"ქორწილში შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, თემოს ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა" - კვირის პალიტრა

"ქორწილში შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, თემოს ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა"

ქალებზე ძალადობის შემზარავ ფაქტებს უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით. თუ საზოგადოების უმრავლესობა აღშფოთებას ვერ მალავს და გმობს ძალადობას, მეორე, არცთუ მცირე ნაწილი, ამ საშინელების გამართლებას ცდილობს. ამის მიზეზი ჩვენი მენტალობა მგონია და სანამ საზოგადოება არ შეთანხმდება, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მანამდე არც მკვლელობები, არც სადისტური ქცევები არ შემცირდება, ჩვენი პროტესტი კი წყლის ნაყვა იქნება.

სოფიო მოსკოვში გავიცანი. ემიგრაციაში მყოფმა როგორც უნდა შენიღბოს თავისი პრობლემები, ტკივილი ყველას სახეზე აწერია. სოფიოს მაშინვე შევატყვე, რომ მძიმე ტვირთით იყო საქართველოდან წამოსული. როცა გაიგეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ყველას გაუჩნდა სურვილი, გული გადაეშალა ჩემთვის. იმხანად მეც ემიგრანტი ვიყავი და ჩემი თავი გამჭირვებოდა, მაგრამ წლების მანძილზე სხვების პრობლემების მოსმენას და მათ სატკივარზე წერას ისე მივეჩვიე, დაღლილობის მიუხედავად, ვიჯექი და ყველას ვუსმენდი, ზოგჯერ კი, შეძლებისდაგვარად, რჩევასაც ვაძლევდი. აი, მაშინ დავრწმუნდი, რომ გაზიარებული დარდი მართლაც ნახევრდება. სოფიომ თავისი ტკივილიანი ამბავი რომ მიამბო, მითხრა, როცა შეძლებ, გამოაქვეყნე, მინდა, ბევრმა წაიკითხოს და ჩემი რჩევაა, როგორც კი კაცი ერთხელ ხელს აღმართავს, ქალმა მაშინვე გაწყვიტოს მასთან ურთიერთობაო... სოფოს, ცხადია, დავეთანხმე და 57 წლის ორი ქალიშვილის დედის ნაამბობს ახლა თქვენ გიყვებით:

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ჩემზე ორი წლით უფროსი ბიჭი შემიყვარდა. თემო ჩემი მეზობლის ნათესავი იყო, ისიც ქუთაისელი. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, არ უნდოდათ სიძედ, მაგრამ ხომ იცით, შეყვარებული გოგო ყრუ და ბრმაა. სკოლა დავამთავრე თუ არა, გავიპარე. რაღა უნდა ექნათ ჩემებს, შეგვირიგდნენ და ქორწილიც გადაგვიხადეს. თემოს დედა გარდაცვლილი იყო, სახლში მამა და ბებია ჰყავდა. ბებოს სახლ-კარის მოვლა არ შეეძლო, დიდი-დიდი, საჭმელი გაეკეთებინა, მაგრამ 17 წლის გოგოსთვის, რომელსაც მთელი ოჯახის მოვლა-პატრონობა უწევდა, ესეც დიდი საქმე იყო. თემოს ვუყვარდი, მაგრამ ამ სიყვარულის გამოხატვას მამამისის თანდასწრებით­ ვერ ბედავდა. თემოს მამას