"მე ისევ ისეთი ვარ, როგორიც 40 წლის წინ - უამრავი გიჟური იდეით სავსე“ - კვირის პალიტრა

"მე ისევ ისეთი ვარ, როგორიც 40 წლის წინ - უამრავი გიჟური იდეით სავსე“

"ისევ ვოცნებობ, სიცოცხლე ისევ მწყურია და დიდი სურვილი მაქვს გაგრძელების. არასდროს გაეტიროთ წარსულს. ახლა მინდა „ფერარიში“ ჩავჯდე და სწრაფად გავქროლდე, რადგან დრო სწრაფად მიდის და ჩემი ასაკის გათვალისწინებით, რაღაცები კიდევ უნდა მოვასწრო“

ფრანკო რუბარტელი და ვერუშკა ფონ ლენდორფი - ფოტოგრაფი და მოდელი. ამ ორი სახელის უკან დგას მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპოქა და სწორად მათ სახელს უკავშირებენ ჟურნალ "ვოგში" პირველ კრეატიულ, იმ პერიოდისთვის სრულიად განსხვავებულ ფოტოებს. ვერუშკა, იგივე ვერა ფონ ლენდორფი, გერმანელი არისტოკრატია, მოდელი, მსახიობი, ბევრი დიზაინერის მუზა. ის მოდის სამყაროში განსაკუთრებულ სახედ მიიჩნევა, მისი აღმოჩენა კი იტალიელი ფოტოგრაფის, ფრანკო რუბარტელის, დამსახურებაა. ამჟამად ფრანკო რუბარტელი 85 წლისაა და სამხრეთ ამერიკაში, კუნძულ მარგარიტაზე ცხოვრობს. როგორ მოხვდით ფლორენციელი კაცი სამხრეთ ამერიკაში-მეთქი? ეს თავგადასავალი გაცილებით ადრე რომში დაიწყო და ბევრი რამ გადამხდა, სანამ აქ ჩამოვიდოდიო, მიპასუხა. ფრანკო რუბარტელი "კვირის პალიტრას" უამბობს, როგორი იყო ცხოვრება კუნძულამდე და მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად წოდებულ ვერუშკასთან.

nino2-1658060257.jpg

"მჯერა, რომ ადამიანთა შორის ანგელოზებიც არიან“...

- ფოტოგრაფობაზე არასდროს მიფიქრია. მინდოდა სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები მესწავლა - დიპლომატობაზე ვოცნებობდი. რადგან დიპლომატისთვის ენების ცოდნა უმნიშვნელოვანესია, გადავწყვიტე ინგლისურში მემეცადინა. დედამ ფული შემიგროვა და კემბრიჯში გამიშვა სასწავლებლად.

მე მჯერა, რომ ადამიანებს შორის ანგელოზები არიან. მათ არ აქვთ ფრთები, თუმცა დასახმარებლად ადამიანის სახით გვევლინებიან. ჩემს ცხოვრებაში ანგელოზებს რამდენჯერმე შევხვდი. პირველად ეს იყო კემბრიჯში. რამდენიმე თვე სწავლის შემდეგ ერთ შუადღეს ლუდის დასალევად ბარში შევედი. იქ ოფიციანტებად სტუდენტი გოგონები მუშაობდნენ. ჩემ გვერდით მაგიდასთან წვერიანი კაცი იჯდა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. ისიც მიყურებდა. როდესაც მიმტანმა ლუდი მიუტანა, ამ კაცმა უცებ ხელი გაჰკრა და ჩემს მაგიდაზე დაღვარა. უცნობმა ეს თითქოს განზრახ გააკეთა. მიმტანი ძალიან შეწუხდა. მას ყურადღება სწორედ ამ დროს მივაქციე. ლამაზი, მაღალი, ცისფერთვალება გოგო იყო, გრძელი ქერა თმით. ფრანსუა ერქვა. მოგვიანებით ფრანსუა ჩემი ცოლი გახდა. ეროვნებით შვეიცარიელმა ჩემმა შეყვარებულმა ვერ გაძლო თავის სამშობლოში და ჩემთან ჩამოვიდა, რომში. მალევე გაჩნდა ჩენი პირველი შვილი ლუიჯი. ჩვენ ხელგაშლილად არ ვცხოვრობდით, თუმცა ბედნიერები ვიყავით.

