„ოპოზიცია იმაშიც დამნაშავეა, რომ თავადაც არ იცის, რა უნდა“ - კვირის პალიტრა

„ოპოზიცია იმაშიც დამნაშავეა, რომ თავადაც არ იცის, რა უნდა“

"ჩემი მიზანია ადამიანებს გავაგებინო, რა კონცერტს დგამენ ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის "ქართული ოცნების" სიმფონიური ორკესტრი, ერთად უკრავენ და დირიჟორი არ ჩანს", - ამბობს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია, რომელიც რიგგარეშე სხდომის მოწვევის აზრს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური პიარისთვის კეთდება, რაშიც მონაწილეობა ოპოზიციასთან ერთად მისთვის მისაღები არ არის. მისთვის დიდად კომფორტული არც "ოცნების" წამოწყებულ პროცესში მონაწილეობაა მაშინ, როცა შედეგს არც ამ პროცესისგან ელოდება. უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ხედავს რიგგარეშე სხდომების აზრს პარტია "გირჩი", იაგო ხვიჩია გვესაუბრა:

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტ­უციო ცვლილებების მისაღებად სხდომის მოწვევა საკმარისი არ არის, კიდევ სხვა ქმედებებია საჭირო, რომ "ქართული­ ოცნების" დეპუტატები დაარწმუნო. არა მგონია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისეთი ტიპის კომუნიკაცია შემდგარიყო, ვინმე დარწმუნებულიყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებდნენ. როცა იცი, რომ ეს არ მოხდება, შედეგს ვერ მიიღებ და სხდომის ჩატარებას მაინც ითხოვ, ესე იგი, ამას პოლიტიკური პიარისთვის აკეთებ. ჩვენ გვიტყდება ასეთ რაღაცებში ჩვენს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა. სიმართლეს გეტყვით, "ოცნებასთან" მუშაობაც დისკომფორტს გვიქმნის, თუმცა ამ შემთხვევაში მიზანი­ გვაქვს - გვინდა ადამიანებს ავუხსნათ, თუ რა კონცერტს დგამენ ხელისუფლება და ოპოზიცია.

- როგორ გგონიათ, რა კონცერტს დგამენ "ქართული ოცნება" და ოპოზიცია?

- ჯერ ვერ გავერკვიე. მხოლოდ ის ვიცი, რომ ევროპისკენ არ მივდივართ, მაგრამ ევროინტეგრაციის სახელით ბევრს ვყვირით. ეს ხელისუფლებასაც ეხება და ოპოზიციასაც. ოპოზიცია არ ასახელებს თავის პირობას, კონკრეტულად რას მიიჩნევს პოლარიზაციის დასრულებად, რა უნდა გაკეთდეს საამისოდ. ვფიქრობ, არც რიგგარეშე სესიას მოჰყვება შედეგი და არც პრეზიდენტის განცხადებები იქონიებს გავლენას ხელისუფლებაზე ან ოპოზიციაზე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ისიც მეფიქრება, იქნებ მოხდეს სასწაული და "ოცნება" მართლაც გამოცხადდეს. აი, მერე რა მოხდება? ოპოზიციას ექნება ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია, რომ დარბაზში დრო არ დაიხარჯოს ჩხუბში, კამათსა და ისეთ რამეში, რაც დესტრუქციის საშუალებას მისცემს ხელისუფლებას?

- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

- რა ვიცი, ალბათ, სასულიერო პირები უნდა მოვიწვიოთ, იქნებ მათი თანდასწრებით მაინც არ იჩხუბონ, შეიძლება მანდილოსნები დავასწროთ. …

ქვეყანაში შუღლი და პოლარიზება უნდა დასრულდეს. ამ დანაშაულში ხელისუფლება მარტო არ არის, ოპოზიციასაც იგივე ბრალი ედება. მეტიც, ოპოზიცია იმაშიც დამნაშავეა, რომ თავადაც არ იცის, რა უნდა, როგორი საქართველო წარმოუდგენია "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულების შემდგომ.

ხათუნა ბახტურიძე