მიაჩნდა, რომ კაცს ქალი არ უნდა გაენებივრებინა. მისი მენტალობა ვერ გასცდა მოსაზრებას: "ქალი ვიცი მე კუხნაში". როცა დედამ მითხრა, ბავშვის გაზრდაში დაგეხმარები, შენ კი უმაღლესში ჩააბარეო, მამამთილმა გააპროტესტა, მერე, სახლ-კარს ვინ მოუვლის, ან ბავშვი რომ გაგიჩნდება,­ ვინ უნდა გაზარდოსო? ეზოიანი კერძო სახლი ჰქონდათ და სულ ამას მაყვედრიდა, ამხელა ქონება ჩაიგდე ხელში და მეტი რა გინდაო! მეც მის ნებას დავყევი. ჯერ ქეთი გამიჩნდა, სამი წლის მერე კი ლიკა. თემოს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, ჩხუბობდა, ხან ვის აუხირდებოდა, ხან ვის. ფხიზელი სულ მებოდიშებოდა, მაგრამ ისე, რომ ეს მამამისს არ დაენახა. ბებია ლოგინად რომ ჩავარდა, უფრო გამიჭირდა. ხანდახან მინდოდა, ბავშვები დედასთან დამეტოვებინა და რამდენიმე დღით მეც სული მომეთქვა, მაგრამ მამამთილი ამის უფლებას არ მაძლევდა და თემოსაც მოძღვრავდა, გათხოვილი ქალი მშობლების ოჯახში სტუმარია, რატომ უნდა დატოვო შენი ცოლი სხვაგან, თანაც ხომ იცი, ეშმაკს არ სძინავსო... რამდენჯერ მიტირია გაუსაძლისი სიტუაციის გამო, მაგრამ დედასთან ხმას ვერ ვიღებდი. კი მატყობდა უგუნებობას, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში არ ერეოდა.

გოგონები 9 და 6 წლის მყავდნენ, როცა თემომ ნათესავის ქორწილში იჩხუბა. მე რომ მასთან ვყოფილიყავი, ალბათ, ეს უბედურება არ მოხდებოდა, მაგრამ ვერ წავედი, რადგან ლიკას წითელა ჰქონდა. ქორწილში შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ატყდა დანების ტრიალი და სამი კაცი დაიჭრა, მათ შორის - თემოც. მისი ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა... ასე დავრჩი ორი პატარა ბავშვის, ლოგინად ჩავარდნილი ბებიისა და სასტიკი მამამთილის ამარა, რომელიც არაფერში მეხმარებოდა, მხოლოდ განკარგულებებს იძლეოდა. მშობლებთან დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ძმა უკვე დაოჯახებული იყო და ისედაც დიდ ოჯახს, რომელსაც მცირე შემოსავალი ჰქონდა, ჩემი შვილებით ვერ დავემატებოდი. საშუალო განათლებით რა სამსახური უნდა მეშოვა? მამამთილი ტაქსაობდა, ზაფხულობით ზღვისპირეთში მიჰყავდა დამსვენებლები და, ასე თუ ისე, ფულს შოულობდა, მაგრამ მე ძალიან ცოტას მაძლევდა, საჭმელი ხომ მომაქვს, ეს ფული კი სახარჯოდ გეყოფათო. ვიცოდი, საყვარელი ჰყავდა და ძირითადი შემოსავალი იმ ქალთან მიჰქონდა, მაგრამ თავს უფლებას როგორ მივცემდი, მესაყვედურა ან რამე მომეთხოვა?! 