"ფოტოაპარატი გეხმარება, რომ სილამაზე მხოლოდ გულში კი არა, ფოტოებზეც შეინახო“ - კვირის პალიტრა

"ფოტოაპარატი გეხმარება, რომ სილამაზე მხოლოდ გულში კი არა, ფოტოებზეც შეინახო“

"გამაოგნებელია, როცა ხედავ, რა ლამაზები არიან ზურგზე ტვირთაკიდებული ჭიანჭველები, ან ყვავილების მტვერში ამოგანგლული ფუტკრები, ან თუნდაც ყვავილებზე მიძინებული ხოჭო... ახლოს ეს ყველაფერი ისეთი საინტერესოა, სუნთქვაშეკრული უყურებ. ან რა ლამაზია ხეობაში ჩაფენილი ნისლი! დილით, აკრეფამდე რომ მოასწრო მისი ნახვა, მთელი ღამე არ უნდა დაიძინო და დილაუთენია გაიქცე ხევებში..."

დავით ბილიხოძის (ბილის) ფოტოებს ზოგი კლასიკოსთა ნახატებს ადარებს. ფოტოგრაფი და ბაიკერი ბილი ათეულობით კილომეტრზე დაქრის ბუნების სილამაზის გადასაღებად. მისი ფოტოები უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს. ბევრი ამბობს: "გენიალური ბილი! გავხდები შენი შეგირდი!" თუმცა ადვილი როდია დაინახო ის, რასაც ბილი ხედავს. მაგალითად, ბალახის წვერზე ნათურასავით მოციმციმე დილის ნამი, ან მარწყვის პაწაწინა ყვავილზე ჩამოძინებული ხოჭო, რომელიც ყველას მახინჯი გვგონია, ბილისთვის კი ულამაზესია. ის თავისი ფოტოების გმირებს იქ პოულობს, სადაც მათ ბუნებამ დაუწესა ყოფნა და ასეთ გარემოში უშნო ვერაფერი იქნება. ადამიანებიც ხომ ასე ვართ: როცა ჩვენს ადგილზე ვართ, ლამაზად გამოვიყურებით, მაგრამ როგორც კი ჩვენი ფუნქციის შესრულებას თავს ვანებებთ, მაშინვე მომაბეზრებლები ვხდებით.

- ბილი, პირველად ვნახე ფოტოგრაფი, რომელიც ადამიანებს არასოდეს იღებს და მხოლოდ ბუნებაში დადის გადასაღებად, თანაც იქ ისეთ სილამაზეს აღმოაჩენს, ჩვენ რომ გულგრილად ვუვლით ხოლმე გვერდს...

- ბუნებაში ყველაფერი ლამაზია. ის პატარა მწერიც კი, რომელიც ჩვენს ქალბატონებს ყველაზე შეუხედავი და მახინჯი ეჩვენებათ და ზოგჯერ მის დანახვაზე გაჰკივიან. ბუნებაში ყველაფერი მომხიბვლელია. ალბათ, იმიტომ, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა და თავის ფუნქციას ასრულებს. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ის მომენტი მიყვარს, როცა ფოტოაპარატს მოვიმარჯვებ და აფუსფუსებულ მწერებს ვაკვირდები.

bili2-1658061167.jpg
ყაზბეგში თავიანთ ჩრდილებთან ერთად მიმავალი ცხენები

- ადამიანიც ხომ ასეა: სანამ თავისი ადგილი იცის და თავის საქმეს აკეთებს, მანამდე საოცრებაა, მაგრამ როგორც კი თავის დანიშნულებაზე უარს იტყვის, მაშინვე მომაბეზრებელ არსებად იქცევა...

