ბათ-უმი: მაკარონი ხის კოვზით
საქართველო 28:19 იტალია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ სიმაღლეზეა. ზღვის დონეს დიდად არ დავცილებივართ (სამაგიეროდ, არც ზღვის სანაპიროს!), მაგრამ ქართული რაგბისთვის ახალ სიმაღლეს ნამდვილად მივაღწიეთ: ბორჯღალოსნებმა ბათუმის ახალ სტადიონზე იტალიას უმასპინძლეს და პირველად დაამარცხეს "ექვსი ერის" ბინადარი ნაკრები!
ივლისის ტესტმატჩების ეგიდით ქუთაისში არგენტინის მეორე ნაკრებსაც ვუმასპინძლეთ და პორტუგალიასაც, მაგრამ თვის (წლისაც!) მთავარი თამაში ჩვენთვის იტალიის ნაკრების სტუმრობა იყო. ამიტომაც დღეს არაფერს ვიტყვი "პუმებთან" (არგენტინის ნაკრების მეტსახელია) დასანან მარცხსა და პორტუგალიელ "მგლებთან" შეხვედრაზე, რომელიც გასულ შაბათს გაიმართა და გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, "კვირის პალიტრის" ამ ნომერში ისედაც ვერ მოხვდებოდა. ამ წერილში მხოლოდ იტალიაზე ვილაპარაკებ. შანსსა და სიხარულზე, რომელსაც წლებია ველით!
იტალია... რაგბიში ისეთივე სიმაღლეზე ვერ არის, როგორც ფეხბურთში, ხელოვნებასა თუ მოდაში... მაგრამ მოკლედ ვთქვათ: იტალია "ექვსი ერის" წევრია! კი, სულ ბოლოშია, სულ ფსკერს უფხაკუნებს "ხის კოვზს" ("ჯილდო", რომელიც სეზონის განმავლობაში ყველა მატჩის წამგებ ნაკრებს გადაეცემა), მაგრამ... "ექვს ერშია" და მორჩა - 2000 წლიდან ყოველწლიურად ეთამაშება ინგლისს, საფრანგეთს, უელსს, ირლანდიასა და შოტლანდიას.
ჩვენ? ჩვენ წლებია რუმინეთთან, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, რუსეთთან, შიგადაშიგ ბელგიასა და ნიდერლანდებთან ერთად ვიხარშებით ჩვენსავე წვენში. შიგადაშიგ გვიწყალობებენ ხოლმე რომელიმე (ხანდახან - ორ) ბობოლასთან ტესტის უფლებას და ეგაა...
დიდი ხანია, შანსს ვითხოვთ. ვუმტკიცებთ, რომ ჩვენც შეგვწევს ძალა "ექვს ერში" ვითამაშოთ. ჩვენც გვინდა განვითარების მეტი შესაძლებლობა! კი ბატონო, პირველ წლებში ჩვენც დავაგროვებთ "ხის კოვზებს", წავაგებთ ყველა თამაშს, მაგრამ მივიღებთ გამოცდილებას, რომელმაც არგენტინის ნაკრები პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად აქცია, გამოცდილებას, რომელიც იტალიას პროგრესის შესაძლებლობას აძლევს.
წლებია "ლურჯებთან" (იტალიის ნაკრების მეტსახელია) თამაშის შანსს ვითხოვთ. სხვა ვისთან, თუ არა გუნდთან, რომელიც 2015 წლის შემდგომ "ექვს ერში" მხოლოდ კინკილა გამარჯვებით იწონებს თავს? ცხადია, კარგად ვიცით, რომ კომერციულ ტურნირ "ექვს ერში" პირდაპირ არავინ დაგვამატებს, მაგრამ პლეი-ოფის შანსი მაინც ხომ გვეკუთვნის? "ხის კოვზის" მფლობელმა (შეგვიძლია პირდაპირ იტალია დავწეროთ) "ერთა თასის" გამარჯვებულთან გაარკვიოს, მომდევნო სეზონში ვინ რომელ ტურნირზე ითამაშებს. ბორჯღალოსნებისთვის ეს საუცხოო შესაძლებლობა იქნება და გაცილებით მეტ მოტივაციას მისცემს იტალიელებსაც, რომლებსაც ხის კოვზების იმხელა კოლექცია დაუგროვდათ, რიკოთის დახლების მოვაჭრეებს არც დაესიზმრებათ!
