ვინ იყო ქართველი ტენორი, რომელმაც რუსეთის ელჩს "გრანდ ოპერის" თეატრი დაატოვებინა - კვირის პალიტრა

ვინ იყო ქართველი ტენორი, რომელმაც რუსეთის ელჩს "გრანდ ოპერის" თეატრი დაატოვებინა

„მიხეილს იმედი ჰქონდა, რომ თუ მეფის რუსეთი საქართველოში ვერ დამკვიდრდა, დამოუკიდებელ საქართველოში მაინც მისცემდნენ ღირსეულ ადგილს, მაგრამ იმედი გაუცრუვდა“

"მე ვარ პატარა ქვეყნის, საქართველოს შვილი. ბევრმა თქვენგანმა ალბათ, არც კი იცის, თუ რაოდენ დიდი წარსულის და ღრმა კულტურის არის ჩემი სამშობლო, სადაც ახლა უმოწყალოდ ხოცავენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს. აქ ზის იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც ეს საზარი საქმე მოიმოქმედა და სანამ ეგ უღირსი გვამი აქ ბრძანდება, მათ ჩემი სამშობლოს, საქართველოს ანექსია მოახდინეს. მე სპექტაკლს ვერ ვიმღერებ!" - ამ სიტყვებით გააძევა პარიზის საკონცერტო დარბაზიდან რუსი ნარკომი ლეონიდ კრასინი უცხოეთში გადახვეწილმა მომღერალმა მიშელ დარიალმა, რომლის ნამდვილი გვარ-სახელი მიხეილ ნანობაშვილია. "1924 წელს, აგვისტოს აჯანყების შემდეგ, "გრანდ ოპერაში"“გადიოდა "კარმენი". მიშელ დარიალის სიტყვით გამოსვლას დარბაზში ოვაციები მოჰყვა, მაყურებელმა სტვენა და ყვირილი დაიწყო. კრასინიც იძულებული გახდა, თეატრი დაეტოვებინა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა მიშელი სცენაზე. ძალიან დიდხანს ფეხზე მდგომი ფრანგი მაყურებლები ოვაციებით აჯილდოებდნენ ქართველ მომღერალს", - იხსენებდა ცნობილი მომღერალი ვანიკო გალუაშვილი. საბჭოთა პერიოდში სამშობლოს მტრად შერაცხილი ბევრი ნიჭიერი ქართველი იღვწოდა უცხოეთში. ბევრმა მათგანმა საქართველოში ჩამოსვლისა და ქართულ მიწაზე სიკვდილის ოცნება იმ ქვეყნად გაიყოლა. მოგვიანებით ზოგიერთის ნეშტის გადმოსვენება მოხერხდა, ბევრი კი კვლავ საქართველოდან შორს განისვენებს. მიშელ დარიალის შესახებ მუსიკათმცოდნე მარინა ჩახვაშვილი გვესაუბრება:

- მიხეილ ნანობაშვილი 1878 წელს დაიბადა კახეთში. ოჯახს ფუძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ჰქონდა, თუმცა მიხეილმა ბავშვობა თელავში გაატარა. მიხეილის მამა, იროდიონ ნანობაშვილი, ამიერკავკასიის რკინიგზის მღვდელი იყო და ეგზარქოსის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში მღეროდა. გარკვეული დროის შემდეგ ნანობაშვილები თელავიდან თბილისში გადაბარგდნენ და მიხეილი სასწავლებლად თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს. სკოლის გიმნაზიას ჰყავდა ბავშვთა გუნდი, სადაც მიხეილიც მღეროდა. გიმნაზიის დასრულების შემდეგ მიხეილ ნანობაშვილი პეტერბურგში წავიდა და უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეგობრულ შეხვედრებზე ხშირად დადიოდა და თავისი სიმღერით ატყვევებდა მათ. როცა მისი ნამღერი პროფესიონალებმა მოისმინეს, ურჩიეს, კონსერვატორიაში მისულიყო. ასეც მოიქცა და კონსერვატორიაში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა. მოგვიანებით კი კახელი ბიჭი ისე გაიტაცა სიმღერამ, იურიდიული ფაკულტეტი მესამე კურსიდან მიატოვა და კონსერვატორიაში განაგრძო მეცადინეობა.

- პეტერბურგის შემდეგ საფრანგეთში მოღვაწეობა რატომ გადაწყვიტა?

