"ცუდი ის არის, რომ აღარც პური გვაქვს და აღარც - სანახაობა“ - კვირის პალიტრა

"ცუდი ის არის, რომ აღარც პური გვაქვს და აღარც - სანახაობა“

მსახიობ ბიძინა მახარაძის იუმორისტული სკეტჩები საქართველოში ძალიან პოპულარულია. მისი სცენაზე გამოსვლა ყოველთვის გულიან სიცილს იწვევს. პოპულარულ იუმორისტს თავის შემოქმედებასა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრეთ:

- თავდაპირველად თქვენს შემოქმედებაზე უნდა გკითხოთ: გაქვთ სიახლეები მაყურებლისთვის?

- ერთი სასიამოვნო სიახლე მაქვს: საავტორო საღამოს ვამზადებ და მინდა, ძალიან კარგი გამოვიდეს. ანალოგიური საღამო საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვიხსენებ, რომ რომელიმე ქართველ იუმორისტს საავტორო საღამო ჩაეტარებინოს. არ ვიცი, როგორ მოესწრება, მაგრამ ჩაფიქრებული მაქვს, სექტემბერ-ოქტომბერში საჯარო ბიბლიოთეკაში საცდელი წარმოდგენა გავმართო.

- იუმორისტები პოლიტიკას შედარებით მსუბუქად უყურებთ თუ მიმდინარე მოვლენებზე ჩვენსავით ნერვიულობთ?

- ცხადია, ჩვენც განვიცდით. მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყება ჩემთვის წარმოუდგენელი შოკი იყო, მეშინოდა, ამ ომის ტალღები ჩვენკენაც არ გადმოსულიყო. რაც შეეხება იუმორისტების "სიმსუბუქეს", სინამდვილეში ყველაფერი საპირისპიროდაა: ჩემი ნაცნობები ლამის დამცინიან - ბიძინას ისეთი წიგნები აქვს წაკითხული, არაფერში რომ არ სჭირდებაო. ძალიან მიყვარს ნიცშეს და მონტესკიეს ნაწერები, სტალინის, ლენინის, მარქსის და ენგელსის ნაშრომებიც კარგად ვიცი. ბევრს ვკითხულობ, მერე რეალობას ვაკვირდები და ვფიქრობ: რა ხდება ჩვენს თავს ან მსოფლიოში?

- რა ხდება ჩვენს თავს და როგორია თქვენი, როგორც მოქალაქის აზრი ქართულ პოლიტიკაზე?

- ძალიან მიკვირს - არავინ ისე ღრმად არ აფასებს მოვლენებს, როგორც საჭიროა. ბევრი ფიქრისა და განსჯის მერე ერთ რამეს მივხვდი - იმ სიღრმეს, რომელიც ნამდვილ პოლიტიკას სჭირდება, ვერავინ სწვდება. ჩემი დაკვირვებით, ერთადერთი ლევან ვასაძეა, რომელიც მოვლენების ღრმა ანალიზის უნარს ამჟღავნებს. ის საინტერესოდ აზროვნებს, მაგრამ საქართველოში არ არის ისე პოპულარული, როგორც უნდა იყოს. ჩნდება შეკითხვა: რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ საუბრისას ცოფებს არ ყრის და მკერდში მჯიღს არ იცემს.

ემოციური ხალხი ვართ, სამხრეთული ტემპერამენტი თავისას შვრება. თანაც, რაღაც ჯგუფი ადამიანებისა "ზემოდან" უკვეთს თავის სათქმელს და ჩვენი პოლიტიკოსებიც მათ ჩანაფიქრს ახმაურებენ. მთავრობა ბიუჯეტიდან უხდის ფულს თავის წევრებს და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან ფინანსდებიან და ყველა იმას ემსახურება, ვინც ფულს უხდის - იდეოლოგია არაფერ შუაშია. ალბათ, ამის ბრალია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მკაფიოდ გამოკვეთილი ინდივიდები იშვიათად ჩანან.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კინკლაობით ვერც ერთი სახელმწიფო წინ ვერ წავა, ვერ განვითარდება. სულ სხვა პროცესები უნდა მიმდინარეობდეს, თუ გვინდა, რომ უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ. არ მინდა ზედმეტი ვთქვა, რადგან ამის გამო ბევრჯერ დავზიანდი: წინა ხელისუფლების წევრები ფიზიკურად მებრძოდნენ, ახლანდელებს კი ჩემთვის საერთოდ არ სცალიათ, მაგრამ მაინც ვიტყვი: ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ და მტკივნეულ პრობლემებზე არავინ ლაპარაკობს - რასაც ამბობენ, მხოლოდ კოსმეტიკაა.

- ანუ რასაც ჩვენ ვხედავთ, მხოლოდ პური და სანახაობაა?

- ცუდი ის არის, რომ აღარც პური გვაქვს და აღარც - სანახაობა. ამით აიხსნება ქართველების მიგრაციაც. ეს მარტო ჩვენ არ გვჭირს - ნებისმიერი ადამიანი გარბის იმ ქვეყნიდან, რომელსაც უჭირს და მიდის იქ, სადაც უზრუნველყოფილი, ნორმალური ცხოვრება ეგულება. ეს ადამიანის ბუნებაა, რომელსაც ჩვენი ხასიათიც ხელს უწყობს: ქართველებს გვინდა, უცებ გავმდიდრდეთ, 1-2 დღეში რაღაც სასწაული მოხდეს და კარგად ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება. დოსტოევსკის აქვს ნაწარმოები "მოთამაშე", სადაც დაწვრილებით არის ახსნილი, როგორ აგროვებს გერმანელი თავის ქონებას: ჯერ ერთი თაობა აგროვებს ფულს, მერე მეორე თაობა ამატებს თავის ნაშრომს, მერე - მესამე და ასე, თანდათან იქმნება დოვლათი, რომელიც ამ ოჯახს აძლიერებს. კარგი იქნება, ამ თვისებას ჩვენც თუ შევიძენთ.

- ყველა აღიარებს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს შორის ედუარდ შევარდნაძეს განსაკუთრებული იუმორი ჰქონდა. ახლა ვის აქვს ყველაზე კვიმატი და მოსწრებული ენა?

- შევარდნაძის იუმორისტულ ნიჭს ყველა აღიარებდა. სხვათა შორის, მის პაროდიას პირველად მე და მერაბ სიჭინავა ვაკეთებდით, ჩვენ შემდეგ კი მერაბ გეგეჭკორი ჰბაძავდა არაჩვეულებრივად. თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე კვიმატი ენა შალვა ნათელაშვილს აქვს. იუმორისტული გადაცემა რომ მქონდეს, მას ხშირად მოვიწვევდი. რაც შეეხება სატირას, ამ მხრივ გამორჩეული ირაკლი კობახიძეა - მას შეუძლია ძალზე მოსწრებული, საინტერესო ფრაზები თქვას, თანაც - მწვავე, სატირული შინაარსის.

- ბოლოს ტრადიციული შეკითხვა: როგორ ხართ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ?

- ისეთი ძვრები მიმდინარეობს, რაც იმედს მიჩენს... ჩემი სურვილია, უკეთესი მომავლის იმედი ჩემმა ხალხმაც არ დაკარგოს.

ხათუნა ჩიგოგიძე