მორიგი (ჰ)აიდე ევროთასებიდან - კვირის პალიტრა

მორიგი (ჰ)აიდე ევროთასებიდან

ქართული კლუბებისთვის, "შემოდგომა" წელსაც ტრადიციულად ადრიანად დადგა ივლისის შუაწელს: ოთხიდან ორი კლუბი პირველივე წრეში გამოეთიშა ევროთასების გათამაშებას, ქვეყნის ჩემპიონი დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა და კონფერენსლიგაზე გადაინაცვლა, მეორე ეტაპზე კი მხოლოდ ერთმა ქართულმა კლუბმა გააღწია. ეს ის შემთხვევაა, როცა დამარცხებულებზე არაფერს ამბობენ (თქვენც მიცვალებული გაგახსენდათ?!) მაგრამ რამდენიმე სიტყვა მაინც უნდა ვთქვათ:

"პაიდე" (ესტონეთი) - "დინამო" (თბილისი) 0:1 (დდ 1:2; პენ. 6:5)

ორი წლის წინ ფარერელ მწყემსებთან 1:6 განადგურების შემდეგ, თბილისის "დინამომ", უსახელო ესტონურ კლუბს დაუწერა ისტორია და პირველად აგრძნობინა ევროთასის მეორე ეტაპზე გასვლის სიამოვნება. ჯერ ესტონური "ფეხბურთისა" რა ვთქვი და, იქაურ "გრანდებთან" - "ფლორასთან" ან "ლევადიასთან" რომ წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას?! მაგრამ მოხერხება ხომ უნდა გამოვარდნას "პაიდესთან", რომელიც ესტონეთის ჩემპიონატის მეოთხე ადგილოსანია და თამაშობს სტადიონზე, რომელსაც... ტრიბუნები არა აქვს! უფრო სწორად, 500 (ხუთასი!) მაყურებლისთვის საკმარისი სკამები აქვს... ისე, "დინამო არენა" თუ იტევს 56 000 მაყურებელს, ესტონურ კლუბთან პირველ მატჩს იმიტომ დაესწრო თითქმის 10% - 4500 გულშემატკივარი, მაგრამ ახლა იმაზე მარჩიელობას, მაყურებელი რომ არ დადის, იმიტომ ვერ თამაშობენ ქართველი ფეხბურთელებიო, აზრი აღარ აქვს: ყველამ ვიცით, რომ ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ცარიელი ტრიბუნები არ არის. მეორე საკითხია, რომ "პაიდეს", "კლაკსვიკისა" თუ მათი მასშტაბის სხვა კლუბებს უმაყურებლოდაც უნდა მოუგო... წლები მიდის, ევროთასების ყოველ გათამაშებას იმედიანად ვხვდებით და... მაქსიმუმ - მეორე წრეში ვამთავრებთ.

თბილისის "დინამოზე" კი რაღა უნდა ვთქვათ?! ოთხი ქართული კლუბიდან, ყველაზე სუსტი მეტოქე საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს შეხვდა, მაგრამ თბილისურმა კლუბმა იმდენი მოახერხა, ჯერ "დინამო არენაზე" დამარცხდა 2:3, ესტონეთში კი საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანა და "პაიდეს" უტრიბუნო სტადიონიდან "ჰაიდეთი" დაბრუნდა...

ისე, უთავმოყვარეობას უტრიბუნობა რომ სჯობს, ესტონელებისგან არ უნდა გვესწავლებოდეს!

"დინამოს" ლეგიონერებს რომ გადახედავ, რაღა უნდა გაგიკვირდეს? მაგრამ ქართველი მოთამაშეებიც ხომ მხოლოდ ხელფასის ასაღებად არ თამაშობენ თბილისის "დინამოში"?! მათ მაინც ხომ იციან, რას ნიშნავს ეს კლუბი ქართველი გულშემატკივრისთვის?! კი ბატონო, გადავტეხოთ ჯოხი მხოლოდ ბენიოზე ან რომელიმე სხვა უცხოელზე, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ ის, რაც წლებია, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის თავს ხდება, არც მხოლოდ ერთი (ან რამდენიმე) ფეხბურთელის ბრალია, არც მხოლოდ მწვრთნელებისა და არც "უამინდობის" ან უიღბლობის. შეიძლება არ გაგიმართლოს ერთხელ, სამჯერ, თორმეტჯერაც კი, მაგრამ წლების განმავლობაში?! ბევრჯერ დაგვიწერია, რომ "რაღაც ყარს "დინამოს სამეფოში". ფაქტია, რომ იქ, საქმე არც სწორად კეთდება და არც სიყვარულით.

"პაიდემ" "ჰაიდე" გაგვიკეთა და ისიც გვაჩვენა, რომ უთავმოყვარეობას უტრიბუნობა სჯობს!

