ოპერატიული პაუზა დამთავრდა - რუსეთი უკრაინაში დიდ შეტევაზე სარაკეტო „ტოჩკების“ გამოყენებითაც გადადის - კვირის პალიტრა

ოპერატიული პაუზა დამთავრდა - რუსეთი უკრაინაში დიდ შეტევაზე სარაკეტო „ტოჩკების“ გამოყენებითაც გადადის

ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამ ბრძოლებში მონაწილეთა დასვენება ბრძანა, ათიოდე დღის შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ახალი დავალება გამოაცხადა - რუსეთის არმია ინტენსიურ მოქმედებებზე გადადის.

დონბასში ოპერატიული საბრძოლო პაუზა დამთავრდა. ეს დრო რუსეთის არმიამ გადასაჯგუფებლად და გადასაიარაღებლად გამოიყენა. რუსული ჯავშანტექნიკის კოლონები როსტოვის ოლქიდან დონბასისკენ, ანექსირებული ყირიმიდან კი ხერსონისა და ზაპოროჟიისკენ მიემართება. ამ ახალ ეტაპზე რუსეთი აპირებს აქტიურად გამოიყენოს სარაკეტო შეიარაღების კიდევ ერთი სახეობა, რომლის საკუთარ არსენალში არსებობას ბოლო დღეებამდე კატეგორიულად უარყოფდა.

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთის არმია თითქმის მთელ საშტატო შეიარაღებას იყენებს და ამას არც მალავს, პირიქით, რუსი პროპაგანდისტები მუდმივად "აპიარებენ" ამა თუ იმ რუსული სამხედრო ტექნიკის საბრძოლო გამოყენების ფაქტებს, მაგრამ არის შეიარაღების ერთი ტიპი, რომლის გამოყენებას რუსი გენერლები დღემდე კატეგორიულად უარყოფდნენ - ეს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Точка-У ტიპის სარაკეტო დანადგარებია.

რა უნდა იყოს დასამალი, როდესაც რუსეთი თავისი ტერიტორიიდან, მაგალითად, ბელგოროდის ოლქიდან, ყოველღამე უფრო თანამედროვე "ისკანდერ-მ"-ებს უშვებს ხარკოვისკენ? საბჭოთა დროინდელი "ტოჩკა-უ"-ები ასეთი საიდუმლო რატომ უნდა იყოს? მაგრამ აქ საქმე არა სამხედრო ტექნიკის საიდუმლოსთან, არამედ ომის დანაშაულის დაფარვის მცდელობასთან გვაქვს.

ამა წლის 8 აპრილს უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ კრამატორსკის სარკინიგზო ვაგზლის თავზე აფეთქდა "ტოჩკა-უ"-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტის კასეტური ქობინი, რომლის ჰაერში გაფანტულმა თუ ძირს დაცვენილმა სუბელემენტებმა ვაგზლის ბაქანზე მყოფი და საევაკუაციოდ გამზადებული რამდენიმე ასეული მოქალაქიდან 57 იმსხვერპლა, ათობით ბავშვი კი დაიჭრა.

ეს იყო ომის დანაშაულის საშინელი მაგალითი: ქალაქის ცენტრში კასეტურქობინიანი რაკეტა მიზანმიმართულად გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რადგან ისინი, ვისაც "ტოჩკა-უ"-ს დამიზნების სისტემაში სამიზნის კოორდინატები შეჰყავდათ, სარგებლობდნენ საკუთარი დაზვერვის მონაცემებით და არ შეიძლება, არ სცოდნოდათ, რომ რაკეტა რკინიგზის სადგურსა და იქ მომლოდინე რამდენიმე ასეულ მოქალაქე-მგზავრს ემუქრებოდა.

