"ბოინგის" "მკვლელობა" რომ შერჩა პუტინს, იმიტომაც... - კვირის პალიტრა

"ბოინგის" "მკვლელობა" რომ შერჩა პუტინს, იმიტომაც...

დღეს 2022 წლის 17 ივლისია და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში,დონეცკის რაიონში, ბრძოლები იმ ადგილას მიმდინარეობს, სადაც რვა წლის წინ, 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან-კუალა-ლუმპურისკენ მფრენი „ბოინგ-777“ ჩამოაგდეს და 298 უდანაშაულო ადამიანის სხეულის ფრაგმენტები უკრაინის ამ მიწაზე მიმოიფანტა...

ეს იყო საჰაერო ტერორიზმის ნათელი მაგალითი და არც მისი ჩამდენები დარჩენილან უცნობი-უკრაინის ტერიტორიაზე მალულად გადატანილი „ბუკის“ საზენიტო-სარაკეტო დანადგარი ეკიპაჟითურთ, რომელმაც ეს ერთადერთი საბედისწერო რაკეტა გაუშვა და ამხელა ცოდვა დაიდო...

მაგრამ მთავარი დამნაშავე მაინც ისაა, ვინც ბრძანება გასცა რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ეს „ბუკი“ უკრაინის ტერიტორიაზე ფარულად გადაეტანათ და ესროლათ.

ლოგიკურია, რომ ამხელა პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერც ამ საზენიტო ბრიგადის მეთაური და ვერც საჰაერო თავდაცვის სარდალი აიღებდა, ისევე როგორც გენშტაბის უფროსი ან თავად თავდაცვის მინისტრი-ბრძანება სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე ფარულად რუსეთის არმიის საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანაზე რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლისგან, პრეზიდენტ პუტინისგან მოდიოდა მაშინ რვა წლის უკან, ისევე, როგორც ხუთი თვის წინ რუსეთის არმიის ღია ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ასევე პუტინის პირადი გადაწყვეტილებით მოხდა...

2-1658057455.jpg
ჩამოგდებული თვითმფრინავის დაღუპული მგზავრების ახლობლები მაინც არ კარგავენ იმედს, რომ „ბოინგის“ მთავარი „მკვლელი" - პუტინი ადრე თუ გვიან ამისთვის პასუხს მწარედ აგებს...

მაგრამ ვინ, იცის, მაშინ სამგზავრო „ბოინგის“ ასე ვერაგულად ჩამოგდების გამო მსოფლიოს უდიდეს ნაწილს უმკაცრესად რომ მოეთხოვა პასუხი რუსეთისგან და პირადად მისი პრეზიდენტ პუტინისგან, იქნებ დღეს უკრაინას ასცდენოდა რუსეთის თავდასხმა?

მაშინ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა წაუყრუა, ზოგმა კრემლის შიშით,ზოგიც მოსკოვმა „მოთაფლა“ ან კომპრომატები გაუხსენა, ფაქტია, რომ განვლილი რვა წლის განმავლობაში არავინ დასჯილა 298 უდანაშაული ადამიანის მკვლელობაში.

ჰააგაში სპეციალური სასამართლო დღესაც მიმდინარეობს... კუს ნაბიჯებით,ოთხ კონკრეტული პიროვნებას ბრალი წაუყენეს, მაგრამ ისინი უბრალო შემსრულებლებლები არიან იმ დიდ ჯაჭვში, რომელიც სათავეს კრემლიდან იღებს-მალაიზიური „ბოინგის“ „მკვლელი“ მთლიანად რუსეთის ფედერაცია, მისი ხელისუფლების ბრძანებითა და რუსეთის არმიის შესრულებით, ამიტომაც პასუხი მთ;იანად რუსეთმა უნდა აგოს, ისევე, როგორც 1993 წლის სექტემბერში სოხუმის აეროპორტში ქართული სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება-აფეთქებისთვის, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა...

მაგრამ პატრონი ვინაა? დღეს რუსეთი თითქმის ყოველდღიურად უფრო მეტ დანაშაულს სჩადის კაცობრიობის წინაშე, ვიდრე რვა წლის წინ სამგზავრო „ბოინგის“ „მოკვლა“ იყო, კრემლის ბინადარს თავის ამალასთან ერთად იმდენი ცოდვა დაუგროვდა მილიონობით ჩვეულებრივი ადამიანის წინაშე, რომ მათი მონანიება შეუძლებელი იქნება-მათთვის ერთადერთი გამოსავალი უკრიანაში სასწრაფოდ ომის შეწყვეტა და რუსეთის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა, თორემ ადრე თუ გვიან მათი ცოდვების გამო პასუხი მთელ რუსეთს მოეკითხება, დიდ-პატარიანად და შენდობა აღარავის ექნება, მათ შორის უკრაინაში რუსული რაკეტებით მოკლული ბავშვების მშობლებისგან...

პ.ს. მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების გამო პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად მაშინ რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა მთელი ძალით ამუშავდა, მოიგონეს ათასნაირი აბსურდული ვერსია, რომ გამოძიება ცრუ კვალზე წაეყვანათ, დრო გაეწელათ...

დრო მართლაც გაწელეს და კაცობრიობის წინაშე რუსეთის ახალი დანაშაულებების ფონზე, „ბოინგის“ „მოკვლა“ მსოფლიოს თითქოს მიავიწყეს, მაგრამ დღეს 17 ივლისია და ვიხსენებთ სხვადასხვა ქვეყნის იმ 298 უდანაშულო მოქალაქეს, რომელთა სიცოცხლე წამებში შეწყდა უკრაინის ცაში, იმ უკრაინის, რომლის ცასა, მიწაზე და წყალზე რუსეთი დღეს კიდევ უფრო მეტ ცოდვას სჩადის...