nino4-1658060257.jpg

კაცი, რომელმაც ლუდის კათხას ხელი გაჰკრა, ჩემთვის ანგელოზია - მან გამაცნო ფრანსუა. ჩვენი ოჯახური ცხოვრება ბედნიერად გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ ფრანსუას მოდელი მეგობარი ჩამოვიდოდა. სწორედ მან დაჰპატიჟა ფრანსუა გადაღებაზე, სადაც მისი სილამაზე სხვა ფოტოგრაფებმაც შენიშნეს და აქედან დაიწყო ჩემი ნერვიულობა. თავიდან ძალიან მიხაროდა ფრანსუას წარმატება, გადაღებებზე დავყვებოდი, ვამაყობდი, ქუჩაში რომ ცნობდნენ, დავყვებოდი გასტროლებზეც - სხვადასხვა ქვეყანა მოვიარეთ ერთად. ერთი წუთი არ ვტოვებდი, მუდმივად მის გვერდით ვიყავი, ვეჭვიანობდი... ახლა ვფიქრობ, რომ ცოტა სასაცილოდაც კი გამოვიყურებოდი, თუმცა მაშინ ჩემი ცხოვრება დავკარგე, აღარაფერი მაინტერესებდა: აღარც სწავლა, აღარც მუშაობა, მხოლოდ ფრანსუა და მისი გადაღებების თვალის დევნება მინდოდა. ჩემი ამაყი ხასიათი ეჭვიანობამ შეცვალა.

nino7-1658060258.jpg

„სიყვარულმა და ეჭვიანობამ ხელში კამერა ამაღებინა...“

- ერთ დღესაც გადავწყვიტე, მეც ამეღო ხელში კამერა და გადაღება მომესინჯა. წავედი ფოტოსტუდიაში და გამოვიკითხე, რა უნდა გამეკეთებინა. ამიხსნეს, თუმცა ეს ჩემთვის ჩინური იყო. მოვკიდე ხელი ფრანსუას და წავედით სანაპიროზე. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, რომ ბევრი ფოტო უნდა გადამეღო, რამდენიმე კარგი რომ გამოსულიყო. არც ის ვიცოდი, განათება როგორ დამეყენებინა, რა რაკურსი შემერჩია. ასე გიჟივით გადავუღე ფოტოები. ფრანსუა ასრულებდა ჩემს დავალებებს და მეუბნებოდა, ასე მოდა არ „კეთდებაო. ეს იყო სიყვარულის გამოვლენის პროცესი. მე ვგრძნობდი, რომ მას ვკარგავდი, არადა, მხოლოდ სიყვარულის მიცემა შემეძლო მისთვის, სხვა არაფრის, რადგან 19 წლის სტუდენტი ვიყავი, სხვა ფოტოგრაფს კი შეეძლო მისთვის წარმატება, სახელი და ფული შეეთავაზებინა, თუმცა არ დავნებდი და ფოტოები "ვოგის"“ რედაქტორს, დიანა ვრილენდს გავუგზავნე. მოგვიანებით მან პასუხი მომწერა: "ლამაზი ფოტოებია და მშვენიერი მოდელი". თავიდან ფრანსუამ იფიქრა, ვეხუმრებოდი, თუმცა "ვოგის" რედაქტორმა მალევე მიგვიპატიჟა ნიუ-იორკში და მე და ჩემს მოდელს კონტრაქტიც გაგვიფორმა.

ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ ფრანსუამ ბავშვით შვეიცარიაში მშობლებთან წასვლა არ გადაწყვიტა, მერე კი მისი ადვოკატისგან მივიღე შეტყობინება განქორწინების შესახებ. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენ შორის ბრძოლა. სიყვარული სიძულვილში გადაიზარდა. სამუშაო აღარ მქონდა, რადგან ჩვენ ისე შეწყობილად ვმუშაობდით, ცალკე აღარავის ვჭირდებოდი. დავრჩი მარტო, ფრანსუასა და ლუიჯის გარეშე.

