"ჟონგლიორობასა და უპასუხისმგებლობაში "ოცნებას“ არ ავყვებით“ - კვირის პალიტრა

"ჟონგლიორობასა და უპასუხისმგებლობაში "ოცნებას“ არ ავყვებით“

"თუ მხოლოდ „ოცნების“ შეცდომების დანახვით ვიქნებით დაკავებული და საკუთარ პრობლემებს ვერ დავინახავთ, ისევ ძველ წრეზე ვიტრიალებთ“

დასავლელი პარტნიორები ქართველ პოლიტიკოსებს "სვანური კოშკებიდან ჩამოსვლასა" და თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. ისინი კიდევ ერთხელ საუბრობენ დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე და მიგვანიშნებენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის გაჩაღებული დაუნდობელი ბრძოლა მხოლოდ ესთეტიკურად კი არ არის მიუღებელი, არსებითი საკითხების მოგვარებასაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს. "საქართველოში პოლიტიკური პარტიები ერთ რამეს არიან მიჩვეული, კერძოდ, ერთმანეთთან დაუნდობლად ბრძოლას. ამ ქცევას თავისი ახსნა აქვს - ეს არის საქართველოში სხვადასხვა მთავრობის ისტორიისა და ხელისუფლების ცვლილებათა ისტორიის შედეგი. პოლარიზაციის ხარისხი არა მარტო ესთეტიკურად მიუღებელია, ასევე ხელს უშლის იმ არსებითი საკითხების მოგვარებას, რომლებიც პოლიტიკის წინაშე დგას. ამიტომ ევროკავშირს აქ სურს დაინახოს ძირეული ცვლილებები. არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული პარტია ძალასა და გამბედაობას, ჩამოვიდეს საკუთარი სვანური კოშკიდან. იმედია, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ეს არა მარტო ევროკავშირის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სურვილიცაა, რომელსაც რეალური პრობლემები აქვს", - განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა. მისი და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება უმრავლესობას, თუმცა ოპოზიციაც ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კიდევ ერთხელ ურჩევს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს "დასხდნენ და შეთანხმდნენ გეგმებზე". აპირებენ თუ არა "საკუთარი სვანური კოშკებიდან ჩამოსვლას" და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ოპოზიციონერი ლიდერები, როგორია მათი ახალი დღის წესრიგი და როგორ წარმოუდგენიათ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი დავით უსუფაშვილი გვესაუბრება:

- დიახ, სწორია, ვინც სვანურ კოშკშია ასული, უნდა ჩამოვიდეს მიწაზე და ემსახუროს ქვეყანას.

- თუმცა თქვენ ოპოზიციონერებს შორის ხართ, რომლებიც უარს ამბობენ იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რომლის შექმნაც "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, მათ შორის დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით სურს. გერმანიის ელჩმა პირდაპირ­ გითხრათ, რომ თუ ევროკავშირის წევრობასთან მეტად დაახლოება გსურთ, უნდა გადალახოთ უნდობლობა "ოცნების" მიმართ.

- სწორედ იმიტომ გაჩნდა რიგგარეშე სესიის მოწვევის იდეა, რომ ასეთი პრობლემები დაიძლიოს. ჩვენ გვჭირდება ერთად, მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯები, რათა დაიძლიოს უნდობლობა. ამისთვის საჭიროა იმ გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, რომლებიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და პირველი მოსმენითაც არის მიღებული, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები. ყველა მხარემ საქმით უნდა დავადასტუროთ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მზად ვართ. სამუშაო ჯგუფების შექმნის პარალელურად "ოცნების" ლიდერების აგრესიული რიტორიკა თანამშრომლობას ხელს არ უწყობს.

- ირაკლი კობახიძემ უკვე თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება­ არა უგვიანეს ერთი თვისა, მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია თავიანთ პრინციპულ პოზიციებს არ შეცვლიან, როგორ წარმოგიდგენიათ რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევა?