კრამატორსკს უკრაინა აკონტროლებს, შესაბამისად, გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ ეს რაკეტა ოკუპირებული დონეცკის მხრიდან რუსმა სამხედროებმა გამოუშვეს, მით უმეტეს, რომ კრამატორსკის ერთ-ერთ სკვერში ჩამოვარდნილი და აფეთქებული "ტოჩკა-უ"-ს კორპუსზე ეწერა: "За детей" - თითქოს ვიღაცამ ბავშვების დაღუპვის გამო შურისძიების მიზნით პასუხი გაუგზავნა უკრაინელებს.

მართლაც, კრამატორსკის ტრაგედიამდე თითქმის ერთი თვით ადრე, 14 მარტს, ოკუპირებულ ქალაქ დონეცკის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩამოვარდა ასეთივე "ტოჩკა-უ"-ს ნამსხვრევები, რომლებმაც 23 ადამიანის, მათ შორის - ბავშვების სიცოცხლე შეიწირა, ოღონდ ამ შემთხვევაში რაკეტის სამიზნე არა დონეცკის ცენტრი, არამედ დონეცკიდან მოშორებით მდებარე სამხედრო ობიექტი იყო, თუმცა რუსულმა საზენიტო-სარაკეტო სისტემამ ის ქალაქის თავზე ჩამოაგდო, რასაც ასეთი მსხვერპლი მოჰყვა.

ასე რომ, დიდი ალბათობით, კრამატორსკზე საპასუხო სარაკეტო დარტყმა მიზანმიმართულად განხორციელდა, თუმცა რუსეთმა, როგორც ყოველთვის, კატეგორიულად უარყო თავისი დანაშაული და არგუმენტად ის ფაქტი მოიყვანა, რომ "ტოჩკა-უ"-ს ტიპის სარაკეტო კომპლექსები რუსეთის არმიის სარაკეტო ბრიგადების შეიარაღებიდან 2020 წელს ამოიღო და ისინი "ისკანდერ-მ"-ებით ჩაანაცვლა, მაგრამ რუსი გენერლები იმას აღარ ამბობენ, რომ "ტოჩკა-უ"-ები მაინც დატოვეს სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთი სარაკეტო ბრიგადის შეიარაღებაში, იმ ბრიგადის, რომელიც პირველი ჩაერთო უკრაინაზე თავდასხმის ოპერაციაში.

ბოლო ორი დღეა, ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ფოტოვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ რუსული სამხედრო აგრესიის Z და O-სიმბოლოიანი "ტოჩკა-უ"-ები, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, სარკინიგზო ეშელონებით გადააქვთ უკრაინის საზღვრისკენ, ხოლო ოკუპირებული დონეცკისა და ხერსონის ოლქების გზებზე ამ სარაკეტო დანადგარების კოლონები მიემართება.

რუსეთმა "ტოჩკა-უ"-ების საბრძოლო გამოყენება ჩეჩნეთის პირველ ომში დაიწყო და მეორეში გააგრძელა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა არანაკლებ 20 ერთეული "ტოჩკა" (ფრენის მაქსიმალური მანძილი 70 კმ) და "ტოჩკა-უ" (ფრენის მაქსიმალური მანძილი 120 კმ) გამოიყენა, როგორც ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონაში, ისე - ოკუპირებული ოჩამჩირიდან ფოთის წინააღმდეგ, ასევე პერევის მიმართულებით და რაჭისკენაც კი.

2014 წლიდან დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ამ ტიპის რაკეტებს ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების ზურგს ამოფარებული რუსეთის რეგულარული არმიის სარაკეტო დანაყოფებიც იყენებდნენ. დღეს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და კრემლს იოლი გამარჯვების იმედი გაუქრა, ის, რა თქმა უნდა, უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ არც საწყობებიდან გამოტანილი "ტოჩკა-უ"-ების მასობრივ გამოყენებაზე იტყვის უარს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც უკრაინელები ამერიკული "ჰაიმარსებით" ყოველღამე ძალიან მტკივნეულ უზუსტეს სარაკეტო დარტყმებს აყენებენ რუს ოკუპანტებს.