"ამერიკა არ ჩქარობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ეშინია, რუსეთს არ ჩაუვარდეს ხელში"
„რვა ცალი „ჰაიმარსი“ ამხელა ფრონტის ხაზზე საკმარისი არ არის. რუსეთს დიდ ზიანს აყენებს, მაგრამ საკმარისი არ არის შეტევაზე გადასასვლელად“
ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის. როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის ინფორმაციით კი, რუსეთში ფარული მობილიზაცია ამოქმედდა. რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინელ მოსახლეობას, რასაც ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლე ეწირება. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სჭირდებათ დახმარება, უპირველესად სათანადო შეიარაღება. ამის პარალელურად, ევროკავშირი 15 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა - გათვალისწინებულია რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრება.
ახალ პაკეტს წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და საბოლოოდ ევროსაბჭოში მიიღებენ. ეს გააძლიერებს ევროკავშირის სანქციების შესაბამისობას დიდი შვიდეულის პარტნიორებთან. "ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინსა და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას", - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა.მიღებული პაკეტი იმეორებს ევროკომისიის მტკიცე პოზიციას, დაიცვას სურსათის უსაფრთხოება მთელ მსოფლიოში, ამიტომ ევროკავშირის სანქციები არ ეხება მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას. ცნობისთვის: ევროკავშირმა სანქციების დაწესება რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე დაიწყო და ეტაპობრივად უწესებს სახელმწიფოს, კომპანიებსა და კერძო პირებს სხვადასხვა აკრძალვას.
აპრილის დამდეგს დამტკიცდა მეხუთე პაკეტი, რომლითაც რუსეთიდან ენერგეტიკული რესურსის იმპორტი პირველად აიკრძალა. ამით ევროკავშირი რუსული ნახშირის იმპორტის ყველა ფორმას კრძალავს. ნახშირის იმპორტის აკრძალვა სრულად აგვისტოს მეორე კვირიდან ამოქმედდება, თუმცა აპრილიდან ახალი კონტრაქტების დადება შეუძლებელია, არსებული კონტრაქტები კი აგვისტოს მეორე კვირამდე უნდა შეწყდეს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს სანქციის სრულად ამოქმედებამდე ევროკავშირისგან ნახშირის ექსპორტზე გადასახადების მიღება შეუძლია. ევროკომისიის შეფასებით, მხოლოდ ქვანახშირის აკრძალვით რუსეთი წელიწადში 8 მილიარდ ევროს დაკარგავს. ივნისის დამდეგს დამტკიცდა მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს ითვალისწინებს. რა სურათს იძლევა ფრონტის ხაზზე დღეს არსებული მდგომარეობა, რა შედეგები ექნება ამ სანქციებს და რა არის აუცილებელი უკრაინის გამარჯვებისთვის, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც ყველაფერზე მიდის და ეს სერიოზული პრობლემაა. რა მოხდა ომის დაწყების მერე: პირველი - ჩავარდა ბლიცკრიგის გეგმა, რომ სამ დღეში დაეცემოდა უკრაინა, გაიქცეოდა ზელენსკი და ა.შ. მეორე - რუსეთს ძალიან დიდი შოკი ჰქონდა, ძალიან დიდი დანაკარგი, მათ შორის უმაღლეს სარდლობაში, მაგრამ შემდეგ გადაეწყო და ცდილობს წინ წაიწიოს. რეალურად ეს გამოფიტვის ომია, სადაც ჯერ ყველაფერი გარკვეული არ არის. თუ უკრაინა ამ წლის ბოლომდე კონტრშეტევაზე არ გადავიდა, ძნელია თქმა, სიტუაცია როგორ განვითარდება. კონტრშეტევისთვის კი უკრაინას სჭირდება სერიოზული დახმარება, უპირველესად ამერიკისგან, იმაზე დიდი, ვიდრე ახლა აქვს. რვა ცალი "ჰაიმარსი" ამხელა ფრონტის ხაზზე საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, რუსეთს დიდ ზიანს აყენებს, მაგრამ საკმარისი არ არის შეტევაზე გადასასვლელად. ასე რომ, ახლა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკაზე, რა მოხდება.