- გამოსავალი ერთადერთია - ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ ნამდვილად გვინდა ვეროკავშირის წევრობა. ამ პროცესიდან მოგონილი არგუმენტებით თავის დაღწევა სწორად არ მიმაჩნია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს ქვეყანას სხვა არჩევანი და გამოსავალი არა აქვს, გარდა ევროინტეგრაციისა. ისიც გათავისებული მაქვს, რომ ევროპაში რეალური ინტეგრაციისთვის მხოლოდ დროშის ჩამოკიდება და საქართველოს სახელის მოხვედრა ამა თუ იმ სიაში საკმარისი არ არის. საჭიროა ევროპული სტანდარტების დანერგვა ცხოვრებაში, დაწყებული სასურსათო პროდუქტების უსაფრთხოებით, დამთავრებული პოლიტიკური პროცესების ეფექტიანობით, ანუ იმის გააზრებით, რომ ხელისუფლება ხალხის მსახურია და ვინც ხელისუფლებაში არ არის, ის ხალხის მტერი არ არის. ასევე უნდა გავიაზროთ, რომ მრავალპარტიულობა მრავალი სხვადასხვა აზრის არსებობას ნიშნავს და საწინააღმდეგო აზრის მოსმენისას არ უნდა ვბრაზდებოდეთ. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ რუსეთია ჩვენი მხსნელი, ევროპა კი - საფრთხის მომტანი. ვისაც ამის სჯერა, საჯაროდ უნდა თქვას, თვალთმაქცობა დამღუპველია.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ "ოცნება" ორშაბათს ამბობს, ევროკავშირი კარგიაო, სამშაბათს, ევროპელები ომში გვითრევენო, ოთხშაბათს აცხადებს, საქართველო მოწინავეთა რიგებშია ევროსტანდარტების შესრულების მხრივო, ხოლო ხუთშაბათს იმაზე ლაპარაკს იწყებს, რომ თურმე ევროპარლამენტში უცოდინარები სხედან და აზრზე არ არიან, რა რეზოლუციებს უყრიან კენჭს, ხან ამერიკის ელჩს ესხმიან თავს და სასამართლოს ზეწოლაში ადანაშაულებენ. აი, ეს ამბავი უნდა მოგვარდეს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და მერე ნახეთ, რა მარტივად დალაგდება ყველაფერი.

- თუ მართლა ფიქრობთ, რომ "ოცნება"­ პრორუსული ძალაა და მიზანმიმართულად უშლის ხელს ევროკავშირში ინტეგრირებას, თქვენ დამატებით საბაბს რატომ აძლევთ? მაგალითად, შალვა პაპუაშვილმა უკვე განაცხადა, რომ "ლელო" "ნაციონალებსა" და "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად ევროპულ მომავალს უწყობთ საბოტაჟს.

- კი, პაპუაშვილი მაგას ამბობს, მაგრამ­ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც ეგენი ახლა აპირებენ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას, ჩვენ წელიწადზე მეტია ვითხოვდით კომიტეტებში მუშაობას. "ლელომ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" უკვე შევიტანეთ "მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ" კანონპროექტი, "ლელოს" ასევე შეტანილი აქვს "ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ" კანონპროექტი; გახარიას გუნდს წარმოდგენილი აქვს იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია დასავლეთის რეკომენდაციები. ესე იგი, ყველაფერზე, რასაც ევროკავშირი თავის 12-პუნქტიან გეგმაში გვეუბნება, ჩვენ ნამუშევარი გვაქვს. ეს საკითხები ყოველი ბიუროს სხდომაზე გვაქვს განსახილველად შეტანილი, მაგრამ არაფრად მიიჩნევენ და სხვა ოთახში გვეპატიჟებიან იმავეზე სალაპარაკოდ. პირადად მე სხვა ოთახშიც მივალ, არა მაქვს პრობლემა, მაგრამ უნდა ვიცოდე,­ თუ ახლა მაინც ნამდვილად აპირებენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. რა აზრი აქვს მათთან ერთად ერთ ოთახში ჯდომას, როდესაც ვხედავ, რომ ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობაში ანტიევროპული განწყობების დანერგვას?

შარლ მიშელის დოკუმენტის შექმნამდეც ბევრი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ბოლოს შეთანხმება გადააგდეს. აი, რა აზრი აქვს ახლა ამათთან ლაპარაკს, დროის ფუჭი კარგვაა და მეტი არაფერი! რიგგარეშე სესია და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა იქნება ის მოქმედება, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს გადავლახოთ "ოცნების" მიმართ უნდობლობა. მხოლოდ პარლამენტის რიგგარეშე სესიაა ერთობლივი მუშაობის მექანიზმი. პარლამენტში არიან თავმოყრილი ბოლო არჩევნების შედეგად გამოვლენილი პოლიტიკური ძალები და ერთობლივი მუშაობაც იქ უნდა იყოს. რა ლოგიკაა იმაში, რასაც მმართველი გუნდი გვეუბნება, სხვაგან დავსხდეთ სამუშაოდ და პარლამენტში­ თავ-პირი ვამტვრიოთ ერთ­მანეთსო. რა საჭიროა ცალკე სამუშაო ჯგუფის შექმნა, როდესაც პარლამენტში 16 დარგობრივი კომიტეტია და იქ სწორედ ის საკითხები შედის, რაც 12 პუნქტშია მოცემული. ჯერ სტატუსი მოგვეცით და საკონსტიტუციო ცვლილებებს მერე მივიღებთო, ეს რა ბავშვური ჟინიანობაა?! თუ გასაკეთებელია, ახლავე რატომ არ უნდა გავაკეთოთ, თუ არასწორი რეფორმაა, ჩვენთან ერთად რატომ გააკეთა "ოცნებამ" ამის ინიცირება და რატომ უყარა კენჭი პირველი მოსმენით?! რას აკეთებს კობახიძე, ევროპელებს აშანტაჟებს? ამ ჟონგლიორობასა და უპასუხისმგებლობაში ჩვენ არ ავყვებით.