27 წლის ახალგაზრდა ქალი თავჩაქინდრული მივუყვებოდი ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას. ერთადერთი, რაც მოვახერხე, ის იყო, რომ სოფლის რძეს ვყიდულობდი, მაწონს ვადედებდი და მაღაზიას­ ვაბარებდი. მეზობლებმა ხუმრობით მაგდანა შემარქვეს. ერთხანს იმავე მაღაზიაში ვიმუშავე გამყიდველად, მაგრამ დღეგამოშვებით მთელი დღე მიწევდა ყოფნა და ბავშვებსა და ბებოს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, ამიტომ სამსახური მივატოვე. ჩემი მამამთილი, როცა მეზობლის კაცებთან ერთად სუფრას მიუჯდებოდა, ჩემს გასაგონად ხმამაღლა აცხადებდა, ჯერ ახალგაზრდა კაცი ვარ, შემეძლო ქალი მომეყვანა სახლში, მაგრამ არ მინდა ჩემს რძალს და შვილიშვილებს ვინმე აკონტროლებდეს, ამიტომაც უნდა დამაფასონ და პატივი მცენო. გოგონები იზრდებოდნენ და მეტი სჭირდებოდათ. "იუთუბიდან" ვისწავლე და ნამცხვრებისა და ტორტების ცხობა დავიწყე. ყველას ძალიან მოსწონდა და შეკვეთებიც მქონდა, თუმცა ეს ჩემს შვილებს ფეხზე ვერ დააყენებდა. რაც მე დამაკლდა, მინდოდა, ჩემს ქეთის და ლიკას ათმაგად ჰქონოდათ, უპირველესად კი განათლება. შევძელი და ქეთი მოვამზადე. სკოლის დამთავრებისთანავე უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მალე მასაც ეწვია სიყვარული. ქეთის რჩეული მისივე თანაკურსელი კახა აღმოჩნდა. მეორე კურსზე დაოჯახება გადაწყვიტეს. მინდოდა, ჩემს შვილს ბოლომდე შეეგრძნო სტუდენტობის სიტკბო, მაგრამ ახალგაზრდების სურვილს წინ ვერ აღვუდექი. კახა კარგი ოჯახის შვილი იყო, თვითონაც ზრდილი და მიზანსწრაფული. მოკლედ, დაოჯახდნენ. იმ წელს ბებია გარდაიცვალა. დედაჩემმა­ შემომთავაზა, ლიკა ჩემთან გადმოიყვანე, პრესტიჟული კერძო სკოლაც აქვეა, შენ კი, ადრე რომ გთავაზობდა ჩვენი ნათესავი მოსკოვში დასაქმებას, წადი და რამდენიმე წელი იმუშავე, გარემოს გამოცვლა შენთვისაც აუცილებელია, თან ლიკას ფულს მოუგროვებო. მართლაც, მიუხედავად მამამთილის წინააღმდეგობისა, ლიკა დედასთან წავიყვანე, მე კი ბელორუსიის არალეგალური გზით მოსკოვს მივაშურე. ვიცოდი, რომ იქ ბევრი ქართველი მუშაობდა სარესტორნო ბიზნესში. მუშაობა მართლაც მალე დავიწყე. ჩემი ხელფასის დიდ ნაწილს დედას ვუგზავნიდი. ეს თანხა მშობლებისა და ძმის ოჯახის ხარჯებსაც ფარავდა და ლიკას მომზადებასაც ჰყოფნიდა. დამამთავრებელ კლასში რომ გადავიდა, მეზობლის გოგო შეუჩნდა, ზაფხული ერთად გავატაროთო და სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში დაჰპატიჟა ბებია-ბაბუასთან. ლიკასაც ძალიან უნდოდა წასვლა. ეს მათთვის პირველი დამოუკიდებელი დასვენება იყო, ორი კვირის შემდეგ კი დედაჩემი­ ქობულეთში წაიყვანდა. დედას ვკითხე, კარგად არ ვიცნობ იმ ბავშვს და სანდოები არიან-მეთქი? დედაჩემმა მითხრა, ხათუნა კარგი გოგოა, ოჯახიც წესიერი ჰყავს და ვენდობიო.