- რატომ არის პრობლემა შეტევისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდება?
- ვფიქრობ, ათვისების პრობლემაა და არა მიწოდების. შეიარაღებას ათვისება სჭირდება.
- განსაკუთრებით ბოლო დღეებში რუსეთმა გაახშირა დაბომბვა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვება და ტერიტორიების დაკავებაც. მიუხედავად ამისა, მაინც არის პოზიტიური მოლოდინი. თქვენი აზრით, ეს იქონიებს გავლენას დასავლეთის ან თუნდაც ამერიკის მიერ პრობლემის ადეკვატურ შეფასებაზე, რათა სათანადოდ იმოქმედონ?
- უკრაინა თავგანწირვით იბრძვის და ეს ფაქტია, მაგრამ ამასობაში ნელ-ნელა კონტრშეტევაზე თუ არ გადავიდა, რუსეთი, ადრე თუ გვიან, მიაღწევს მიზანს. რუსეთს აქვს რესურსი და არ ადარდებს მსხვერპლი. დიდი მსხვერპლის ფასად არ თმობს ტერიტორიებს, ამაშია საქმე. ასე რომ, აუცილებელია უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდეს. ამისთვის საჭიროა დახმარება და მიწოდებული შეიარაღების ათვისება. ეს არის მთავარი, თორემ რუსეთმა ლუგანსკი უკვე წაართვა.
- რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება, რომ ევროკავშირი მუშაობს რუსეთისთვის სანქციების მეშვიდე პაკეტის დაწესებაზე, რაც, დიდი ალბათობით, ოქროს და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას შეეხება. რამდენად საკმარისია დღეს ეს სანქციები, ამცირებს რუსეთის ფრონტის ხაზზე შესაძლებლობებს?
- მე ეკონომისტი არა ვარ და სანქციების ეკონომიკურ ეფექტზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დასავლეთმა რუსეთიდან იმპორტირებული ენერგორესურსების ჩანაცვლება თუ ვერ მოახერხა, ამ სანქციებმა შეიძლება ისეთი ნაყოფი ვერ გამოიღოს, როგორიც გვსურს. თუ ჩანაცვლება მოხერხდა, ეს დიდი დარტყმა იქნება. სანქციები ამ შემთხვევაში გაამართლებს. სანქციების მიზანი, შოკი გამოეწვია, შესრულდა, მაგრამ ეს რეჟიმმა პოლიტიკურად გადააგორა, ეკონომიკურ შედეგებს კი ასე მალე ვერ იგრძნობენ. შედეგი შეიძლება გამოჩნდეს ორ-სამ წელიწადში, ეს დრო კი ომისთვის დიდია. რუსეთს იმედი აქვს, ომ ორ-სამ წელიწადში ომს თავის სასარგებლოდ დაასრულებს.
- ანუ მოცემულობა ასეთია: ეფექტების მიუხედავად, სანქციებს დღეს არა აქვს სასურველი შედეგი და ომს ვერ ამთავრებს, მეორე მხრივ, კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღის უკმარისობაა. ასეთ მოცემულობაში რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება?
- ამ განლაგებით ვერა, მაგრამ თუ უკრაინა მეტ იარაღს მიიღებს, აქვს მოგების შანსი.
- ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლებად ახსენებენ მოლაპარაკებას. არ არის დრო, რომ დაიწყოს?