"დინამო" (ბათუმი) - "სლოვანი" (ბრატისლავა) 0:0 (დდ 1:2)

ევროთასებს კი შემორჩა, მაგრამ ყველაზე მეტად გული ბათუმის "დინამომ" დაგვწყვიტა: გია გეგუჩაძის გუნდმა ორი მატჩის ჯამში ბრატისლავის "სლოვანზე" უკეთ ითამაშა, ბათუმურ მატჩში დაწინაურდა კიდეც 104-ე (!) წუთზე, მაგრამ... ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და დარჩენილ დროში ორი ბურთის გაშვება მოახერხა...

სამი დღით ადრე გამართული სარაგბო მატჩის მსგავსად, გადაჭედილ "ბათუმი არენაზე" ისევ ფანტასტიკური გარემო ვნახეთ: მთლიანად თეთრ-ლურჯად შეფერილი ტრიბუნები, დაძაბული პაექრობა, რომელიც ზეიმით უნდა დასრულებულიყო...

ბრატისლავაში დაფიქსირებული ანგარიში (0:0) ბათუმშიც განმეორდა. სლოვაკეთის დედაქალაქში კაცნაკლული დავრჩით, მაგრამ მეორე ტაიმი მასპინძლებზე უკეთ ჩავატარეთ და მოგებაც გვმართებდა. თუმცა ცხადი იყო, რომ მეორე თამაში გაცილებით დაძაბული იქნებოდა. ვლადიმერ ვაისმა "სლოვანის" სამივე ქართველ ლეგიონერს ძირითად შემადგენლობაში დააწყებინა თამაში: გიორგი ჩაკვეტაძემ თავი ვერაფრით გამოიჩინა, კანკავა/კაშიას დუეტმა კი ბოლო წამამდე ითამაშა და საუკეთესოებიც იყვნენ. ეს ამბავი ორმაგად გულდასაწყვეტია. იმიტომ კი არა, რომ "ბათუმის" წინააღმდეგ ქართველებმა ითამაშეს - სწორედ მათი კლასისა და გამოცდილების მქონე მცველები დაგვაკლდა საქმის ბოლომდე მიყვანამდე! როცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობ, გაძლიერება და "გრძელი" სათადარიგოთა სკამი აუცილებელია!

მასპინძლებს ძირითად დროშიც შეეძ­ლოთ გატანა, მაგრამ საქმე დამატებით წუთებამდე მივიდა და... 104-ე წუთზე სტადიონი ლამის დაინგრა: მამუჩაშვილის პასის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი ხვლიკივით გაძვრა სლოვაკ მცველებს შორის და ჩოვანს აუღებელი დაურტყა - 1:0!

იმის ნაცვლად, რომ დამშვიდებულიყო და მეორე დამატებითი ტაიმი აუღელვებლად მიეყვანა ბოლომდე, ბათუმელები ანერვიულდნენ, ბურთი მეტოქეს გადააბარეს და დაისაჯნენ კიდეც: 115-ე წუთზე, ბარსეგიანის (რომელიც ჩაკვეტაძის ნაცვლად შევიდა მოედანზე) დარტყმის შემდეგ, ბურთი მცველს მოხვდა და ლაზარე კუპატაძის კარის ბადეში გაეხვია. კუპატაძე... ბათუმელთა მეკარემ, რომელმაც ბრატისლავაში საოცრად ითამაშა, მშობლიურ სტადიონზე კურიოზული ბურთი გაუშვა: 120-ე წუთზე მოწოდებულ კუთხურს მასპინძლები მოუმზადებელი შეხვდნენ - ძელის ახლოს არავინ იდგა, მეკარეც წინ იყო გამოსული და უმცროსმა ვლადიმერ ვაისმა პირდაპირ კარში ჩაახვია ბურთი - 1:2.

ასეთ დასასრულს არც ბათუმის "დინამო" იმსახურებდა და არც მისი გულშემატკივარი. უნდა ვახსენოთ მსაჯიც, რომელსაც ორ ეპიზოდში მართებდა "სლოვანის" კარში პენალტის დანიშვნა, უიღბლობაც, მაგრამ წაგების მთავარი მიზეზი ჩვენივე შეცდომები და კონცენტრაციის დაკარგვაა!

ბათუმელები კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებენ და პოლონურ "ლეხს" დაუპირისპირდებიან, სადაც ისევ ქართველებთან მოუწევთ დაპირისპირება - "ლეხის" ღირსებას კვეკვესკირი და წიტაიშვილი იცავენ.

გორული პარადოქსი

გვაპატიონ გორის "დილისა" და "საბურთალოს" ქომაგებმა, მათი გუნდების თამაშებზე რომ ვერაფერს ვამბობთ. შიდა ქართლელებმა ორი მატჩის ჯამში 0:2 წააგეს ფინურ "კუპსთან", "საბურთალომ" კი, გორში (ესეც ქართული პარადოქსია) წაგებული საშინაო მატჩის შემდეგ, სტუმრად იმავე ანგარიშით დაამარცხა ალბანური "პარტიზანი", საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. კონფერენსლიგის მეორე ეტაპზე თბილისურ კლუბს გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს - რუმინული "სტიაუა".