nino5-1658060257.jpg

„ვერუშკას რცხვენოდა თავისი გრძელი ფეხების...“

- ერთ დღეს რომში, სასტუმროში, შეხვედრაზე დამიბარეს. ლოდინის დროს შევნიშნე მაღალი ქალი, გრძელი ქურთუკით, მაღალი ჩექმით... ვინაობა ვიკითხე და მითხრეს, რომ გერმანელი მოდელი ვერუშკა იყო. რამდენიმე დღის შემდეგ დავრეკე სასტუმროში და ვერუშკას შეხვედრა ვთხოვე - ვუთხარი, ფოტოგრაფი ვარ და შენი პორტფოლიოც წამოიღე-მეთქი. მოვიდა, თუმცა მას ბევრი ფოტო არ ჰქონდა - მაშინ ჯერ არ იყო პოპულარული. დიდხანს ვისაუბრეთ, ერთმანეთს ჩვენი პრობლემები მოვუყევით. ის წუწუნებდა თავის სიმაღლეზე, ძალიან მაღალი ვარ და ძალიან გრძელი ფეხები მაქვსო. საუბრის დროს შევნიშნე, როგორ მალავდა ფეხებს სკამის ქვეშ. მან ფალანგების ოპერაციაც კი გაიკეთა, რომ უფრო პატარა გამოჩენილიყო. იხსენებდა მამას, რომელიც ჰიტლერის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა და ამისთვის გაასამართლეს. მე ჩემს წარუმატებელ ქორწინებაზე ვუამბე. ჩენი პირველი შეხვედრისას დრო ისე გავიდა, ვერც მივხვდით, რესტორანი როგორ დაიკეტა, შუქი ჩააქრეს და მიმტანმა გვთხოვა, სახლში წადითო. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ განუყრელი გავხდით. მომდევნო ცხრა წელი ერთმანეთის გარეშე არ გვიცხოვრია. გადაღება ისევ ისეთი სიმძაფრით მომინდა, როგორც პირველად. მე და ვერუშკა სულ ვცდილობდით, განსხვავებული ფოტოსესია მოგვეწყო, ძალიან შემოქმედებითად ვუდგებოდით ამ ამბავს.

უამრავი სახალისო თავგადასავალი გადაგვხდა. ერთ დღეს ტანის მოხატვის იდეა დაგვებადა. ბაჰამის კუნძულებზე წავედით. ყველა ფოტო უნიკალური გამოვიდა. ისეთი გიჟური იდეები გვქონდა, ჩვენი მხოლოდ დიანა ვრილენს ესმოდა და„"ვოგთან"“ მეორედ დავიწყე თანამშრომლობა, უკვე ვერუშკასთან ერთად. დიანა თვალდახუჭული გვენდობოდა, მას სჯეროდა ჩვენი, იცოდა, რომ სრულიად განსხვავებულ ფოტოებს მივუტანდით.

nino6-1658060257.jpg

"ჩვენს თავგადასავლებზე წიგნი დაიწერება"

- ჩემი კარიერის საუკეთესო წლები პარიზის "ვოგს" უკავშირდება. მე და ვერამ მსოფლიო მოვიარეთ. ლამის თვითმფრინავში ვცხოვრობდით და ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. ჩვენს თავგადასავლებზე წიგნი დაიწერება. ერთხელ იაპონიაში, კიოტოს ერთ-ერთ ულამაზეს ბაღში შხამიანმა გველმა მიკბინა - სანამ ვერუშკა ოქროს თევზებს აჭმევდა და მე ვუღებდი, გველი კისერთან ამოხოხდა. ტაძრის მღვდელი რომ არა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი, მან გამიკეთა ანტიდოტი და გადავრჩი, თუმცა ორი დღე საწოლში გავატარე. მეგონა, ვკვდებოდი... სამხრეთ აფრიკაში კინაღამ ლომებმა შეგვჭამეს - გადაღების დროს უკნიდან გვეპარებოდა ლომების ჯგუფი და ვერუშკა განწირული ხმით კიოდა, ჩქარა გავიქცეთო.

