რუსეთმა ბიჭვინთა იჩუქა?.. - კვირის პალიტრა

რუსეთმა ბიჭვინთა იჩუქა?..

ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის თემას რუსეთი პერიოდულად უბრუნდება და როგორც ჩანს, შედეგსაც აღწევს. ამჯერად აქტიური განხილვის თემაა ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი. აფხაზური გამოცემა აპსადგილ.ინფო-ს ცნობით, რუსული მხარე ცდილობს "აფხაზეთის ხელმძღვანელობამ საკუთრებაში გადასცეს 186 ჰა-ზე გაშენებული აგარაკები".

აფხაზეთის პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრები ე.წ. პარლამენტს მოუწოდებენ ხელმძღვანელობამ რუსეთთან გაფორმებული რატიფიცირების შეთანხმებაზე იმუშაოს, რაც ბიჭვინთაში საზღვაო აკვატორიის ნაწილისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას გულისხმობს. საკითხის საბოლოო განხილვა პარლამენტის მომავალ სესიაზე, 18 ივლისს არის დაგეგმილი, თუმცა აფხაზები ამბობენ, რომ ყველაფერი გარკვეულია და ეს მხოლოდ ფორმალობა იქნება.

ე.წ. პარლამენტის გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი და ბიჭვინთის ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი, რომლის თქმითაც, შეთანხმება სავსებით მორგებულია აფხაზეთის ინტერესებს.

შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა და რუსეთის ფედერაციისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას, საზღვაო აკვატორიის მონაკვეთისა და მასთან არსებული სანაპიროების დაინტერესებული მხარისთვის იჯარით გადაცემას ითვალისწინებს. როგორც აფხაზურ მედიასთან დეპუტატი, საზოგადოებრივი პალატის წევრი გული კიჩბა ამბობს, ბიჭვინთის აგარაკების გაყიდვის საკითხი პირველად 2010 წელს განიხილეს, მაგრამ ბევრი ფაქტორის, მათ შორის იმის გამო, რომ "იურიდიული ექპერტიზა არ ჩატარებულა, საბოლოო დასკვნაც არ ჰქონდათ, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა განეხილათ და, ალბათ, ეს დრო ახლა დადგა".

bichvinta2-1658059349.jpg

რუსეთის "ჯიბის პარლამენტი" გაიყიდა...

"უკვე გასაგებია, რა გეგმაც აქვთ, მაგრამ საინტერესოა ჩვენი ჯიბის პარლამენტის პოზიცია - თითქოს ხალხი არც არსებობს, თავად წყვეტენ, რუსეთს მიგვაბარონ თუ არა. ამასთან, ეს არის ზღვასთან არსებული ტერიტორია, რომლის აკვატორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის თუნდაც იჯარით გადაცემას აფხაზეთის კონსტიტუცია კრძალავს", - წერს აფხაზი ბლოგერი ელი კვარჩია სოციალურ ქსელში.

გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან კობახიაც, რომლის მტკიცებითაც, "აფხაზეთი ვალში არავისთანაა". თუმცა მას მაშინვე შეახსენეს რუსული ინვესტიციები, დაფინანსებული პროექტები, ხელფასები, პენსიები, ადგილობრივ სასწავლებლებში აფხაზი ახალგაზრდებისთვის გამოყოფილი ლიმიტები და სხვა...

როგორც ისტორიკოსი ასტამურ ტანია ამბობს, მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას მოსახლეობის აზრის იგნორირება აუცილებლად გამოიწვევს დესტაბილიზაციას.

"პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ხალხის აღშფოთების ჩაწყნარება ჩვეული ხერხით სცადა - მისი თქმით, აფხაზეთი თავად არის დაინტერესებული, რომ რუსეთმა სახელმწიფო აგარაკით გრძელვადიან დროში ისარგებლოს და არავითარ "მიწის გადაცემაზე"“ საუბარი არ არის და ამ ხმას მხოლოდ ოპოზიციონერი პროვოკატორები ავრცელებენ.

"შენობები გადაეცემა კერძო საკუთრებაში, რადგან ყველა საჭიროებს შეკეთებას, ტერიტორია კი უნდა მოწესრიგდეს უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, რათა იქ რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა დაისვენონ... ამ სახლებს ჯიბეში არავინ თან არ წაიღებს",­ - აცხადებს ბჟანია.

