რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების ბედი გაურკვეველია - კვირის პალიტრა

რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების ბედი გაურკვეველია

რუსეთთან თითქმის ხუთთვიანი უთანასწორო ომის პარალელურად, უკრაინელები სამხედრო მოქმედებების დროს დაკარგულ ბავშვებს ეძებენ. ზოგი მათგანი დაობლდა და რუსმა სამხედროებმა და ე.წ. ჰუმანიტარული მისიით რუსეთის სხვადასხვა ქალაქსა და ოლქში გადაიყვანეს. ასევე, უამრავი შემთხვევაა, როდესაც მშობლების გარეშე დარჩენილმა ბავშვებმა ნათესავებთან ერთად "ფილტრაციის ბანაკები" ვერ გაიარეს და ისინი ერთმანეთს დააშორეს, ზოგმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია...მარიუპოლის ოკუპაციის შემდეგ გაირკვა, რომ ათასობით ბავშვი ე.წ. ევაკუაციის დროს ყირიმის გავლით რუსეთში გადაიყვანეს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, უკრაინელი ბავშვების "იძულებით გაშვილება" კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. "უკრაინელი ბავშვები, რომლებიც რუსეთში გადაიყვანეს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ, არ უნდა იშვილონ რუსმა ოჯახებმა", - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი და ევროპაში ლტოლვილთა და მიგრანტთა კრიზისის სპეციალური კოორდინატორი აფშან ხანი, რომლის თქმითაც, შვილად აყვანა დაუშვებელია საგანგებო სიტუაციების დროს ან მისი დასრულებისთანავე: "საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ბავშვების ნებისმიერი სახის გადაადგილება მხოლოდ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე მშობლების ინფორმირებული ნებაყოფლობითი თანხმობით უნდა მოხდეს. ამ პირობების დაკმაყოფილების გარეშე სხვა ქვეყანაში გადაყვანილი ბავშვები არ შეიძლება ობლად ჩაითვალონ. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის საერთაშორისო სამსახურებთან, რათა ყველა შემთხვევა შევისწავლოთ და დოკუმენტები შევადგინოთ", - ნათქვამია UNICEF-ის განცხადებაში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ანგარიშვალდებულებას არ ცნობს, უკანონოდ წაყვანილი ბავშვების პოვნა და დაბრუნება ძალიან რთული საქმეა.

მარიუპოლელი ვასილიუკების ამბავი ერთ-ერთია ათასობით უკრაინელი ოჯახის ტრაგიკული შემთხვევიდან. ლილია ვასილიუკი დისშვილებს ეძებს. ისინი მარიუპოლიდან ერთ-ერთი დაბომბვის შემდეგ გაიყვანეს. ბავშვების მამა ფრონტის ხაზზე იყო, დედა კი, ახალგაზრდა ქალი, "გაქრა". ბავშვები კი ერთმა ქალმა შეიფარა.

- შესაძლოა ჩემი და რუსმა ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს. ჩემი სიძე ფრონტის ხაზზე დაიღუპა. ბავშვები რამდენიმე დღე ოჯახის ახლობელს ჰყავდა, მაგრამ როგორც შემდეგ საერთო ნაცნობებმა მითხრეს, ბლოკადაში, სრულ იზოლაციაში მყოფებს ძალიან უჭირდათ იმის გაგება რუსებს ვინ სად მიჰყავდათ.

თავად მცირეწლოვანი შვილი მყავს და მისი დატოვება ვერ მოვახერხე. ამასობაში კი მარიუპოლში ვითარება ძალიან დამძიმდა. ქალაქი ჩაიკეტა და ჩემს დასთან კავშირი დავკარგე.

იმ მარიუპოლელ ქალს ჩემი დისშვილების გარდა, თავისი შვილიც ჰყავდა. ქალს ბრონქიალური ასთმა ჰქონია და სარდაფში ძალიან ცუდად ხდებოდა, მის გაუსაძლის ყოფას ისიც ემატებოდა, რომ მშობლის გარეშე დარჩენილი სხვა ბავშვების მოვლაც უწევდა. მოკლედ, აპრილის დასაწყისში ისინი საევაკუაციო ავტობუსებით "ფილტრაციის ბანაკებში" წაიყვანეს. სავარაუდოდ, იმ ქალმა ფილტრაცია ვერ გაიარა, შესაძლოა შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი ე.წ. სამეურვეო უწყებას ჩააბარეს, რომელიც ომის დაწყებისთანავე დააფუძნეს.

საბედნიეროდ, მოვძებნე ქალი, რომელიც ტაგანროგში გადაანაწილეს და ახლა მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს, სწორედ მან შეატყობინა უკრაინელ ახლობლებს, რომ ბავშვები სხვადასხვა ოჯახებსა და ინტერნატებში გადაიყვანეს. ჩემი დისშვილები 7 და 5 წლისანი არიან, და-ძმა.

მოკლედ, პირადი კავშირებითა და ფულის შეპირებით გავარკვიე, რომ 300-მდე ბავშვი ვოლნოვახასა და მარიუპოლიდან როსტოვის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში მიუყვანიათ. ტაგანროგში გადაყვანილ უკრაინელ ქალს ვთხოვე, ბავშვების მონაცემებს მოგცემ, იქნებ იპოვო-მეთქი.