- მიხეილ ნანობაშვილი ევროპული მიმართულების, პროგრესულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული მომღერალი იყო. მან კარგად იცოდა საკუთარი ხმის ფასი. იმ დროს, როცა კონსერვატორია დაამთავრა, მარიას სახელობის საოპერო თეატრში გაიმართა მომღერლების შერჩევა და 15 საოპერო მომღერალს შორის ერთ-ერთი­ გამარჯვებული მიხეილიც აღმოჩნდა. პეტერბურგის კონსერვატორიაში იმხანად მოღვაწეობდა ცნობილი იტალიელი ვოკალისტი პროფესორი კაროლინა ფერნი-ჯირალდონი. მან მოუსმინა მიხეილს და საკუთარ კლასში ჩარიცხა, შემდეგ კი იტალიაში წაიყვანა. მიხეილს ლირიკულ-დრამატული ტენორი ჰქონდა, რაც ძალიან იშვიათია. იტალიაში ფერნი-ჯირალდონიმ მიხეილი თავის შვილს, სახელგანთქმულ ბარიტონს ეუჯენიო ჯირალდონის გააცნო. ისინი დამეგობრდნენ. იტალიურმა საოპერო სკოლამ მიხეილის მუსიკალური შესაძლებლობები ზენიტში აიყვანა.

- ფსევდონიმად მიშელ დარიალი რატომ დაირქვა?

- მიხეილი საფრანგეთში 1903 წელს ჩავიდა, პარიზის ,,გრანდ ოპერაში"“კი 1908-დან 1924 წლამდე მღეროდა. ფსევდონიმად დარიალი იმიტომ დაირქვა, რომ დარიალის ხეობით დატოვა სამშობლო და ამ ხეობას მთელ საქართველოსთან აიგივებდა.

პეტერბურგში, ოდესაში, კიევში, ხარ­კოვში, ვარშავაში, ბაქოში ოდითგანვე არსებობდა ქართველთა სათვისტომოები, რომლებიც თავს უყრიდნენ სხვა ქვეყნებში მიმობნეულ ნიჭიერ ქართველებს და მართავდნენ ქართულ საღამოებს. მელიტონ ბალანჩივაძის თაოსნობით კონცერტები ქართველი მომღერლების მონაწილეობით სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა. რუსეთში ქართული საღამოების მოწყობაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ზაქარია ფალიაშვილსა და დიმიტრი არაყიშვილს. იმ პერიოდში რუსეთში მოღვაწეობდა აკაკი წერეთლის შვილი ალექსი წერეთელი, რომელსაც ჰყავდა მაღალკვალიფიციური დასი. ალექსი წერეთელს მიხეილი მელიტონ ბალანჩივაძის სახლში გაუცნია და 1901 წელს კონცერტზე ოდესაში წაუყვანია. კაკი წერეთლის მოღვაწეობის მკვლევარ ნონა თევდორაძის აზრით, ცნობილი მომღერალი მიხეილ ნანობაშვილი, პარიზში სასწავლებლად სწორედ აკაკის შვილს, ალექსანდრე წერეთელს გაუგზავნია და თვიურად ოცი თუმანი სტიპენდიაც დაუნიშნავს.

აკაკის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ პარიზში ემიგრანტებს მისი ხსოვნის საღამო გაუმართავთ. ამ საღამოს მთავარი "გვირგვინი" მიშელ დარიალის გამოსვლა ყოფილა. მას აკაკის ლექსზე შექმნილი ნაწარმოებები უმღერია.

მიხეილმა საფრანგეთში გაიცნო პიანისტი ჟანეტ კენი და ცოლად შეირთო. ცოლ-ქმარმა სიმღერით შემოიარეს მთელი მსოფლიო - იყვნენ ამერიკაშიც და ალჟირშიც, მაგრამ მიხეილს მაინც საქართველოსკენ მოუწევდა გული. დედას ასეთი წერილიც მისწერა: ,,ძვირფასო დედიკო, დღეს ალჟირიდან პარიზში მივდივართ. მოიწერეთ, თუ მანდ ისევ ფალიაშვილია დირიჟორად და თუ რამე მოხერხდება, რომ წამოვიდე ერთი თვის ან სამი კვირის მერე". მალე თბილისიდან ფალიაშვილის წერილიც მიიღო: "ალაგები სულ დაჭერილი გვაქვს და ვერას მოგცემთ".