ბანგიში ვიზიტისას (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი) პრეზიდენტის და კანიბალად ცნობილი ჟან ბედელ ბოკასას სტუმრები ვიყავით. მას შეუყვარდა ჩვენი რედაქტორი ნატალი, რომელმაც აღარ იცოდა, როგორ მოეგერიებინა ბოკასას თავდასხმები. დასრულდა ვიზიტი, დადგა ჩვენი წამოსლის დრო, მაგრამ ბოკასა არ გვიშვებს!.. პატივისცემის ნიშნად ის იხდიდა ჩვენი იქ ყოფნის ხარჯს. როგორც კი ნატალიმ მტკიცე უარი უთხრა, ბოკასა გაბრაზდა და მაშინვე მოგვთხოვა, სასტუმროს ხარჯი არ გაქვთ გადახდილი და სასწრაფოდ გადაიხადეთო... რა უნდა გვექნა? ეშმაკობა გამოვიჩინეთ და ბოკასას ვუთხარით, ნატალი საფრანგეთის პრეზიდენტის ქალიშვილიაო. ასე გავაცურეთ და თავი მშვიდობიანად დავაღწიეთ.

nino3-1658060257.jpg

"მე არასდროს არაფერი გადამიღია სიყვარულის გარეშე"

- მე და ვერუშკას უამრავი თავგადასავალი გადაგვხვდა. ფოტოების გარდა, მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღებაც მინდოდა. ძალიან გვიან მივხვდი, რომ ამ ურთიერთობაშიც ზუსტად იმავე შეცდომას ვუშებდი, რაც ფრანსუასთან დავუშვი - 24 საათი ერთად ვიყავით. ყოველდღე ერთმანეთს ვაღვიძებდით ერთი კითხვით: დღეს რას გადავიღებთ, რა იდეა გვაქვს? ფოტოები ჩვენი ცხოვრების მთავარი აზრი იყო. გვქონდა შანსი, გავმხდარიყავით მშობლები - ვერა ორსულად იყო, თუმცა ჩვენ ბავშვისთვის დრო არ გვქონდა, ვერ ვიქნებოდით დედა და მამა... და ერთ დღეს, ჩვენი შეხვედრიდან ცხრა წლის შემდეგ, ამ სიყვარულის ისტორიაც დასრულდა. ჩვენ დავღალეთ და დავტანჯეთ ერთმანეთი...

მე არასდროს არაფერი გადამიღია სიყვარულის გარეშე და როდესაც სიყვარული გაქრა, ფოტოებიც აღარ გამოვიდა ისეთი, როგორიც თავიდან იყო. იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა გადამერჩინა, ფილმის გადაღება გადავწყვიტე. მინდოდა ისევ ყოფილიყო ცეცხლი ჩვენ შორის. ეს იქნებოდა ფრანკოს და ვერუშკას ისტორია. ორი წელი ჩავიკეტე და თავგამოდებით ვმუშაობდი. მთელი ჩემი და დედაჩემის დანაზოგი მოვახმარე ამ ფილმს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ. ზოგჯერ პურის ფულიც კი არ მქონდა... ერთადერთი, ვინც გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი გამომიწოდა, ფრანგული „"ვოგი"“ იყო. ბევრ ქვეყანაში გამგზავნეს სამუშაოდ, მათ შორის - ვენესუელაში, სადაც უნდა გამეკეთებინა რეპორტაჟი, სახელწოდებით „ვენესუელა - ჩემი სიყვარული“ და ვენესუელა მართლაც გახდა ჩემი სიყვარული. მას შემდეგ ვენესუელაში, კუნძულ მარგარიტაზე ვცხოვრობ. აქ გადავიღე ფილმი კუნძულზე, რომელმაც გზა გამიხსნა წარმატებისგან. მოგვიანებით ავაგე რანჩო ზღვის პირას, სადაც დავსახლდი და დღემდე აქ ვცხოვრობ. ბედნიერი ვარ. ლუიჯის გარდა, მყავს ორი ქალიშვილი. ეს განსაკუთრებული მხარეა ულამაზესი ბუნებით და ფანტასტიკური ქალებით. ისევ მინდა ფოტოგრაფობა და ისევ ფრანგული „"ვოგისთვის". მე ისევ ისეთი ვარ, როგორიც 40 წლის წინ - უამრავი გიჟური იდეით სავსე. ისევ ვოცნებობ, სიცოცხლე ისევ მწყურია და დიდი სურვილი მაქვს გაგრძელების. არასდროს გაეტიროთ წარსულს. ახლა მინდა „ფერარიში“ ჩავჯდე და სწრაფად გავქროლდე, რადგან დრო სწრაფად მიდის და ჩემი ასაკის გათვალისწინებით, რაღაცები კიდევ უნდა მოვასწრო.