- ამ რეალობის გათვალისწინებით, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რეკომენდაციების შესრულება?

- ჩვენ ბევრი ინიციატივა გვაქვს, ბევ­რზეც ჯერ კიდევ სამუშაოა. ვიცი, საით მიგყავთ­ საუბარი, დიახ, ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ნახევარი საქართველო ვერ შევა ევროკავშირში, მაგრამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთ სიბრტყეში დაყენება არასწორია, უდიდესი ინტელექტუალური შეცდომაა. ხელისუფლებაში მყოფ ძალას უპყრია მმართველობის საჭე, მის ხელთაა პრობლემების გადაწყვეტის რეალური ბერკეტი. ეს ძალაა ვალდებული მოუსმინოს ხალხს და გაითვალისწინოს 20 ივნისს შეკრებილი მრავალი ათასი ქართველის პოზიცია.ესენი კი რას აკეთებენ?! თავიანთი ჟონგლიორობით ჭკუიდან გადაჰყავთ მთელი დასავლეთი.

- თქვენი აზრით, ევროკავშირმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა ერთი წლით რატომ გადადო?

- ეს ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: ერთი კარგს, მეორე ცუდს. კარგი­ ის არის, რომ ევროკავშირს არ უნდა სწრაფად­ გვითხრას უარი და დროს გვაძლევს პრობლემების მოსაგვარებლად. ცუდი შეიძლება ის იყოს, რომ ევროპელებმა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ გაიაზრა ის პრობლემები, რის გამოც ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას ჩამოვრჩით. ნაცვლად იმისა, მითითებული პრობლემების გამოსწორება დაეწყო, ანტიევროპული პროპაგანდა გააძლიერა მართვადი მედიისა თუ "ოცნების" გუნდიდან გამოყოფილი სამეულის საშუალებით.

- 20 ივნისს შეკრებილი საზოგადოება და მათი ინტერესები ახსენეთ. მათ ინტერესებს რამდენად ადეკვატურად პასუხობს ოპოზიცია? თქვენი აზრით, 20 ივნისს, შემდეგ 24 ივნისს და 3 ივლისს აქციაზე გამოსული ხალხის პროტესტი რატომ ვერ მართა ოპოზიციამ?

- პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი საპროტესტო პროცესის ვერწარმართვა. პრობლემა ის არის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 32 წლის შემდეგაც კი არა გვყავს კომპეტენტური პოლიტიკური ძალები. დიდი უბედურება დაგვემართა, ვერც ერთმა­ მმართველმა პარტიამ ვერ დააღწია თავი კომუნისტურ გადმონაშთებს და ყველამ საკუთარი თავი წარმოიდგინა ჭეშმარიტების მქადაგებლად. სწორედ ამან ჩაკლა პოლიტიკური პროცესი. შედეგად პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირები მცირე ხნით ახერხებენ ერთ გუნდში ყოფნას, შემდეგ იშლებიან მარტივ მამრავლებად და ერთი პარტიიდან 7 იქმნება. მერე ეს 7 და კიდევ სხვა 7 იწყებენ კონსოლიდაციის გზების ძიებას, რათა ოპოზიცია კრიტიკულ მომენტში ერთიანი იყოს. აი, ამ დაშლილების გაერთიანებას მიაქვს ძალიან დიდი დრო, ენერგია და ვართ ერთ უბედურებასა და იმის ცდაში, ვინ ვის მიასწრებს მიკროფონთან, ვინ ვის დაასწრებს რადიკალური განცხადების გაკეთებას და ასე შემდეგ... ივანიშვილის მართლა წასვლით და "ოცნების" დაშლით პრობლემა არ მოგვარდება, თუ ქვეყანას პროფესიონალებით, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი არ ჩაიბარებს. თუ მხოლოდ "ოცნების" შეცდომების დანახვით ვიქნებით დაკავებული და საკუთარ პრობლემებს ვერ დავინახავთ, ისევ ძველ წრეზე ვიტრიალებთ. პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების არარსებობა ზუსტად ამაში ვლინდება. პოლიტიკა ჩოგბურთი არ არის, ინდივიდუალურად რომ ითამაშო. ეს გუნდური პროცესია, ერთი კარგი მეკარე ან თავდამსხმელი ვერაფერს გახდება. თანამოაზრეების გუნდია შესაკვრელი - სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცებისა და ქალებისაგან და არა ძალაუფლებისთვის ბრძოლებში გაწაფული პირებისგან. ერთსაც გეტყვით - მე და თქვენ ძალიანაც რომ მოვინდომოთ, დღეს დარგული მსხლის ნერგი ხვალ ნაყოფს ვერ მოგვცემს. ამისთვის რამდენიმე წელია საჭირო. პოლიტიკური პროცესიც ასეა - პოლიტიკური ძალა და ორგანიზაცია უნდა ჩამოყალიბდეს, სანამ ხელისუფლებაზე განაცხადებ პრეტენზიას. ჩვენ კი ყველაფერი ორ დღეში გვინდა.

ხათუნა ბახტურიძე