აფხაზებს ბჟანიას ადმინისტრაციის განმარტების არ სჯერათ და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ 2020 წელს, როდესაც ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში ფიჭვები ვითომ ავადმყოფობის გამო გაჩეხეს, სინამდვილეში რუსულ ბიზნესს გამოუთავისუფლეს ადგილი. მაშინ ნაკრძალის დირექტორი დაურ ჯერგენია ამტკიცებდა, რომ სპეციალისტებმა შეისწავლეს ხეების მდგომარეობა და აღმოაჩინეს, რომ ფიჭვები დიდი ლაფნიჭამიით იყო დაზიანებული. როგორც აფხაზები ამბობენ, ნაკრძალის ადმინისტრაციას მოჭრილი ფიჭვების სანაცვლოდ არაფერი დაურგავს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ "ეს ფართობი კომერციული დანიშნულებისთვის იყო გამიზნული".

სოციალურ ქსელებში იქმნება საპროტესტო ჯგუფები, თუმცა მოსახლეობის ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი და ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და არაფერი შეიცვლება.

"ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა ჩვენი მედია, რომ აფხაზი ხალხის "მოძმე ერის" ხელისუფლება საკმაოდ რთულ პირობებში აყენებდა ქვეყანას. რუსეთი უხეშად ითხოვდა აფხაზეთის საკურორტო ზონებში უძრავი ქონების გადაცემას. ქართული მხარე დაუღალავად გვახსენებს, თუ რუსეთს გადასცემთ ყველაფერს, ხომ იცით, რომ ჩაგყლაპავენ და რისთვის იბრძოდითო, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, რადგან სოხუმში ხშირად მოისმენთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის კაპიტულაციის დოკუმენტში უფრო იყო მის მიმართ პატივისცემა შენარჩუნებული, ვიდრე იმ რუსულ-აფხაზურ ხელშეკრულებაში, რომლის შესრულებასაც "მეგობრულად" გვთხოვს მოსკოვი. სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქეზებს ანტირუსულ განწყობას, რაც უკვე იგრძნობა და თუ არ გაიზრდება, ნამდვილად არ შემცირდება", - წერს გარი გიცბა.

ლია დბარის თქმით, თუკი რუსეთი ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ფინანსური დახმარების დათვლას შეეცდება, მაშინ "აფხაზეთმა უნდა უპასუხოს, რომ ქვეყანაში არსებული საკურორტო ობიექტების ახლანდელი რეალური ფასი ასობით მილიონი დოლარია. ეს მაშინ, როცა ისინი, ფაქტობრივად, უფუნქციოა და მათი ამუშავების შემთხვევაში ქვეყანას მილიარდიან მოგებას მოუტანს. რუსეთი კი დახმარების კვალდაკვალ წლების განმავლობაში აფხაზეთიდან თითქმის უფასოდ ეზიდებოდა ბუნებრივ მასალებს, ქვა-ღორს, ხრეშს, ჭრიდნენ ხეებს... ვითომ სირიელი ლტოლვილები შემოიყვანეს, მათთვის ბინები გაარემონტეს, თუმცა იმ ხალხმა აქ დიდხანს ვერ გაძლო და ბინები ვის შერჩა?.. რუსებს. ისინი აქირავებენ აქაური სომხების დახმარებით. ჩვენ ისევ არავინ არაფერს გვეკითხება", - წერს დბარი.

