ხახაბოს მცველები
პაატა ხახიაურზე მინდა მოგითხროთ, დიდ ტრაგედიაგადატანილ ობოლ ბიჭზე, რომელმაც დაუჯერებელი რამ შეძლო - თავისი სოფელი გააცოცხლა, მიტოვებულ სოფელში, 2150 მეტრ სიმაღლეზე, პირველი სახლი დადგა და იმედიც გააჩინა, ქვეყნის ფეხზე დადგომის იმედი. თუ მას სხვებიც მიჰბაძავენ, შეიძლება დავიჯეროთ, რომ ჩვენი მიწა აღორძინდება. დღეს პაატა ხახიაურის სახლი მხოლოდ მისი ოჯახის ან ხახაბოს კი არა, თითქოს მთელი საქართველოს სიმბოლური კედელია, ისე, როგორც თავად პაატა, დამანგრეველი სტიქიის შემდეგ თვე-ნახევარი რომ ეხვეწა ადგილობრივ ხელისუფლებას, გზის აღსადგენად ტექნიკა გამოგზავნეთო, მერე კი, ამაო დაპირებებით გაბეზრებულმა, ძალაყინი აიღო და თავად გამოტეხა საფეხმავლო ბილიკები სიპ კლდეებში, თანაც - 6-კილომეტრიან ხეობაში, ბარიდან ამოსული სამი მწყემსისა და საკუთარი მარჯვენის იმედით. დღეს ის მხოლოდ ერთს დარდობს: ხევსურებიც მთელი საქართველოსავით დათითოკაცებული რომ არ ვიყოთ, მხოლოდ საკუთარ ჯამში რომ არ ვიხედებოდეთ და ერთი ძალა გვქონდეს, ხელისუფლება ტყუილ დაპირებებს ვერ გაგვიბედავდა.
- პაატა, თქვენისთანა ხალხი რომ არსებობს, რომელიც საქვეყნო ტვირთს მარტო წამოიკიდებს ხოლმე, იმიტომაც არ ღირს მომავლის იმედის დაკარგვა, თორემ ჩვენი გათითოკაცება მართლაც ტრაგედიაა. ისე კი, მაინც როგორ გადაწყვიტეთ იმ უკაცრიელ სოფელში სახლის აშენება, სადაც ზვავმა თქვენი ნახევარი ოჯახი შეიწირა?
- ეს უკაცრიელი სოფელი ჩემი სამშობლოა, აქ გაგვზარდა და გვასწავლა დედაჩემმა, რომელიც ზვავმა 11 წლის ასაკში წამართვა. იმ უბედურებამ ოჯახი ორად გაგვიყო: მე, მამაჩემი და ჩემი უფროსი და გადავრჩით, მაგრამ დედა და და-ძმა ზვავიდან ცოცხლები ვერ ამოვიყვანეთ. მე სასწაული დედა მყავდა... Aასე მგონია, ირგვლივ გონებით მისი მსგავსი არც არავინ იყო. ახლაც თვალწინ მიდგას, ძალიან პატარებს დიდებივით რომ გველაპარაკებოდა და ყველაფერს გვასწავლიდა. იქიდან მახსოვს, სწორ გზაზე სიარული და ღირსება რა არის. ჩემი ბავშვობის დასასრული დედაჩემის სიკვდილით დაიწო და დედინაცვლის გამოჩენით დასრულდა.E ეს თითქმის ყოველთვის ასე ხდება. ასეთ დროს ძლიერი ვინც არის, მხოლოდ ის გადარჩება ადამიანად. მგონი, მე და ჩემი და გადავრჩით, ოღონდ Eეგ იყო, მან ამ მდგომარეობას ძალიან ადრე, 15 წლის ასაკში, გათხოვება არჩია, თუმცა, ღვთის მადლით, კარგი ოჯახი აქვს, ღმერთმა კარგად მიმყოფოს მისი თავი, მე კი ბევრი ვიწვალე, ბევრი გაჭირვება გადავიტანე, მაგრამ ისევ დედაზე ფიქრმა მიხსნა. როდესაც ცუდი დღეები მქონდა, როდესაც შეცდომები მომდიოდა და შეიძლებოდა უფსკრულში გადავჩეხილიყავი, დედა მაშინ მახსენებდა თავს. ჩემდა უნებურად, დავფიქრდებოდი ხოლმე, აბა, რას აკეთებ, ეს დედას მოეწონებოდა-მეთქი? და როცა ვხვდებოდი, რომ ჩემი საქციელი დედას არ მოეწონებოდა, სხვაგვარად ვიქცეოდი. აი, ამ ფიქრებმა გადამარჩინა და იქნებ ხახაბოშიც ამან დამაბრუნა. აქ მაქვს ჩემების საფლავები, აქ მყვანან დედა და და-ძმები... ბინა ანანაურში მაქვს, ჩემს სოფელზე ფიქრი კი იქაც და სადაც უნდა წავსულიყავი, სულ თან დამქონდა. ზაფხული არ ყოფილა, სოფელში არ ამოვსულიყავი. წინაპართა კერაზე პატარა ქოხი მედგა და ის მიცავდა ქარ-წვიმისაგან.