- დიახ, ასეა. იცით, რატომ გადავწყვიტე ბაიკერობა და თან ფოტოგრაფობა? იმიტომ, რომ უფრო ახლოს ვიყო ბუნებასთან. მოტოციკლი უკეთ მაძლევს ამის შესაძლებლობას, ვიდრე ავტომანქანა. სხვათა შორის, გამოთქმა არსებობს: "ავტომანქანას ადამიანის სხეული დაჰყავს, მოტოციკლეტს კი - ადამიანის სული." ანუ როდესაც მოტოციკლზე ზიხარ, შენი სული მაშინ არის ბედნიერი და თავისუფალი, ასე რომ, ავტომანქანაც მაქვს, მაგრამ გზის 70%-ს მაინც მოტოთი გავდივარ. მანქანისგან განსხვავებით, მოტოს, სადაც მინდა, იქ გავაჩერებ და ხელს არავის შევუშლი. გაჩერების ადგილიდანაც, სადაც მინდა, წავალ ფეხით და რასაც მინდა, იმას გადავიღებ. ჩემთვის ბედნიერებაა ის წუთები, როდესაც თუნდაც ერთი კვადრატული მეტრის არეალში ნახევარი სამყაროს მოდელს ვხედავ. ამ მცირე ფართობზე გამაოგნებელ სურათს იხილავ, როგორ შრომობენ, რა ლამაზები არიან ზურგზე ტვირთაკიდებული ჭიანჭველები, ან ყვავილების მტვერში ამოგანგლული ფუტკრები, ან თუნდაც ყვავილებზე მიძინებული ხოჭო... ახლოს ეს ყველაფერი ისეთი საინტერესოა, სუნთქვაშეკრული უყურებ. ან რა ლამაზია ხეობაში ჩაფენილი ნისლი! დილით, აკრეფამდე რომ მოასწრო მისი ნახვა, მთელი ღამე არ უნდა დაიძინო და დილაუთენია გაიქცე ხევებში...

bili4-1658061167.jpg

- მაგრამ მაგ სილამაზეს დანახვა უნდა, ყველა ამას ვერ ხედავს. თქვენ ამას წინათ ისეთი ფოტო გამოაქვეყნეთ, ყველა მონუსხა - ყაზბეგში თავიანთ ჩრდილებთან ერთად მიმავალი ცხენები! მაგრამ შეიძლებოდა, ზოგს ცხენების ჩრდილები ვერც კი დაენახა.

- შეიძლებოდა. მაგას მხოლოდ მაშინ ამჩნევ, როდესაც ბუნება გიყვარს.

- ამ საუბრით მაფიქრებინეთ, რომ ზოგჯერ ბედნიერების მოპოვება არც ისე ძნელია - უნდა გასწიო ბუნებაში და თუნდაც მობილური ტელეფონი მოიმარჯვო ფოტოების გადასაღებად...

- ეგ ფოტოაპარატის გარეშეც შეიძლება. ფოტოაპარატი გეხმარება, რომ სილამაზე მხოლოდ გულში კი არა, ფოტოებზეც შეინახო. რაც უფრო მეტი ფერია ცხოვრებაში და ფოტოზე, მით მეტია ბედნიერების განცდა. ერთხელ ბაკურიანთან ახლოს ბერძნების სოფელში წავედი გადასაღებად. სოფელს ციხისჯვარი ჰქვია და უკვე სანახევროდ დაცლილია, თუმცა ფერადად შეღებილი სახლებია დარჩენილი და ძალიან კარგად მახსოვს, ამ ფერებმა ჩემზე როგორ იმოქმედა. აღარ მახსოვს, რამდენი ფოტო გადავიღე, ან სოფელს რამდენჯერ ჩავუქროლე მოტოთი, მაგრამ იმ დღეს ერთ-ერთი უბედნიერესი კაცი ვიყავი დედამიწაზე.

bili3-1658061167.jpg

- სულ ბედნიერი უნდა იყოთ, ისე ახარებთ თქვენი ფოტოებით ადამიანებს.

- ვცდილობ. ხანდახან მეკითხებიან, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, შენ როგორ ხედავო, მაგრამ ვერ ვუხსნი, ამის ახსნა ძნელია, თუმცა, მიხარია, რომ ჩემი ფოტოებით სხვებიც ზუსტად ისეთივე ემოციებს განიცდიან, როგორსაც მე განვიცდიდი გადაღებისას, ეს კი ჩემთვის ყველაფერია.