"1988 წელს ბიჭვინთაში ვისვენებდით და ფოსტაში ერთმა ქალმა ჩვენი ქართული საუბარი რომ გაიგონა, გვიყვირა, თქვენს საქართველოში წადით და ქართულად იქ ილაპარაკეთო" - კვირის პალიტრა

"1988 წელს ბიჭვინთაში ვისვენებდით და ფოსტაში ერთმა ქალმა ჩვენი ქართული საუბარი რომ გაიგონა, გვიყვირა, თქვენს საქართველოში წადით და ქართულად იქ ილაპარაკეთო"

"ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე, კახეთზე ხომ ვგიჟდები და არანაკლებად ძვირფასია სხვა კუთხეებიც... არ ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა ვინმეს ჩავაბაროთ, პირიქით, ყველა გოჯს უნდა გავუფრთხილდეთ, თუმცა აფხაზეთში ჩვენი მხრიდან ყველაფერი იმპულსურად იყო გადაწყვეტილი, ისევე, როგორც 2008 წელს სამაჩაბლოში", - ამბობს“ცნობილი მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი და დღეს მიმდინარე მოვლენებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.

- გული მეწვის, უკრაინაში რაც ხდება იმის გამო. დღეს ანტიქრისტეა მოვლენილი პუტინის სახით... თავად გვაქვს გამოცდილი ომის საშინელება... არასოდეს უნდა დავივიწყოთ ის ომი, რომელიც ჩვენთან იყო ოთხმოცდაათიან წლებში... მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ რუსეთმა დიდი პროვოკაცია მოგვიწყო, მაგრამ როცა პოლიტიკოსი ხარ, უნდა გაიაზრო, რა მოჰყვება რუსეთთან დაპირისპირებას! აფხაზეთის ომში საბრძოლველად ისეთი ბიჭები წავიდნენ, ჯერ თოფის სროლაც რომ არ იცოდნენ...

აფხაზეთში დაძაბულობა 90-იან წლებში არ დაწყებულა. მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული უნდოდათ ის მიწა და არა მხოლოდ რუსებს, სხვებსაც, თუმცა რუსეთის იმპერია განსაკუთრებულად მუშაობდა ამისთვის...

არ მინდა ზედმეტად რაღაც გავაღვივო, მაგრამ აფხაზეთში არასდროს მომწონდა ერთი რამ: მახსოვს, 1988 წელს ბიჭვინთაში ვისვენებდით და ფოსტაში ერთმა ქალმა ჩვენი ქართული საუბარი რომ გაიგონა, გვიყვირა, თქვენს საქართველოში წადით და ქართულად იქ ილაპარაკეთო. პოლიტიკურ თემებზე საუბარს სულ ვერიდებოდი, მაგრამ მახსოვს, როგორ გავბრაზდი... შეკვეთას რომ მივცემდით თბილისში დასარეკავად, ყველაზე გვიან ჩვენ გვაკავშირებდნენ...

ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე, კახეთზე ხომ ვგიჟდები და არანაკლებად ძვირფასია სხვა კუთხეებიც... მე არ ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა ვინმეს ჩავაბაროთ, პირიქით, ყველა გოჯს უნდა გავუფრთხილდეთ, თუმცა აფხაზეთში ჩვენი მხრიდან ყველაფერი იმპულსურად იყო გადაწყვეტილი, ისევე როგორც 2008 წელს სამაჩაბლოში...

ისტორიიდან ვიცით, როგორ დიპლომატიას მიმართავდნენ ჩვენი პოლიტიკოსები... ჩემმა მამიდაშვილმა ბორია ანდრონიკაშვილმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, დიდი საქმე გააკეთა იმით, რომ გადახვეწილ ქართველებზე წიგნი დაწერა, მათ შორის - დარეჯან დედოფალზე, არჩილ მეფეზე, ვახტანგ მეექვსეზე, ალექსანდრე ბატონიშვილზე... მათ ქვეყნიდან წასვლა მოუხდათ, მაგრამ ქართველობა, პატრიოტიზმი შეინარჩუნეს და საქართველოსთვის ბევრი კარგი საქმეც გააკეთეს...

როგორც ჭაბუა ამირეჯიბმა თქვა, ჩვენ ობოლი ერი ვართ. ძალიან ძნელია, ასეთ გარემოცვაში თავი გადაირჩინო, მაგრამ ღვთისმშობლის მადლით ჩვენ მაინც ვარსებობთ.

ძალიან ვნერვიულობ და ვფიქრობ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მხოლოდ იმპულსებით არ უნდა ვიმოქმედოთ... ისეთ რაღაცებს ვხედავ, ხანდახან თავი საშინელ სიზმარში მგონია... ჩვენი მთავრობისა შეიძლება ბევრი რამ არ მომწონდეს, მაგრამ მადლობელი ვარ, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი რომ არ არის გახსნილი... ჩვენმა ხალხმა თავისი წილი სისხლი უკვე გაიღო...

- გამოსავალი რა არის?

- დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენი წინაპრებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ... ვიცით, როგორი გამჭრიახი მრჩევლები ჰყავდათ დავით აღმაშენებელსა და სხვა მეფეებს... ქვეყანა ბეწვის ხიდზე რომ გაატარო, დიდი სიბრძნეა საჭირო. მტერი რას იზამს, ხომ უნდა გათვალო! თქვენ წარმოიდგინეთ, პუტინმაც ვერ გათვალა, უკრაინელები ასე მაგრად თუ დადგებოდნენ!

- როგორ ფიქრობთ, ჩვენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა სათანადოდ გამოვხატეთ?

- ვამაყობ, რომ ჩვენმა ხალხმა ამდენი გაიღო. მთავრობამაც ყველაფერი გააკეთა აქ ჩამოსული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად და უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთე არ იკარგება.