- მათ ქუჩაში გასვლის უფლება აქვთ?

- როგორც იმ ქალმა შემატყობინა, პირველი ორი თვე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. მისი დოკუმენტები, პასპორტი და პირადი ნივთები მოხუცთა თავშესაფრის ადმინისტრაციას ჰქონია. ეფ-ეს-ბე ლამის ყოველდღე მიდიოდა მათ აღსარიცხავად და ზოგჯერ ვითომ ზრდილობისთვის ეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გჭირდებათო.

მოკლედ, ის ქალი მალე სიტუაციაში გაერკვია და მიხვდა, რომ ფულით ყველაფრის მოგვარებას შეძლებდა. ბავშვების სანახავად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ წავიდოდა, ეფ-ეს-ბე ამ მხრივ ძალიან ფრთხილობს, ამიტომ კერძო მანქანის დაქირავებამ მოუწია. ასე გადავიდა "ზოლოტაია კოსას" დასახლებაში, სადაც ჩემი დისშვილები ერთ ოჯახს შეუფარებია. განსაკუთრებით გოგონაზე ვდარდობდი, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

- ომის დროს დაზიანდა?

- არა, მთელმა ოჯახმა "კოვიდი" ძალიან მძიმედ გადაიტანა. გოგონას ვირუსმა კრუნჩხვა დაუტოვა. მკურნალობა სჭირდებოდა, მაგრამ ომი დაიწყო და ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფიქრისთვის არავის ეცალა.

იმ ჩემს ნაცნობ ქალს როგორღაც მივაწოდე ფული სამგზავროდ და ბავშვებისთვის თუნდაც ტკბილეული რომ მიეტანა. შემფარებელ ოჯახს მაშინვე გაუფრთხილებია, რომ ბავშვებთან ურთიერთობის დრო და კითხვებიც შეზღუდული ექნებოდა. როგორც მითხრა, ბავშვებს არა უშავთ, თუმცა ომის, სტრესის კვალი ეტყობათ. იმ ხალხს უთქვამს, რომ მათ ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ.

ოკუპანტები ბავშვებს გვარ-სახელს უცვლიან და გაყალბებული საბუთებით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შესაყვანად ამზადებენ. რაც დრო გავა, უფრო გაჭირდება მათი პოვნა. სანამ ჩემი დისშვილების ადგილსამყოფელი ვიცი, მშვიდად ვარ, მაგრამ თუ სხვაგან წაიყვანეს, არ ვიცი, რა გზას დავადგე. იმ ქალს ვთხოვე, ბავშვებს მალულად გადაუღე ფოტოები-მეთქი, მაგრამ კატეგორიულად გაუფრთხილებიათ, რომ ამის უფლებას არ მისცემდნენ, თავადაც შვილების პატრონები ვართ და გაითვალისწინეთო. იქ ყველა არ ემხრობა პუტინის პოლიტიკასა და არც მის პროპაგანდას იზიარებს, მაგრამ რა ქნან? ომის გამართლება ან 15-წლიანი პატიმრობა უნდა აირჩიონ. მერე რა ბედი ეწევათ მათ შვილებს, ვინ იცის, ამიტომ ჩუმად არიან.

- თქვენ რას აპირებთ?

- დოკუმენტაცია მივაწოდე შესაბამის სამსახურებს, თუმცა დიდად არ მჯერა, რომ მათ ბავშვების წამოყვანის უფლებას მისცემენ.

იმ ოჯახმა არ იცის, ბავშვები დროებით რჩებიან მათთან თუ დიდი ხნით. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი თვე, თვე-ნახევარი დატოვეს ვიღაცასთან და შემდეგ სხვაგან წაიყვანეს, თუმცა არ ამბობენ, სად, ვისთან მიჰყავთ... შესაძლოა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკაში გადაიყვანონ, ზოგჯერ ჩრდილოეთითაც მიჰყავთ და მათი პოვნის შანსი მცირდება.

რუსული პროპაგანდა ამ ბავშვებს ომის მსხვერპლებს უწოდებს და თავის მოსახლეობას ატყუებს, რომ ბავშვები საომარი ზონიდან გამოიყვანეს, რათა გადაერჩინათ. მათაც სჯერათ, რომ ბავშვები მშობლებმა მიატოვეს. კიდევ ერთი ვერსიით, ისინი სხვადასხვა ქალაქში უპატრონო ბავშვთა სახლებსა და ინტერნატებში ცხოვრობდნენ, "ნაცისტებმა" ის შენობები დაბომბეს, რუსმა სამხედროებმა კი ისინი გადაარჩინეს და როსტოვში სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ "რომაშკაში" გადაიყვანეს. ეს ძალზე პრიმიტიული პროპაგანდა რუსეთში ძალიან კარგად მუშაობს. ახლა აპირებენ ბავშვები "დაასვენონ" და საზღვაო ბანაკებში გადაიყვანონ, იქიდან კი, ან ისევ უკან დააბრუნებენ, ან რომელიმე კოლექტიურ დაწესებულებაში უკრავენ თავს.

ასე რომ, უკრაინელი ბავშვების ბედი ახლა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელთაა. ახლა ენამოჩლექილი განცხადებები კი არა, აქტიური მუშაობაა საჭირო.