- საფრანგეთის "გრანდ ოპერის" წამყვან სოლისტს თბილისის ოპერის თეატრში რატომ არ მისცეს სამუშაო?

- იმ დროს უცხოეთში გასულ ადამიანებს დისიდენტად, სამშობლოს მტრად აცხადებდნენ და დაბრუნებისა თუ მოღვაწეობის გაგრძელებას საქართველოში უკრძალავდნენ. მიუხედავად ამისა, 1911 წელს, მიხეილმა მაინც შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. 1920 წელსაც ჩამოვიდა იმ იმედით, რომ სამშობლოში განაგრძობდა მოღვაწეობას, მაგრამ ეს მისი დაბრუნების ბოლო ცდა იყო. მას შემდეგ მიხეილ ნანობაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ მოახერხა.

საქართველოში ჩამოსულმა ოპერა ,,ჰუგენოტებში"”რაულის პარტია შეასრულა. ასეთი რაული არასდროს ენახა თბილისის საზოგადოებას. ,,ეს ოპერა ისეთი ძნელი სასიმღერო და სათამაშოა, რომ მომეტებული ნაწილი მსახიობებისა ან სტოვებდა მას, ან კრინით ამბობდა იმ ადგილებს, სადაც საჭიროა ხმის სიძლიერე. მიხეილმა კი ისეთი ხმა გამოაჩინა, რომელმაც განცვიფრებაში მოიყვანა დამსწრე საზოგადოება", - წერდნენ გაზეთებში. ამ ვიზიტის დროს კოლეგებთან ერთად მიშელმა მშობლიური კუთხეც მოინახულა. სოფელ ვაქირში ალაზნის ველისთვის გადაუხედავს და ისეთი სიმღერა შემოუძახია, სოფლის გლეხობა განცვიფრებული დაუტოვებია.

1920 წლის 15 ივნისს საოცარი ხმის მომღერალს თბილისის საოპერო თეატრში ბენეფისი გაუმართეს. მიხეილს იმედი ჰქონდა, რომ თუ მეფის რუსეთი საქართველოში ვერ დამკვიდრდა, დამოუკიდებელ საქართველოში მაინც მისცემდნენ ღირსეულ ადგილს, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. მიშელ დარიალმა საერთო ენა ვერ გამონახა ოპერის თეატრის ადმინისტრაციასთან, იმჟამინდელ ხელისუფლებასთან და ისევ უცხოეთში გაემგზავრა.

პარიზის "გრანდ ოპერის" განთქმული ტენორი კარგად იცნობდა და დიდ პატივს სცემდა ვანო სარაჯიშვილს. ვანოც მოხიბლული იყო მიხეილის ხმითა და სიმღერის შესრულებით. ვანო დაესწრო ყველა იმ კონცერტს, რომლებიც მიხეილმა სამშობლოში უკანასკნელად ჩამოსვლის დროს გამართა, გატაცებით უკრავდა ტაშს და მას კვლავ სცენაზე იწვევდა შეძახილით: "ვაშა, მიშელ".

ერთხელ მიშელს ნაძალადევში კონცერტზე ვანოც გაჰყოლია და ერთ მეგობართან საუბრისას უთქვამს, ხომ იცი, მე ვინცა ვარ... ჰოდა, ეგ ათი თაბახითა მჯობსო. თუმცა სარაჯიშვილი მიშელს სამშობლოდან გადახვეწას არ უწონებდა და ამით თითქოს თავსაც ამეტებდა. ვანოს უთქვამს, ნანობაშვილმა არ იცის, რა ესაჭიროება ჩვენს ერს, მე კი ვიცი და ესაა ჩემი უპირატესობაო.

ემიგრაციაში მიშელი ხშირად მღეროდა ქართულ სიმღერებს ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროს. ასე აცნობდა მთელ მსოფლიოს სამშობლოს, რომელმაც ნიჭიერი ადამიანი მოიკვეთა და კარი არ გაუხსნა.

მიხეილ ნანობაშვილის ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ არაფერია ცნობილი. მხოლოდ ბოლო დროს გაირკვა, რომ დაკრძალულია საფრანგეთში, პარიზში კულტურის მუშაკთა და გამოჩენილ ადამიანთა პანთეონში.

ნელი ვარდიაშვილი