- და მარტო იყავით...
- მარტო რატომ? სოფელში მაშინაც და ახლაც ზაფხულობით მარო ბებო ამოდიოდა, რომელმაც ჩემსავით ვერ მიატოვა ფუძე და კიდევ, ხახაბოდან 2 კილომეტრში, ხახაბოს ჭალაში, ბარიდან მწყემსი ბიჭები ამოდიოდნენ მაშინაც და დღესაც. ეგენი მყავდნენ.
- თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი...
- მაგრამ დიდი იმედი! სახლის აშენება კი ორი წლის წინ დავიწყე, მაისში და უკვე ივლისში ჩემს თავს ვუთხარი, მორჩა, პაატა, ხახაბოში უკვე სახლი გიდგას-მეთქი!
- კლდეზე გადმოდგმული თქვენი სახლის შემხედვარეს მიჩნდება განცდა, რომ ცას კიბე აკლდა და მიაშენეს. სამშენებლო მასალა როგორ აგქონდათ ასეთ სიმაღლეზე, როცა გზაც კი არ გქონდათ?!
- ამბობენ, კაცმა თუ გულით მოინდომა, რკინას გაკვნეტს და წადილს მაინც შეისრულებსო. ასეთი გულის მონდომებით დავიწყე და ასეთივე გულის მონდომებით დავასრულე შენება, სამშენებლო მასალებზე კი ხევსურები დიდად არ ვწუხდებით - ადგილობრივი, სიპი კლდების ქვით ვაშენებთ მშრალი შენებით, უდუღაბოდ. ამ მასალისთვის მე კლდეზე გასვლა არც დამჭირვებია - წინაპართა ჩამოშლილი ფუძე ავკრიფე და ამით ავაშენე. რამდენიმე ტომარა ცემენტი დამჭირდა და ის როგორღაც ამოვზიდე. იმედა დაიაური მეხმარებოდა მშენებლობაში - ჩემთან შეზრდილი კაცი და მარჯვენა ხელი, და კიდევ ერთი გოგოს, ნინო ბარნაბიშვილის სიყვარული, რომელიც დღეს ჩემი ცოლია. სახლის შენება რომ დავიწყე, უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ დავოჯახდებოდით, თორემ საქმე მართლა არ იყო ადვილი. ისე ვიღლებოდი, რომ დაჯდებოდი, ადგომას ვეღარ შევიძლებდი და რომ ავდგებოდი - დაჯდომას.
- საინტერესოა, ეს გოგო ხახაბოში როგორ გაიცანით, თავისით მოვიდა?
- თქვენ კი ხუმრობთ, მაგრამ ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი ბედი და მართლაც თავისით მოიყვანა. იმ დროს მეც ტურისტებთან ვმუშაობდი ჩემი ცხენებით და ასე გავიცანი. ახლა ჩვენ ორს, სახლს რაც სჭირდება, ყველაფერი გვაქვს: საძინებლები, აბაზანა, სათავსი და მუდამ მომდინარე წყალი, რომელიც 200-ოდე მეტრით მოშორებულ კლდიდან გადმოვიყვანე. ყველაზე ცივი და ანკარა წყარო მოჩქეფდა და ეგ მოვიყვანე სახლში.

- ნუთუ თქვენი შემხედვარე სხვა ხახაბოელები არ ფიქრობენ ფუძეზე დაბრუნებას?