"ბიჭვინთაში ნათესავები მყავს და კარგად ვიცნობ სიტუაციას - იმ აგარაკების გარდა, რუსეთი ჩვენი ხელისუფლების დახმარებით მიმდებარე ტერიტორიების მითვისებასაც ცდილობს. იქ მცხოვრებთა თქმით, ლიძავის ტრასის გასწვრივ მოსახლეებმა ჯერ კიდევ 2019 წელს ორმეტრიანი რკინის ღობე ააშენეს და იძულებული არიან სამხედრო-საკონტროლო პუნქტი პირადობის მოწმობით გადაკვეთონ. მათ ახლობლებს, ნათესავებს, სტუმრებს რუსეთის ფედერაციის დაცვის სამსახურის ნებართვის გარეშე იქ შესვლის უფლება არა აქვთ. ეს შეზღუდვა ვრცელდება სასწრაფო დახმარებისა და სახანძროს მანქანებზეც, რის გამოც სულ აგვიანებდნენ. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი უწყებები მოსახლეობის მოთხოვნაზე, რამე შეეცვალათ, არ რეაგირებდნენ... რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ ალექსანდრ ტკაჩევს გაგრაში ორი დიდი აგარაკი აქვს. თუ ბიჭვინთის ნახევარს მის მაფიოზ მეგობრებს გადასცემენ, ვითომ იმის გამო, რომ იქაურობა ინგრევა და სხვა გამოსავალი არ არის, არც ამის გამო დაიწყება დიდი ამბავი, რადგან ყველაფერს შეგვაჩვიეს, თან მაშინვე დაგვისვამენ კითხვას, რუსეთი რომ არ იყოს, რას შეჭამდითო?!" - წერს იგორ გოლანძია.

ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი

ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი 1966 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავდა ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას. ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთში მდებარეობს. თავად ნაკრძალის ცალკეული ნაწილი როგორც რელიეფით, ასევე გეოლოგიური აგებულებითა და ნიადაგით ერთმანეთისგან განსხვავებულია, რაც ნაკრძალის მცენარეულ მრავალფეროვნებას განსაზღვრავს. ნაკრძალის დასახელებიდანაც ჩანს, რომ ის ორი ნაწილისაგან შედგება: ბიჭვინთის მონაკვეთი ქალაქ გაგრის მახლობლად, ბიჭვინთის კონცხზე მდებარეობს და მისი ფართობი 347 ჰექტარია. მიუსერის მონაკვეთი ასევე ზღვის ნაპირზე, ბიჭვინთიდან 15 კილომეტრზე, სამხრეთით მდებარეობს. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში ტყეები, ძირითადად, სუბტროპიკული ზონის შერეული ტყეებია. აქაურობისთვის დამახასიათებელი 92 სახეობის ხე-მცენარე და ბუჩქიდან 28 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.

ბიჭვინთის ქართული სახელწოდება, ისევე როგორც ბერძნული – პიტიუნტი, ფიჭვიდან მომდინარეობს. დიდი პიტიუნტი, იგივე ბიჭვინთა, პირველად ბერძენი ისტორიკოს სტრაბონის „"გეოგრაფიაშია" მოხსენიებული როგორც ელინისტური ხანის მნიშვნელოვანი ქალაქი. იქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალების მიხედვით, გვიან ანტიკურ ხანაში პიტიუნტი დიდი კულტურული და სავაჭრო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ბიჭვინთის მახლობლად, სოფელ ლიძავაში, აღმოჩენილია ანტიკური ხანის 150-მდე რომაული მონეტა, IV საუკუნის 310 სპილენძის მონეტა და ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის ბრინჯაოს მდიდარი მასალა.

ნაკრძალის ახლოს მდებარეობს X საუკუნის ბიჭვინთის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რომლის კედლებზეც XVI საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ბიჭვინთის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობს V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, რომლის იატაკი შემკულია მარმარილოთი და მოზაიკით, რომელიც იმავე პერიოდის სირიისა და პალესტინის მოზაიკას ჰგავს.

საბჭოთა კავშირის დროს მას ნიკიტა ხრუშჩოვის საზაფხულო რეზიდენცია ერქვა. არაერთი საბჭოთა ლიდერიც იმ აგარაკზე იღებდა საპატიო უცხოელ სტუმრებს. 1974 წელს ლეონიდ ბრეჟნევმა ბიჭვინთის აგარაკზე საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტს ჟორჟ პომპიდუს უმასპინძლა... როგორც ამბობენ, 2017 წლის ზაფხულში მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ეწვია. ახლა აფხაზები სოციალურ ქსელებში ირონიულად წერენ, რომ "რუსეთის პრეზიდენტს მაშინ ადგილობრივებთან უხუმრია, პენსიაზე რომ გავალ, აქ უნდა დავისვენოო, ჰოდა, მაშინვე უნდა გვეფიქრა, რომ მას აფხაზეთზე გრძელვადიანი კერძო გეგმები ჰქონდა".