ბათუმის სტადიონი კი შემთხვევით არ მიხსენებია. სიმართლეს ვიტყვი - ერთ-ერთი ვიყავი, ვინც სკეპტიკურად შეხვდა იტალიელების "ბათუმი არენაზე" მასპინძლობის გადაწყვეტილებას. ბათუმს საუცხოო სტადიონი აქვს და გახსნის დღიდან თითქმის ყველა მატჩზე ივსება ხოლმე, მაგრამ ვფიქრობდი, რომ იტალიასთან შეხვედრა 20 000-ზე მეტ მაყურებელს იმსახურებდა! დიახ, მეტსაც აიტანდა, მაგრამ ვაღიაროთ - რაც ვნახეთ, მართლაც დიდებული იყო: გადაჭედილი ტრიბუნები, უწყვეტი მხარდაჭერა, ენერგიული წამყვანი, რომელიც მაყურებელსა და მორაგბეებს წამითაც არ აძლევდა მოდუნების საშუალებას და... ზღვა! ზღვა სტადიონთან და სტადიონზე: ემოციისა და სიხარულის ასერიგ მონატრებული ნიაღვარი...
ბათუმმა ულამაზესი დღე აჩუქა საქართველოს, ბათუმმა და, რა თქმა უნდა, უპირველესად საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა! ბორჯღალოსნებმა მთელი მონდომება, ენერგია, ემოცია ჩადეს იტალიასთან მატჩში და... როგორც მსოფლიოს (მათ შორის იტალიის) წამყვანმა სპორტულმა გამოცემებმა დაწერეს ნამატჩევს "ექვსი ერის გაფართოებაზე დებატები დასრულებულია", "ეს იყო ძლიერი გზავნილი საქართველოდან", "საქართველო ახალ სიმაღლეზეა" და ა.შ.
დიახ, საქართველო ახალ სიმაღლეზეა, სიმაღლეზე, საიდანაც "ექვსი ერის" მჭიდროდ დაგმანული კარი კიდევ უფრო ახლოდან ჩანს. უშუალოდ მატჩზე კი ბევრს არაფერს ვიტყვი - ყველამ ნახეთ, როგორი მონდომებითა და თავდადებით ითამაშა საქართველოს ნაკრების თითოეულმა წევრმა. ბუნებრივია, იყო შეცდომებიც: დერეფანში, შერკინებაში, ბურთის გამოტანის დროს და სხვ. ფანტასტიკური სტარტისა და 12:0 დაწინაურების შემდეგ იტალიელებს გამოფხიზლებისა და წინ გასვლის საშუალებაც კი მივეცით, მაგრამ მთავარი ხომ შედეგია და დამსახურებული გამარჯვება, რომელმაც საქართველოს ახალი სიმაღლეები უნდა გაუხსნას. მთავარი ვასკას ჩინებული გადაცემა და თოდუას ულამაზესი ლელოა, ნინიაშვილის საოცარი გაქცევები, თედოს ერთმანეთზე უკეთესი ორი ლელო და ჯარიმა/გარდასახვები, გელას შორეული საჯარიმო და ა.შ.
იტალია, რომელიც ჩვენი მთავარი კონკურენტია და ამჯერადაც მოგებას იქადებოდა, დამარცხებულია! საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა პირველი დონის ნაკრები და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბევრი ხარვეზისა და თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესის მიუხედავად, დიდი პოტენციალი აქვს!
ივლისში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ იტალიის დამარცხება იყო. არგენტინა და პორტუგალია კი... დარწმუნებული ვარ, ორივე ამ მატჩის დროს ბორჯღალოსნები მაინც იტალიასთან თამაშზე ფიქრობდნენ!მადლობა ბათუმს საოცარი მასპინძლობისთვის. როცა ცეცხლი მოედანზეც ანთია და ტრიბუნებზეც, იტალიური სპაგეტი უმიც გემრიელია!