- მოლაპარაკება რა პოზიციიდან უნდა დაიწყოს? რუსეთს წაღებული აქვს უკრაინის ტერიტორიის ოცი პროცენტი და ეჭვი მაქვს, არც მოლაპარაკებით დათმობს. როგორც ჩანს, უკრაინას იმედი აქვს, რომ მიიღებს მეტ შეიარაღებას, რუსეთს უკან დაახევინებს და მერე დაიწყებს მოლაპარაკებას. ორივე მხარე ელოდება, რომ მოლაპარაკებას დაიწყებს გამარჯვებულის პოზიციიდან. უკრაინას ახლა სურს სიტუაცია შემოატრიალოს, ტერიტორიები დაიბრუნოს და მერე დაელაპარაკოს, რუსეთს კი, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ნელ-ნელა წინ მიიწევს და ამიტომაც არ ჩქარობს. ისე, ახლაც თუ დაელაპარაკებიან, მისთვის პრობლემა არ არის, მაგრამ უკრაინას არ აწყობს. თუმცა რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს და წინ ძალიან ნელა მიდის, მაგრამ ომი თუ გაიწელა და რუსეთმა ამ ტემპით იარა, დიდ ტერიტორიას წაიღებს. სწორედ ამიტომ ვამბობ, კონტრშეტევა თუ არ დაიწყო უკრაინამ, მისთვის ეს დინამიკა არ არის კარგი.
- დიდი ბრიტანეთის პრემიერი ითვლებოდა უკრაინის მთავარ მხარდამჭერად... მისი შეცვლა ამ მოცემულობას ხომ არ შეცვლის?
- არა მგონია, რადგან უკრაინას დასავლეთის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, ხოლო შეიარაღებას ძირითადად ამერიკიდან იღებს. უფრო მეტიც, პოლიტიკური თვალსაზრისითაც მთავარი მაინც ამერიკაა, რადგან ევროპას არ შეუძლია შეიარაღებით სერიოზული დახმარება. ამის რესურსი მხოლოდ ამერიკას აქვს.
- არის შანსი, რომ უკრაინამ ამერიკიდან შეიარაღება მიიღოს ისეთი და იმდენი, რომ კონტრშეტევაზე დროულად გადავიდეს?
- წესით, არის. საბოლოოდ მთავარი მაინც არის ის, თუ უკრაინელები რამდენად გააგრძელებენ წინააღმდეგობას და რამდენად აითვისებენ იმ იარაღს, რაც შესდით.
- არის კიდევ ერთი საკითხი, რაც, წესით, იმოქმედებს ამერიკის გადაწყვეტილებაზე. ითქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში რუსეთის ინტერესების გამტარებლებიც არიან. ეს ფაქტორი რამდენად შეუშლის ხელს ამერიკის დახმარების გაძლიერებას?
- ინტერესების გამტარებლებზე რა გითხრათ და, სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთის აგენტურა მრავლად იყოს, ეს კი, რა თქმა უნდა, სერიოზულად შეუშლის ხელს.
- რა შეიძლება უკრაინამ გააკეთოს?
- აგენტების გამოვლენას დიდი დრო უნდა. ამიტომაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამერიკა ამის გამო არ ჩქარობს იარაღის მიწოდებას, ეშინია, რუსეთს არ ჩაუვარდეს ხელში. ახლა უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების ისეთი პენეტრაცია იყო, არ არის გამორიცხული, მსგავსი რამ მოხდეს. ჩემი აზრით, ამიტომაც აწვდიან იარაღს ნელ-ნელა. ამ ეტაპზე რვა "ჰაიმარსი" არ არის საკმარისი შეტევაზე გადასასვლელად, თავად თქვეს, ასი "ჰაიმარსი" გვჭირდებაო.
თუ ამერიკა დაინახავს, რომ უკრაინა ერთიანია, არ არის რუსული პენეტრაცია და სერიოზული გავლენა, ჩემი აზრით, გააძლიერებს დახმარებას. მაგრამ თუ გამოჩნდება, რომ უკრაინის მოსახლეობის ნაწილი მზად არის ჩაჰბარდეს რუსეთს, თუ გამოჩნდება, რომ უკრაინის მთავრობაში არის რუსეთის აგენტურა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს.
რუსა მაჩაიძე