- ფიქრობენ, როგორ არ ფიქრობენ, მაგრამ ვერ ბადავენ. ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, ისე იცხოვრონ, როგორც მე ვცხოვრობ, როცა არც გზა გაქვს და არც - დიდი კომფორტი. ტელეფონსაც უჭირს დაკავშირება, ინტერნეტიც ხშირად ითიშება. მიუხედავად იმისა, რომ მზის პანელის დადგმაში დამეხმარნენ, ინტერნეტი მაინც ცუდად გვაქვს. მოკლედ, ჩვენ, ქართველებს, ძირითადად, ხომ იქ გვინდა ცხოვრება, სადაც გზა და ავტომანქანა მიდის. მაგალითად, ევროპაშიც გვინდა, რადგან იქ კომფორტია და მერე რა, რომ როგორც ემიგრანტები, მაინც ყოველთვის შეზღუდულები ვართ... არა უშავს, გავუძლებთ შეზღუდულობას და სხვის სამსახურს... მე კი არ მესმის, რას ეუბნები ევროპას, როდესაც სამშობლო, სახლი გაქვს მოუვლელი და იქ, სხვაგან გარბიხარ. ევროპას ხომ ვერ მოატყუებ, რა დღეშიც ხარ. შენს დაულაგებლობას და გათითოკაცებას ისიც მშვენივრად ხედავს და ისე გეპყრობა, როგორც იმსახურებ. თანაც, ჩვენ მარტო მთავრობა არ გვყავს დაულაგებელი და მხოლოდ მისი ბრალი არ არის ყველაფერი, არამედ ხალხისაც, რომელსაც ერთი პირი არ აქვს, რომ მთავრობას თავისი ძალა დაანახოს. ხევსურებიც ერთად რომ ვიყოთ, ერთი პირი გვქონდეს, ხელისუფლება ვერც ჩვენ გაგვიბედავდა ყოველდღე მოტყუებას და პირში ჩალის გამოვლებას, არიქა, გზის აღსადგენად ტექნიკას გიგზავნითო. რამდენჯერ ვუთხარი ჩვენებურებს, დავიძრათ და ერთად შევაწუხოთ დუშეთის გამგეობა-მეთქი, მაგრამ მხარი ვერასდროს ამიბეს. გამგეობამ მოთმინების ფიალა ამივსო თავისი დაპირებებით. სტიქიამ რომ სამანქანო გზა გამოგვაცალა, მას შემდეგ მატყუებდნენ გზის აღდგენის დაპირებებით. ბოლოს მე და ჩემი ცოლი იძულებული გავხდით, საშველად თბილისში წამოვსულიყავით. ამ დროს იკადრა და დაგვიკავშირდა დუშეთის გამგეობა, რა გინდათ თბილისში, უკან დაბრუნდით, ყველაფერს გავაკეთებთ გზის აღსადგენადო.
- დაუჯერებელია! ერთადერთი ოჯახი ძლივს მივიდა საზღვრისპირა სოფელში და მას თუ არა, ვიღას უნდა მოუსმინონ?
- მთას უნდა მოუსმინონ! კიდევ კარგი, იმდენი მაინც შევძელით, რომ 6 კილომეტრის რადიუსში, კლდეებზე, საფეხმავლო ბილიკები გამოვჭერით, თორემ ხეობაში ვეღარავინ ამოვიდოდა, დარჩებოდნენ ასე ტალახში ჩაყრილი ბარგით. ხევსურეთში ერთხელ ჩემს დიდ ოჯახს დაემართა ასე - ხიდი წაღებული დახვდათ და უგზოობის გამო ბარგი ორი თვე ეყარა ტალახში, შინამდე ვერ მიიტანეს.
- ცნობილია, რომ მთაში ბილიკების აღდგენა მთელ თემს ჰქონდა ხოლმე დავალებული და არა - ერთ კაცს.
- ხალხმრავალი თემი რომ აღარ არის, მაშ, ეს საქმე ვის შევჩივლოთ?! ისევ ბარიდან ხახაბოსჭალაში ამოსული მწყემსები ამომიდგნენ მხარში. მადლობა ზეზვა ზვიადაურს, Kკვირია მამიაურს, ზურაბ მინდიკაურს... ბევრი არც უფიქრიათ,D დილაადრიან წამომყვნენ სამუშაოზე.
სისხამზე გავდიოდით და საღამოს შინ იმ დროს ვბრუნდებოდით, რომ სახლის საქმე მოგვესწრო.
- როგორ გაატარა თქვენმა ქალაქელმა მეუღლემ ზამთარი ასეთ მკაცრ პირობებში?
- ჩემს მეუღლეს დაოჯახებამდე სულ ვეუბნებოდი, ცოდო ხარ. არ იცი, მთაში როგორი რთული პირობებია, ძალიან გაგიჭირდება-მეთქი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. სიყვარულს ყველაფერი შესძლებია. ნინომ მე მაჯობა სულიერ სიძლიერეში და არაფერი გაგვჭირვებია. ორივე ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. ნინო ხელოვანია, მე სახლის საქმე მქონდა. პირუტყვი და ფრინველი გვყავს და მათ ვუვლით.
- ბედნიერებასა და გამრავლებას გისურვებთ. ალბათ, ასეთ ყოველდღიურ საზრუნავზე ფიქრით როგორი დამძიმებული გაქვთ გონება...
- ჩემი მთავარი საზრუნავი და საფიქრალი ის არის, ვინც გარშემოა, ყველა ჯანმრთელად მყავდეს, მათთან ერთად კი - მთელი ჩემი ქვეყანა. თუ ქვეყანა ავად იქნება, ჩვენ კარგად როგორ ვიქნებით?! ჩვენი გათითოკაცებაა ქვეყნის ცუდად ყოფნის მიზეზი და მხოლოდ საკუთარ ჯამში ჩახედვა. რაც უნდა ვეძებოთ, დღეს ყველა ჩვენგანი თავის გარშემო მხოლოდ 2-3 კაცს თუ იპოვის ქვეყანაზე მაფიქრალს და ეგ მაწუხებს. და კიდევ: ყველა ადამიანი ამქვეყნად ან ცუდი კაცის სახელს ტოვებს, ან კარგი კაცისას. მე მინდა, ადამიანად დავრჩე და კარგი სახელი დავტოვო.