"გოგონები, სანამ პატარები იყვნენ, დანომრილი გვყავდნენ, რომ არ აგვრეოდნენ“ - კვირის პალიტრა

"გოგონები, სანამ პატარები იყვნენ, დანომრილი გვყავდნენ, რომ არ აგვრეოდნენ“

ბათუმელი წყვილის, გიორგი ცინცაბაძისა და თინათინ სიხარულიძის ოჯახში სამი ტყუპი იზრდება. ძალა ერთობაშიაო, ამბობენ ისინი და ყველა ბავშვურ სირთულეს ერთად უტევენ, თუმცა როგორც მათი დედა ამბობს, სამივეს განსხვაბული გემოვნება და ხასიათი აქვს.

თინათინ სიხარულიძე, სოფიო, მარიამ და თამარ ცინცაბაძეების დედა:

- ჩემი გოგონები, სექტემბერში 10 წლის ხდებიან. გვიან გავთხოვდი, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ მქონია, შვილი არ მყავდა. და აი, დაოჯახებიდან ხუთი წლის თავზე შევიტყვე, რომ დედა გავხდებოდი. ექოსკოპიაზე ჯერ ორი ბავშვი ჩანდა, მოგვიანებით კი გამოჩნდა მესამეც, რომელიც კარგა ხანს ბიჭი ეგონათ. გაკვირვებული ვიყავით ამ სასიამოვნო სიახლით, ცოტა - შეშინებულებიც, რადგან ექიმები აქეთ-იქით აქნევდნენ თავს, მაინც ასაკში ხართ და არ ვიცით, ეს ყველაფერი როგორ დასრულდებაო.

tyupebi2-1658063100.jpg

- რამდენი წლის იყავით?

- 48 წლის, თუმცა კარგი ორსულობა მქონდა. დაგეგმილი საკეისრო კვეთა ჩამიტარდა. ორი ბავშვი 2 700 გ დაიბადა, მესამე - 2 400 გ.

- გენეტიკაში გყავთ ტყუპი?

- კი, ორივეს, მაგრამ სამი - არც ერთს. სოფიო, თამარი და მარიამი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. დანომრილი გვყავდნენ, რომ არ აგვრეოდნენ. წონით პატარა რომელიც იყო, იმას კარგად ვცნობდით, დანარჩენი ორი, სამშობიაროდან მოყოლებული, სულ გვერეოდა. თანდათანობით შეიცვალნენ. ახლა განსხვავებული არიან ხასიათითაც, ჭამითაც, გემოვნებითაც. მეგობარი მყავდა ფსიქოლოგი და თავიდანვე მირჩია, ერთნაირად არ ჩააცვათო. ასეც ვიქცეოდი, ამ ბოლო ხანს კი ხანდახან ვყიდულობ ერთნაირ სამოსს. არ ვიცი, ამის ბრალია თუ არა, მაგრამ სხვადასხვანაირი გემოვნება აქვთ. ისე, სამივე მამას ჰგავს.

თამარს საუკეთესო იუმორის გრძნობა აქვს, მარიამი ყველას იმიტაციას აკეთებს: ახალი მასწავლებელი თუ ჰყავთ, ან მოსწავლე, ზუსტად იმეორებს მათ მიმიკებს, ხმის ტემბრს, საუბრის მანერას... სოფიოს ხელსაქმე ეხერხება - თოჯინებს საუცხოო კაბებს უკერავს. სულ მოწესრიგებულია, ვარცხნილობასაც წარამარა ისწორებს. თუ სარკე ვერ ნახა, გუბეშიც კი ჩაიხედავს, რომ შეამოწმოს, როგორ გამოიყურება. სწავლით სამივე კარგად სწავლობს. ლექსები უყვართ. მასწავლებლები ემადლიერებიან...

tyupebi3-1658063100.jpg

პატარები რომ იყვნენ, სამი ერთად ვერსად დამყავდა, ახლა, რომ წამოიზარდნენ, აღარ გვიჭირს. დადიან ცეკვაზე, სიმღერაზე ანსამბლ "ეთნოსში", სამუსიკო სკოლაში, ხატვაზე, ფიგურულ სრიალზე, კარატეზე... კარგად გამოსდით, კარატეში აჭარის პირველობაც კი მოიპოვეს. ცეკვასა და სიმღერაში მედლებიც დაუგროვდათ. უკრავენ ფანდურზე, ფორტეპიანოსა და ტამტამზე...

- სახლში როდისღა არიან?

- გვიან მოდიან და გაკვეთილების გამო დაძინებაც გვიან უწევთ... ვეტყვი ხოლმე, დავანებოთ რომელიმე წრეს თავი-მეთქი, მაგრამ სამივე უარობს.

სოფიო დიდი ონავარია. ისეთი მოუსვენარია, ყველა აკიმს ეძახის. სპორტი უყვარს. დებზე მეტს ჭამს, მაგრამ იმდენ ენერგიას ხარჯავს, მაინც ყველაზე გამხდარია... მარიამი ძალიან მუსიკალურია, თამრიკოც კარგად უკრავს საკრავებზე. სოფიო ამბობს, მინდა სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრო და სკოლის მასწავლებელი გამოვიდეო. მარიამი ამბობს, მომღერალი და ექიმი გამოვალ, მამას თითზე უნდა ვუმკურნალოო - მამამ თითი დაიზიანა და მარიამი ძალიან განიცდის. თამრიკო ამბობს, თოვლის ბაბუა მინდა გამოვიდე და ყველა ბავშვს ოცნება ავუსრულოო.

- ერთმანეთზე ხომ არ ეჭვიანობენ?

- არა, სულ ერთმანეთის ფერებაში არიან. თუ რამე დააშავეს, ვინ არის დამნაშავე, ვერ გაიგებ. ენის მოტანა არ იციან. ამბობენ, ძალა ერთობაშიაო. კორონავირუსის გამო სულ სახლში იყვნენ, მაგრამ თავს შესანიშნავად ირთობდნენ, არ მოუწყენიათ.