. უნდა შემოწმდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც უწყებაში გოგაშვილის რეკომენდაციით არიან მიღებული. შეიძლება ისინიც აწვდიდნენ მას ინფორმაციას. პროკურატურას მისთვის დასაბუთებული ბრალის წარდგენა არ გაუჭირდება.

- რაში დასჭირდა ეს გოგაშვილს?

- პირველი მიზანი ფინანსური უზრუნველყოფაა, მეორე - ფინანსური ან პოლიტიკური წრეების ინტერესების შესაბამისად მოქმედება, ასევე - კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფის შანტაჟი, სახელმწიფო ხელისუფლების კომპრომენტაცია და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობით ისეთი ქმედება, რომელიც დააზიანებს ეროვნულ ინტერესებს და გამოიწვევს დესტაბილიზაციას.

"თუ გოგაშვილმა სიმართლე არ თქვა, მას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება"

ემზარ საბანაძე, იურისტი:

- გოგაშვილი დააკავეს თავისი საჯარო განცხადების გამო. მისი დაკავების წინა პირობა იყო საქმისადმი მისი არასტაბილური დამოკიდებულება. არ შეიძლება ჯერ ერთს ამბობდე და მერე შენს განცხადებაში ვიღაცას ემუქრებოდე.

მისმა დაკავებამ გამახსენა "დათა თუთაშხიას" ერთი ეპიზოდი, ბავშვებს რომ აყვირებენ... გოგაშვილის მეუღლეც სწორედ ასე იქცეოდა - განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვის შეშინებაზე ამახვილებდა, არადა, კადრებში ეს არსად ჩანდა.

თუ გოგაშვილმა სიმართლე არ თქვა, მას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. მის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციაა და თუ ეგონა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებით თუ მავანთან რაღაც მესიჯების გაგზავნით თავს დაანებებდნენ ან რაღაცას აპატიებდნენ, ძალიან შემცდარა. პროკურატურას არ გაუჭირდება მისთვის ბრალის წარდგენა. მადლობა უნდა თქვას, თუ მარტო ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით წაუყენებენ ბრალს. შეიძლება მის წინააღმდეგ არაერთი ახალი სამხილიც გაჩნდეს და ბრალი ახალ ფაქტებთან დაკავშირებითაც წაუყენონ. მან იცოდა, დღეს თუ ხვალ დააკავებდნენ და იმიტომ ახმაურდა, რომ მერე ეთქვა, ჩემი აქტიურობის გამო დამაკავესო. მე მის დაკავებას 7-8 წლის წინ ველოდი, ასე რომ, პროკურატურას გოგაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არ გაუჭირდება.