სოსო გოგაშვილის მეუღლე:"თუ საქართველოში ვერ დავამტკიცე ჩემი ქმრის უდანაშაულობა, აუცილებლად საქართველოს გარეთ დავიწყებ ბრძოლას" - კვირის პალიტრა

სოსო გოგაშვილის მეუღლე:"თუ საქართველოში ვერ დავამტკიცე ჩემი ქმრის უდანაშაულობა, აუცილებლად საქართველოს გარეთ დავიწყებ ბრძოლას"

ძალიან ბევრ სახელს და გვარს დავასახელებ, დამელოდეთ, აუცილებლად თქვენთვისაც მოვიცლი - სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებული სოსო გოგაშვილის ცოლმა თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ის დაიწყებს ბრძოლას სოსო გოგაშვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად და თუ საჭირო გახდა, აქციებსაც არ გამორიცხავს.

„სოსო გოგაშვილი, რომ მუშაობდა მას ჰყავდა ხელმძღვანელები და რასაც ავალებდნენ იმას აკეთებდა, მაგრამ სოსო გოგაშვილს არასოდეს სიბინძურე არ გაუკეთებია. კარგ საქმეს რასაც აკეთებდა სოსო გოგაშვილი, თვითონ იბრალებდნენ და რა სიბინძურეებსაც თავად აკეთებდნენ, სოსო გოგაშვილს აბრალებდნენ. სოსო გოგაშვილის ცოლი არ აპირებს გაჩერებას, ძალიან ბევრ სახელს და გვარს დავასახელებ, დამელოდეთ აუცილებლად თქვენთვისაც მოვიცლი.

სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი. ჩემი ოჯახი არის ტერორის ქვეშ. ამ მთავრობას უნდა ჩემი ოჯახის ლიკვიდაცია. მე ღამეც და დღეც მეშინია იმიტომ, რომ ყოველ დღე დამყვებოდა მანქანა ლილუაშვილის დავალებით. ეს სპეცოპერაცია არ მოხდებოდა თუ ლილუაშვილი არ გასცემდა ბრძანებას. ლილუაშვილს მინდა ვუთხრა, რომ შენი ჯერიც მალე დადგება.

ჯერ ველოდები ბრალი წარუდგინონ. თუ მე აქ, საქართველოში ვერ დავამტკიცე ჩემი ქმრის უდანაშაულობა აუცილებლად, საქართველოს გარეთ დავიწყებ ბრძოლას. თუ საჭირო გახდება აქციები პირველი მე ვიქნები, მარტო თუ ხალხთან ერთად, მაინც დავიწყებ ბრძოლას“, - განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.