მოკლედ, გავუშვი, მაგრამ დავიღუპეთ. იქ ერთ სამტრედიელ ბიჭს მოეწონა, რომელიც ბიძაშვილთან იყო სტუმრად. ლიკაზე ხუთი წლით უფროსი იყო. წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემი შვილი მანქანაში ჩატენა (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით) და მოიტაცა. თუ გული არ გამისკდე­ბოდა, არ მეგონა. მოსკოვში რაღა გამაჩერებდა! ჩამოვედი, მაგრამ ერთი კვირა ვერ ვიპოვეთ. მამამთილი ცეცხლზე ნავთს მისხამდა, ბავშვი მშობლიურ კერას მოაშორე, შენც აიწყვიტე და წახვედი, ვითომ სამუშაოდ და ხომ ხედავ, უდედოდ დარჩენილს რაც დაემართაო... ისე ცუდად ვიყავი, პასუხის გაცემის თავიც არ მქონდა. როცა ლიკა და მისი ე.წ. ქმარი გამოჩნდნენ, ბიჭის მშობლებმა რატომღაც ჩემს მამამთილთან დაიჭირეს საქმე. არ ვაპირებდი ლიკას ჯაბას ოჯახში დატოვებას, მაგრამ მამამთილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ამ ბიჭს კარგი ოჯახი აქვს, მოტაცებული გოგოს უკან დაბრუნება ვის გაუგონია, ქვეყნის სასაცილოდ ნუ გავიხდით თავს, ბიჭიც და მისი მშობლებიც ამბობენ, რომ სწავლაში ხელს შეუწყობენ, მეტი რა გინდაო? მე მისი მოსაზრება არ მაინტერესებდა, მთავარი იყო, ლიკა რას იტყოდა, მაგრამ მანაც თანხმობა განაცხადა, ჯაბასთან დავრჩებიო. ქალიშვილსაც და სიძესაც პირობა ჩამოვართვი, რომ სწავლას აუცილებლად გააგრძელებდა, პატარა ქორწილი გადავუხადეთ და ისევ მოსკოვში დავბრუნდი. იმდენს ვშოულობდი, რომ ლიკასაც ვუგზავნიდი, ქეთისაც და მშობლებსაც ვეხმარებოდი. ლიკამ სკოლა დაამთავრა (სამტრედიაში ნაცნობობით ააღებინეს ატესტატი) და უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. გახარებული ვიყავი. მეგონა, გოგონები საიმედო ადამიანებთან მყავდა, რაც მთავარია, უმაღლესი განათლება ექნებოდათ და ჩემსავით არ დაიჩაგრებოდნენ, არადა, თურმე ჩემი ლიკას უბედურების შესახებ არაფერი ვიცოდი. ისე ჰყავდა მის სადისტ ქმარს დაშინებული, მოსკოვში მყოფმა დედამ კი არა, ქუთაისში არავინ იცოდა მისი უბედურების შესახებ. ჯაბა ავადმყოფურად ეჭვიანი აღმოჩნდა. აგრესიულობა ორ თვეში გამოუვლენია. ლიკა ლამაზი გოგოა, ჰოდა, ვინმე თუ შეხედავდა, შეურაცხადი ხდებოდა, ბევრჯერ სცემდა კიდეც. რატომ ითმენდა ჩემი შვილი, დღემდე ვერ ამიხსნია. ვფიქრობ, ეშინოდა. ორი წელი გავიდა. სტუდენტი იყო, ხუთი თვის ორსული, როცა ჩემმა ძმამ გამაგებინა, ლიკა რეანიმაციაშია და ჩამოდიო. გულგახეთქილი წამოვედი... ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ საშინელებას - ვერა! ლექციებიდან გამოსულ ლიკას ქმარი ყოველთვის მანქანით ხვდებოდა. იმ დღესაც უნივერსიტეტთან დახვედრია. ლიკა თანაკურსელებთან ერთად გამოსულა. ჯგუფში ბიჭებიც იყვნენ და გოგონებიც. მისმა ავადმყოფმა ქმარმა ერთს დაადგა თვალი, გინდა თუ არა, სხვანაირად გიყურებდაო და სანამ სახლამდე­ მივიდოდნენ, გზიდან გადაუხვია, ტყეში შეიყვანა და საშინლად სცემა. მერე დაბნელებას დაელოდა, რომ ლიკას დასისხლიანებული სახე ოჯახში თვალში არ მოხვედროდათ. მშობლები მოატყუა, მეგობართან მივდივართ დაბადების დღეზე და დაგვაგვიანდებაო, სახლში მისულმა კი ხელახლა აიწყვიტა და ხმაურზე გამოსულმა მშობლებმაც ვერ შეაკავეს... ლიკას სამ ადგილას ჩაარტყა დანა, თვითონ კი გაიქცა, ლაჩარი! ჩემი შვილი ათ დღეს ებრძოდა სიკვდილს. ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს, მეთერთმეტე დღეს კი ლიკამ სააქაოსკენ ქნა პირი. გაქცეული ჯაბა ერთი კვირის შემდეგ დაიჭირეს ბათუმში. 9 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ხუთ წელიწადში გამოვიდა 2012 წლის დიდი ამნისტიით, მაგრამ იმ დროს ლიკა საქართველოში აღარ იყო...

