რას გულისხმობს ანა დოლიძის ინიციატივა - "დექართუიზაცია“ - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს ანა დოლიძის ინიციატივა - "დექართუიზაცია“

"რუსებს ქვეყანა მიაქვთ, რა მნიშვნელობა აქვს ტანკით წაიღებენ თუ ფულით?! რა დროს დასვენებაა?! მორალური უფლება არა აქვს საქართველოს პარლამენტს, რომ დასასვენებლად წავიდეს. ევროკავშირის რეკომენდაციებიც რომ არ იყოს, უამრავი კანონია მისაღები, მათ შორის არის ჩემი ინიციატივა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების მიყიდვაზე მორატორიუმს ეხება", - აცხადებს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სამუშაო ჯგუფს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კიდევ ერთი წინადადება შესთავაზა. რა არის დოლიძის წინადადების მიზანი და როგორ წარმოუდგენია დეოლიგარქიზაცია, ამის შესახებ ანა დოლიძე თავად გვიამბობს:

- 20 ივნისის მერე ერთი თვე გავიდა, თითი არაფრისთვის არ დაუკარებიათ, ქალების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მაინც ემუშავათ. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ, როგორ გადააბრალონ ყველაფერი ოპოზიციას.

- თქვენს ინიციატივაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ რას იტყვით?

- ჩემი წინადადების მიზანი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის იმ ბერკეტების შეზღუდვა, რომლებითაც მართავს სახელმწიფოს, კონკრეტულად კი "ქართუ ბანკსა" და სხვა მის ბიზნესებში მომუშავე ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება. "ქოცნების" ვალდებულებაა, რომ შეიმუშაოს კანონები და დააკმაყოფილოს ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ მოვითხოვთ მოგვისმინონ სამუშაო ჯგუფებმა, რათა დავუსაბუთოთ კვლევებითა და არგუმენტებით, თუ რატომ არის ეს წინადადება ოპტიმალური გამოსავალი. ივანიშვილის გავლენის ბერკეტი ის პირები არიან, რომლებიც პირადად მასთან ან ბიზნესში მუშაობდნენ, მათ შორის "ქართუ ბანკში". დღევანდელი მთავრობის 6 მინისტრი პირადად ივანიშვილთან არის ნამუშევარი. შესაბამისად, დექართუიზაციას ვეძახით იმ მოვლენას, როდესაც ასეთ პირებს ავუკრძალავთ მაღალ თანამდებობებზე მუშაობას გარკვეული პერიოდით. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, საქართველოში ივანიშვილის არაფორმალური გავლენა რაღაც პერიოდის განმავლობაში აღარ იქნება. ეს არის ერთგვარი გამოცდა ხელისუფლებისათვის, რადგან თავიანთ გამოსვლებში ამბობენ, რომ ივანიშვილს გავლენა პოლიტიკაზე არა აქვს.

- ხომ შეიძლება ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იყოს ნამუშევარი ივანიშვილთან,­ მაგრამ მისი გავლენის ობიექტი არასდროს ყოფილიყოს?

- შეიძლება, თუმცა შეგახსენებთ აღმოსავლეთ ევროპის დეკომუნიზაციის პროცესს - კომუნისტური პარტიის ყოფილ მაღალჩინოსნებს აუკრძალეს მაღალ თანამდებობებზე მუშაობა. მათ შორის ბევრი კარგი ადამიანი და საქმის მცოდნეც იყო, მაგრამ გამოწვევა იმდენად დიდი იყო, ასეთი პრეცედენტი შექმნეს. დღეს ჩვენ არანაკლებ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. თუ ადამიანს, რომელიც "ქართუში" ათი წელი მუშაობდა, ბოლოს მაინცდამაინც პოლიტიკაში მოუნდა ყოფნა, იმუშაოს დეპარტამენტის უფროსად, მაგრამ ნუ მოვა მინისტრთა კაბინეტში.

- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ინიციატივის განხილვა, როდესაც მმართველი გუნდი ივანიშვილს არც განიხილავს ოლიგარქად?

- პრობლემაც ეს არის. ძალიან ირონიული პასუხი მივიღე იმ დეპუტატისგან, რომლის სახელიც მავიწყდება ხოლმე. არის ასეთი ვინმე, ბექა დავითულიანი, რომელიც გაშლილ სუფრაზეა მოსული. "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლაში თითი თითზე არ დაუკარებია, არც საპროტესტო აქციებზე მინახავს, არც სასამართლო პროცესებზე. ახლა "ოცნებაშია", იმიტომ, რომ ხეირია იქ ყოფნა. მე ამ ადამიანს სერიოზულად არ განვიხილავ და მოვითხოვ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას.

ხათუნა ბახტურიძე