"კარგი იქნება, ევროკავშირთან შეთანხმდეს, თითოეულ პუნქტს რა შემთხვევაში ჩათვლიან შესრულებულად“ - კვირის პალიტრა

"კარგი იქნება, ევროკავშირთან შეთანხმდეს, თითოეულ პუნქტს რა შემთხვევაში ჩათვლიან შესრულებულად“

"ევროკომისია საქართველოსთვის 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს - განაცხადა 13 ივლისს ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა მაიკლ რუპმა - ფრთხილი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა, რათა ქვეყანაში აღმოიფხვრას დეპოლარიზება და მიუსხდნენ ერთ მაგიდას რეფორმებზე საფუძვლიანად სამუშაოდ. როგორც ევროსაბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტის პრიორიტეტების შესახებ განმეორებით შეფასებას 2023 წლისთვის მოვამზადებთ. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს პრიორიტეტებზე საფუძვლიანად სამუშაოდ". რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის, ამ საკითხზე "ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს ვესაუბრეთ:

- გადავადების მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირმა, კონკრეტულად კი ევროკომისიამ საჭიროდ ჩათვალა საქართველოს უფრო მეტი დრო მისცეს რეფორმების სიღრმისეულად გასატარებლად. სავარაუდოდ, ევროკომისიის შეფასება იქნება დეტალური, სიღრმისეული, ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევენ, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდება 12-ვე პუნქტი.

- რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება­ - კითხვარზე გაგზავნილმა პასუხებმა თუ შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის იმ განცხადებებმა, რომლებიც ჩვენთან კეთდებოდა?

- არ ვიცი, სხვა წყარო არ არსებობს.­ ერთ­ადერთია ევროკომისიის წარმომ­ადგ­ენელი, რომელმაც ეს განაცხადა ევროპარ­ლამენტში საქართველოზე დებატების დროს. შესაძლებელია კიდევ გახმაურდეს დამატებითი ინფორმაცია, ვნახოთ.

- ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ხელი­სუფლება ერთს ამბობს, არასამთავრობო სექტორი თავის ვარიანტს სთავაზობს, ოპოზიცია­ კი რიგგარეშე სხდომაზე აპირებს მსჯელობას...­ რა ზეგავლენას მოახდენს ეს პროცესზე და ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით, რომელი პოზიცია უფრო შედეგიანი იქნება?

- ევროკავშირს ამასთან დაკავშირებით­ კონკრეტული რეცეპტი არ გააჩნია. ჩვენი გადასაწყვეტია, თუ როგორ მივალთ იქამდე. თუმცა, კარგი იქნება, ამ პროცესს თან ახლდეს ერთგვარი დოკუმენტი, სადაც­ თითოეული პუნქტის ქვეშ განსაზღვრული იქნება, რა შემთხვევაში ჩათვლის ევროკავ­შირი, რომ შესრულდა ეს რეკომენდაცია, რადგან გამოირიცხოს მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხზე მმართველი პარტია ერთს ამბობს, ოპოზიცია მეორეს და ბოლოს ისე არ გამოვიდეს, ეს 12 პუნქტი გახდეს მოძრავი სამიზნე, საქართველომ რაღაც გააკეთოს და არ იყოს საკმარისი, ან აღმოჩნდეს, რომ სულ სხვა რამ უნდა გაკეთებულიყო.

ასე რომ, დეტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მით უმეტეს, რაც დრო გადის, მით უფრო მწვავე ხდება ეს საკითხი.

- დეტალიზაცია ვინ უნდა გააკეთოს, ხელისუფლებამ უნდა მოსთხოვოს ევროკავშირს?

- კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას­ წარედგინა გეგმა ევროკავშირისთვის და ეთქვა, რომ ეს არის ის პუნქტები, რომელთა შესრულებასაც აპირებს და მიეღო, ევროკავშირისგან მწვანე შუქი, ან ცვლილებები შეეტანა ევროკავშირთან ერთად.

- ჯერჯერობით ის ვიცით, რომ ხელი­სუფლება რაღაცის გაკეთებას აპირებს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ პროცესში ჩაერთოს ყველა მხარე, ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც სრულად?

- სამუშაო ჯგუფების შექმნა სწორია, მაგრამ პროცესი მხოლოდ აქ არ უნდა გაჩერდეს. ის გაჯერებული უნდა იყოს შინაარსითაც, რადგან ბევრი სამუშაო ჯგუფი შექმნილა და მერე ისე დაუსრულებიათ მუშაობა, შედეგისთვის ვერ მიუღწევიათ.

- ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში, რამდენად სწორია და რა გავლენა ექნება ამ პროცესზე?