საავადმყოფოდან გამოსული შვილი სანამ ფეხზე არ დავაყენე, გვერდიდან არ მოვშორებივარ. ვთხოვე, ჩემთან წაგიყვან, ჩემ გვერდით იმედიანად იქნები-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა - ორ წელიწადში უნივერსიტეტს დავამთავრებ, მერე კი ევროპაში მინდა წასვლა და გთხოვ, ხელი შემიწყვეო. არ შევეწინააღმდეგე და დავტოვე ჩემი ძმის განსაკუთრებული ყურადღების იმედად. მართალია, ჯაბა ციხეში იყო, მაგრამ მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი და გვეშინოდა, ლიკასთვის ვინმე თავისნაირი სადისტი არ მიეგზავნა. როგორც კი უნივერსიტეტი დაამთავრა, იტალიაში სამაგისტრო პროგრამა მოძებნა. მეც ხელი შევუწყვე და ცოტა ხანში იტალიის ერთ მშვენიერ ქალაქში (შეგნებულად არ ვასახელებ ქალაქს - რა ვიცი, ეშმაკს არ სძინავს!) გაემგზავრა. იქ ინგლისურ სექტორზე ჩაირიცხა, მალე იტალიურიც ისწავლა და სამუშაოც იშოვა, მერე კი ერთი კარგი იტალიელი ბიჭი გაიცნო და ცოლად გაჰყვა. დღეს მას საოცრად ტკბილი ოჯახი და ხუთი წლის ჯულიანა ჰყავს. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წლებია გასული და ლიკას იქ ოჯახიც ჰყავს, დღემდე მეშინია სიძეყოფილის, რომელიც სრულიად არაადეკვატური არსებაა. როცა ლიკა სიკვდილს ებრძოდა, იცით, რა ჭორები გავრცელდა? ვითომ საყვარელი ჰყავდა, ქმარმა მასთან ერთად დაინახა და ამიტომ დაჭრა. სხვებს რა უნდა ვუთხრა, როცა ლიკას ბაბუამაც კი, ჩემმა მამამთილმა, გამოაცხადა, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, რადგან ასე თქვეს, ე.ი. რაღაც საეჭვო იყო, ლამაზი გოგოა ჩემი შვილიშვილი და რა გასაკვირია, ვინმე ჰყოლოდაო. წარმოგიდგენიათ?! ღმერთმა გადმომხედა, რომ შვილი გადამირჩა, მაგრამ ვინ მოთვლის, რამდენი ქალი ვერ დაიხსნეს მოძალადე ქმრებისგან!.. ხშირად მსმენია, რომ ეს აგრესია ეკონომიკური სიდუხჭირიდან მოდის, მაგრამ მთლად ამას ვერ დავაბრალებ. ვფიქრობ, ამის მიზეზი საზოგადოების განწყობაა. სამწუხაროდ, ისევ გავრცელებულია მოსაზრებები: "ჩემი საქმე არ არის", ან: "ქალი ქმრის მონა-მორჩილია". ადამიანი - ქალიც და კაციც - თავისუფალი იბადება და სწორედ საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, რომ მას თავისუფლება არასდროს შეეზღუდოს. ისევ და ისევ განათლებაა საჭირო, რომ სამართლიან და მოწესრიგებულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.