- კარგი იქნება, ოპოზიცია როგორმე­ შეთანხმდეს. ეს ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ დეპოლარიზაციისთვის ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

- მმართველი პარტია წინააღმდეგი იყო პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის, რასაც ოპოზიცია ითხოვს. პრეზიდენტმა ოპოზიციის პოზიცია გაიზიარა...

- როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, დასაკარგი დრო არა გვაქვს. რაც უფრო მალე დაიძვრება პროცესი და წინ წავალთ, მით უკეთესი იქნება ამ მიზნისკენ სავალ გზაზე.

- 12 პუნქტიდან 3 ყველაზე სადავოა: დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და "მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება". როგორ შეიძლება ამ საკითხების დაკონკრეტება ისე, რომ რაობაზე მაინც აღარ იყოს დავა?

- ამაზე არასამთავრობო სექტორმა ჩვენი ხედვა წარმოვადგინეთ და ვფიქრობ, ყველაზე რეალისტურია. თუ ხელისუფლება­ შეასრულებს 11 პუნქტს, მე-12 (დეოლიგარქიზაცია), რომელიც ყველაზე სადავოა, შესაძლებელია შესრულებულად ჩაითვალოს.

რაც შეეხება დეპოლარიზაციას, წამყვანი როლი, როგორც დანარჩენ 11 პუნქტში,­ ხელისუფლებაზე მოდის, მაგრამ ხელისუფლება მარტო ვერაფერს შეძლებს, თუ პროცესში არ ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიები. სწორედ ამას მოგვიწოდებს ევროკავშირის ყველა ის წარმომადგენელი, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ. რაც შეეხება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, ხელისუფლებამ შარშან ამ დროს გადაწყვიტა­, გასულიყო­ ამ დოკუმენტიდან, მაგრამ თქვა, ამის მიუხედავად კეთილ ნებას გამოვიჩენთ და ყველაფერს შევასრულებთ, რაც დოკუმენტში იყო ჩაწერილიო, და თავის დაპირებას პატივი უნდა სცეს.

- მაინც ყველაზე ბუნდოვან საკითხად რჩება, თუ რა უნდა ჩაითვალოს დეპოლარიზა­ციად. თქვენ, არასამთავრობო სექტორი, რას სთავაზობთ პოლიტიკურ სპექტრს?

- ეს რამდენიმე საკითხის ერთობლიობაა და პროცესში ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს. მაგალითად, იქნება ეს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული რეფორმა, სახალხო დამცველის დანიშვნის საკითხი, როდესაც მხოლოდ მმართველი პარტია ვერ ირჩევს და საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერაც... რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გადაწყვეტილება და რაც უფრო გაფართოვდება ეს წრე, მით უფრო უკეთ შეიძლება დავინახოთ დეპოლარიზაციისთვის აუცილებელი ნაბიჯები.

- ის, რომ ერთმანეთს არ ეძახონ მოღალატეები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები და "ომი გინდათ", იქნება შედეგიანი?

- ეს უფრო საბაზისოა, რითაც უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი, და არა მარტო ერთმანეთს, ჩვენს პარტნიორებსაც არ უნდა უძახონ ასეთი რაღაცები.

- როდისთვის იქნება ყველაზე ოპტიმალური ვადა, რომ ევროკავშირთან შეათანხმონ საკითხების შესრულების კრიტერიუმები, რაც ზემოთ ახსენეთ?

- ამის გაკეთება ნებისმიერ დღეს შეიძლება. ბუნებრივია, აგვისტოში შვებულებების პერიოდი იწყება და სექტემბრამდე ეს ცოტა გაჭირდება, მაგრამ არის ერთი კონკრეტული თარიღი - 6 სექტემბერი­, როდესაც იმართება ევროკავშირი-საქარ­თველოს ასოცირების საბჭოს სხდომა. ბრიუსელში ჩავა საქართველოს დელეგაცია, აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და კარგი იქნება, ამ მაღალ დონეზე შეხვედრისას ევროკავშირთან სხვადასხვა საკითხზე თუ შეთანხმდება. ცხადია, მანამდე ეს დოკუმენტი მომზადებული უნდა გვქონდეს.

- პოზიტიური მოლოდინი თუ არსებობს?

- ჩვენ წარმოვადგინეთ 12 პუნქტის შესრულების შესახებ ხედვას. ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. უნდა გადაწყვიტონ, რამდენად არიან მზად იმისთვის, რაც არასამთავრობო სექტორმა წარადგინა, მისაღებია სრულად თუ ნაწილობრივ და თუ მიუღებელია, რატომ არის მიუღებელი...

რუსა მაჩაიძე